ნანა ჯანაშია / Nana Janashia
ისა კოაზოი ინგუშეთის პატარა სოფელში იზრდებოდა. მდინარეც ჰქონდა იმ სოფელს, სადაც ისა ჩუმად მიიპარებოდა. ეს მდინარე ორი მაგიდა რომ შეაერთო სიგანით იმხელა იყო, პატარა ბიჭს კი - უზარმაზარი ეგონა. როცა მდინარეში იყურებოდა, პატარა გოგოს ხედავდა, რომელიც ეშმაკურად ენას უყოფდა. ეს ამბავი ბებოს გაანდო, ქალს კი შეეშინდა და ბოროტი სულებისგან დამცავი ავგაროზი ჩამოჰკიდა გულზე... ისა მაინც მიიპარებოდა მდინარეზე, იქ კი, კვლავ იმ გოგონას ხედავდა... შემეგ, მისი ოჯახი სხვა ინგუშებთან ერთად, ყაზახეთში გადაასახლეს! განა რამე დააშავეს, ისე, უბრალოდ, საბჭოთა კავშირმა (რკინისფარდაჩამოფარებულმა) ასე გადაწყვიტა და ვინმე გაბედავდა და გააპროტესტებდა?!ინგუშეთის ბევრი სოფელი რუსებმა მიწასთან გაასწორეს. ინგუშთა კვალი უნდოდათ რომ იმ ადგილებიდან სამუდამოდ ამოეშალათ! ბატონი ისა 44 წელია რაც ლტოლვილობაში იმყოფება...ლტოლვილობაშივე დაიწყო წერა და გაუპროტესტეს - როგორ შეიძლება ინგუში მწერალი იყოსო?! მაინც წერდა და ამიტომაც ჩასვეს - 4 წლით! იქ ბიჭები გაიცნო სამეგრელოდან და დიდი სიყვარულით დაიმუხტა - მთლიანად საქართველოს მიმართ! მტრის ჯინაზე მაინც გახდა მწერალი. უამრავი მოთხრობა და რომანი აქვს დაწერილი და ყველაზე მთვარი - ინგუში ხალხის ისტორიის შვიდტომეულის ავტორიცაა. მას, ვაინახელი ხალხი, უდიდეს საჩუქრად მიიჩნევს! ბატონი ისა ზვიად გამსახურდიას დიდი მეგობარი იყო და დღემდე მისი მეხოტბეა. შენიშვნა მოგვცა ქართველებს: "- ეს დღეები სად არ წამიყვანეს, რა არ დამათალიერებინეს საქართველოში, მაგრამ ჩემი დიდი მეგობრის ზვიად გამსახურდიაას ვერც ძეგლი ვნახე სადმე და ვეღარც ბიუსტიო!" დღეს, ისა კოაზოი 75 წლის გახდა. თბილისში შეხვდა დაბადების დღეს, ფიქრებით კი იქ იყო, თავისი ბავშვობის ეზოში და იმ მდინარესთან, რომელიც დედამიწის ზურგზე ყველაზე დიდი ეგონა...
P.S. შეხვედრა ისა კოაზოისთან 2013 წლის 20 დეკემბერს თსუ-ში პროფესორ მერაბ ჩუხუას ორგანიზებით მოეწყო.
მასალა დაიწერა 2013 წლის 20 დეკემბერს. ქვეყნდება პირველად.