სიყვარული გორგოლაჭებზე, იტალიური დღიურები და საიდა აფხაზური რომანიდან

სიყვარული გორგოლაჭებზე, იტალიური დღიურები და საიდა აფხაზური რომანიდან

08.06.2020

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

სიყვარული გორგოლაჭებზე, იტალიური დღიურები და

 

საიდა - აფხაზური რომანიდან

(ცხოვრება პანდემიის დროს)

აფხაზი მწერლის ივანე პაპასქირის რომანი „ქალის ღირსება“ 1949 წელს გამოქვეყნდა აფხაზურ ენაზე და მალევე ითარგმნა ქართულად. რომანის მთავარი გმირია ახალგაზრდა ქალი საიდა, რომელიც არერთ წინააღმდეგობას გადალახავს და საბოლოოდ თავისი კუთხის თვალი გახდება. ეს რომანი ბევრს აქვს წაკითხული და საიდა ბევრისთვის სწორედ ამ რომანის მერე გახდა საყვარელი სახელი. ზოგმა შვილს დაარქვა, ზოგმა შვილიშვილს, მეტწილად აფხაზებმა. მაგრამ, ჩვენც გვყავს ჩვენი ქართველი საიდა, რომელსაც უნდა იცნობდეთ და აი, ისიც:

ჭკვიანი და ლამაზი ახალგაზრდა ქალბატონი საიდა, რომელზეც  უნდა მოგითხროთ იტალიაში ცხოვრობს და აფხაზი სულაც არაა, კვირიკაძეა გვარად. ბაღდათელი იმერლების შთამომავალია, მხოლოდ ბებო ჰყავდა გარუჩავას ქალი. სწორედ მას ჰქონია წაკითხული აფხაზური რომანი „ქალის ღირსება“  და ამ რომანის გმირის სახელი - საიდა დაურქმევია შვილიშვილისთვის. საიდას მშობლები ბევრჯერ არიან  აფხაზეთში ნამყოფნი, თავად კი არასდროს და არც აფხაზს იცნობს ვინმეს. გული სწყდება, რომ ვერ მოასწრო აფხაზეთში ჩასვლა, აფხაზი ხალხის გაცნობა და ისე ჩაირაზა კარები. იმედი აქვს, რომ ოდესმე შეძლებს იქაურობის ნახვას. საიდა წლებია ცხოვრობს იტალიაში და სანამ იტალიაზე ვისაუბრებდეთ, მოკლედ გეტყვით, რომ:

საიდას ილიას უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა. იყო პროფესორ ნათელა ურუშაძის (მსახიობ გოგი გეგეჭკორის მეუღლე) საყვარელი სტუდენტი. ბავშვობა და სტუდენტობა სცენაზე აქვს გატარებული. ცეკვავდა არაჩვეულებრივად. იმ სკოლაში დადიოდა, რომლის დირექტორიც ადრე ბაბუამისი დათუნა კვირიკაძე იყო. რადგან კარგი სახელი დატოვა ბაბუამ, საიდას დიდი სიყვარულით ექცეოდნენ პედაგოგები. ორმაგ შანსს აძლევდნენ განვითარების. კარგად სწავლასთან ერთად, სისხლსავსე თეატრალური მოსწავლეობა ჰქონდა. საუკეთესო როლებს სთავაზობდნენ, როლს როლი მოსდევდა, სპექტაკლს სპექტაკლი, სოლოს სოლო. მოკლედ, ძალიან დაფასებული მოსწავლე იყო. ისინი, ვინც მასთან ერთად თამაშობდნენ სკოლის თუ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სცენაზე დღეს საქართველოში ცნობადი სახეები არიან. თავად კი ბედმა იტალია არგუნა, განუმეორებელი სილამაზით, ხალხით და ყოველდღიურობით. მისი ცხოვრება ერთი დიდი სპექტაკლია, რომელიც იტალიის ხელოვნების ნიმუშების ფონზე ვითარდება. ემიგრაციაში ყოფნა ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა, მაგრამ მშველის ის, რომ ვარ ხელოვნებათმცონე, იტალია კი ხელოვნებაა ღია სივრცეში,- ამბობს საიდა.

საიდას იტალიაში ჰყავს და, დისშვილები და იტალიელი სიძე. ასევე დიდი სამეგობრო, რომლებმაც ჯერ გარეგნობიდან გამომდინარე მიიღეს როგორც იტალიელი, შემდეგ კი - შეიყვარეს როგორც ქართველი. საიდას ჰყავს ქალ-ვაჟი და ქართველი მეუღლე ზვიად ენდელაძე.

მიუხედავად პანდემიისა, საიდას ოჯახი დარჩა იტალიაში და იტალიელ ხალხთან ერთად გმირულად ებრძოდა კოვიდს. სხვა რა უნდა დავარქვათ იმ რეჟიმს, რა რეჟიმშიც დღემდე ცხოვრობს ახალგაზრდა ქართველი ქალი?! დამეთანხმებით, არაა ადვილი შვილები  და თავი დაიცვა მაშინ, როდესაც მეუღლეს, მიუხედავად ვირუსისა საქმე არ მიუტოვებია და ყოველდღე დადიოდა იმ სამსახურში, რომელიც ამ პანდემიის დროს მეტად საჭირო სასუნთქი აპარატების ერთ-ერთი დეტალის მწარმოებელია. ეს დეტალი გარდა იტალიის კლინიკებისა,  გერმანიასა და ავსტრიასაც დასჭირდა და ყოველდღე ტრაილერებით იგზავნებოდა.

კოვიდ-19-დან გამომდინარე, საიდამ სამსახურიდან დაბრუნებულ მეუღლეს შემდეგი შინაგანაწესი დაუწესა:  ეზოში შემოსვლისთანავე ხეზე ჰკიდებს ტანსაცმელს, შედის სააბაზანოში და იქ შხაპის მიღებისთანავე ძმრით იმუშავებდა სხეულს. სააბაზანოდან გამოსულს საიდა ხვდება იოდინოლმომარჯვებული და  უმუშავებს ყელ-ყურ-ცხვირს. შემდეგ, სოდიანი წყლით პირის ღრუს სავლები პროცედურები იწყება... დამეთანხმებით, ყოველივე ეს, დიდ მოთმინებას და შრომას მოითხოვს. საბედნიერეოდ, ძალისხმევა დაუფასდათ მეუღლეებს და როგორც საკუთარი თავის, ისე შვილების - ელენეს და  გაბრიელის დაცვა შეძლეს ამ ვირუსისგან.

                                                                   სიყვარულის ისტორია

საიდამ მომავალი მეუღლე ზვიად ენდელაძე 8 წლის ასაკში გაიცნო საკუთარ სახლში. ის თოჯინით დარბოდა, ზვიადი კი - როგორც საიდას უფროსი დების კლასელი და მეგობარი დაბადების დღის სუფრასთან იჯდა. შემდეგ, 14 წლის ასაკში თავისუფლებაზე, დებთან და ზვიადთან ერთად სეირნობისას,  მაღაზიის ვიტრინაში გორგოლაჭები შენიშნა და მოიწონა საიდამ, მეორე დღეს კი ბაღდათში გაემგზავრა. ერთ საღამოს, სახლთან გაჩერდა მანქანა და ზვიადის მეგობარმა საიდას გორგოლაჭები გადასცა, ზვიადმა გამოგიგზავნაო. გახარებული გოგონა გათენებას არ დალოდებია, უმალვე ჩაიცვა და ლამფის შუქით განათებულ ბაღდათში მისი გორგოლაჭების ხმა დიდხანს ისმოდა. საიდას ბიძას სანატორიუმი ჰქონდა საირმეში და სკოლა რომ დაამთავრა, ბიძაშვილ-მამიდაშვილებთან ერთად იქ  წავიდა დასასვენებლად. ზვიადმაც, საირმეში მეგობრებთან ერთად ჩამოსვლა, სწორედ იმ დროს დაამთხვია.  შემდეგ იყო სტუდენტობის წლები. ერთ-ერთი ცნობილი მოცეკვავის ჯგუფში ცეკვავდა, გარეთ კი ზვიადი ელოდებოდა. ილიას უნივერსიტეტთანაც, აკითხავდა ლექციებიდან გამოსულს. ახლა კი, საიდა ელოდება ზვიადს, ოღონდ იტალიაში, ორი შვილით,  სოდით, ძმრით და იოდინოლით ხელში - ეს, პანდემიის დროს, ისე კი - აი, ასეთი კერძებით ეგებება საყვარელ მეუღლეს.

მზრუნველი ცოლი და დედაა საიდა. შესაბამისად,  დიდი სიყვარული, პატივისცემა და ნდობა აქვთ მეუღლეებს ერთმანეთის. 

                                                                         ელენე

ელენე ენდელაძე საიდას და ზვიადის პირველი შვილია. გოგონა სექტემბერში 15 წლის გახდება.

ეს თარიღი მისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან, კლასელებთან ერთად, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის და სექტემბრიდან უძველეს კლასიკურ გიმნაზიაში გააგრძელებს სწავლას.

გიმნაზია მუსოლინის დროინდელია და ითვლება ძალიან პრესტიჟულად. ელენე 6 წლის ასაკიდან დღემდე ასევე პრესტიჟულ კერძო ლიცეუმში სწავლობდა.

-იქ მოხვედრა, როგორც უცხოელს, ძალიან გამიჭირდებოდა, რომ არა ერთი ბრწყინვალე რეპუტაციის და მდგომარეობის მქონე იტალიელი ქალბატონის რეკომენდაცია. ლიცეუმი ფასიანია, მაგრამ მე და ჩემი მეუღლე კარგ განათლებაზე უკეთესს ვერაფერს მივცემთ ჩვენს შვილებს და ეს გადაწყვეტილება იყო სწორი. ამ  სკოლის დამფინანსებლები მშობლების გარდა არის ვატიკანი და რაღაც დონეზე სახელმწიფოც. ელენე კლასში ნომერ პირველი მოსწავლეა და როგორც მშობელმა ამაზე მეტი სხვა რა უნდა ვინატრო? ბრწყინვალე აკადემიური მოსწრება აქვს. ახლახანს, თეოლოგიის პედაგოგმა მითხრა, ეს კლასი, ელენეს გარეშე ვერ წარმომიდგენია რა იქნებოდაო!

სხვა პედაგოგების აზრითაც, ელენე  ძალიან ბეჯითი, კულტურული და თავაზიანი მოსწავლეა. 

უფროსის დაფასება  იცის და უმცროსთან საჭირო მოქცევა. რაც ტრადიციულ ქართულ ოჯახებშია - ის კულტურა მივეცით ელენეს და იტალიელებს ეს ძალიან მოსწონთ. -ამბობს საიდა.

  ელენე საიდას ფიზიკურად ჰგავს.

ჰგავს, თეატრის სიყვარულითაც. საუკეთესოდ თამაშობს მისთვის შეთავაზებულ როლებს.

იტალიის სხვადასხვა ქალაქებში ჰქონდა სპექტაკლები.

ამჟამად,  პანდემიის გამო ელენე ონლაინ სწავლებაზეა გადასული და ასე ამთავრებს ლიცეუმს. კარანტინის რეჟიმშიც ისე სწავლობს, როგორც ჩვეულებრივ დროს. სკოლა 8 სთ-ზე ეწყება. აქვს გაკვეთილების ცხრილი.  გაკვეთილი წესით არის ერთსაათიანი. თუმცა, ზოგი ორსაათიანია, მაგალითად იტალიური ენა. გაკვეთილებს შორის შასვენება 10 წუთია. მოკლედ, დილის 8 სთ-დან ორამდე ონლაინ ლიცეუმშია. როცა მასწავლებელი ხსნის გაკვეთილს, ეკრანის გრაფაში  20-ვე ბავშვს აკვირდება და თუ ეჭვი შეეპარება, რომ რომელიმე არ უსმენს, უსვამს ჩამჭრელ შეკითხვას.

ელენემ ახლახან დაამთავრა პროექტი, რომლის თემაა  საქართველო-იტალიის შედარებითი დახასიათება. გადაუგზავნა ჟიურის, რომელიც ამ თემაზე ონლაინ-გამოცდას მოუწყობს და  შემდეგ შეაფასებს ნაშრომს. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გოგონა ლიცეუმის დამთავრების ატესტატს. როგორც საიდა ამბობს, ძალიან ბევრ იტალიელ მშობელს ეშინია საატესტატო გამოცდების, რადგან შესაძლოა ზოგი ატაესტატის გარეშე დარჩეს. ელენე ჰუმანურობით გამოირჩევა და ხშირად ეხმარება სწავლაში თავის იტალიელ კლასელებს. რაც შეეხება ქართულს - იცის, რადგან ოჯახში ქართულად საუბრობენ.  საიდა ამბობს, რომ ის და ელენე იტალიაში ერთად გაიზარდნენ.

 

                                                                                         გაბრიელი

გაბრიელი საიდას უმცროსი შვილია. ის სამი წლისაა და დაიბადა იტალიაში.

ელენე კი თბილისში შეეძინა. რადგან საიდას აქვს ორ ქვეყანაში მშობიარობის გამოცდილება, შეუძლია გააკეთეოს შედარებითი დახასიათება. საიდა ამბობს, რომ იტალიელი ექიმები ძალიან ყოჩაღები არიან უშუალოდ სამშობიარო პროცესის დროს.

იტალიაში ასევე კარგად კეთდება გაუტკივარება და კომფორტულია სამშობიარო სახლში ყოფნა, მაგრამ ორსულობის დროინდელი კონსულტაციები და ზრუნვა პაციენტზე - თბილისში ბევრად უკეთესია. საიდა თავის იტალიელ ექიმს, რომელიც ორსულობისას მხოლოდ  საერთო დირექტივებს აძლევდა, ადარებს თბილისში, ჩაჩავას კლინიკის მეან-გინეკოლოგ ფიქრია კამლაძეს, რომლის რეკომენდაციებიც ფასდაუდებელი გამოდგა მისთვის იტალიაში მეორე ორსულობის სწორი მართვისთვის.

 საბედნიეროდ, კარგად დაიმახსოვრა ფიქრია კამლაძის ყველა რეკომენდაცია თუ გაფრთხილება, შედეგად კი დეტალურად იცოდა  თუ როდის როგორ მოქცეულიყო. ამბობს, რომ გაბრიელზე ოსულობაც ქალბატონ ფიქრიასთან ნასწავლი წესებით  მართა და მადლობას უხდის მას.

                                                                                  იტალიელებზე

- ჩემი დაკვირვებით ქალის სიტყვა უფრო გადამწყვეტია ოჯახში, ამბობს საიდა, იტალიელებზე. -  სანაპიროზე გასული ყოველთვის ვხედავ მოსეირნე ასაკოვან წყვილებს და მიხარია, რომ იტალიელები ძალიან დიდხანს ცხოვრობენ, თან გამოიყურებიან კარგად. ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ ლამაზი გარემო აქვთ, სილამაზე კი მკურნალია! გარდა ამისა, სტრესებს თავს არიდებენ, მრავალრიცხოვანი ნათესაობა კი ჰყავთ მაგრამ მათთან დისტანციურად არიან და მხოლოდ შვილების და შვილიშვილების ცხოვრებით ინტერესდებიან. წინა პლანზე აყენებენ ოჯახს და ერთმანეთის სიყვარულს ყოველკვირეული შეხვედრებით აძლიერებენ. საერთო ჯამში, ძალიან კარგი ხალხია. მათთან ცხოვრება ჯერ არ გამჭირვებია. 

P.S. მიუხედავად იტალიის სიყვარულისა, საიდა  თავის მომავალს მაინც საქართველოში ხედავს. დიღომში ცხოვრობენ, მაგრამ ფიქრებით სულ ბაღდათშია. წარმოუდგენლად უყვარს წინაპართა კერა. აი იმდენად, რომ ოცნებობს იტალიიდან დაბრუნების შემდეგ ბაღდათში იცხოვროს. სხვა თუ არაფერი - ბავშვობა და გორგოლაჭები აკავშირებს მანდაურობასთან...

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge