სიყვარული სტამბოლში და გზა პროფესორის მანტიამდე

სიყვარული სტამბოლში და გზა პროფესორის მანტიამდე

09.07.2020

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

სიყვარული სტამბოლში და გზა პროფესორის მანტიამდე

ცხოვრება პანდემიის დროს

ვისზეც ამჯერად  უნდა მოგითხროთ, დღეს, 9 ივლისს, 35 წლის გახდა!  მიუხედავად ამ პატარა ასაკისა, ია ფუტკარაძე სტამბოლის ნიშანთაშის უნივერსიტეტის  ასისტენტ-პროფესორი გახლავთ!

იას აქვს ძალიან საინტერესო ცხოვრება გამოვლილი და მოდით მასთან ერთად  წარმატებისკენ მიმავალ გზებზე ვიმოგზაუროთ. დავიწყოთ იმით, რომ ბათუმელია, 1985 წელს დაიბადა და ტიპიური აჭარელი გოგონა იყო, როდსაც შეიყვანეს რუსულ სკოლაში.  მაშინ  ეგეთი ტენდენცია იყოო, გვეუბნება ია. 1991 წელს კი, როდესაც პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა - ქართულ სკოლაში გადაიყვანეს.  

-სად იწყება ია ფუტკარაძე?

-ბავშვობაში. ყოველ ზაფხულს ბათუმთან ახლოს, სოფელში, ბებოსთან ვატარებდი, რომელმაც ძველთურქული სიტყვები ძალიან კარგად იცოდა და როცა მეტყოდა  ყათ-ზე ადიო, იმას  ნიშნავდა, რომ მეორე სართულზე უნდა ავსულიყავი. შემდეგ, როდესაც თურქეთში ჩავედი სასწავლებლად, მივხვდი, რომ ბებოსგან განაგონი ყათ არის თურქული ქათ. მსგავსი თურქული სიტყვები აჭარაში შემორჩენილია და დღემდე იყენებენ.

ბავშვობისას არდადეგების ნაცვლად დიდხანს ვამბობდი -კანიკული. შემდეგ კი,  როდესაც წამოვიზარდე, სულ ვუსწორებდი ჩემებს მეტყველებას. ვეუბნებოდი, რომ ეს ქართული სიტყვა არაა, ქართულად ასე ითქმის და ა.შ. მოკლედ  ბებოს ქართულს - თურქულისგან, მშობლებისას კი რუსულისგან ვიცავდი. ქართულ იდეოლოგიაზე გავიზარდე, ულტრამემარჯვენე ვიყავი.  მოსწავლეობისას თურქეთი ისე ასოცირდებოდა ჩემში, როგორც სკოლაში ვისწავლე. ანუ , იმ იმიჯით,  როგორიც ჰქონდა ისტორიის წიგნებში თურქეთს. შემდეგ კი, როცა თურქულის სწავლა დავიწყე,  ვიფიქრე, რომ ნეტა არ ამომეღო  ის თურქული სიტყვები გონებიდან  და არ ამეკრძალა ბებოსთვის მათი ხმარება...

-რუსულიდან ქართულ სკოლაში გადასულს, არ გაგიჭირდა სწავლა?

- თავიდან ძალიან, შემდეგ კი გავხდი ფრიადოსანი. მეტიც - ვმონაწილეობდი სასწავლო  ოლიმპიადებში. ისტორიაში კი რესპუბლიკური ოლიმპიადაზე პირველი ადგილი დავიკავე. სწორედ მაშინ გადავწყვიტე ისტორიულზე ჩაბარება. ბათუმის უნივერსიტეტში აბაშიძის პერიოდში პროტექციის გარეშე ჩავაბარე, ეს კი,  იმ დროისთვის იყო უზარმაზარი გადატრიალება.  მახსოვს, გამოცდაზე სკოლისდროინდელი დიპლომები მივიტანე. ვიფიქრე, ამაზე დიდი პროტექცია ვინ უნდა გამიწიოსმეთქი?!  ეს გახდა  ტრამპლინი ჩემი ახალი ცხოვრების გზის დასაწყისში!

-სტუდენტობიდან რას გაიხსენებდით?

- კარგად ვსწავლობდი. 2005 წელს კი  ქალაქ ტრაპიზონში ჩატარდა საერთშორისო ფესტივალი, სადაც  ბათუმის უნივერსიტეტიდან მონაწილეობის მისაღებად  ბაკალავრიატის წარჩინებული სტუდენტები წაგვიყვანეს. ეს იყო ჩემი პირველი ვიზიტი თურქეთში. მეორედ, კვლავ ბათუმის უნივერსიტეტიდან მაგისტრატურაზე  სწავლისას  ჩავედი ფესტივალზე სტუდენტებთან ერთად, მაგრამ, ამჯერად სამსუნში.

მაგისტრატურის დასრულებისთანავე  გადავწყვიტე თსუ-ში დოქტორანტურაზე  სწავლის გაგრძელება.  და ამ დროს, ინტერნეტში, შემთხვევით გადავაწყდი ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ განათლების სამინისტროში ტარდებოდა კონკურსი და გამარჯვებული გაემგზავრებოდა  თურქეთში 8 თვიანი  გაცვლითი პროგრამით თურქული ენის შესწავლად. პროგრამა იყო დაფინანსებული  ანუ მიიღებდი სტიპენდიას. უმალვე გადავწყვიტე, რომ ბედი მეცადა. გასაუბრება უნდა მქონოდა თბილისში განათლების სამინისტროში. ზუსტად  ამ დროს დაიწყო აგვისტოს ომი, რკინიგზა არ მუშაობდა, დედა განიცდიდა ასეთ დროს თბილისში ჩემს გამგზავრებას. როგორც კი პირველი მიკროავტობუსი გამოჩნდა, დედამ  მძღოლს ჩააბარა ჩემი თავი და მარტო ჩამოვედი  თბილისში. დანიშნულ დღეს განათლების სამინისტროში გავიარე კონკურსი და 8 თვიანი პროგრამით გამიშვეს სტამბოლში.

-ეს რა სახის კურსებია?

ენის შემსწავლელი კურსებია და თომერი  (TÖMER) ჰქვია.ისეთივეა, როგორიც გოეთეს კურსები (გოეთეს ინსტიტუტის გერმანული ენის შემსწავლელი კურსები)  და ტოეფელი (TOEFL კურსები ინგლისურში). სრულიად მარტო ჩავედი სტამბოლში,  მოვძებნე საერთო საცხოვრებელი, სადაც უნდა მეცხოვრა.  მერე მივედი სტამბოლის უნივერსიტეტში და როცა გავიარე რეგისტრაცია, იქ ვნახე ბიჭი,  რომელმაც მკითხა - ეს შენ ხარ ია, ახალი ნაკადის ქართველიო?!  ასე ეძახიან ახალჩამოსულებს.

აღმოჩნდა, რომ ეს ბიჭი იყო გიორგი ბოსტაშვილი, ჩემი მომავალი მეუღლე, რომელიც იმ დროს სტამბოლის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო  მაგისტრატურის დამამთავრებელ კურსზე. ასე გავიცანით ერთმანეთი.

მოგეწონათ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი?

-უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი იყო შერეული ტიპის და  კეთილმოწყობილი. იქ თურქ სტუდენტებთან ერთად  8 ქართველი მეგობრულად ვცხოვრობდით.

-თომერის პროგრამამ შეგახვედრათ გიორგი და 8 თვის ანუ პროგრამის დასრულების  მერე როგორ აეწყო თქვენი ცხოვრება?

-დიახ, 8 თვეში ამოიწურა თომერის პროგრამა. შესაბამისად, შემიწყდა სტიპენდიაც და იძულებული გავხდი დავბრუნებულიყავი ბათუმში.  გიორგის ჯერ დამთავრებული არ ჰქონდა უნივერსიტეტი და  სტამბოლში დარჩა. ერთმანეთისგან შორს ერთი წელი და ერთი თვე  ვიყავით. მე ვფიქრობდი გიორგიზე და დოქტორანტურაზე. ვეძებდი გზებს.  ჩემებს ვუთხარი, რომ თსუ-ში ვაბარებ დოქტორანტურაზე, ისტორიის ფაკულტეტზემეთქი  და გავემგზავრე თბილისში. მაშინ შევხვდი პროფესორ გიული ალასანიას, ჩემი ხელმძღვანელი ის  უნდა ყოფილიყო. მაგრამ, ყველაფერი შეცვალა კვლავ  განათლების სამინისტროს ვებ-გვერდმა, სადაც  ვნახე, რომ გამოცხადდა დოქტორანტურაზე მიღება, სხვადასხვა ქვეყნების  უნივერსიტეტებში. და მე ავირჩიე სტამბოლი, ქალაქი რომელთანაც სიყვარული მაკავშირებდა.  კონკურსი გავიარე წარმატებით და ჩავირიცხე მარმარისის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე პოლიტმცოდნეობისა და საერთაშორისო ურთიერთიბების განხრით. შემდეგ, გიორგი ჩამოვიდა თბილისში.  10 აგვისტოს გვქონდა ქორწილი. 13 აგვისტოს კი გავემგზავრეთ  სტამბოლში და  ოქტომბერში დავიწყე სწავლა ძალიან პოპულარულ მარმარისის უნივერსიტეტში.

 -დოქტორანტურაზე სწავლას აკადემიური თურქული სჭირდება, როგორ შეძელით ამ ბარიერის დაძლევა?

- აკადემიური თურქულის შესასწავლად დამჭირდა დიდი დრო. პირველი წელი იყო სალექციო, მეორე - საკვალიფიკაციო გამოცდის წელი. მოსამზადებლად კი მოგვცეს წელიწადნახევარი და 95 წიგნი. ორსულობის დროს ვიწექი და ვკითხულობდი ამ წიგნებს, 18 თვეში 95 წიგნი დავამუშავე. იყო რთული ენით დაწერილი სამეცნიერო ლიტერატურა, მაგრამ  18- თვიანმა შრომამ მომცა ის, რომ თურქული დავხვეწე აკადემიურ დონემდე.  როდესაც საკვალიფიკაციო გამოცდაზე გავედი, წარმატებით ჩავაბარე და მერე მქონდა სადოქტოროს დაცვა.  აკადემიურმა საბჭომ ჩამიტარა გასაუბრება. საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად 15 წუთი დასჭირდა და ეს 15 წუთი ჩემთვის იყო 15-ჯერ გულის ამოვარდნა. როცა დამიძახეს,  შევედი და პროფესორმა გულდენ აიმანმა - Gülden Ayman მითხრა:

- რადგან შენ ჩემი საყვარელი სტუდენტი იყავი,  ამიტომ, აკადემიურმა საბჭომ მე მომანიჭა უფლება, გითხრა: კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს რიგებში! Aramıza hoş geldin! 

 ეს დღე აღარასოდეს დამავიწყდება. 

პროფესორი  გიულდენი კი გამორჩეულად მიყვარს და ძალიან მეამაყება, როცა მისგან მესმის, რომ  მე მისი აღმოჩენა ვარ.

- სამსახური რამდენ ხანში იშოვეთ?

-  9 თვეში ნიშანთაშის უნივერსიტეტში  ასისტენტ-პროფესორის ადგილი მივიღე.

 პარალელურად დავიწყე საქართველოს გენერალურ საკონსულოში მუშაობა. მაგრამ, საბოლოოდ მივხვდი, რომ მე უნდა დავრჩენილიყავი აკადემიურ სფეროში, რადგან მთელი ჩემი არსებით ვარ მასწავლებელი და ლექტორი. აკადემიურ სამსახურზე უფრო ვარ ორიენტირებული  ვიდრე ადმინისტრაციულზე. როგორც პლატონმა თქვა - ერთნი  ქმნიან თეორიას, ანუ მეცნიერები  და მეორენი კი პრაქტიკოსები არიან და თეორიაზე დაყრდნობით სახელმწიფოს მართავენ.

ძალიან დიდი შრომა ჩავდე ბიუროკრატიულ სამსახურში, მაგრამ,  გადავწყვიტე, დიპლომატიაში დავრჩე - როგორც დიპლომატების აღმზრდელი.

ფოტოზე: ია ფუტკარაძე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან ერთად.

მომწონს ჩემი საქმე და მახარებს ის ფაქტი,რომ სტუდენტებს ვუყვარვარ,უნივერსიტეტში კი ყველაფერი ძალიან კარგადაა.

- ქართველი სტუდენტი გყოლიათ?

- ქართველი სტუდენტი ჯერ არ მყოლია, მაგრამ ძალიან ბევრი აზერბაიჯანელი სტუდენტი მყავს, რომლებმაც კარგად იციან ქართული. ისე კი, ქართველი სტუდენტები სტამბოლში როცა ჩამოდიან, ან თავად  მეკონტაქტებიან, ან მათი  მშობლები მთხოვენ, რომ დავაკვალიანო ისინი. მეც დაუზარებლად ვეხმარები  ჩაწერის გაკეთებაში, დაბინავებაში. ეს, როგორც საზოგადოებრივი სამსახური - სულ მაქვს. როცა თავად ჩამოვედი - ასეთი დამხმარე არ მყოლია, მარტო ვაკეთებდი ყველაფერს და არ იყო ადვილი. მიხარია, რომ ქართველ ახალგაზრდებს ვეხმარები.

- ვინ არის თქვენი მეუღლე?

- ჩემი მეუღლე არის თბილისელი გიორგი ბოსტაშვილი, აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი აქვს დამთავრებული.

მამიდამისი ნელი ბოსტაშვილი იყო ცნობილი თურქოლოგი, ავტორი წიგნისა „ თურქეთის ბიბლიოგრაფია“. გიორგი მამიდას გაზრდელია. სწორედ ქალბატონმა ნელიმ ჩაუყარა საფუძველი გიორგის თურქულს.  ჩემი მეუღლე მეც ძლიერ დამეხმარა  ენობრივი ბარიერის დაძლევაში.  ამჟამად  მუშაობს ერთ-ერთ დიდ კომპანიაში  მენეჯერად. ეს კომპანია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სტამბოლისათვის და პანდემიის პიკის მიუხედავად მუშაობა არ შეუწყვეტია. გიორგის,  როგორც ომში, ისე ვაცილებდი სამსახურში ყოველ დილით. მე კი - ონლაინ ლექციები მქონდა და სახლიდან არ გავდიოდი.

 როცა შინ ბრუნდებოდა, პირდაპირ შედიოდა ე. წ. „კოვიდ ოთახში“. იქ ტოვებდა ტანსაცმელს და პროდუქტს, რომელიც ოჯახისთვის მოჰქონდა და მხოლოდ მერე შემოდიოდა ჩემთან და სანდროსთან კონტაქტში. საბედნიეროდ, ამ ვირუსს გადაურჩა ჩვენი ოჯახი. გამიმართლა იმ მხრივაც, რომ გიორგი ქიზიყელია და არაჩვეულებრივად გამოსდის ხორციანი კერძები, მათ შორის ხინკალი. ძალიან უყვართ ამ და სხვა მრავალი კარგი თვისების გამო მეგობრებსაც.  თავად ვეგეტარიანელი ვარ. საჭმელს იშვიათად ვამზადებ, რადგან მთელი  დრო უნივერსიტეტს მიაქვს.

- რას გვეტყვით სანდროზე, თქვენს ვაჟზე?

 - სანდრო 2012 წელს შეგვეძინა.

დედაჩემი სტამბოლში საგანგებოდ, სანდროს გასაზრდელად ჩამოვიდა და სანამ  ბავშვი  4 წლის არ გახდა - ჩვენთან ცხოვრობდა. შემდეგ, უკვე ბაღში შევიყვანეთ და დედაც დაუბრუნდა ბათუმს. სანდრო ახლა სკოლის მოსწავლეა. საუბრობს 4 ენაზე. არდადეგებს საქართველოში ატარებს. ბათუმში, სახლთან ძალიან ახლოს გვაქვს ეკლესია და იქაური წირვა-ლოცვაც არაერთხელ მოუსმენია.

ამ პანდემიის დროს კარგი საქმე გავაკეთე და სანდროს ქართულად წერა ვასწავლე.

- როგორები არიან თურქები, როგორც მეზობლები?

- ძალიან სანდო ხალხია, იმდენად სანდო, რომ ბავშვსაც კი ვტოვებ მათთან როდესაც 2-3 დღით საზღვარგარეთ მივლინებაში  მივდივარ.  მე არა, მაგრამ თავად - დღეში 10-ჯერ მიკავშირდებიან მესენჯერით და დეტალებში მიყვებიან სანდრო ახლა ამას და ამას აკეთებსო.  ვეუბნები, ნუ მირეკავთ,  არ მცალია, ვიცი რომ ჩემზე უკეთ მიხედავთმეთქი! აი, ასეთი კარგი მეზობლები არიან.

-სტამბოლმა სიყვარული და სანდრო გაჩუქათ, სამუდამოდ დარჩებოდით მანდ?

-სტამბოლი ძალიან მიყვარს. დიახ,  შემიძლია აქ მთელი ცხოვრება დავრჩე...

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge