საქართველოში ამერიკისმცოდნეობა 20 წლისაა

საქართველოში ამერიკისმცოდნეობა 20 წლისაა

20.05.2018

17 მაისს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით ამერიკისმცოდნეობის მე-19 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელიც საქართველოში ამერიკისმცოდნეობის დაარსების 20 წლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

კონფერენციაში საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები და მკვლევრები მონაწილეობდნენ. კონფერენციის მოხსენებების თემატიკამ ამერიკული ცხოვრების სხვადასხვა სფერო მოიცვა. კონფერენციაზე წარმატებით იმუშავა: ისტორიისა და პოლიტიკის, აშშ-საქართველოს ურთიერთობის, საგარეო პოლიტიკის, მკვიდრი ამერიკელების, ლიტერატურისა და ენის, კულტურის, სოციალური საკითხების და სამართლის, ლათინური ამერიკის, ფილოსოფიის, მედიის, მედიცინის, ეკონომიკის და არქიტექტურის სექციებმა. 130 მონაწილემ წარადგინა  მოხსენებები.

კონფერენციის გახსნას საქართველოში აკადემიური წრეების, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კონფერენციის ფარგლებში მოეწყო მრგვალი მაგიდა საქართველოში ამერიკისმცოდნეობის შემდგომი განვითარების პერსპექტივების შესახებ და ქართველ მეცნიერთა (ვ. კაჭარავა, ე. მეძმარიაშვილი) ამერიკული პრობლემატიკისთვის მიძღვნილი წიგნების პრეზენტაცია.

კონფერენცია სამდღიანი იყო  და 19 მაისს დასრულდა.

ფოტოები: თსუ

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge