ვუდრო უილსონი - აშშ-ის 28-ე პრეზიდენტი

ვუდრო უილსონი - აშშ-ის 28-ე პრეზიდენტი

09.03.2018

ნანა ჯანაშია (მომზადებული მასალა)

By Nana Janashia

ტომას ვუდრო უილსონი (ინგლ. Thomas Woodrow Wilson; დ. 28 დეკემბერი, 1856 ― გ. 3 თებერვალი, 1924) — აშშ-ის 28-ე პრეზიდენტი (1913-1921)

მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის მნიშვნელოვანი მოვლენები ფედერალური სარეზერვო სისტემის შექმნა და საბანკო რეფორმა, ფედერალური ვაჭრობის კომისიის შექმნა და ანტიმონოპოლიური რეფორმა, ასევე ამერიკის პირველი ფედერალური პროგრესული საშემოსავლო გადასახადის დაწესება იყო. მან ადმინისტრაციაში ბევრი სამხრეთელი თეთრკანიანი მიიყვანა და ფედერალურ სააგენტოებში სეგრეგაციის ექსპანსიას შემწყნარებლურად უყურებდა.

1916 წელს უილსონი პრეზიდენტად მეორე ვადით არჩიეს. საარჩევნო კამპანიის დროს მისი მომხრეების ლოზუნგი იყო - „მან ჩვენ ომი აგვარიდა“. მაგრამ აშშ-ის ნეიტრალური პოზიცია შეიცვალა მას შემდეგ, როდესაც გერმანიის მთავრობამ ციმერმანის ტელეგრამით მექსიკას ომში ამერიკის წინააღმდეგ სამხედრო ალიანსი შესთავაზა (პირდებოდა არიზონის, ნიუ-მექსიკოს და ტეხასის დაბრუნებას). ეს ტელეგრამა ჩაუვარდა ამერიკის დაზვერვის სამსახურს და ეს ფაქტი გახდა იმის მიზეზი, რომ უილსონმა 1917 წლის აპრილის დასაწყისში კონგრესს ომის გამოცხადებისთვის მიმართა და უკვე 6 აპრილს აშშ-მ  შეუზღუდავი წყალქვეშა ომი დაიწყო.

უილსონი  პირველ მსოფლიო ომში  ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ლიდერი იყო. ის ომის შეწყვეტის საკითხებზე გერმანიასა და მის მოკავშირეებს შორის შუამდგომლობდა და დაზავებისთვის საკმაოდ დიდი შრომა გასწია. გერმანიას პირდებოდა, რომ საზავო ხელშეკრულება არ იქნებოდა ძალიან მძიმე.

ვუდრო უილსონი  ამერიკის პირველი პრეზიდენტი გახდა, ვინც თანამდებობაზე ყოფნის დროს ევროპაში ვიზიტით იმყოფებოდა. ის, 1918 წელს პარიზში, სამშვიდობო კონფერენციაზე გაემგზავრა, სადაც  პირველ მსოფლიო ომს ”ომი გამარჯვებულის გარეშე” უწოდა. მან წარმოადგინა ე.წ. ”14 პუნქტიანი გეგმა”, რომელიც წარმოადგენდა ომის შემდგომი მსოფლიოს მისეულ ხედვას და რომელიც მსოფლიოს სხვა კონფლიქტებს ააცილებდა.  გულისხმობდა  შეიარაღების შემცირებას, საზავო მოლაპარაკებების ღიაობას, კოლონიური საკითხების სამართლიან მოგვარებას, პოლონეთისთვის და ავსტრია-უნგრეთისთვის  დამოუკიდებლობას, ოსმალეთის იმპერიაში ეროვნული ავტონომიების შექმნას, ერთა ლიგის შექმნას, რომელიც განიხილავდა ქვეყანათა შორის დავებს. ეს იქნებოდა საერთაშორისო ორგანიზაცია (ამჟამინდელი გაეროს ანალოგი), რომელიც კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და მსოფლიოში მშვიდობის მხარდაჭერის საკითხებით იქნებოდა დაკავებული. უილსონი ვერსალის ხელშეკრულების ერთ-ერთ ავტორად  და ერთა ლიგის შექმნის მხარდამჭერად დასახელდა.  მისი დიდი წვლილის გამო ერთა ლიგის დაარსებაში იგი 1919 წელს ნობელის მშვიდობის პრემიით დააჯილდოვეს.... უილსონი გერმანიის მიმართაც საკმაოდ ლოიალური ზომების მიღებას ვარაუდობდა, მაშინ როდესაც  მოკავშირეთა სამხედრო და პოლიტიკური ლიდერებს  გერმანიის სრული კაპიტულაცია უნდოდათ.  საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟორჟ კლემანსო უილსონის 14 პუნქტს  უაზრობად მიიჩნევდა :

” ბატონი უილსონი თავს მაბეზრებს თავისი 14 პუნქტით, მაშინ, როდესაც თვით ყოვლისშემძლე უფალიც კი ათით კმაყოფილდება”.

სამშობლოში დაბრუნებულმა უილსონმა,  ერთა ლიგის წევრობაზე კონგრესის მხარდაჭერის მოსაპოვებლად მატარებლით ტურნე მოაწყო დასავლეთ შტატებში, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ დაასრულა - მას დამბლა დაეცა და სხეულის მარცხენა ნაწილი უმოქმედო მდგომარეობაში აღმოუჩნდა.  1920 წელს სენატმა ვეტო დაადო აშშ-ს ერთა ლიგაში გაწევრიანებას, რადგან რაიმე ტიპის ევროპულ ორგანიზაციაში გაწევრიანება  აშშ-ის საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ევროპულ პრობლემებსა და კონფლიქტებში ჩართვას ნიშნავდა და ამიტომ ამ იდეას მხარდაჭერა არ მოჰყვა.

სხეულის მარცხენა ნაწილის სრული პარალიზების მიუხედავად, უილსონმა შეძლო და კაბინეტის შეხვედრებს მაინც  ესწრებოდა, მისი წვლილი მნიშვნელოვანია იმაში რომ 1920 წელს ამერიკელმა ქალებმა არჩევნებში მონაწილეობის უფლება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღეს. პრეზიდენტმა  თავისი ვადის დარჩენილი დრო ანუ 1921 წლამდე, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთებაში გამოიყენა.  გარდაიცვალა 1924 წლის 3 თებერვალს. დემოკრატი უილსონი ისტორიაში შევიდა როგორც  აშშ-ის 28-ე პრეზიდენტი, რომელიც აღიარებულ იქნა როგორც  ინტელექტუალი პრეზიდენტი, რომელიც ამ პოსტზე პრინსტონის უნივერსიტეტის პრეზიდენტობიდან მოვიდა.

P.S.  ერთა ლიგა უილსონის იდეა იყო და ის  1919-1920 წლების ვერსალის ხელშეკრულებით დაარსდა. ლიგას არ ჰყავდა საკუთარი შეიარაღებული ძალები და  მისი რეზოლუციების შესრულებაში ზესახელმწიფოების იმედზე რჩებოდა.

ერთა ლიგის დამფუძნებელი იყო 44 ქვეყანა. მათ შორის არ იყო ორი დიდი ქვეყანა  აშშ და რუსეთი. ერთა ლიგის მუშაობას გენერალური მდივანი ხელმძღვანელობდა, გენერალური სამდივნოს საშუალებით. ერთა ლიგის მთავარი მმართველი ორგანოები, რომლებიც მდებარეობდა ჟენევაში იყო: 1) საბჭო; 2) ასსამბლეა; 3) საერთაშორისო სასამართლო. საბჭო შედგებოდა 4 მუდმივი და 4 არჩევითი წევრისაგან. მუდმივი წევრები იყვნენ იტალია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და იაპონია. 1934 წელს ლიგაში მიიღეს საბჭოთა კავშირი, 1939 წელს კი, როდესაც მან ომი გამოუცხადა ფინეთს, გარიცხეს ერთა კავშირიდან.

ასამბლეაზე განიხილებოდა სხვადასხვა სახის მსოფლიო პრობლემები. ნებისმიერ სახელმწიფოს უფლება ჰქონდა, ვეტო დაედო ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, ამიტომ ხშირად მნიშვნელოვანი საკითხები იბლოკებოდა. საერთაშორისო სასამართლო მდებარეობდა ქალაქ ჰააგაში, შედგებოდა სხვადასხვა ქვეყნიდან არჩეული 15 მოსამართლისგან და განიხილავდა ქვეყანათა შორის დავებს. ჩამოთვლილთა გარდა ერთა ლიგას ჰქონდა სხვა კომიტეტებიც, რომლებიც ზრუნავდნენ ქალთა უფლებების დაცვაზე, ბავშვთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე, ეკონომიკურ და ფინანსურ პრობლემებზე.

1941 წელს ერთა ლიგის ასამბლეის გენერალური სხდომა გაიმართა. 1946 წლის აპრილში ერთა ლიგამ თვითლიკვიდაცია მოახდინა და ასპარეზი დაუთმო თავის მემკვიდრეს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას.

 

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge