ნანა ჯანაშია / Nana Janashia
იოჰან პერსონი წარმატებული შვედი ახალგაზრდა ინჟინერია. უნივერსიტეტი 2012 წელს დაამთავრა. მისმა სადიპლომო ნაშრომმა JNC S225 მარკის ფანტომის სერიის ინგლისურ სპორტულ მანქანაზე, რომელიც შვედურ სტანდარტებს მოარგო - უმაღლესი შეფასება მოიპოვა. იოჰანმა სპეციალობაც და უნივერსიტეტიც თვითიონ შეარჩია, ამაში მშობლები არ ჩაურევია. საინჟინრო ფაკულტეტზე სწავლა კარგი მათემატიკური უნარების გამოც გადაწყვიტა, თან კონსტრუქტორობა ბავშვობიდან უყვარდა. 8-10 წლის ასაკში ისეთი მანქანა ააწყო, რომლშიც ჯდებოდა და რომელსაც მართავდა. ბიჭმა მანქანას საბავშვო ეტლის ბორბლები გაუკეთა, კარკასი კი ხისგან ააწყო. ელექტროსისტემაც გამართულად მუშაობდა. ამ მანქანით გავიდა სამეზობლო კონკურსზე, რომელშიც, მის გარდა კიდევ ერთი ბიჭი მონაწილეობდა. ჟიურიში ის რამდენიმე მეზობელი იყო, ვინც მოიცალა და მოვიდა. დღეს უკვე ამ ამბავს სიცილით იხსენებს და ამბობს, რომ იმან (მეორე ბიჭმა) ჩააწყო და გაიმარჯვაო.
- რატომ გაამარჯვებინეს იმ ბიჭს?
- თქვეს, რომ ვითომ, მეტი სიჩქარე ჰქონდა მის მანქანას.
- გეწყინა?
- ცოტა...
- სადაა ის ბიჭი ახლა?
- წავიდა თეატრში, მსახიობი გახდა.
- შენ კი - ინჟინერი, იმ ბიჭმა ეტყობა მაშინაც იმსახიობა... ძნელი იყო საინჟინროზე სწავლა?
- პირველი ორი წელი ძნელი იყო. მერე ყველაფერი კალაპოტში ჩადგა.
- საქართველოში, საინჟინრო ფაკულტეტზე ან საერთოდ არ მიდიან ახალგაზრდები ან თუ მიდიან - მხოლოდ ბიჭები. შვედეთში როგორაა?
- ჩვენთან საინჟინრო ფაკულტეტი ერთ-ერთი პრესტიჟულია. თუმცა, აქაც ბიჭები უფრო ინტერესდებიან ამ საქმით. კურსზე 120 სტუდენტიდან მხოლოდ 5 იყო გოგო.
- გიწევდნენ კონკურენციას?
-კი, ეს გოგონები კარგად სწავლობდნენ.
- ინჟინერ გოგოს შეირთავდი ცოლად?
- მე მომღერალი ავირჩიე, ჩემი შეყვარებული მუსიკოსია. ისე, ცუდი სულაც არაა თუ ერთ ოჯახში ორი ინჟინერი იქნება. სახლში მარტო მე ვარ ინჟინერი - მამა ეკონომისტია, დედა სტომატოლოგი, უფროსი ძმა მარკეტის მენეჯერია.
- სამსახური ადვილად იშოვე?
- მე არ მიაქტიურია, უნივერსიტეტის დამთავრებიდან 2-3 თვეში კომპანიებმა თავად დამირეკეს და ერთ-ერთი ავირჩიე. ბედნიერი ვარ იმით, რომ შვედეთში ადრინდელზე უფრო ახლა სჭირდებათ ინჟინრები.
- ჩვენთან, თუ ერთხელ იშოვეს სამსახური, მერე სიბერემდე ცდილობენ მის შენარჩუნებას, თქვენთან როგორაა?
- ჩვენთან გამოცდილებას ანიჭებენ უპირატესობას. გამოცდილების მისაღებად კი ერთი ადგილის ტკეპნა არ გამოდგება. პირველ სამსახურში ერთნახევარი წელი დავყავი. სხვაგან მუშაობის გამოცდილება მჭირდებოდა და გადავედი. პირველ სამსახურში იმ სასტამბო მანქანის ინჟინერი ვიყავი, რომელიც ფერებს ანაწილებს შესაფუთ ყუთებზე, წვენების, კანფეტების კოლოფებზე და ა. შ. შემდეგ, 4 თვე ამწე კრანის ინჟინერი ვიყავი. იქ არ მომეწონა და კვლავ სხვაგან გადავედი. ამწე კარანთან არ მქონდა პრობლემა, უბრალოდ, დილის 6 საათზე უკვე გზაში უნდა ვყოფილავი, რადგან სამსახური 7-ზე მეწყებოდა და არაკომფორტული იყო ეს ჩემთვის. უნივერსიტეტის დამთავრებიდან ანუ 2012 წლიდან მოყოლებული 4 სამსახური გამოვიცვალე, ყველაზე დიდხანს ანუ ბოლო 2 წელი ვარ კომპანიაში, რომელიც მოხუცი ხალხის იოლ და სწრაფ გადაადგილებაზე ზრუნავს. ჩემი კონსტრუქციით დამზადდა ველოსიპედის მსგავსი სწრაფი გადაადგილების საშუალება, რომელიც ძალიან პოპულარულია და 400 ევრო ჯდება. კომპანია, თვეში 500 ცალს უშვებს. ფერებიც ისეთია, მოხუც ადამიანს რომ გაახალისებს - წითელი, ოქროსფერი, თეთრი. გამოხმაურებებიდან ვიცით, ჩემი და დიზაინერის ერთობლივი ნმუშევარი დიდი პოპულარობით რომ სარგებლობს ასაკოვან ხალხში და კარგადაც იყიდება მსოფლიო მასშტაბით.
...
იოჰანი კვირაში ორ დღეს კი ისვენებს, მაგრამ მაშინაც სამომავლო პროექტებითაა დაკავებული. ახლახან 3D printer-იდან სახლის პრინტერისთვის სჭირო ნაწილები ამოაპრინტერა. შემდეგ, აბაზანაში ფარდა გაუფუჭდა და მაღაზიაში წასვლის ნაცვლად ისიც ამოაპრინტერა. ამბობს, რომ 3D printer-ის სახლში ქონა პრაქტიკულია. სამომავლოდ მას უნდა ჰქონდეს 3D printer-ების საკუთარი კომპანია რომელსაც „Persson Company”-ს დაარქმევს.
ინჟინრობის გარდა იოჰანს კერძების მომზადება უყვარს მსოფლიო სამზარეულოს რეცეპტების მიხედვით. ის 25 ქვეყანაშია ნამყოფი და ყველაში თითოჯერ, საქართველოში კი ზედიზედ ორჯერ იყო. ამბობს რომ აქ ხალხია თბილი, მთები კი მაღალი. ჩვენი ქვეყანა ქაოსით იტალიას აგონებს. ამბობს, რომ ქართველი მძღოლები არავის არ გვანან, რადგან ისინი სწორ გზაზე ახერხებენ სწრაფად და ზიგზაგებით მოძრაობას.
...
- რა არის შვედი ბიჭისთვის პრიორიტეტი?
- პირველი პრიორიტეტი არის სამსახური. მერე სიყვარული. მაგრამ შვედებს ის პრობლემა აქვთ, რომ ძალიან დიდი დრო მიაქვს სამსახურს, ამიტომ ძალიან ბევრია მარტოხელა ადამიანი.
- ჯანმრთელობისთვის რას აკეთებ?
- ვვარჯიშობ. ფრენბურთი მიყვარს.
- სალათებიდან?
- ბერძნული სალათი.
- წიგნებიდან?
- Det blir alltid som man tankt sig
- მუსიკოსებიდან?
-Sabina Chantouria და U2
- ფილმებიდან?
-”Marvel Studios” -ს მიერ შექმნილი ფილმები და DC comics-ები.
- რამ გაგაკვირვა საქართველოში?
- ბენზინგასამართმა სადგურებმა. რომპეტროლთან ვცხოვრობდი და ფანჯრიდან ვხედავდი, რომ იქ ხალხი მუშაობდა. ხან ერთი კაცი ასხამდა ბენზინს, ხან მეორე. ჩვენთან კი ყველა პლასტიკური ბარათით იხდის საფასურს და თვითონ ისხამს საწვავს. კიდევ - ლიფტში ფულის ჩაგდებამ გამაკვირვა...
- რა მოგეწონა?
- მომეწონა ის, რომ ქართველი მამაკაცები შვედებზე მეტად იცვამენ ფერად ტანსაცმელს და ის, რომ შვედური სახელი კაი- ქართულად კარგს ნიშნავს. მამაჩემის სახელი და გვარია - კაი პერსონი. ის ნამდვილად კარგი პერსონაა და ეს საქართველოშიც რომ დამიდასტურდა, გამიხარდა.
- რას იტყოდი ქუჩაში რომ ჟურნალისტმა გააგჩეროს და გითხრას - ახლა მთელი მსოფლიო გიყურებსო?
- ვიტყოდი: ადამიანებო, იფიქრეთ მომავალზე და გააკეთეთ რამე... თუ დივანზე ისხდებით, კარგი მომავალი არ მოვა!
- რა გინდოდა რომ მეკითხა შენთვის?
-„საქართველოში რომ გეცხოვრა და ახალგაზრდა ინჟინერი ყოფილიყავი რას გააკეთებდი?“
- და რას მიპასუხებდი?
- ალბათ, ტაქსის მძღოლი ვიქნებოდი...