ლადო ჭანტურია
საქართველოს ელჩი გერმანიაში
9 ნოემბერს თბილისში ევროპის მოედანზე ბერლინის კედლის ისტორიული ფრაგმენტის დადგმის ცერემონიალზე ჩემი გამოსვლის ტექსტი
თქვენო აღმატებულებავ საქართველოს პრემიერ-მინისტრო,
პატივცემულო საგარეო საქმეთა მინისტრო,
თქვენო აღმატებულებავ გერმანიის ელჩო საქართველოში,
მივესალმები დედაქალაქის მერებს მოქმედს და ახლად არჩეულს,
ქალბატონებო და ბატონებო!
9 ნოემბერი ბერლინის კედლის დაცემის დღეა. თითქმის სამი ათეული წლის მანძილზე ბერლინის კედელი წარმოადგენდა ოკუპაციის, ხალხებს შორის დაპირისპირების, მტრობის, შუღლის, უნდობლობის, გაუცხოების სიმბოლოს. კედელმა, რომელმაც ევროპის შუაგულში გახლიჩა ქალაქი, ქვეყანა, ხალხი, ევროპა და მსოფლიო, არსებობის მანძილზე მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
მეოთხედ საუკუნეზე მეტია, რაც ბერლინის კედლის დაცემა და მისი ცალკეული ფრაგმენტები თავისუფლებისა და მშვიდობის სიმბოლოდ გადაიქცა. სიმბოლოდ იმისა, რომ ყველა კედელი, რომელიც ხელოვნურად და ძალადობრივად არის აღმართული, ადამიანებს, ხალხებს, ქვეყნებს აშორებს ერთმანეთთან და უპირისპირებს ერთმანეთს, დაინგრევა. სწორედ ეს სიმბოლო მოგიძღვნეს საქართველოს გერმანელმა მეგობრებმა თქვენ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი ოფიციალური ვიზიტის დროს ბერლინში და ამით გამოხატეს რწმენა იმისა, რომ ყველა კედელი, რომელიც ჩვენმა არაკეთილისმსურველებმა და მტრებმა აღმართეს საქართველოში, დაინგრევა და ისევე დაეცემა, როგორც ბერლინის კედელი დაეცა. ეს ისტორიული რელიქვია ქართულ-გერმანულ წელს ორი ხალხის მეგობრობის სიმბოლოს წარმოადგენს და ხაზს უსვამს ქართულ-გერმანული ურთიერთობების განსაკუთრებულ ხასიათს.
1961 წლის 13 აგვისტოდან 1989 წლის 9 ნოემბრამდე დასავლეთ ბერლინი (ბერლინის ტერიტორიის დაახლოებით სამი მეოთხედი) შემოღობილი იყო სამი მეტრის სიმაღლის და 160 კილომეტრი სიგრძის ბეტონის კედლით, რომლის ერთი ფრაგმენტის ორიგინალს თქვენ დღეს ხედავთ. ვინაიდან ბერლინი გეოგრაფიულად გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობდა, ამ კედლით დასავლეთ ბერლინი იზოლაციაში იყო მოქცეული და მოწყვეტილი გარე სამყაროს.
აღმოსავლეთ გერმანიაში ამ კედელს „მშვიდობის გალავანს“ უწოდებდნენ, მაშინ როცა დასავლეთ გერმანიაში ის „სირცხვილის კედლად“ მოინათლა. სირცხვილის კედლის დაცემიდან რამდენიმე წელიწადში ამ უზარმაზარი ბეტონის კონსტრუქციის თითქმის 90% გადამუშავდა და ბერლინის ავტობანის მშენებლობაში იქნა გამოყენებული. დარჩა მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტი და ის დიდ ისტორიულ იშვიათობად იქცა.
საქართველოს გერმანელი მეგობარი და მეწარმე ელმარ პროსტი ამ დარჩენილი რამდენიმე ფრაგმენტის (დღეის მდგომარეობით სულ 18 ასეთი ფრაგმენტია შემორჩენილი) მესაკუთრეა და ერთი მათგანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადასცა საჩუქრად.
ბერლინის კედელი ხშირად ასოცირებულია ისტორიულ პიროვნებებთან, რომელთაც წარუშლელი კვალი დატოვეს თანამედროვე ისტორიაში. ცნობილია აშშ-ის პრეზიდენტის რონალდ რეიგანის მოწოდება ბერლინის კედლის ფონზე მიხეილ გორბაჩოვის მიმართ: „ბატონო გორბაჩოვ, გთხოვთ დაანგრიოთ ბერლინის კედელი“ ანდა ჯონ ფ. კენედის სიტყვები „მე ვარ ბერლინელი“. განსაკუთრებული წვლილი ბერლინის კედლის დანგრევაში მიუძღვის ედუარდ შევარდნაძეს - საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრს და საქართველოს პრეზიდენტს. მისი წვლილი მის მეგობართან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰანს-დიტრიხ გენშერთან ერთად ბერლინის კედლის მუზეუმში ბერლინში ღირსეულად არის წარმოდგენილი.
ცნობილი მუსიკალური ჯგუფები ცდილობდნენ თავიანთი პროტესტი ბერლინის კედლის მიმართ გამოეხატათ საგანგებო კონცერტების გამართვით. ასეთი იყო, მაგალითად, პინკ ფლოიდის „კედელი“, რომლის ფრაგმენტებიც დღეს საღამოს შესრულდება.
დიდად მოხარული ვარ, რომ ბერლინის კედლის ფრაგმენტი საქართველოს ულამაზესი დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ და თვალსაჩინო ადგილას აღიმართება და ის საქართველოს მთლიანობისა და ერთიანობის მიღწევის რეალურობას განასახიერებს.https://www.facebook.com/lado.chanturia.50/posts/1967785286815164