ვამლინგ-ჭანტურიები, დეიდა რუტი და შვედეთი დღეს

ვამლინგ-ჭანტურიები, დეიდა რუტი და შვედეთი დღეს

19.05.2020

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

ცხოვრება პანდემიის დროს

პანდემია კოვიდ 19 როგორც თავად, ასევე თავისი აკრძალვებით და შეზღუდვებით მთელ მსოფლიოს მოედო. ბევრგან კომენდანტის საათის შემოღება გახდა საჭირო, ბევრგან ჯარიმების, შვედეთი კი მხოლოდ რეკომენდაციებით და წესებით შემოიფარგლა. რატომ?  იმიტომ რომ,  შვედები, დისციპლინირებული ხალხია და ყოველთვის ზედმიწევნით ასრულებენ გაცემულ რეკომენდაციებს.  ისინი მეტწილად პერფექციონისტები არიან,  ანუ წარმატებაზე ორიენტირებულნი!

ჩვენი ქვერუბრიკის  „ცხოვრება პანდემიის დროს“ დღევანდელი სტუმარი გახლავთ მალმოს უნივერსიტეტის პროფესორთა ქართული-შვედური ოჯახი  -  ქალბატონ კარინა ვამლინგის და ბატონი რევაზ ჭანტურიას  სახით. ყოველთვის საინტერესო იყო და იქნება წარმატებული და სტაბილური წყვილის ცხოვრება და უფრო საინტერესო მაშინ ხდება, როცა შვილებიც მოლოდინს ამართლებენ. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.  ვამლინგ-ჭანტურიას წყვილის ქალიშვილი - საბინა ჭანტურია უმაღლესი საუნივერსიტეტო მუსიკალური განათლების მქონე საკმაოდ ცნობილი პრფესიონალი ავტორი და შემსრულებელი გახლავთ, უმცროსი ვაჟი ალბარტი კი კომპიუტერულ გრაფიკას სწავლობს.

როგორც ქალბატონმა კარინამ გვითხრა, ამჟამად შვედეთში უნივერსიტეტები და გიმნაზიები ონლაინ რეჟიმში მუშაობენ. თეატრები, მუზეუმები და კინო დაკეტილია. საავადმყოფოებში და მოხუცთა სახლებში ვიზიტები აიკრძალა. 70 წელს ზემოთ ასაკის ანუ რისკის ჯგუფის  ადამიანებს კი თვითიზოლაციაში ყოფნას ურჩევენ. საგანგებოდ მათთვის, დილის რვის ნახევარზე იღება სასურსათო მაღაზიები და რვა საათამდე შეუძლიათ სასურველი პროდუქტების შეძენა. შემდეგ კი - ახალგაზრდა და შუა ასაკის ხალხს ეთმობა სავაჭრო სივრცე.  მოლარეებსა და კლიენტებს შორის   მინის გამყოფია დამონტაჟებული.  ყველა მაღაზიაში მარკირებულია ორმეტრიანი დისტანციით ის ადგილები, სადაც კლიენტები უნდა დადგნენ.

ასევე აიკრძალა  50 კაცზე მეტის შეკრება, შესაბამისად, კონცერტები და სხვა ღონისძიებები ანულირებულია. ტრანსპორტი მუშაობს, მაგრამ ხალხი იქაც დისტანციურია. ავიაკომპანიები შიდა ფრენებს შეზღუდულად, მაგრამ მაინც ახორციელებენ, ფრენის დროს მგზავრთათვის ნიღბები სავალდებულო გახდა. 

ჭანტურია-ვამლინგის პროფესორთა ოჯახი სახლიდან და დისტანციურად მუშაობს. მათი სალექციო კურსები, ადმინისტრაციული შეხვედრები თუ სამეცნიერო სემინარები ონლაინ რეჟიმში ტარდება.  წყვილს ასე მუშაობა არ უჭირს და თვლიან, რომ არის ძალიან მოსახერხებელი. თუმცა, ჰყავთ კოლეგები, რომლებიც  სწავლების ამ ფორმას ვერ ეგუებიან. ქალბატონი კარინა ლექციებიდან თავისუფალ დროს პუბლიკაციებზე მუშაობს. ბატონი რეზო  კი მორიგ ლექსიკონს გამოსაცემად ამზადებს.

ოჯახს პროდუქტებით  კვირაში ერთხელ ამარაგებენ. პურს კი, რადგან ყველას ცხელი და ახალი უყვარს, ოჯახის დიასახლისი ქალბატონი კარინა თავად აცხობს. ეს არის განსაკუთრებული რეცეპტით  მომზადებული, სანელებლებით მდიდარი და სხვადასხვა ხარისხის ფქვილით  მოზელილი ცომისგან გამომცხვარი ჯანსაღი  პური. ჩვენი მკითხველებისთვის ეს რეცეპტი დღეიდან ხელმისაწვდომია:

500 გრ პურის ფქვილი;
200 გრ გრეჰემის ფქვილი;
300 გრ ჭვავის ფქვილი;
250 გრ უხეში მარცვლეული;
100 გრ ხორბლის ყლორტები;
1 ჩ.კ.მარილი;
3 სუფრის კოვზი ცერეცო, კარავა, ანისი;
4 ჩ.კ. სოდა;
1ლ. კეფირი;
50 გრ მუქი შაქრის სიროფი;
ცხვება 175 გრადუსზე გახურებული ღუმლის ქვედა იარუსზე 1 სთ და 20 წთ-ის განმავლობაში.


P.S. გრეჰემის ფქვილი არის მთელი ხორბლის ფქვილი. მისი გამომგონებელია ამერიკელი სილვესტერ გრეჰემი, ჯანმრთელი კვების მოძრაობის წინამორბედი. მან 1830-იან წლებში ამ ფორმის ფქვილი შეიმუშავა იმ იმედით, რომ ნაკლებად ჯანსაღი თეთრი ფქვილი ხმარებიდან ამოეღო.

ჭანტურია-ვამლინგების ოჯახი ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარია.

-ყოველ დღე ვსეირნეობთ ნახევარი საათი, სამ კილომეტრამდე მანძილს გავდივართ. - გვეუბნება ქალბატონი კარინა.

-დღეს წვიმდა და მაინც არ დავრჩით შინ, ქოლგებმომარჯვებულები  გავუყევით გზას.  მეზობლად მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობს, ჰყავთ მამალი, რომლის ყივილი ყოველ ჯერზე  გვახსენებს, რომ წლების წინ აქ, სადაც ამჟამად ჩვენი სახლებია აშენებული, ფერმერები ცხოვრობდნენ. ამასწინათ, საბინა მარტო წავიდა სასეირნოდ და ბუჩქებში მოწითალო ფერის ცხოველი შენიშნა, იფიქრა, რომ კატა იყო,  ფოტოს გადაღება მოასწრო და მელაკუდა აღმოჩნდა. ხოხბებიც გამოჩნდნენ უბანში, თუმცა,  შვედეთის სამხრეთი ადრეც არ უჩიოდა მათ ნაკლებობას...

ოჯახის ქალიშვილი

ავტორი და მომღერალი საბინა ჭანტურია, პანდემიის პერიოდში ძალიან პროდუქტიულია  როგორც შემოქმედი. ის ატარებს ონლაინ კონცერტებს. უახლოესი  ონლაინ კონცერტი  ექნება ივნისში.  ყოველ კვირა კი ერთ ახალ სიმღერას წერს. ყოველდღიურად  აქვს ონლაინ ვორკშოპები, ასევე ონლაინ კურსები მათთვის, ვისაც მუსიკის წერა სურს. მომღერალი მონდომებულია გააკეთოს დრაივინგ კონცერტი. ეს არის ახალი საკონცერტო ფორმა. მსგავსი რამ უკვე გაკეთდა ამერიკაში, დანიაში და ერთ შვედურ ქალაქში, მაგრამ   სკონეში, სადაც თავად ცხოვრობს მსგავსი კონცერტი  პირველად ჩატარდება და იმედოვნებს, რომ ამის გაკეთებას ივლის-აგვისტოში მოახერხებს.

რომ არა პანდემია, ის ალბათ ვერასოდეს გაიგებდა რომ  შეუძლია  - ქსოვა!  ერთხელ, ონლაინ საქმიანობით გადაღლილმა, აწგარდაცვლილი ბებოს იქვე მდგარი სახლის სახელოსნოს კარი შეაღო  და  არაერთი საინტერესო ნივთი აღმოაჩინა, მათ შორის საქსოვი საშუალებები,  გაერკვა მათში და ბებოს სამუშაო მაგიდასთან მოკალათებულმა ქუდი მოქსოვა.

ერთს  მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე და მომღერალმა, თავისუფალ დროს  ქსოვას მიიჰყო ხელი. ზოგი  გააჩუქა მეგობრებში,

ზოგიც შეინახა, ახლა კი - უნდა რომ, რაღაც განსაკუთრებული  მოუქსოვოს დედას. მოკლედ,  ბებოს სახლი და იქ მდგარი სამუშაო მაგიდა - საბინასთვის განტვირთვის საუკეთესო ადგილი აღმოჩნდა.  

შემდეგ,  ავტოფარეხშიც შეიხედა და იქ უმოქმედოდ მდგარი

სარბენი ბილიკი და  სტაციონარული ველოსიპედი დედასთან ერთად მოქმედებაში მოიყვანა.   

- ქუდების ქსოვა ძალიან მომწონს, ონლაინმა დამღალა და მოვინდომე საკუთარი ხელებით რაღაც შეექმნა.

გამომივიდა და მიხარია! -ამბობს საბინა.

გარდა ამისა, უწინდელზე მეტად დაუმეგობრდა ლიზას (ფისო). ფიქრობს, რომ პანდემიის დროს, როდესც ადამიანებთან არასასურველი გახდა კონტაქტი,  ეს დანაკლისი ცხოველებმა შეავსეს. ალბათ ამიტომ, ძალიან ბევრმა შვედმა შეიძინა ამ ბოლო დროს ძაღლი და კატა.

 როგორც ოჯახის წევრზე ისე გვიყვაბა ქალბატონი კარინა დედამისის დაზე, 91 წლის  დეიდა რუტზე.

 აკითხავს მას, ურეკავს და მისი ყოველდღიურობის საქმის კურსშია. ქალბატონი  რუტი, ასაკის გამო  რისკის ჯგუფის მოქალაქეების კატეგორიას კი განეკუთვნება, მაგრამ, მარტო ცხოვრობს. მას მოსწონს თავისი დამოუკიდებლობა, რაშიც ხელს კარგი  ჯანმრთელობა უწყობს. ის ქალაქის ცენტრში, პრესტიჟულ საცხოვრებელ კომპლექსში ცხოვრობს და სარგებლობს ამ კომპლექსში განთავსებული სუპერმარკეტით, რომელშიც  დილის  8 საათამდე-მდე  ყიდულობს საჭირო პროდუქტებს. შინ დაბრუნებული კი ავსებს კროსვორდებს, უყურებს ფილმებს და  საოცარი სიმშვიდით აგრძელებს ცხოვრებას. ისპანკას ეპიდემიის და მეორე მსოფლიო ომის მომსწრე დეიდა რუტი კოვიდ 19-ზე ამბობს, რომ - ესეც ჩაივლის!

აი, ასეთია ფრაგმენტები ერთი ლამაზი ოჯახის ცხოვრებიდან ამ პანდემიის დროს.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge