კავკასიის ხალხთა უსაფრთხოების საკითხი 1914-1921 წლების ქართული პრესის მიხედვით

კავკასიის ხალხთა უსაფრთხოების საკითხი 1914-1921 წლების ქართული პრესის მიხედვით

20.05.2020

ნანა ჯანაშია

სტუ, სადოქტორო პროგრამა - მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა, დოქტორანტი

 

კავკასიის ხალხთა უსაფრთხოების საკითხი 1914-1921 წლების ქართული პრესის მიხედვით

ყველა ის საფრთხე რომელიც ემუქრებოდა მე-20 საუკუნის დასაწყისში კავკასიას, აქტუალურია დღესაც. რუსეთი, როგორც საფრთხის ფაქტორი, დღემდე არ არის დღის წესრიგიდან მოხსნილი და ამიტომ, მნიშვნელოვანია იმის ანალიზი, კონკრეტულად თუ რა პრობლემებს აწყდებოდა კავკასია და როგორ უმკლავდებოდნენ მათ კავკასიელი ხალხი. ასეთი ანალიზის საუკეთესო წყაროს წარმოადგენს მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართული პრესა, განსაკუთრებით 1914 წელიდან, ანუ  პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან და 1921 წლამდე ანუ  წითელი არმიის კავკასიაში შემოჭრამდე და  დიდი ხნით  დამკვიდრებამდე.

ნებისმიერი დასუსტებული სახელმწიფო, მნიშვნელოვნად არყევს მსოფლიოს უსაფრთხოებას და მრავალ მანკიერ მოვლენას წარმოშობს. არაერთხელ  გამხდარა კავკასია რუსეთის სამხედრო ქმედებების მსხვერპლი და უსასრულო ქაოსსა და სიღარიბეში ჩაძირული. ძნელია მოიძიო კავკასიის რეგიონში მცხოვრები თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც კავკასიის დღევანდელობის ან მისი წარსულის  მიმართ არის ინდიფერენტული.

კავკასიის მკვიდრთ ანუ ავტოქთონ[1] ხალხს  გენეტიკური და სულიერი ერთობა გვაერთიანებს. ევროკავშირი ავტოქთონი ხალხის დასახმარებლად და მათი უსაფრთხოების დაცვის საქმეში  ყველა სახელმწიფოს მოუწოდებს აქტიური მონაწილეობის მისაღებად.[2]

ბრიტანელი მეცნიერი ხ. მაკკინდერი ევრაზიის სივრცეს „ჰართლენდს“ უწოდებს და მსოფლიო პოლიტიკისა და ისტორიის ღერძის როლს ანიჭებს. ის ფიქრობს, რომ ვინც ამ სივრცეს ფლობს, ის ფლობს მსოფლიოსაც. 

“ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს სურს: თავისუფლად საუბრობდეს, თავად აირჩიოს საკუთარი მმართველი, ილოცოს საკუთარი რელიგიური მრწამსის შესაბამისად, განათლება მისცეს შვილებს – ქალსა თუ ვაჟს, ფლობდეს ქონებას და ისარგებლოს საკუთარი შრომის მონაგარით.”[3] ეს სიტყვები ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფციიდანაა, რომელიც შესაძლოა ოცდამეერთე საუკუნის საერთაშორისო ურთიერთობების ღერძადაც იქცეს.

ტერმინი ,,ეროვნული უსაფრთხოება” აშშ-ის პრეზიდენტის თეოდორ რუზველტის (1901-1909)  დამსახურებით წარმოიშვა. მან 1904 წ. აშშ-ს კონგრესს გაუგზავნა მიმართვა, რომელშიც პანამის იმ ტერიტორიების ოკუპირებას, სადაც მომავალში არხი უნდა აშენებულიყო, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებით ასაბუთებდა.

"ქართველ ერს, აღიდგინა რა რუსეთის ბატონობის მიერ დარღვეული უფლებანი, სურს თავისუფლად შექმნას თავისი სახელმწიფო და მოაწყოს თავისი საერთაშორისო დამოკიდებულება, რათა შესძლოს როგორც მის, აგრეთვე კავკასიის საკეთილდღეოდ ხანგრძლივად და უზრუნველყოფით ისარგებლოს თავის აღდგენილი უფლებებით."[4] ეს კი საქართველოს კონსტიტუცია გახლავთ, საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული.

  ქართული პრესა 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე  ცენზურის ძლიერი  მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. განსაკუთრებით რთული იყო ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების გამოცემებისთვის გამოხატვის თავისუფლებაზე შეზღუდვის პირობებში მუშაობა და კავკასიის ერთიანობის საკითხებზე შეფარვით წერა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდგომ,  ცენზურა გაუქმდა და პრესამ დაიბრუნა გამოხატვის თავისუფლების სრული არა, მაგრამ მაინც  მაღალი ხარისხი. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ჰქონდა ერთი სახელმწიფო გაზეთი - „საქართველოს რესპუბლიკა,“ ყველა დანარჩენი კი - უწყებების, კერძო მესაკუთრეების და პარტიების ინტერესებს გამოხატავდა. ჯერ კიდევ  მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან კერძო პირებს მიეცათ უფლება დაეწყოთ საგამომცემლო საქმე. ბევრი, ჟურნალ-გაზეთებს უყურებდა როგორც ბიზნესს, რომელსაც სარეკლამო განცხადებების განთავსების მარტივი გზით კარგი მოგების მოტანა შეეძლო. თუმცა, რუსეთის იმპერიის განაპირა გუბერნიების პოლიგრაფიული ხარისხის დაბალმა დონემ,  უხარისხო  ქაღალდმა, გაუმართავმა სტამბამ არაერთი ნომრის ჩავარდნა გამოიწვია და პრესამ დაკარგა ბიზნესის ფუნქცია და მისი სადავეები ხელთ იპყრეს ევროპაში განათლებამიღებულმა  და ეროვნულ-განმანთავისუფლებელი იდეებით შეპყრობილმა ახალგაზრდებმა. სწორედ ამან გამოიწვია გამოცემების შინაარსობრივი მრავალფეროვნება და მკითხველისთვის მეტად საინტერესო გახადა. ცარიზმმაც უმალვე აამოქმედა მკაცრი ცენზურა. დახურა არაერთი გაზეთი და ციხეში ჩასვა ბევრი რედაქტორ-გამომცემელი. სწორედ ამის  გამო,  მაშინდელ პერიოდულ პრესაში სტატიები მეტწილად ხელმოუწერელი იყო ან ფსევდონიმებით იბეჭდებოდა.

მაგალითად, გერმანიის ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის დოქტორი მიხაკო წერეთელი სამშობლოში დაბრუნების მერე გახმაურებული ანარქისტული ხასიათის პუბლიკაციებს აქვეყნებდა შემდეგი ფსევდონიმებით: ალაროდიელი, სანგალა, BATON (ფრანგ. ჯოხი). გაზეთ  „მწყემსის“ რედაქტორის დეკანოზ დავით ღამბაშიძის ფსევდონიმი იყო „სოფლის ხუცესი“. “ნობათის“ რედაქტორის,  მწერალ დომინიკა ერისთავის ფსევდონიმი იყო „განდეგილი“, ,,ხმა კახეთისა“-ს  ფურცლებზე ფსევდონიმით ,,შ“ იბეჭ­დებოდა ილო მოსაშვილი. ფსევდონიმით „ქართველი კათოლიკე“ 1914 წელს ჟურნალში „კლდე“ იბეჭდებოდა უცნობი და საინტერესო ავტორი. ასევე უცნობი ავტორი ფსევდონიმით „კაკაბი“ იბეჭდებოდა გაზეთში „საქართველო“. „ცნობის ფურცელში“ ხშირად აქვეყნებდა წერილებს  ვინმე, ფსევდონიმით „აფხაზი“. ჟურნალში  „კლდე“  დამაარსებელი და დამფინანსებელი  დავით ვაჩნაძე, წერილებს „ეკალის“, „დავით კახელის“ და „დ.კ.“ ფსევდონიმით აქვეყნებდა. გაზეთში „საქართველო“ ფსევდონიმით ა.-ლი იბეჭდებოდა ნოე ჟორდანია.

პირველი მსოფლიო ომისდროინდელი ქართული პრესის ერთი ნაწილი გერმანული ორიენტაციის იყო და მიაჩნდა, რომ ინგლის-საფრანგეთისგან განსხვავებით, გერმანია არ იყო რუსეთის მოკავშირე, თან გერმანიამ ბრესტ-ლიტოვსკში ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ 1915 წელს დაგზავნილი ცირკულარის (განკარგულება) მიხედვით, სტუდენტს სასწავლებელი სავალდებულო სამხედრო საქმისგან არ იცავდა. “მათ, რომელთაც გაათავეს საშუალო სასწავლებელი და სხვა საშუალო სასწავლებელში შევიდნენ, ან გაათავეს უმაღლესი და სხვა უმაღლესში შევიდნენ, არავითარ შემთხვევაში შეღავათი არ ეძლევათ.“[5] ოჯახებს ეს არ აკმარეს და იმავე 1915 წლის ოქტომბერში 44 წლამდე ასაკის სამხედრო მოვალეობამოხდილი მამაკაცები კვლავ გაიწვიეს  ჯარში. ეს მოხდა  რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო უწყებასთან შეთანხმებით. ამის შესახებაც „ცირკულარი“ დაუგზაავნეს გუბერნატორებს.[6] უკვე 1916 წლის პირველ იანვარს მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც პირველკურსელ სტუდენტებსაც იწვევდნენ ჯარში. სამხედრო სამსახურში გაწვევიდან მხოლოდ სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტები და კაზაკები იყვნენ თავისუფალნი.[7] სწავლაზე ორიენტირებული და ომში გამოუცდელი ავტოქთონი ხალხის ყმაწვილკაცები სამსხვერპლოზე მიიტანა რუსეთის იმპერიამ.

       1914-1918წ.წ.  ჯარისკაცების ოჯახებისათვის ერთადერთი იმედი პრესა იყო. მხოლოდ აქედან შეეძლოთ ხმა მიეწვდინათ შვილებისთვის ან მათი ნაცნობებისთვის. ჯარისკაც ილარიონ ბაკურიას მშობლებს 9 თვის განმავლობაში შვილზე არაფერი გაეგოთ. მათ „თანამედროვე აზრის“ რედაქციას მიმართეს თხოვნით,  რომ მოეძებნათ ილარიონი, რომელიც: „62 სუზდალსკი პოლკში 16 როტაში მსახურობდა და იბრძოდა გერმანიის ფრონტზე“.[8]

 საჩხერელ მელიტონ ქველაძეს, რომელიც მსახურობდა „კოზლოვის 123 ქვეითა პოლ. პირველ როტაში და იმყოფებოდა გერმანიის ფრონტზე“ და  მისგან 11 თვე არაფერი ისმოდა, ეძებდა ძმა, ასევე ჯარისკაცი იოსებ ქველაძე, რომელიც მსახურობდა „კავკასიის მოქმედ  ჯარში, 19 თურქესტანის მსროლელთა პოლკში, მე-10 როტაში“.[9]

 ვინმე ლევან ბუაძე ითხოვდა  ძმის მიტროფანე ბუაძის მოძებნას, რომელიც ავსტრიის საზრვრებზე მოქმედი ჯარის  მე-18 კორპუსის 54-ე ქვეითთა მინსკის პოლოკის, მე-5 როტის უნტერ-ოფიცერი იყო  და რომელიც კარპატების ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას და უკვალოდ დაიკარგა .[10]

ვინც ცოცხალი ბრუნდებოდა ჯარიდან ან დაჭრილი იყო ან გადამდები სენით დაავადებული. თუ 1915 წლის აგვისტოს დასაწყისში თბილისის სხვადასხვა ლაზარეთებში 7 დაავადებული ქართველი ჯარისკაცი (ჭავჭავაძე, ჭანუყვაძე, სვანიძე, ზარდალიშვილი, ნოზაძე, მეგრელიშვილი, გელაშვილი) მოათავსეს,[11] უკვე 26 აგვისტოს  თბილისის ლაზარეთებში მოთავსებულ დაჭრილ და დაავადმყოფებულ ჯარისკაცთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. მათგან ერთი ხუბაშვილი პავლე ლაზარეთშივე გაარდაიცვალა.[12] 1915 წლის 7 ნოემბერს თბილისში სარიყამიშიდან (ყარსის ოლქი) სანიტარული მატარებლით დაჭრილი და დაავადებული ჯარისკაცები კვლავ  ჩამოიყვანეს,  მათში 7 ქართველი ოფიცერი იყო.[13] 1915 წლის 4 დეკემბერს თბილისის №8 ლაზარეთში იმყოფებოდა 22 დაჭრილ-დაავადმყოფებული ჯარისკაცი, № 11-ში  ცხრა, №23-ში ერთი, №26-ში ერთი, №37-ში ექვსი.[14] ე.ი. ერთ დღეში 39 დაჭრილი კავკასიელი 6 ლაზარეთში. ამ პერიოდში თბილისში იყო 40 ლაზარეთი. ინფორმაცია კი გვაქვს მხოლოდ 6 მათგანიდან. დანარჩენ 34 ლაზარეთში ვარაუდით, 200 დაჭრილი მაინც იქნებოდა.  

უკვე  1916 წელს, თბილისის ლაზარეთებში ტევა აღარ იყო.[15]  წლის დასაწყისშივე, ანუ 1916 წლის 24 თებერვალს, თბილისის №8 ლაზარეთში მოათავსეს არზრუმის აღების დროს დაჭრილი და „თოვლისაგან ფეხებ მომძრალი“[16] 9 ქართველი ჯარისკაცი. 

        თუ ერთი ძმა იბრძოდა, მეორესაც ფრონტზე უშვებდნენ - არავითარ შეღავათს არ უწევდნენ ოჯახს და მშობლებს. ამაზე მოწმობს ხონელი ნესტორ გეგეჭკორის დედის,  ნატალიას წერილი, რომელშიც  შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ 1915 წლის 14 აგვისტოს მერე, შვილისგან წერილი არ მიუღია. ქალის წერილიდან ირკვევა, რომ მას,  უფროსი ვაჟი ფრონტიდან ორივეფეხდაკარგული ჩამოუყვანეს. „მტრის ყუმბარამ მოსწყვიტაო  ფეხები“[17] და  ითხოვს მეორე შვილზე ცნობებს და მიუთითებს, რომ მსახურობდა 289-ე კოროტოიარის  ქვეითთა რაზმში.

ჯარისკაცთა ოჯახებს მთავრობა ცინიკურად ექცეოდა და მცირედი თანხით ისტუმრებდა. ეს თანხა თვეში 6 მანეთს და 60 კაპიკს შეადგენდა, (ამ პერიოდში გირვანქა (453გ) შაქრის ფასი 24 კაპიკი იყო, გაზეთის ერთი ნომერი 7-10 კაპიკი ღირდა).  „სათადარიგო ჯარისკაცთა ოჯახებს: თანახმად საგანგებო საქალაქო საკრებულოს დადგენილებისა, დღეის შემდეგ სიძვირის გამო დახმარება მიეცემათ თვეში 6 მან. და 60 კაპ. ნაცვლად წინადელ 4 მან. და 50კ.“[18]

 ჯარისკაცის ფარაჯაგადასხმულმა კავკასიელმა გლეხობამ რუსული არ იცოდა. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი რუსეთის არმიიდან მათი გაქცევის. მეორე მიზეზი იყო გაუსაძლისი პირობები. ტანსაცმლის და ფეხსაცმლის უქონლობა, სიცივე, შიმშილი და ანტისანიტარია ჯარში, მაშინ როდესაც, გერმანელ ჯარისკაცს  თბილადაც ეცვა, შიმშილი არ აწუხებდა,  სანგარში კი ცხელი ყავა ყოველთვის შეეძლო მიერთვა.

ხედავდნენ იმასაც, რომ ვინც ომს გადაურჩა თუ დაჭრილი არ იყო - დაყრუებული ან დამუნჯებული ბრუნდებოდა უკან.[19] სწორედ ამან დეზერტირობის ფაქტები გაახშირა. პრესაც აქტიურად აქვეყნებდა ამ თემაზე  ინფორმაციებს.  გაქცეულების გვარებს თითქმის ყოველდრიურად ბეჭდავდა. მაგალითად, 1916  წლის  სექტემბერში ჯარიდან გაიქცნენ ჯარისკაცები და მათგან სამი - მათე აკოლტკოვი, სტეფანე სამარკოვსკი და გ. პაპალაშვილი თბილისში შეიპყრეს.[20] იმავე წლის ოქტომბერში  გაიქცნენ და შეიპყრეს ალექსი სოლომონის ძე მეშვინდიშვილი და ივანე ზაქ. ტერტეროვი.[21] 7 ოქტომბრის ნომერი იუწყება, რომ შეიპყრეს გამოქცეული ჯარისკაცები: კირიჩკოვი, ტრიფონოვი და სკლიაროვი.[22]

პირველმა მსოფლიო ომმა ტყვეების პრობლემა წარმოშვა. არაერთი კავკასიელი ჩავარდა ტყვედ. ქართულ გაზეთებში ქვეყნდებოდა მათი გვარები. გერმანიის ჰუმანურობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ისინი ტყვეებთან ნათესავების დაკავშირების ნებას იძლეოდნენ. ტყვეთათვის ფულის ან ამანათის გაგზავნა საქართველოდანაც რომ ხდებოდა ამაზე მეტყველებს ეს განცხადება: „ვისაც სურს გერმანიაში მყოფ ტყვეებს  გაუგზავნოს ფული ან კიდევ რაიმე ამანათი იმან უნდა იხელმძღვანელოს შემდეგის კანონით:

ამანათის წონა არ უნდა აღემატებოდეს 12 გირვანქას (5 კილოგრამს). ყუთზე გერმანულად უნდა იყოს აღნიშნული სწორი სია ყუთში ჩალაგებულ ნივთებისა. საჭიროა აგრეთვე ამანათს ზედ ეკრას პატარა ქაღალდი შემდეგის წარწერით:

An die Kommandatur

Des Kriegsgefangenenlagers

აქ დააწერეთ ლაგერის ადრესი.

Libesgaben fur die

Russischen Kriegsgefangenen.

აქ ბიურო საკუთარ ბეჭედს დაჰკრავს და ადრესს წააწერს.

Deutschland

საერთაშორისო საფოსტო შეთანხმების ძალით, ასეთ ამანათს ფოსტა უფასოდ ჰგზავნის. ეს ამანათი უნდა გაიგზავნოს შემდეგის მისამართით:

ან Suise, Bern, Ensingenstasse, 48 A.A. baxeraxtь

ან კიდევ: BanguePapulaire Suisse, FondsRusse pour les prisonniers de guerre.”[23]

გერმანიაში მყოფ ქართველ ტყვეებზე ზრუნავდა და წერდა ბერლინში გამომავალი ორკვირეული ეროვნულ-სეპარატისტული მიმართულების „ქართული გაზეთი“. გაზეთში ქვეყნდებოდა ტყვეთა წერილები, ლექსები და ინფორმაციები მათი მდგომარეობის შესახებ. ამ გაზეთს ევროპის კომიტეტი გამოსცემდა. გამოდიოდა 1916–1918 წლებში. რედაქტორობდა გ. კერესელიძე. გაზეთი განკუთვნილი იყო გერმანიაში მყოფი ქართველი ტყვეებისთვის.

 

1917 წლის თებერვლის რევოლუციამ დაასრულა რუსეთის მონარქიული სისტემა, ოქტომბრის რევოლუციამ კი დაშალა რუსეთის იმპერია (თუმცა, ბოლშევიკების მოსვლით სათავე დაუდო ახალ, საბჭოთა იმპერიას).  ცარიზმის დასრულებას კავკასიაში 4 ახალი რესპუბლიკის ჩამოყალიბება მოჰყვა.

1917 წლის 11 ნოემბერს თბილისში ჩატარებულ თათბირში, რომელშიც მონაწილეობდნენ ამიერკავკასიის პოლიტიკური პარტიები და კავკასიის ფრონტის წარმომადგენლები,  ასევე მუშათა და ჯარისკაცთა სამხარეო საბჭოსა და თბილისის საბჭოს წარმომადგენლები,  გადაწყდა რომ,  უარი ეთქვათ რუსეთის სახალხო კომისართა საბჭოს ცნობაზე და შეექმნათ ამიერკავკასიის დამოუკიდებელი მთავრობა. 15 ნოემბერს შეიქმნა ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელმაც უკვე 18 ნოემბერს დეკლარაციით მიმართა ამიერკავკასიის ხალხებს. ამ დეკლარაციის მიხედვით მათ გადაეცემოდათ  სახაზინო, საუფლისწულო და მსხვილ მემამულეთა მიწები, მალე მოხდებოდა მათი კონფისკაცია და გლეხებზე გადანაწილება. საუბარი იყო ასევე ნაციონალური საკითხის გადაწყვეტაზე ერთა თვითგამორკვევის უფლების საფუძველზე. სოციალ-ფედერალისტები მოითხოვდნენ საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ავტონომიური სახელმწიფოების ჩამოყალიბებას და მათ ფედერაციაში გაერთიანებას. ეროვნული დემოკრატები კი ამიერკავკასიის კონფედერაციის მომხრეები იყვნენ და მიაჩნდათ, რომ ამ გზით საქართველო სწრაფად მოიპოვებდა სრულ დამოუკიდებლობას.[24]

    1917 წლის 19 ნოემბერს საქართველოს ინტერპარტიული საბჭოს დადგენილებით, თბილისის ოპერის თეატრში გაიხსნა საქართველოს ეროვნული ყრილობა, რომლის თავჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. ყრილობას 348 დელეგატი ესწრებოდა. აქედან ოცი ხმა ჰქონდა ქართული ჯარის წარმომადგენლებს. ინტერპარტიულ საბჭოს ადრეც ჰქონდა რუსეთის ჯარის შემადგენლობაში ქართული ეროვნული კორპუსის ჩამოყალიბების სურვილი, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. სწორედ ამიტომ, განიხილა ეს საკითხი ეროვნულმა ყრილობამ და მიღებულ რეზოლუციაში ჩაწერა, რომ მომავალ ეროვნულ საბჭოს ავალებს ქართველი ჯარისკაცების ქართულ ეროვნულ ნაწილში გადმოსვლის უფლების მოპოვებას, ასევე ბრძოლისუნარიან ახალგაზრდებს მოუწოდოს ნებაყოფლობით ჩაეწერონ  ქართულ საჯარისო ერთეულებში. რუსეთის არმიიდან გაქცეულ დეზერტირებს კი მოუწოდოს რომ დაუბრუნდნენ სამხედრო ბეგარის მოხდას ეროვნულ არმიაში.[25]

ქართული კორპუსი ნელა ყალიბდებოდა რადგან ხალხი ჯარში სამსახურის დიდ სურვილს არ იჩენდა. მიუხედავად ამისა 2 ქართული პოლკის ჩამოყალიბება მაინც შესძლეს, ხოლო მესამე და მეოთხის ჩამოყალიბებას ვერ ახერხებდნენ.  რუსეთის დროებითი მთავრობა სიტყვიერად დათანხმდა ეროვნული საჯარისო ერთეულების ფორმირებაზე, მაგრამ საქმე-საქმეზე როცა მიდგა გენერალიტეტი გამოიყენა და საბოტაჟი მოუწყო ეროვნული ნაწილების ფორმირებას.

ქართველი ოფიცრებისა და ჯარისკაცების გამოცალკევება რუსეთის ჯარისგან და მათი სამშობლოში ჩამოყვანა ძნელი აღმოჩნდა.  ეს ამბავი ყველაზე მეტად რუს ოფიცრებს არ მოეწონათ და ქართველ ჯარისკაცებზე იყარეს ჯავრი: „ქართველი ჯარისკაცები ტერორის ქვეშ ჰყავთ, რადგან ნაწილების დაშლა ოფიცრების უადგილოდ დარჩენას მოასწავებს და მათი ინტერესები ეწინააღმდეგებაო ნაციონალიზაციას... რუსი ოფიცრები, ჯარისკაცები იარაღს არ უთმობენ ქართველებს, სამხედრო ტექნიკა რუსეთისაა და უნდა წავიღოთო.“[26]

სასურსათო დეფიციტის, სპეკულაციის, კრიმინალის და სხვადასხვა ბოროტმოქმედებების  წინააღმდეგ რუსეთის იმპერია უძლური აღმოჩნდა. 1918 წლამდე სრული განუკითხაობა იყო. მხოლოდ 1918 წლის 26-30 ივლისს  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის ნოე რამიშვილის ინიციატივით საგანგებო რაზმი შეიქმნა, რომელმაც იარსება 1919 წლის 30 დეკემბრამდე. რაზმი 1000 კაცისგან იყო შემდგარი. რაზმის უფროსს ხელფასი 600-ით, ხოლო თანაშემწეს 500 მანეთით განესაზღვრათ. ეს რაზმი დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში სპეცსამსახურის როლს ასრულებდა. მასში ოპერატიული დანაყოფის გარდა, შედიოდა სპეციალური დანიშნულების შეიარაღებული ფორმირება – ანუ მფრინავი რაზმი, რომელიც უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრს ექვემდებარებოდა. ამ რაზმის ეფექტურ მუშაობაზე მეტყველებენ ქვემოთ მოცემული ინფორმაციები:

„საგანგებო რაზმმა მუხრანის ქუჩაზე მიხეილ პავლ. აბულაძის სარდაფში აღმოაჩინა გადამალული შვეიცარული ყველი, 115 ფუთი.

საგანგებო რაზმმა საბურთალოში იოსებ ეძგვერაძის ბინაზე აღმოაჩინა მრავალი გადამალული სახაზინო საქონელი, რომელიც ეკუთვნოდა მეორე ცხენოსან ასეულს ღირებულებით 40 ათასი მანეთისა. თვით დამნაშავე მიქელაძე, რომელსაც ეს საქონელი მიუთვისებია, დაიმალა.

საგანგებო რაზმმა ნიკოლოზის და პირაგოვის ქუჩებზე გრ. სალიტანის სახლში აღმოაჩინა მრავალი გადამალული სააფთიაქო მედიკამენტი, რომელიც ჩამორთმეულ იქნა.

საგანგებო რაზმმა ელისაბედის ქუჩაზე ნაფიც ვექილ ვ. სევანოვის ბინაზე აღმოაჩინა 700 ცალი სახელმწიფო შინელები, რომელიც ჩამორთმეულ იქნა.

საგანგებო რაზმმა ავლაბარში სირაჯების აღმართზე ბურდულიანის ბინაზე აღმოაჩინა ცალი სახაზინო შინელი.“[27]

         ანალიტიკოსები ხშირად წერენ, რომ „ჰიბრიდული ომი“ არის ომის წარმოების ახალი წესი, თუმცა, ასეთ ომს, როგორც კავკასიის ავტოქთონ ხალხთა დაპყრობის მეთოდს, რუსეთის იმპერია ჯერ კიდევ მე–20 საუკუნის დასაწყისში იყენებდა და ამისთვის ასიმილაციის, როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მეთოდებს იყენებდა. იმ საფრთხეების ჩამონათვალი, რომლის წინაშეც იდგნენ კავკასიის ავტოქთონი ხალხები მე-20 საუკუნის დასაწყისში, კონკრეტულად კი 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყების დღიდან - 1917 წელს, რუსეთის იმპერიის დაშლის პერიოდში და საქართველოს 1918-1921 წლების დამოუკიდებლობის დროს - ძალიან დიდია და ეს, ამ წლებში გამომავალი ქართული პრესის ანალიზმა გვიჩვენა.  შესწავლილი მასალების მიხედვით, კავკასიის ავტოქთონი ხალხი აღმოჩნდა შემდეგი სახის საფრთხეების წინაშე:  პოლიტიკური, ეროვნული,  რეგიონალური, რელიგიური, საგარეო, სამხედრო, ეკონომიკური, სოციალური,  გეოგრაფიული,  დემოგრაფიული, ეკოლოგიური, ვირუსული, კლიმატური,  კრიმინალური,  პირადი,  სასურსათო, საგზაო, სარკინიგზო, სულიერი, სამშენებლო, სამედიცინო, სახანძრო, საწარმოო, სანიტარული, სექსუალური, ტექნიკური, ფინანსური... შესაბამისად, რამდენი სახის საფრთხეც არსებობს, იმდენი სახისაა უსაფრთხოებაც.

კავკასიურმა პრესამ, კერძოდ კი ქართულმა ხელი შეუწყო ერთიანი კავკასიის იდეის გავრცელებას და ნაწილობრივ ამითაც დააჩქარა ჩრდლოეთ და ცენტრალური კავკასიის ქვეყნების დამოუკიდებლობის გამოცხადება.

1918 წლის მაისის ბოლოს კავკასიაში 4 სახელმწიფოს ჩამოყალიბებას (საქართველომ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და ჩრდილოეთ კავკასიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს) ახალი საზრუნავი მოჰყვა. ახალგაზრდა ქვეყნებს დამოუკიდებლობა დასაცავი რომ გაუხდებოდათ - ეს ეჭვს არ იწვევდა და ქართული პრესაც საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე სწრაფად და დროულად ალაპარაკდა.

 

ლიტერატურა

 

  1. ბენდიაშვილი, ა. საქართველოს პირველი რესპუბლიკა, (1918-1921წ წ.). თბილისი, 2001, გვ. 77-79.
  2. გაბაშვილი, რ. რაც გამახსენდა. თბილისი, 1992, გვ. 149-150.
  3. გაზ. „საქართველო“, № 122, გვ.3, რუბრიკა: „ახალი ამბავი“, 21.10.1915 წ.
  4. გაზ. „სახალხო ფურცელი“, №504, 511, 686,  687, 693, 1916 წ. 
  5. გაზ. „თანამედროვე აზრი“, № 142,  რუბრიკა: ახალი ამბები, 22.08.1915 წ., გვ. 3.
  6. გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, № 117, საგანგებო რაზმის მოქმედება, 17.12.1918 წ., გვ. 4
  7. ავტოქთონი (ბერძნ. autochthōn . ავტო და chthōn – მიწა, ქვეყანა, მკვიდრი, ადგილობრივი) - აბორიგენი, რომელიც ცხოვრობს იქ, სადაც წარმოიშვა ევოლუციის პროცესში. http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=13987 (ნანახია 08.08.2020 წ.).
  8. Declaration by the High Representative, Catherine Ashton, on behalf of the European Union on the occasion of the International Day of the World's Indigenous People on 9 August 2012. Brussels, 9 August 2012 13115/12 PRESSE 359. (ნანახია 08.10.2018 წ.). https://www.consilium.europa.eu/uedocs/cms_Data/docs/pressdata/en/cfsp/132126.pdf
  9. იაკობაშვილი, თ. უსაფრთხოების სტრატეგია ახალი ეპოქისათვის. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი. www.gfsis.org/media/activities/thumb1_/pub/files/publications_politics/yakobashvili_usaprtxoeb  (ნანახია 03.03.2016 წ.).
  10. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. დანართი I, დამატებაII, პუნქტი7. https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4801451?publication=0  (ნანახია 08.08.2020 წ.).

 

 

Summary

The purpose of the article is to understand the Georgian press (1914-1921), as well as threats which the newly created independent states faced in the Caucasus region in the period from 1914, the World War I and Tsarist Russia, to the end of the years of their independence until 1921. The chronological framework of the article represents an interesting period in the history of the Caucasus - the last three years of the end of 117-years of the tsarism domination in the Caucasus, which marked the end of World War I and restoration or creation of four independent states in the Caucasus. The Caucasian press, especially in the Georgian language, facilitated spreading of the idea of ​​a united Caucasus, and accelerated the declaration of independence of the North and Central Caucasus countries. It was the era of the rise of the free critical press, and the return of the state status to national languages. The article analyzes publications in the Georgian magazines and newspapers of 1914-1921, about how the Russian Empire attempted to undermine the identity of the Caucasian nations.

 

Резюме

 

Целью статьи является понимание грузинской прессы 1914-1921 годов, а также угроз, с которыми сталкивались вновь возникшие государства Кавказского региона с 1914 года, в период Первой мировой войны и царской России, до конца их независимости в 1921 году. Хронологические рамки статьи представляют собой интересный период в истории Кавказа - последние три года окончания 117-летнего господства царизма, которые ознаменовались окончанием Первой мировой войны и восстановлением или созданием новых четырех независимых государств Кавказа. Кавказская пресса, особенно на грузинском языке, способствовала распространению идеи единого Кавказа и ускорила провозглашение независимости стран Северного и Центрального Кавказа. Это была эпоха расцвета свободной критической прессы и возвращения государственного статуса национальным языкам. В статье анализируются публикации в грузинских журналах и газетах о том, как в вышеуказанный период Российская империя пыталась подорвать самобытность и независимость кавказских народов.



[1] ავტოქთონი (ბერძნ. autochthōn . ავტო და chthōn – მიწა, ქვეყანა, მკვიდრი, ადგილობრივი) - აბორიგენი, რომელიც ცხოვრობს იქ, სადაც წარმოიშვა ევოლუციის პროცესში. http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=13987 (ნანახია 08.08.2020 წ.).

[2] Declaration by the High Representative, Catherine Ashton, on behalf of the European Union on the occasion of the International Day of the World's Indigenous People on 9 August 2012. Brussels, 9 August 2012 13115/12 PRESSE 359. https://www.consilium.europa.eu/uedocs/cms_Data/docs/pressdata/en/cfsp/132126.pdf (ნანახია 08-10-2018წ.).

 

[3] იაკობაშვილი, თ. უსაფრთხოების სტრატეგია ახალი ეპოქისათვის. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი. www.gfsis.org/media/activities/thumb1_/pub/files/publications_politics/yakobashvili_usaprtxoeb  (ნანახია 03.03.2016 წ.).

[4]საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. დანართი I, დამატებაII, პუნქტი7. https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4801451?publication=0  (ნანახია 08.08.2020 წ.).

 

[5] გაზ. „საქართველო“, № 122, გვ.3, რუბრიკა: „ახალი ამბავი“, 21 ოქტომბერი,1915 წ.

[6] იქვე.

[7] გაზ. „სახალხო ფურცელი“, № 687, რუბრიკა:  ახალი ამბავი, სტუდენტების გაწვევა, 1916 წ., გვ. 2. 

[8] გაზ. „თანამედროვე აზრი“, № 142,  რუბრიკა: ახალი ამბები, 22 აგვისტო, 1915 წ., გვ. 3.

[9] იქვე.

[10] იქვე.

[11] იქვე„თანამედროვე აზრი“, № 144, დაჭრილი და დაავადმყოფებული ჯარისკაცები, 1915 წ., გვ. 3.

[12] იქვე, № 145

[13] გაზ. თანამედროვე აზრი, №205,  რუბრიკა: ახალი ამბები, 8 ნოემბერი, 1915 წ.,  გვ. 3.

[14] გაზ. საქართველო, № 159,  რუბრიკა: ახალი ამბავი, 4 ქრისტეშობისთვე, 1915 წ., გვ. 2.

[15] იქვე, № 689, დაჭრილი და დაავადმყოფებული მეომარნი, 1916 წ., გვ. 3

[16] იქვე, № 510,  ქართველები ჯარში, 24 თებერვალი, 1916 წ., გვ. 4.

[17] გაზ. „სახალხო ფურცელი“, № 504,  ქართველები ჯარში, 16 თებერვალი, 1916 წ., გვ. 4.

[18] გაზ. „სახალხო ფურცელი“, № 511, რუბრიკა: ახალი ამბავი, 25 თებერვალი, 1916წ., გვ. 2.

[19] გაზ. „სახალხო ფურცელი“ № 693, რუბრიკა: ახალი ამბები, 1916 წ. გვ. 2-3

[20] გაზ. „სახალხო ფურცელი“, № 686,რუბრიკა: ახალი ამბავი, 1916 წ., გვ. 3.

[21] იქვე, № 689, რუბრიკა: ახალი ამბავი, 1916 წ., გვ. 2.

[22] იქვე, № 690, რუბრიკა: ახალი ამბავი, 1916 წ., გვ. 2

[23] გაზეთი „საქართველო“, № 74, 1915 წ.

[24] გაბაშვილი რ., რაც გამახსენდა, იხ. დაბრუნება გ. შარაძის რედაქციით, ტ.III, 1992, გვ. 77.

[25] ბენდიაშვილი ა. საქართველოს პირველი რესპუბლიკა, (1918-1921წ წ.) თბილისი, 2001, გვ. 77-79.

[26] გაბაშვილი რ., რაც გამახსენდა, იხ. დაბრუნება გ. შარაძის რედაქციით, ტ.III, 1992, გვ. 149-150.

[27] გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, № 117, საგანგებო რაზმის მოქმედება, 17 დეკემბერი, 1918წ., გვ. 4.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge