ქართველი ფსიქიატრის ამერიკული ცხოვრება - ბენდერ-ბონდ-აინშტაინი ქმარი, მაგარი შვილები და ინგლისელი სიძე

ქართველი ფსიქიატრის ამერიკული ცხოვრება - ბენდერ-ბონდ-აინშტაინი ქმარი, მაგარი შვილები და ინგლისელი სიძე

31.05.2020

ნანა ჯანაშია

BY Nana Janashia

ცხოვრება პანდემიის დროს

ჩვენი რუბრიკის  „ცხოვრება პანდემიის დროს“ დღევანდელი სტუმარი გახლავთ ამერიკაში მცხოვრები ქართველი ფსიქიატრი ნინა ჟორდანია.

ქალბატონი ნინა ამჟამად ფლორიდაში ცხოვრობს, მეუღლესთან, ცნობილ ნევროლოგ კოტე ძამაშვილთან ერთად.

რადგან, ბატონ კოტეს ყოველდღიურად უხდება კლინიკაში სიარული და ავადმყოფებთან ურთიერთობა, აქედან გამომდინარე, ქალბატონმა ნინამ მეუღლისთვის შემდეგი შინაგანაწესი შეიმუშავა: შინ მანამ ვერ შემოვა, სანამ სახლის უკანა და ღია აივანზე არ დატოვებს ტანისამოსს!  საბედნიეროდ,  გოლფის მოედანი, რომელსაც მათი სახლის უკანა მხარე და ეზო  გაჰყურებს, პანდემიის გამო დახურულია. სხვა შემთხვევაში, ყოველდღე რომ ენახათ ფლორიდელებს მეზობელი, რომელიც ერთი და იმავე დროს გარეთ იხდის, აუცილებლად შესაბამის სამსხურებში დარეკავდნენ...

-გარეთ პანდემიაა, ჩემი უსააფრთხოება კი ამად ღირს, - გვეუბნება ქალბატონი ნინო, ხალასი იუმორით და მიაჩნია, რომ ფლორიდის მზე მშვენივრად გაუმკლავდება მეუღლის გარეთ დარჩენილ ტანსაცმელზე მოხვედრილ ვირუსს! მიაჩნია, რომ პანდემიის პირობებში, თუ  სახლი ამის საშუალებას იძლევა, სასურველია, სამოსი ყველამ გარეთ დატოვოს. იმას, რომ ფლორიდაში კოვიდ 19-ით  დაავადებულთა რიცხვი ამერიკის მასშტაბით ყველაზე დაბალია, ფლორიდის კლიმატის დამსახურებად მიიჩნევს!

ქალბატონ ნინას უყვარს მზე, ადამიანები და ოჯახი, რომელიც თბილისში შექმნა, ამერიკში კი - გააძლიერა! მცირეწლოვან შვილებთან ერთად 1993 წელს ჩამოვიდა შეერთებულ შტატებში, ბატონი კოტე კი წელიწადნახევრით ადრე და გამოცდებჩაბარებული დახვდა ოჯახს. ვაჟი ოთხნახევარი წლის იყო, ტყუპი გოგონები კი სამნახევრის. მხოლოდ საკუთარ პროფესიონალიზმზე დაყრდნობით შეეცადა ახლგაზრდა წყვილი ამერიკული ოცნების ახდენას და საბედნიეროდ - მათ ეს გამოუვიდათ! ქალბატონი ნინა ჟორდანია  და ბატონი კოტე ძამაშვილი დაფასებული ექიმების სტატუსით სარგებლობენ და მუშაობენ დღემდე. დამეთანხმებით, ყოველთვის სასიამოვნოა წარმატებული წყვილების  ცხოვრებაზე ამბების გაგება. ჰოდა, მოდით ქალბატონი ნინას ტყუპი გოგონებით დავიწყოთ.

  სალომე და ანა ძამაშვილები პროფესიით  იურისტები არიან. თავიდან, ერთ ქალაქში სწავლობდნენ და მუშაობდნენ, მაგრამ, ახლა უკვე - სხვადასხვა კონტინენტზე ცხოვრობენ.

სალომე ლონდონშია,  ანა - ჩიკაგოში. ტყუპები ასე შორიშორს აღარ იქნებოდნენ, რომ არა ერთ-ერთის სიყვარულის ისტორია. სალომეს შეუყვარდა ინგლისელი ბიჭი, თან უბრალო ბიჭი არა - საკმაოდ წარმატებული და ცნობილი მუსიკალურ სამყაროში - “Feed me” და ...

მოდით, მათზე თავად ქალბატონ ნინას მოვუსმინოთ, რომელიც ოჯახის ახალ წევრს თბილად  მოიხსენიებს:

- ძალიან მიყვარს ჩემი ინგლისელი სიძე. სალომემ ის ამერიკაში გაიცნო. შეუღლებამდე ხან აქ ხვდებოდნენ ერთმანეთს, ხან ინგლისში. მერე, სალომემ სწავლა ლონდონში განაგრძო, რითაც გაიადვილა საყვარელ ადამიანთან ახლოს ყოფნის შესაძლებლობა. წელიწადნახევარია რაც შეუღლდნენ. ჩემი სიძე ცნობილი მუსიკალური პროოდიუსერია. ქმნის ელექტრონულ მუსიკას. მას ძალიან ბევრი ტურნე აქვს. ჩიკაგოშიც  ტურნე ჰქონდა, როცა სალომე გაიცნო და ასე დაიწყო მათი რომანი. მიხარია, როცა ვხედავ, თუ  როგორ უციმციმებთ სიყვარულით  თვალები.

- თქვენმა სიძემ, ამერიკაში გაიცნო სალომე, რომელიც ქართველი აღმოჩნდა და ასე გაიგო საქართველოს შესახებ?

- დიახ, ასეა! როდესაც ლონდონში პირველად  ჩავედით, ჩემმა მეუღლემ, თუკი რამ კარგი გამოსულა ქართული პოლიფონიის, ქართული ცეკვების ამსახველი სიდი, წიგნი თუ ალბომი - ყველაფერი სიძეს ჩაუტანა.  ძალიან კარგი ემოციები გამომყვა ინგლისიდან.

ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა ინგლისელებზე ისაა, რომ ისინი, მართლა, სულ სხვა ხალხია!

ახლა ანაზე ვფიქრობ და ფლორიდიდან ვუჩხიკინებ, რათა დავაჩქარო მისი დაქორწინება. ჩემი დაკვირვებით, ამერიკელი ბიჭები დიდი ინიციატივით არ გამოირჩევიან როცა საქმე დაოჯახებას ეხება და საერთოდ, ვფიქრობ, რომ ამერიკულ გარემოში ვინც იხარშება,  მეტწილად ქორწინების გარეშე  რჩება.

- რას გვეტყოდით სერგოზე?

- როცა საქართველოდან  წამოვედით, სერგო ოთხნახევრი წლის იყო, ტყუპებზე  ერთი წლით უფროსი.

წამოღებული მქონდა ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსების წიგნი და ხშირად  ვუკითხავდი ბავშვებს. კითხვასთან ერთად ასოებსაც ვამახსოვრებინებდი და ვეუბნებოდი რომ ესაა ა, ხ, შ...  შედეგად, დროზე ადრე ისწავლეს ქართულად  წერა-კითხვა. რაც შეეხება  საუბარს -  გოგონები დღემდე  ბავშვური ქართულით საუბრობენ,

სერგო კი - გამართულად! მან, ამერიკაში სკოლის დამთავრების შემდეგ საქართველოში ჩააბარა სამედიცინოზე. საქართველოშივე აიღო ექიმის დიპლომი. ინგლისურ ენაზე კი სწავლობდა, მაგრამ სამეგობრო და გარემო რადგან ქართული იყო, ადვილად შეძლო ქართული  ენის დახვეწა.

- სერგოს სურვილი იყო უმაღლესი განათლება საქართველოში მიეღო?

-ეს უფრო ჩვენი რჩევით გააკეთა. ამერიკაში სკოლის შემდეგ კოლეჯში ჩაირიცხა - მენეჯმენტის სპეციალობით, მაგრამ, შემდეგ უარი თქვა ამ არჩევანზე და საქართველოში გაემგზავრა ექიმის პროფესიის დასაუფლებლად. მიმაჩნია, რომ ექიმის პროფესია ომშიც და მშვიდობის დროსაც სულ საჭიროა და გვინდოდა ჩვენი საქმის მიმდევარი ერთი მაინც ყოფილიყო შვილებიდან. ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო სერგოს საქართველოში სასწავლებლად გაგზავნა. გარდა იმისა, რომ მიიღო უმაღლესი სამედიცინო განათლება, იცხოვრა თავის ბებიასთან ანუ ჩემ დედამთილთან. ნახა, თუ როგორ უვლიან მოხუცს! ჩემი მული და მულის მეუღლე სულ მასთან იყვნენ. როგორც სტუდენტს ჯგუფიც არაჩვეულებრივი  შეხვდა, კარგი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული,  ბრწყინვალე სამეგობრო ჩამოუყალიბდა და ისწავლა ქართული ენა. გამდიდრებული ლექსიკით  დაგვიბრუნდა. მახსოვს, მეგობარმა დაურეკა საქართველოდან, სერგომ კი - რავა ხარო,  - როცა უთხრა, სიხარულით ლამის შოკი მივიღე.  ასეთი „რავა ხარ“ ხომ მხოლოდ საქართველოში დაბადებულ-გაზრდილებისგან  გამიგონია...

- ამჟამად სადაა?

- ამჟამად ამერიკულ ჯარში კონტრაქტით მუშაობს. მისმა ამ გადაწყვეტილებამ  ძალიან გამახარა, რადგან  სქართველოს მერე ეს მისთვის მეორე და მნიშვნელოვანი გამოცდილებაა.  ჯარში  საოფისე, მაგრამ საპასუხისმგებლო სამუშაო აქვს.  ამასწინათ, მეუღლესთან ერთად ჩავაკითხეთ და იმერეთის მთიანი და თვალწარმტაცი ბუნება რომ გადაგეშლება აი, ისეთი ადგილია, ზღაპრული.  კონტრაქტის ამოწუევის მერე, კვლავ გააგრძელებს სწავლას, ალბათ უკვე სამხედრო მედიცინის ხაზით.

- მეგობარი გოგო თუ ჰყავას?

- რამდენადაც  ვიცი - არა. ვკითხე ამასწინათ და - რა დროს გერლფრენდია, გაქანებული კარანტინიაო, მიპასუხა.

- რას გვეტყოდით  თქვენს მეუღლეზე, ბატონ კოტეზე?

- ოი, არ ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო - ოსტაპ ბენდერი, ჯეიმს ბონდი, აინშტაინი... ყველა ერთადაა  კოტეში თავმოყრილი.

ყველაფერში ერკვევა, ყველაფრის ანალიზს აკეთებს, ყველა სტატისტიკას  ჩაჰყვება და ჩაეძიება ბოლომდე. უნიკალური გამოცდილების ექიმი-ნევროლოგია, შესაბამისად დაფასებული. ჩიკაგოში დიდხანს მუშაობდა. შემდეგ, ფლორიდაში გადმოვედით და მალევე ნახა კარგი ჯგუფი - აწყობილი საქმით, ოფისით, ნევროლოგებით, დამხმარე მედპერსონალით, ექთნებით დაკომპლექტებული. ახლა უკვე თავადაც პარტნიორია მანდ.

- ჩიკაგოდან რატომ გადმოხვედით, მეგაპოლისში ცხოვრება ხომ უფრო საინტერესოა?

- ჩიკაგო ნამდვილად კარგი ქალაქია.

დიდხანს ვიცხოვრეთ და ვიმუშავეთ მანდ, მაგრამ, ერთხელ, ფლორიდაში  ჩამოვედით დასასვენებლად და რატომღაც უკან დაბრუნება აღარ მოგვინდა.

აქ, იმდენი მზე დაგვხვდა... იქ კი - სულ სხვა კლიმატია! ჩიკაგოში,  კერძოდ კი ჩვენს საბერბში (suburb-დასახლებული პუნქტი)  ძალიან კარგი ჰოსპიტლების სისტემაა და იქ ვმუშაობდით. თავად 15 წელი ვიმუშავე ფსიქიატრად. დილით სახლიდან რომ გავდიოდით - ბნელოდა და როცა შინ ვბრუნდებოდით - მაშინაც! დღე ისე გადიოდა პაციენტების მიღებაში, რომ სულ კაბინეტში ვიჯექი და მზეს ვერ ვხედავდი. ფლორიდაში გადმოსულს კი გაორება დამემართა - აქ მე სამუშაოდ ვარ თუ შვებულებაში?! ვეკითხებოდი ჩემ თავს. იმდენად მომეწონა ბევრი მზე და თავისუფლება, რომ  გადავწყვიტე დავრჩენილიყავი და უფრო იოლი სამსახური მეშოვნა. ასეც მოხდა, რადგან გერიატრიული მედიცინა ძალიან მიყვარს, ფსიქიატრად დავიწყე მუშაობა მოხუცთა სახლში. ძალიან მიყვარს ჩემი ასაკოვანი პასიენტები. ახლა, პანდემიის გამო ტელემედიცინის ფარგლებში ვმუშაობ. ჩემი მომსახურეობის არეალში შედის ამერიკის 26 შტატი. ძალიან დიდი მოთხოვნილებაა ამ სახის მედიცინაზე, რადგან ამერიკაში ბევრი ისეთი გეოგრაფიული ადგილია, სადაც, ფიზიკურად არ ჰყავთ ჩემი პროფილის ექიმები. იქაური სამედიცინო ცენტრების თანამშრომლები ეხმარებიან პაციენტებს ჩემთან სესიის გამართვაში. ელექტრონულად ხდება პაციენტებისთვის დანიშნულების მიცემა. მოგეხსენებათ, ამერიკაში ინტერნეტი ყველაზე მიუვალ ადგილებშიცაა და ავადმყოფები, რომლებიც საჭიროებენ ფსიქიატრის დახმარებას, ამას ადვილად ღებულობენ ეკრანის მეშვეობით. ექიმის და პაციენტის საუბარი იგივე ფორმატში მიმდინარეობს, როგორშიც ჩვენი ეს ინტერვიუ, ანუ ონლაინ. ონლაინ მუშაობა ძალიან კომფორტულია.

- ამერიკაში რა შემთხვევაში ათავსებენ ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებს კლინიკაში?

- საერთოდ, ამერიკაში მიჩნეულია, რომ თუ ადამიანი არც თავს ვნებს და არც სხვას და იმის გააზრების უნარი აქვს ანუ აცნობიერებს, რომ პრობლემა აქვს ფსიქიკური და უნდა მიმართოს ექიმს, ასეთის ფსიქიატრიულში მოთავსება მისი თავისუფლების შეზღუდვად აღიქმება. პაციენტის კლინიკაში მოთავსება  მხოლოდ ექიმის გადასაწყვეტი არაა, პრაქტიკულად ეს იურიდიული საკითხიცაა;  ხდება ავადმყოფის პეტიცირება;  რამდენიმე სხვადასხვა მხარემ უნდა დაადასტუროს, რომ ამ ადამიანს ამ წუთასვე სჭირდება კლინიკაში მკურნალობა.

- გყოლიათ თუ არა იშვიათი დაავადების პაციენტები?

- გარდა კლასიკური ფსიქოზური შემთხვევებისა, როგორებიცაა  შეზოფრენია თუ ბიპოლარული აშლილობა, მყოლია  იშვიათი პაციენტებიც, რომლებსაც დავუდგინე პარანეოპლასტიური სინდრომი. ამ დაავადებას ვერანაირი რადიოგრაფიული ხერხით ვერ გამოამჟღავნებ, მაგრამ თუ ექიმი ჩაუღრმავდება, არის ბიოქიმიური  პანელი, რომელიც ამას დაგიდასტურებს. ეს ისეთი დაავადებაა, როდესაც ადამიანი არაა ასაკოვანი და  დემენცია  არ შეიძლება სჭირდეს, არადა, მისი გონებრივი შესაძლებლობები მკვეთრადაა შეცვლილი... აღმოჩნდება, რომ აქვს პარანეოპლასტიური სინდრომი.

P.S. (დემენცია გულისხმობს ინტელექტის, მეხსიერებისა და პიროვნების გლობალურ დაქვეითებას ცნობიერების დარღვევის გარეშე . იგი უპირატესად, მაგრამ არა ყოველთვის, პროგრესირებს. დემენციას იწვევს ბევრი დაავადება, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ალცჰაიმერის დაავადება, ვასკულური დემენცია და ლევის სხეულების დემენცია. (ნ.ჯ.)

ჩიკაგოს ჰოსპიტალში ე. წ. მოსიარულე პაციენტებს 15 წელი  ვმკურნალობდი. იქიდან მივდიოდი სარეაბილიტაციო ცენტრში (ძალიან მაღალი დონის),  სადაც მრავალი სპექტრის  პაციენტები მელოდებოდნენ. ყოველთვის მყავდა სტუდენტები და რეზიდენტები. მათ პრაქტიკულად ვასწავლიდი როდის რა წამალი შეიძლება, როდის რა არ! მოკლედ ვასწავლიდი იმას, რაც ვიცოდი.

- გამოდის, რომ ქართული განათლება ამერიკაში გამოგადგათ?

- დიახ, მე ქართველი ექიმი ვარ, სამედიცინო ინსტიტუტი თბილისში მაქვს დამთავრებული.

ამერიკაში არაერთი გამოცდა ჩავაბარე ჩემი სპეციალობით და მხოლოდ ამის შემდეგ დამრთეს ნება მემუშავა ფსიქიატრად. საბედნიეროდ, ინგლისური ჯერ კიდევ საქართველოში, სკოლიდან მოყოლებული,  ვიცოდი. როცა თბილისში ვცხოვრობდი, ნევროლოგიის ინსტიტუტში ვმუშაობდი და იქ, აუცილებელი მოთხოვნა იყო ინგლისურის ცოდნა იმ დონეზე, რომ უცხოური სტატიები წაგვეკითხა. ეს იყო ის კულტურა, რომელიც დატოვა პროფესორმა პეტრე სარაჯიშვილმა.

P.S. პეტრე სარაჯიშვილი - აკადემიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ნევროპათოლოგი. იყო პოლონური წარმოშობის ექიმი-ნევროპათოლოგის ჟოზეფ ბაბინსკის მოსწავლე. 1958 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტს. პეტრე სარაჯიშვილმა შეისწავლა ეპილეფსიის პათოგენეზი და კლინიკური კლასიფიკაცია, კაროტიდული სინუსის გავლენა თავის ტვინის სისხლის მიმოქცევაზე. მან პირველმა აღწერა ნეირო-აქილიური სინდრომი და სხვ. იყო მსოფლიოში დაფასებული ექიმი - იუნესკოსთან არსებული ტვინის შემსწავლელი ორგანიზაციის წევრი 1968 წლიდან. პოლონეთის, უნგრეთის, ბულგარეთის ნევროპათოლოგთა და ფსიქიატრთა საზოგადოების საპატიო წევრი. საქართველოს ნევროპათოლოგთა და ფსიქიატრთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე 1975 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე. (ნ.ჯ.)

- ინგლისურენოვან  სამედიცინო  ჟურნალებთან ურთიერთობა საქართველოში  თქვენი ყოველდღიურობა იყო და ამერიკაში რა მოთხოვნებს უყენებენ ექიმ ფსიქიატრს?

- ამერიკაში ექიმები ყოველწლიურად ვაბარებთ გამოცდებს, მოგვეთხოვება ვიცნობდეთ  უახლეს კვლევებს და სტატიებს, რაც კი ჩვენი სპეციალობის ფარგლებში ქვეყნდება.

 საქართველოში 1993 წლამდე ვცხოვრობდი და იმ დროს, ძალიან რთული იყო  ინგლისურენოვანი პუბლიკაციების შოვნა. ამ მხრივ ამერიკა ოაზისია, ახლა მითუმეტეს. ყოველდღე, როგორც მოსწავლე ისე ვმეცადინეობ, ვეცნობი ახალ სტატიებს, კვლევებს, ლიტერატურას. შემდეგ კი - მათ პრაქტიკაში ვიყენებ.

- შესაბამისად, მადლიერი პაციენტებიც გეყოლებთ...

- დიახ, არაერთი მიგზავნის  ბარათებს და მადლობას ასეც მიხდიან. ვინახავ მათ! მოკლედ, მადლობის ბარათების დიდი არქივი მაქვს.

- რატომ არ გახსენით კერძო კლინიკა?

- ეს ადრეც უკითხავთ და პასუხი ერთია:  ჩემგან ექიმი-ბიზნესმენი არ გამოვა. ბიზნესში დრო - ფულია, მე კი - თითოეულ ავადმყოფს საათობით ვუწევ კონსულტაციას, დეტალურად ვეცნობი ბავშვობიდან მოყოლებული  მისი ცხოვრების ისტორიას. ანუ,  ჯერ ვეძებ მიზეზს და მერე ვმკურნალობ მის ფსიქიკას. კერძო კლინიკებში კი ყველაფერი გრაფიკითაა, სწრაფად ხდება. ჩემთვის წარმოუდგენელია ენის ერთი მოსმით და კალმის ერთი გასმით ჩავწერო დიაგნოზი და დავნიშნო მკურნალობა. თითოეული პაციენტი ხანგრძლივ და არაერთჯერად ინტერვიუს საჭიროებს, მანამ, სანამ დიაგნოზს დავსვამ. ალბათ,ამიტომ მყავს ამდენი მადლიერი ხალხი, რისი დასტურიც მათი ბარათებია.

- რა არის თქვენთვის ფსიქიატრია - ტვინის დაავადება თუ კიდევ რაღაც სხვა?

- ფსიქიატრია ბევრად უფრო ფართო გაგებაა... დიახ, ეს ტვინის დაავადებაა, ტვინს და სხეულს კი ერთმანეთისგან ვერ განაცალკევებ. სწორედ ამიტომ, ფსიქიატრია ჩემთვის მუდმივი სწავლის პროცესია. რეიტინგულ ჟურნალებში დაბეჭდილი სამეცნიერო ლიტერატურის გარდა - ყველა იმ წამალს ვეცნობი, რომელიც ხმარებაში შემოდის. საფუძვლიანად ვსწავლობ მის შემადგენლობას, ვკითხულობ ყველა ონლაინგამოხმაურებას  და მხოლოდ ამის შემდეგ ვუნიშნავ ავადმყოფს. ფსიქიატრია ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

ადამიანებს აქვთ ჯანმრთელობის უფლება და ამ უფლების დაცვაში - ყოველთვის დავეხმარები!

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge