ჩვენი ქვერუბრიკის "ცხოვრება პანდემიის დროს“ დღევანდელი სტუმარი გახლავთ საოპერო მომღერალი, სოპრანო, ჟენევის, ჩიკაგოს, ბერნის, გენუის, ლისაბონის, სეულის, ზალცბურგის, თბილისის საოპერო თეატრების მოწვეული სოლისტი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ვექსფორდის და ტიროლის საერთაშორისო ფესტივალების მოწვეული სოლისტი სოფიო გორდელაძე, რომელიც პანდემიისა და ლოქდაუნის დროს ჩვენთან ერთად თბილისშია.
- ევროპაში 10 წელი ვისწავლე და ვიცხოვრე, დავამყარე პროფესიონალური კონტაქტები, გამიცნო ევროპულმა მუსიკალურმა სამყარომ, შევიძინე პროფესიონალ მეგობართა წრე და თეატრები, რომლებიც მიწვევენ სპექტაკლებში მონაწილეობის მისაღებად, უკვე მაქვს იმის ფუფუნება, რომ ტურნედან ტურნემდე ვიყო საქართველოში და ოჯახთან მეტი დრო გავატარო. ამ პანდემიის პერიოდში ბევრს ვმეცადინეობ, 2021 წლის პროგრამას ვეცნობი, მაგრამ, რადგან პუბლიკასთან ურთიერთობის მომენტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია - ფეისბუკ მეგობრებისა და მსმენელებისთვის რამოდენიმე ჩანაწერი გავაკეთე არასაოპერო, მსუბუქი მუსიკის ამერიკული მიუზიკლებიდან, - ამბობს სოფიო გორდელაძე.
- პანდემიის გამო შეჩერებულ კონცერტებზე და ტურნეებზე რას გვეტყვით?
- ოქტომბერში უნდა წავსულიყავი ირლანდიაში, ვექსფორდის საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც გერმანულ ენაზე უნდა მემღერა კარლ გოლდმარკის ოპერაში„ ზამთრის ზღაპარი“ (შექსპირის მიხედვით) ჰერმიონეს პარტია. პირველად იქ 2016 წელს ვიყავი. ერთი კვირის წინ კი მივიღე შეტყობინება, რომ ფესტივალი გადაიდო 2021 წლის შემოდგომამდე. ესაა პოპულარული ფესტივალი, მასზე დასასწრებად პუბლიკა მთელი მსოფლიოდან ჩამოდის, რადგან ვექსფორდის ფესტივალზე ხდება იმ ნაკლებად ცნობილი ნაწარმოებების წარმოჩენა, რომლებიც მუსიკალური თვალსაზრისით ნამდვილ მარგალიტებს წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ, ვექსფორდის საოპერო ფესტივალს ოპერის მოყვარულთა და საერთაშორისო პრესის დიდი ინტერესი ყოველთვის ახლავს.
მარტიდან ივნისის ჩათვლით გერმანიაში მქონდა ტურნე. იქ უნდა მემღერა ჰენდელის ოპერაში “ალჩინა” ალჩინას როლი, ასევე, ვერდის “ტრავიატაში” ვიოლეტას როლი.
ტიროლის (ავსტრია) საერთაშორისო ფესტივალიც გადაიდო პანდემიის გამო. ახლახან მათ მთხოვეს, რომ ვიმღერო ონლაინ გალაკონცერტზე. ასეთი რამ უკვე გაკეთდა ამერიკის მეტროპოლიტან ოპერაში, რომელშიც წამყვანი მომღერლები მონაწილეობდნენ, ანუ მთავაზობენ გალაკონცერტში მონაწილეობას სახლიდან.
- დაგეგმილი მქონდა მექსიკური ტურნეც, კერძოდ კი გვადალახარას თეატრში დანიშნული იყო კონცერტების სერია, სოპრანოს პარტია ბეთჰოვენის „მეცხრე სიმფონიასა“ და მისივე „ქორალურ ფანტაზიაში“. ეს ტურნეც გაუქმნდა. ერთხელ უკვე ვიყავი იქ 2014 წელს, "ტრავიატა" ვიმღერე ჯერ მეხიკოში, შემდეგ კი ლეონში. ძალიან კარგი პუბლიკაა მექსიკაში და მართალი გითხრათ, იქითკენ მიმიხაროდა.
-არის ისეთი ქვეყანა, რომელმაც გაგაოცათ?
- სულ რამოდენიმე ქვეყანაა მსოფლიოში ისეთი, სადაც, რომ წავედი მივხვდი, რომ ევროპისგან ძალიან განსხვავებულ ადგილას ვიყავი. ასეთია ამერიკა, კერძოდ კი ულამაზესი ჩიკაგო.
(ჩიკაგოში სოფომ იმღერა შოსტაკოვიჩის “მოსკოვი, ჩერიომუშკი”ნ.ჯ.), ჩიკაგოზე ამბობენ, რომ ჰგავს ნიუ-იორკს და მისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ გიჟური და ქაოტური ტემპით არ ცხოვრობს. მახსოვს, სეარს თაუერის ასმეათე სართულის შუშის იატაკიან აივანზე როცა ვიდექი - სიმაღლის გამო შიშით კი ვკანკალებდი, მაგრამ, უკიდეგანო თავისუფლების განცდაც დამეუფლა.
ამერიკამ თავისუფლების შეგრძნება ნამდვილად დამიტოვა, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პირველი მონატრებისთანავე შინ სწრაფად დავბრუნდე, ამერიკა კი ძალიან შორსაა საქართველოდან და მხოლოდ ამიტომ ვერ ვიცხოვრებდი მანდ.
P.S. Sears Tower ერქვა თავდაპირველად ანუ 1973–2009 წლებში, ამჟამად კი ეწოდება The Willis Tower და არის 110 სართულიანი შენობა. (ნ.ჯ.)
სამხრეთ კორეა
მეორე ქვეყანა, სადაც მეგონა, რომ სხვა პლანეტაზე მოვხვდი, არის სამხრთ კორეა.
სეულში და პუსანში 2-ჯერ ვარ ნამყოფი და ორივეჯერ მქონდა განცდა - რომ დედამიწაზე არა, სადღაც სხვაგან ვიყავი. იქ იმდენად სხვა სამყაროა და იმდენად წინ არიან ტექნოლოგიური თვალსაზრისით წასულები, რომ გაოცებული დავრჩი.სამხრეთ კორეაში ვიზიტის მერე მთელი ევროპა ერთ ქალაქად მომეჩვენა.
მექსიკა
მექსიკა იმდენად ხალასი ქვეყანა აღმოჩნდა და ისეთი ძალიერი შთაბეჭდილებები დამიტოვა, რომ წარმოუდგენელია სიტყვებით ამის გადმოცემა. რომელი ერთი გავიხსენო
ფრიდა კალოს და დიეგო რივერას ცისფერი სახლი ე. წ. Caza Azul კოიოაკანში (ეს სახლი ცნობილია იმით, რომ მხატვარ წყვილთან ფრიდა და დიეგოსთან ერთად არაერთი ცხოველი ცხოვრობდა, ისინი ოთახებში მასპინძლებივით დასეირნობდნენ. ასევე იმით, რომ ლევ ტროცკი, როგორც ოჯახის მეგობარი დიდხანს ცხოვრობდა მანდ. ნ.ჯ.),
თეოთიჰუაკანი იგივე მზის პირამიდა, თუ თავად პუბლიკა, რომელიც მქუხარე ტაშით მაჯილდოებდა. თუ ოპერაში მოსულ მექსიკელ მსმენელს შვეიცარულს შევადარებთ, უზარმაზრ განსხვავებას ვნახავთ. შვეიცარული პუბლიკა სანამ კონცერტი არ დამთავრდება - ტაშს არ დაგიკრავს. მექსიკური კი მთელი კინცერტის განმავლობაში ოვაციებით გავსებს. თავიდან, როცა შვეიცარიაში მქონდა კონცერტები, ვდარდობდი, ტაშს რომ არ მიკრავდნენ სპექტაკლის მსვლელობისას. ვფიქრობდი, რომ ცუდად ვიმღერე. შემდეგ გავარკვიე, რომ, მოსწონთ, მაგრამ თავს იკავებენ, სიმღერაში ხელი რომ არ შეგვიშალონ და მხოლოდ კონცერტის ბოლოს გვიკრავენ ტაშს.
მიყვარს მექსიკის მზეც. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველ დილას მზეს ვხედავდე. ეს ხასიათზე დადებითად მოქმედებს. მექსიკაში საღამოსკენ შეიძლება მოწვიმოს, ქარმა დაუბეროს, აი დილა კი - თენდება კაშკაშა მზით.
ხილიც ისეთი აქვთ მანდ, ადრე განაგონი რომ არ მქონდა. მოკლედ, ყველაფერი ამის გთვალისწინებით, დღემდე ვმეგობრობ მექსიკლებთან. ზოგიერთი იქაური კოლეგა ამჟამად ევროპაში მოღვაწეობს. "ტრავიატაში" ჩემი პარტნიორი ტენორი მექსიკელია და ამ ცოტა ხნის წინ ვენაში ერთად ვიმღერეთ.
- მომღერალი რომ არ იყოთ ამით დაკარგავდით რამეს?
- მომღერალი რომ არ ვყოფილიყავი ძალიან ბევრ ქვეყანაში ვერასდროს ვერ მოვხვდებოდი. მაგალითად ლიბანში, კერძოდ კი ბეირუთში, რომელსაც აღმოსავლეთის პარიზს ეძახიან...
მანდ, 2011 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან ერთად ვიყავი გასტროლებზე ალ ბუსტანის ფესტივალზე (Al Bustan Festival დაარსდა ლიბანში 1994 წელს. ნ. ჯ. ).
ჩვენი პრემიერა რომ დაიწყო დარბაზი კი ჩაბნელდა, მაგრამ ბეირუთელი მანდილოსნების ბრილიანტები ისე აბრჭყვიალდნენ, რომ დაუვიწყარ მოგონებად დამრჩა. იქაური პუბლიკა ძვირფასეულობით დადის
ოპერაში, რასაც ევროპაში უკვე არავინ აკეთებს. ბეირუთის რაფინირებულ ცენტრს არაერთი სტუმარი ჰყავს და საერთოდ მიაჩნიათ, რომ საინტერესოა მანდ ყოფნა. ბეირუთელებმა ინგლისური არ იციან, ფრანგული კი თითქმის ყველამ.
P.S. ოსმალეთის იმპერიის დაშლისა და პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ლიბანი გახდა საფრანგეთის სამანდატო ტერიტორია. 1943 წელს ლიბანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საფრანგეთის ჯარებმა ქვეყნის ტერიტორია 1946 წელს დატოვეს.( ნ.ჯ.)
- რა ძალა აქვს ქართულ გვარს აფიშებზე საზღვარდარეთ?
- ქართული გვარი აფიშებზე საზღვარგარეთ ყოველთვის იზიდავს იქ მცხოვრებ ქართველებს, მეტწილად კი - საელჩოებს. პორტუგალიაში, კერძოდ კი ლისაბონში ჩემს კონცერტს, ბატონი ელჩი რევაზ ბეშიძე მეუღლესთან ერთად დაესწრო. შვეიცარიაში, კერძოდ კი ბერნში კონტრაქტის დროს გავიცანი ელჩი ირაკლი ყურაშვილი.
როცა ჟენევაში ვმუშაობდი, იმ დროს ბატონი ზურაბ ჭიაბერაშვილი იყო ელჩი და დიდი ყურადრებით გამოირჩეოდა. საელჩოები, კონცერტებზე ქართველების დასწრებას უწევენ ორგანიზებას. ისინი მეტწილად თაიგულებით მოდიოდნენ. ჩიკაგოში როცა ვმღეროდი, გავიცანი არაჩვეულებრივი ქართველი ექიმები ნინა ჟორდანია და კოტე ძამაშვილი, რომლებიც, ასევე ძალიან დიდ ყურადრებას მაქცევდნენ.
- გარდა პროფესიონალიზმისა, რა შეგძინათ საზღვარგარეთ ცხოვრებამ?
- ევროპაში ცხოვრებამ ბევრი ევროპელი და ქართველი მეგობარი შემძინა. მაგალითად, იტალიაში ძალიან ბევრი ძვირფასი ადამიანი მყავს. როცა დიდი ხნით ვარ სადმე, აუცილებლად შემოიკრიბება ხოლმე ჩემს ირგვლივ ქართული წრე. ჟენევაში კარგი სამეგობრო ჩამომიყალიბდა. ბერნში არის არაჩვეულებრივი ქართული სათვისტომო, ქართველი გოგოებით და ქალბატონებით დაკომპლექტებული, რომლებიც ოჯახებით დიდი ხანია იქ ცხოვრობენ. მათი წყალობით ბერნში მაქვს მეორე ქართული ოჯახი.
მაგალითად, წელს მანდ შევხვდი ახალ წელს. კონცერტები მქონდა ბერნში პირველ და ორ იანვარს. როცა ერთად ვართ, „ბერნელი ჭორიკნები“ ვხდებით და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. საზღვარგარეთ გასტროლებზე ყოფნისას - მთელ დღეს თეატრში ვატარებ, იქიდან გამოსულმა კი - თუ ვიცი, რომ საღამოს მარტო არ მომიწევს ყოფნა და ქართულ ოჯახში მელოდებიან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჟენევაში ფიზიკოსების ოჯახთან ვმეგობრობ და ეს ადამიანები ოჯახის წევრებად მეგულებიან მანდ.
- რომელია ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვანი სპექტაკლი თქვენთვის?
- ბოლო წლების მნიშვნელოვანი სპეკტაკლებიდან აუცილებლად მინდა აღვნიშნო იტალიაში გენუის საოპერო თეატრში შესრულებული “რიგოლეტო”, სადაც „ ჯილდას“ პარტიას ვმღეროდი ლეგენდარულ იტალიელ ბარიტონთან ლეო ნუჩისთან ერთად.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ოტმარ შოეკის ოპერა „დურანდის სასახლის“ (Das Schloß Dürande) სიდის ჩაწერა, რომელიც 2018 -ში დაიწყო და 2019 წლის იანვარში გამოვიდა.
„დურანდის სასახლეში“ გაბრიელეს პარტია შევასრულე.
ქართული პუბლიკისთვის კი მინდა აღვნიშნო თბილისის საოპერო თეატრში ნამღერი “ტრავიატა” (2019 წლის იანვარი) ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან კვლავ წარვსდექი ქართველი მსმენელის წინაშე ასეთი არაჩვეულებრივი როლით.
- პედაგოგიური მოღვაწეობა თუ გიცდიათ?
- ერთხელ ჩავატარე მასტერკლასი საქართველოში (კონსერვატორიის მოწვევით). ჟენევის თეატრში როცა ვმუშაობდი, იქაური კონსერვატორიის პროფესორები ესწრებოდნენ ჩემს კონცერტებს, შემდეგ კი მიგზავნიდნენ სტუდენტებს და კერძო გაკვეთილებს ვუტარებდი მათ. კოლეგებსაც დავხმარებივარ კოლეგიალურად და მივხვდი, რომ ეს მომწონს. ვთვლი, მაქვს ისეთი სასცენო გამოცდილება, რომელიც შემიძლია სხვებსაც გავუზიარო. პანდემიიდან გამომდინარე თავისუფალი დრო გამომიჩნდა და შემიძლია ონლაინ მასტერკლასი დავაორგანიზო თუ მსურველები იქნებიან.
- რომელ ქვეყანაში შეძლებდით სამუდამოდ ცხოვრებას?
- ჩვენი ფსიქოტიპიდან გამომდინარე, ძალიან მიყვარს იტალია. იქ დიდხანს მიცხოვრია და ყოველთვის კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ძალიან განვიცადე რაც ამ პანდემიის დროს იტალიაში მოხდა. სამწუხაროდ, ლა სკალას ყოფილი დირექტორი შეიწირა კოვიდ-19-მა, ჩემი ყველა სხვა იტალიელი მეგობარი საბედნიეროდ, კარგადაა.
- რას გვეტყოდით პირად ცხოვრებაზე?
- ჩემთვის პირადი ცხოვრება ძალიან სერიოზული თემაა. ამას არ ვუყურებ ისე, რომ მოდი, ვცდი და ვნახოთ რა გამოვა. მე მინდა, რომ ეს ის იყოს, რაც უნდა იყოს! უნდა შემიყვარდეს, სხვანაირად არ შემიძლია. ვისურვებდი, რომ შევხვდე ასეთ ადამიანს და მყავდეს ოჯახი. მნიშვნელობა არა აქვს ქართველი იქნება ის თუ უცხოელი. კარგად გავიცანი იქაურები. ადამიანი ან კარგია ან არა და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს ეროვნებას. დავუშვათ, ვიღაც გაიცანი რეპეტიციებზე, მალე კი იქიდან მიდიხარ სულ სხვა კონტინენტზე და რამდენიმე წლის განმავლობაში ვერ ნახავ... როდესაც მუდმივად მოგზაურობ და ერთ ადგილას დიდხანს არ ხარ, რთულია იმ ურთიერთობის განმტკიცება, რომელიც ნაცნობობას მოჰყვა.
P.S.ფოტოზე სოფიო გორდელაძე ერთ სუფრასთანაა გერმანიის პრეზიდენტთან ჰორსტ კიოლერთან (2004-2010წწ) და ტიროლის ფესტივალის კოლეგებთან ერთად.
- პანდემიის დროს ახალი უნარი ხომ არ აღმოაჩინეთ საკუთარ თავში?
- პანდემიამ მომცა დრო და ბევრ ფილმს ვუყურე, ბევრი წიგნი წავიკითხე, კულინარიაშიც მოვსინჯე ძალები. მოსწონთ მაწვნით მოზელილი ჩემი ხაჭაპურები. ვაკეთებ კარგ პასტას და სალათებს. სხვა არაფერი განსაკუთრებული აღმოჩენა არ გამიკეთებია.
გთავაზობთ "სოფიოს საზაფხულო სალათის" რეცეპტს:
ინგრედიენტები:
200 გრ. ბრინჯი “ბასმათი”, 400 გრ. საქონლის ხორცი, 2 საშუალო ზომის კიტრი, მწვანე ხახვი, კამა, ქინძი, ოხრახუში, შავი წიწაკა, მარილი და მაიონეზი
მომზადების წესი:
მოხარშული ხორცი დავძენძოთ, კიტრი დავჭრად მომცრო ზომის კუბიკებად, წვრილად დაჭრილი მწვანილი ავურიოთ მოხარშულ ბრინჯთან ერთად, დავასხათ მაიონეზი. მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით.
ამ სალათის გარდა სოფიოს უყვარს ელარჯიც.
- სპორტული ცხოვრბისთვის დრო თუ გრჩებათ?
- 5 წელია რაც იოგით ვარ გატაცებული.
ასევე, 5 კილომეტრამდე მანძილს გავდივარ ყოველდღე.
- სოფლის ცხოვრება რამდენად მისაღებია თქვენთვის?
- გურიაში, ლიხაურში გვაქვს სახლი, სადაც ბავშვობა გავატარე და უამრავი ულამაზესი მოგონება მაკავშირებს. ამდენად, ძალიან მიყვარს იქაურობა და ყოველთვის ვბრუნდები - როცა დრო მაქვს!
ზაფხულს ალბათ იქ გავატარებთ. დედას ყვავილები აქვს ეზოში და მათ მოვლაში დავეხმარები. მიყვარს დიდი ძაღლებიც, ჩემი არ მყავს და მეგობრისას ვეფერები. არ ვყიდულობა იმის გამო, რომ ცალკე ვცხოვრობ, სულ ვმოგზაურობ და მისი მოვლა და სადმე დატოვება გამიჭირდება.
გურიაში ყოფნისას მწერებს ვებრძვი. ამის დამადასტურებელი სასცილო ფოტოც მაქვს.
- ამ ფოტოზე, პანდემიასთან მებრძოლ ექიმს უფრო ჰგავხართ. აშკარად გულმა გიგრძნოთ, რომ მსოფლიო ასე შეიმოსებოდა... როგორ ფიქრობთ, რატო მოხდა ის - რაც მოხდა?!
- როგორც ისტორიამ აჩვენა, მსოფლიო პანდემიები გარკვეული სიხშირით, დაახლოებით 100 წელიწადში ერთხელ ხდება. ჯერ შავი ჭირი იყო, მერე - ესპანური გრიპი, ახლა ეს - კოვიდ19. არ ვიცი რამდენად არის დამოკიდებული ადამიანების ქცევაზე, მაგრამ ამ მდგომარეობამ ნამდვილად მოგვცა შანსი და შესაძლებლობა, რომ გადავაფასოთ ჩვენი ღირებულებები, გადავხედოთ საკუთარ ცხოვრებას, დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ ვექცევით ერთმანეთს და გარე სამყაროს. ამის შანსს ეს პანდემია ნამდვილად იძლევა და იმედი მაქვს, გამოვიყენებთ.
ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი