ვიქტორ (ვიკი) კუხიანიძე
By Victor (Vic) Kukhianidze
(მომზადებული მასალა)
გერმანული წარმოშობის ამერიკელი პოლიტიკური მეცნიერის ჰანს მორგენთაუს (1904-1980წწ.) ნაშრომი „ქვეყნების პოლიტიკა: ბრძოლა ძალაუფლებისა და მშვიდობისათვის“ არის თანამედროვე ენით დაწერილი თუკიდიდეს (დ. დაახლ. ძვ. წ. 465/460/455-გ. ძვ. წ. 400/395 ბერძენი (ათენელი) ისტორიკოსი), ნიკოლო მაკიაველის(1469-1527წწ. - რენესანსის დროინდელი იტალიელი პოლიტიკური მოაზროვნე) და თომას ჰობსის (1588-1679 წწ. ინგლისელი ფილოსოფოსი, „ლევიათანის“ ავტორი) იდეების გაგრძელება. მიაჩნიათ, რომ ჰანს მორგენთაუ ნეოკლასიკური რეალიზმის წარმომადგენელია, ხოლო მისი: „ქვეყნების პოლიტიკა: ბრძოლა ძალაუფლებისა და მშვიდობისათვის“ პოლიტიკური ნაშრომების მწვერვალი.
XVII საუკუნის ინგლისელი ფილოსოფოსი, სამართლისა და სახელმწიფოს შესახებ მოძღვრების ავტორი თომას ჰობსი (1588-1679) დაიბადა მალმსბერიში. განათლება ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო . ის ხშირად მოგზაურობდა ევროპაში და მეგობრობდა გამოჩენილ მოაზროვნეებთან. მონაწილეობდა ფილოსოფიურ კამათებში. ჰობსის ძირითადი თხზულებებია: „მოქალაქის შესახებ მოძღვრების ფილოსოფიური ელემენტები“ (1642), „ლევიათანი“ (1655). ამ უკანასკნელში ჰობსი პოლიტკური სინამდვილის ბუნების ახსნას ცდილობს. ჰობსის შეხედულებები რეალიზმის ფუნდამენტადაა მიჩნეული.