სტივენ ჯონსი: მადლობა ქართველებს უშუალო და მრავალფეროვან სამყაროში ჩემი მიღებისათვის

სტივენ ჯონსი: მადლობა ქართველებს უშუალო და მრავალფეროვან სამყაროში ჩემი მიღებისათვის

28.05.2018

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

"მინდა მადლობა ვუთხრა ქართველებს მათ უშუალო და მრავალფეოვან სამყაროში ჩემი მიღებისათვის. ეს მათი უდიდესი ღირსებაა.“ ეს სიტყვები ეკუთვნის სტივენ ჯონსს წიგნის „სოციალიზმი ქართულ ფერებში“ ავტორს, რომლის  პრეზენტაცია გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“. ამ სოლიდური ნაშრომის  სრული სახელწოდებაა „სოციალიზმი ქართულ ფერებში: ევროპული გზა სოციალ-დემოკრატიისკენ (1883-1917)“ და ის გახლავთ მეორე, განახლებული ქართული გამოცემა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოსცა.  თარგმანი ხათუნა  ჩხეიძეს ეკუთვნის. წიგნის მთავარი რედაქტორები არიან ბექა კობახიძე და ირაკლი ხვადაგიანი. რედაქტორები: ნატალია ვაჩეიშვილი და თეა ქიტოშვილი. სარედაქციო კოლეგია  წარმოადგენილია შემდეგი სახეებით: ირაკლი ირემაძე, დიმიტრი სილაქაძე, დავით ხვადაგიანი, გოგი გაფრინდაშვილი, გიორგი ასტამაძე, გრიგოლ გეგელია.  წიგნი ეძღვნება საქართველოში 1893 წლიდან 1917 წლამდე პერიოდის სოციალ-დემოკრატიის წარმატებას.

„ლიგამუსში“ გამართული პრეზენტაცია გახსნა საპატიო სტუმარმა, ნოე ჟორდანიას ვაჟმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის (ნიუ-იორკი, აშშ) პროფესორმა და მემუარული ჟანრის მწერალმა, საპრეზიდენტო ბრწყინვალების ორდენოსანმა რეჯებ ჟორდანიამ (სწორედ მისი მონდომებით და მცდელობით გადმოეცა ლევილის მამულები და ქართული ემიგრაციის არქივები 2011 წელს საქართველოს.)

ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს. პრეზენტაციის შემდეგ  გაიმართა  პროფესორ სტივენ ჯონსის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდებით დაჯილდოების ცერემონია. დოქტორის  საპატიო სიგელი და მედალი ამერიკელ პროფესორს გადასცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიგა ზედანიამ.

პროფესორი სტივენ ჯონსი მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯში (აშშ) რუსეთისა და ევრაზიულ სწავლებათა მიმართულების ხელმძღვანელია. ის 1970-იანი წლებიდან მოყოლებული იკვლევს საქართველოს ისტორიასა და პოლიტიკას. დაწერილი აქვს ორი ფუნდამენტური მონოგრაფია: „სოციალიზმი ქართულ ფერებში: ევროპული გზა სოციალ-დემოკრატიისკენ (1883-1917)“ და „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“. ამჟამად ასრულებს მესამე მონოგრაფიას, რომელიც უშუალოდ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შეეხება.

P.S. პროფესორ სტივენ ჯონსს  ქართველი მეუღლე და ორი  შვილი ჰყავს. ის მათ ცხოვრების საგანძურებს უწოდებს,  ქართველ ნათესავებს  კი - ცხოვრების სამკაულებს. დამეთანხმებით, რომ სქმე იშვიათ ადამიანთან გვაქვს...



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge