ნანა ჯანაშია / Nana Janashia
ბარბარა ბუშთან მეგობრობით დაწყებული ამერიკული ცხოვრება
ცხოვრება პანდემიის დროს
ჩვენი დღევანდელი რუბრიკის სტუმარი გახლავთ ამერიკელი ახალგაზრდა დიპლომატი, უილიამ და მერის კოლეჯის კურსდამთვრებული ანია ონოპრიენკო. სანამ მას გაგაცნობდეთ, 1990 წლის კიევს ვესტუმროთ, კერძოდ კი ახალგაზრდა ჟურნალისტ ნადია ნაზარენკოს, რომელიც პრესაშიც, რადიოშიც და ტელევიზიაშიც წარმატებული იყო და მისმა ერთ-ერთმა წერილმა ბარბარა ბუშის ყურადღება მიიქცია. სწორედ ქალბატონმა ბარბარამ მიიწვია ნადია ნაზარენკო დასთან და 3 წლის ანიასთან ერთად აშშ-ში. სსრკ-ს ყველაზე გავლენიანი საინფორმაციო პროგრამა „ ვრემია“ ამ ამბავს გამოეხმაურა და გამოაცხადა, რომ კიეველი ჟურნალისტი დები ნაზარენკოები ბარბარა ბუშმა თეთრ სახლში მიიღო და მათ საპატივცემოდ ვახშამი გამართა. ნამდვილად იყვნენ ქალბატონი ბუშის სტუმრები დები ნაზარენკოები, მაგრამ, როგორც ქალბატონი ნადია ამბობს, „ვრემიამ“ ყველაფერი გააზვიადა. მათ შესხებ საბჭოეთის გავლენიენმა „ლიტერატურნაია გაზეტამაც“ დაბეჭდა სტატია. ეს 1990 წელს მოხდა. 1991-ში კი დაიშალა საბჭოთა კავშირი და ჟურნალისტი დები შვილებთან ერთად სამუდამოდ დარჩნენ ამერიკაში.
სამსახურიდან გამომდინარე, საცხოვრებელ ადგილს ხშირად იცვლიდა ნადია ნაზარენკო და შტატიდან შტატში ბავშვთან ერთად გადადიოდა. პატარა ანიამ ინგლისური სატელევიზიო გადაცემებიდან ისწავლა, სკოლაში შესული კი უკვე ამერიკელი ბავშვებივით მეტყველებდა. შეიყვარებდა გოგონა კლასელებს, პედაგოგებს და დედის სამსახურის გამო სხვა შტატში უხდებოდა გადასვლა. თითოეულ სკოლაში ერთ წელზე დიდხანს არ უსწავლია.
- ნადია, ქალაქების და სკოლების გამოცვლა ბავშვებს მეტწილად არ უყვართ, თქვენი გოგონას შემთხვევაში როგორ იყო?
- ნანაჩკა, (ასე მომმართავს ნადია, რადგან ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. ავტ.) მე დღემდე ვარ განცვიფრებული და არ ვიცი როგორ, რატომ ხდებოდა ის, რომ ამა თუ იმ სკოლაში ახალგადმოსული ანია უმალვე პატივისცემას და სიყვარულს იმსახურებდა. მხოლოდ დადებითად იყვნენ მისადმი განწყობილები. პედაგოგები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. მე კი ყოველი ახალი სკოლის წინ ვნერვიულობდი. ანიამ გაამართლა. ის ყველა სკოლას მოერგო და ყველგან დაფასებული მოსწავლე იყო. ამით ძალიან ვიყავი ამაყი.
- დედისთვის ნამდვილად დიდი ბედნიერებაა, როცა შვილი წარმატებულია. ახლა კი, კითხვა ანიასთან მაქვს: სკოლაში მოწინავე გოგონამ, უფრო სწორედ სკოლებში, რადგან ამერიკის 12 სკოლაში სწავლობდი, გადაწყვიტე, რომ შენი მომავალი დიპლომატიასთან დაგეკავშირებია. ამისკენ, სასკოლო გამოცდილებამ გიბიძგა?! 12 სკოლა ხომ 12 ცხოვრებისეული საფეხურია, რომელიც ბავშვობისას წაუბორძიკებლად აიარე?
- დიახ, შესაძლოა სასკოლო გამოცდილებამაც მიბიძგა. საერთოდ კი უილიამ და მერის კოლეჯში (უილიამ და მერის კოლეჯი, ვირჯინიის შტატი, აშშ) სწავლა ბევრისთვის საოცნებო რამ არის. იყო სტუდენტი უილიამ და მერის კოლეჯში ეს ანიშნავს, რომ მოხვდე ისტორიულ ადგილას და ისტორიაში.
უილიამ და მერი ამერიკის უძველესი კოლეჯია და ის 1693 წელს დაარსდა.
იქ სწავლობდნენ:
თომას ჯეფერსონი - ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-3 პრეზიდენტი 1801-1809 წლებში და რიგით მეორე ვიცე-პრეზიდენტი 1797-1801 წლებში.
ჯეიმზ მონრო - ამერიკის შეერთებული შტატების მე-5 პრეზიდენტი 1817-1825 წლებში. მისი ადმინისტრაციის საქმიანობიდან აღსანიშნავია ფლორიდის შესყიდვა.
ჯონ ტაილერი - ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-10 პრეზიდენტი 1841-1845 წლებში.
ჯონ მარშალი, აშშ საკონსტიტუციო სამართლის ფუძემდებელი და ამერიკის უზენაესი სასამართლოს ყველაზე გავლენიანი თავჯდომარე.
და როცა წარმოვიდგენდი, რომ მე ამ დიდი ადამიანების ნაკვალევზე დავდიოდი, რაღაც მაგიური და ამოუხსნელი შეგრძნება მეუფლებოდა. კოლეჯში შევიძინე კარგი ცოდნა და ისეთი მეგობრები, რომლებთანაც დღემდე ვურთიერთობ. ევროკავშირი და პოსტსაბჭოთა სივრცე ყოველთვის მაინტერესებდა და კოლეჯში ბაკალავრიატი ამ მიმართულებით დავამთავრე.
- ძირითადად რა კონტიგენტი სწავლობს უილიამ და მერიში, მხოლოდ ამერილკელები თუ სტუდენტები მთელი მსოფლიოდან არიან?
- უილიამ და მერიში ძირითადად ამერიკელები სწავლობენ. იმიტომ რომ უცხოელისთვის იქ სწავლა ძალიან ძვირი ჯდება - დაახლოებით 80 000 დოლარი წელიწადში. თუ უცხოელი იყო კოლეჯში ამერიკელები ფიქრობდნენ, რომ შეძლებული ოჯახს წარმოადგენდა. თუმცა, არაა გამორიცხული, ზოგიერთი მათგანი სტიპებნდიანტი ყოფილიყო.
- ჩვენი ბევრი საერთი ნაცნობი აღნიშნავს, რომ პატრიოტი ხარ. ეს ბუნებრივად მოხდა თუ აღზრდის შედეგია?
- დედამ გამზარდა პატრიოტად. დეიდაც მსგავსი სულისკვეთების ადამიანია. მათ შემაყვარეს უკრაინა და საქართველო და მასწავლეს, რომ უსამართლობას არ უნდა შევეგუო. დედაჩემი უშიშარი ხება და არ ერიდება არაფრის თქმა თუ საქმე უკრაინის ან საქართველოს ინტერესების დაცვას ეხება. შეუძლია ას ადამიანს ერთდროულად დაუპირისპირდეს. როცა უკრაინაში სიტუაცია დაიძაბა, მე და ჩემი ოჯახი ამერიკიდან საგანგებოდ ჩამოვფრინდით და ევრომაიდანზე დავდექით.
(ევრომაიდანი (უკრ. Євромайдан,) 2013 წლის 21 ნოემბერს უკრაინაში დაწყებული სამოქალაქო პროტესტების ტალღა. პროტესტები გამოიწვია უკრაინის ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შეჩერებამ.) ამერიკაში ყოფნისას კი რუსეთის საელჩოსთან ვაპროტესტებდი უკრაინის და საქართველოს წინშე ჩადენილ რუსულ დანაშაულს. ქართული და უკრაინული დროშით ხელში ვიდექი იქ და დავდგები მანამ, სანამ რუსეთი თავს არ დაანებებს ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტში ჩარევას და ჩვენი სოფლებისა თუ ქალაქების მიტაცებას.
2012 წლის აგვისტოში კი პირველად ჩამოვედი თბილისში, როგორც GFSIS-ის სტაჟიორი. საუკეთესო სამუშაო გარემოს დაემატა ქალაქი თბილისი,
რომელმაც ბედნიერების და სიმშვიდის უჩვეულო განცდა მაჩუქა. სოლოლაკში ვცხოვრობდი და ჩიტაძეზე მქონდა სამსახური. აქ ჩაამოსვლამდე დედამ გამაფრთხილა, რომ ძალიან შემიყვარდებოდა საქართველო და შევიძენდი ბევრ მეგობარს.
ასეც მოხდა. რატომღაც ფიქრობენ, რომ საქართველოსადმი ჩემი ეს დამოკიდებულება, ქართველი ბიჭის სიყვარულითაა გამოწვეული და ამ დროს, არასოდეს ამ მყოლია ქართველი შეყვარებული. დედა ან დეიდა მახლავს ყოველთვის როცა აქ ან სადმე სხვაგან ჩავდივარ. მათ გარეშე ფეხი არსად არ დამიდგამს.
გარდა თბილისისა ვიყავი ბევრგან - მათ შორის სვანეთშიც.
სამეგრელოში, აჭარაში, კახეთში, გარეჯში, ვარძიაში, ახალციხეში, ქართლში, ყაზბეგში. არ ვყოფილვარ - რაჭაში, ხევსურეთში, თუშეთში და აფხაზეთში.
- ვიცი, რომ რაღაც პერიოდი, საქართველოშიც მუშაობდი.
-დიახ, ასე იყო. საქართველოში დარეგისტრირებულმა ამერიკულმა კომპანიამ ვაკანსია გამოაცხადა, გავიარე გასაუბრება და მიმიღეს. რადგან საქართველო მიყვარდა, დავტოვე ამერიკაში საკმაოდ კარგი სამსახური და ჩამოვედი თბილისში. ვიქირავე ბინა. დეიდაჩემი ოლიაც თან ჩამომყვა. 2016 წელს დავიწყე მუშაობა. საკმაოდ წარმატებულად, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე თვე. სულ ეს იყო... საერთოდ, საქართველოში ადვილია ბიზნესის გახსნა, ამით ბევრი უცხოელი სარგებლობს. შემდეგ კი არაამერიკულად ექცევიან თანამშრომლებს, არღვევენ მათ შრომის უფლებებს და ხდება ისეც, რო მერე სასამართლოებში უხდბათ სიარული.
- ანია, მხარზე ქართულად გაწერია უკრაინა. ეს ტატუ დროებითია თუ სამუდამო?
- ძალიან მიყვარს საქართველო. დამწერლობაც კი იშვიათად ლამაზი გაქვთ. ამიტომ მინდოდა, რომ საქართველო ამ სახით სამუდამოდ ჩემთან დარჩენილიყო. საქართველოს რუკის ფორმის კულონსაც ვატარებ. ასევე მაქვს კულონი-სახელი ქართულად - ანუშკები.
- ამერიკელ ახალგაზრდებზე რას გვეტყოდით?
-ამერიკაში ბავშვს ბავშვობიდან ეუბნებიან: შენ შეგიძლია იყო ისეთი - როგორიც გინდა და აკეთო ის, რაც შენ გინდა! ამიტომ, ამერიკაში ადამიანებს არ ეშინით იყვნენ ისეთები, როგორიც თავად უნდათ და არა ისეთები, როგორიც სხვას უნდა. ამერიკელები ძალიან აფასებენ საკუთარ ინდივიდუალურობას. ცუდი კი ისაა ამაში, რომ ისინი ანგარიშს არ უწევენ სხვის აზრს და საერთოდაც არ ადარდებთ სხვისი ფიქრები. საქართველოში და უკრაინაში, ადამიანები ხშირად იმის გამო უშვებენ შეცდომებს, რომ ანგარიშს უწევენ იმას, თუ სხვვები რას იტყვიან ან იფიქრებენ მათზე.
მე მიყვარს ტრადიციული ქვეყნები, მაგრამ ამას თავისი პლიუსები და მინუსები აქვს. მაგალითად უკრაინა, თურქეთი და საქართველი ტრადიციული ქვეყნებია და ოჯახის ტრადიცია აქვს ამ სამ ქვეყანას. ეს ძალიან მომწონს.
ფოტოზე კოლორადოს დიდი კანიონი (არიზონას შტატი.) ანია ონოპრიენკო დეიდა ოლიასთან, ბებოსთან და დედასთან ერთად.
ტრადიციული ქვეყნების ხალხი მეტად ურთიერთობენ მშობლებთანაც და ბებია-ბაბუებთანაც. ადამიანებს არ ავიწყდებათ ერთმანეთი და უფრო მეგობრულები და მზრუნველები არიან - ვიდრე სხვაგან. თუმცა, ევროპაშიც აქვთ ასეთი ოჯახები - იტალიელებს გამოვყოფდი. ჩემი ამერიკელი მეგობრები კი დედებს კვირაში ერთხელ ან ორჯერ ურეკავენ. ზოგი კი თვეში ერთხელ. და ეს ხდება მაშინ, როცა მშობლებთან კარგი ურთიერთობა აქვთ. მე არ მაქვს მხედველობაში კონფლიქტური ოჯახები. ტრადიციულ ქვეყნებში რაც ძალიან არ მომწონს, ისაა, რომ მეტწილად ქალს სერიოზულად არ აღიქვამენ. ოჯახები ერევიან გოგოს ბედის გადაწყვეტაში. საზოგადოება კი ქუჩაში გამოსულ ქალს დეიდათი, ბიცოლათი ან სულაც ბებიათი მიმართავს, ნაცვლად იმისა, რომ მისთვის უცხო ადამიანს ქალბატონოთი მიმართონ. ასეთი რამ ამერიკაში რომ მოხდეს და უცნობმა ქალს დეიდა, ბებია, მამიდა, ბიცოლა დაუძახოს ვინმემ, ქალი მოუტრიალდება და ლაზათიან სილას გააწნავს. მისთვის წარმოუდგენლად დიდი დამცირებაა, როცა ვიღაც გამვლელი მას დეიდა-ბებიათი ან რაღაც მსგავსით მიმართავს, რადგან მიაჩნია, რომ ამით მის ასაკზე მიუთითებს. ხაზს უსვამს მის ხანდაზმულობას, მიანიშნებს რომ მალე მოკვდება, თავად კი მასზე ახალგაზრდაა და დიდხანს იქნება ამქვეყნად... ეს ეიჯიზმია და როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა ისე განიხილება და კანონით დასჯადია როგორც საერთაშორისო სამართლით, ისე უმეტესი ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობით. თბილისს, კიევს და სტამბოლს ან ანკარას თუ შევადარებთ ერთმანეთს ქალის თავისუფლების საკითხში - მეტ პროგრესს დავინახავთ თურქეთში. ამის მიზეზი კი ისაა, რომ თურქეთი არ ყოფილა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. საბჭოთა წყობამ ადამიანებში თავისუფლება ჩაკლა და ეს პირველ რიგში შეეხოთ ქალებს. ჩემი ქმრის თურქ თანამშრომელ ქალებს რომ ვუყურებ, 35 წლის ასაკში თხოვდებიან, მანამდე კი სწავლობენ, კარიერას იკეთებენ და ამაში მათ, არავინ არ უშლის ხელს. თურქეთის დიდ ქალაქებში 20-25 წლის გოგოებისთვის დაოჯახებაზე მთავარი სწავლა და კარიერაა. აზერბაიჯანი და თურქეთი ხომ ორი სახელმწიფო და ერთი ხალხია, მაგრამ ქალთან დამოკიდებულებაში ძალიან განსხვავდებიან. საბჭოეთგამოვლილ აზერბაიჯანში გოგონებს ადრეულ ასაკში ათხოვებენ და საერთოდაც, იქაურ ქალებს თურქი ქალებისგან განსხვავებით ოჯახებში გავლენიანი პოზიცია არ უკავიათ.
-კიევში პირველად როდის დაბრუნდი?
- 9 წლის ასაკში დავბრუნდი და აღმოვჩნდი ამერიკისგან ძალიან განსხვავებულ ქვეყანაში. კიევის ბინიდან რატომღაც უცებვე უკრაინულ სოფელში წამიყვანეს და შოკში ჩავვარდი, რადგან საპირფარეშო იყო გარეთ, ასეთი რამ კი ნანახი არსად არ მქონდა. სოფლისგან განსხვავებით, კიევს ადვილად შევეგუე და ამაში დამეხმარა ის, რომ მიყვარდა ბალეტი, ბებიაჩემის ბინა კი ოპერის თეატრთან ძალიან ახლოსაა და ამან გამიადვილა საბალეტო სპექტაკლებზე დასწრება. ეს ის ფუფუნება იყო, რომელიც ამერიკაში ხშირად არ მქონდა. მომეწონა უკრაინული საჭმელიც. მიყვარდა ბებიაც, რომელიც ხშირად იყო ჩემთან ამერიკაში და მასთან ერთად უკრაინა იმდენად შევიყვარე, რომ ყოველ ზაფხულს კიევში ვატარებდი. 9 წლამდე უკრაინულად და რუსულად საუბარი შემეძლო, მაგრამ, შეცდომებით. წერა კი საერთოდ არ ვიცოდი. როცა ამერიკიდან კიევში მივფრინავდი, ვიცოდი, რომ რაღაც უცხო და საინტერესო დამხვდებოდა. ასეც მოხდა, როგორც ბავშვს, უამრავი სიახლე მელოდა ყოველწლიურად. კითხვებით ამავსო უკრაინამ, რომლებზეც პასუხი სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა.
- ანია ონოპრიენკო ჩემთვის და ბევრი ადამიანისთვის არის პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდა, კარგი განათლებით და ასევე კარგი კალმით, პატრიოტიზმით და ფემინისტური იდეებით გამორჩეული... არ გიფიქრიათ იმაზე, რომ არაამერიკელზე დაქორწინების შემთხვევაში გაგიჭირდებოდა ისეთად დარჩენა, როგორიც ხარ?
- სხვათაშორის, არა! შესაძლოა ჩემი ოჯახისთვის იყო ჩემი თურქეთის მოქალაქეზე გათხოვება ცოტა გასაკვირი, მაგრამ, როცა საბა გავიცანი 2014 წლის დეკემბერის ვაშინგტონში, ერთ-ერთ წვეულებაზე და როგორც კი გავცვალეთ სავიზიტო ბარათები და შემდეგ კარგა ხნით დავკარგე თვალსაწიერიდან - ვიგრძენი, რომ რაღაც მოხდა ჩემში. ის არ ყოფილა მომაბეზრებელი თაყვანიმცემელი. საკმაოდ დელიკატური და დისტანციური იყო. არც შეხვედრები დაგვიწყია უცებ. როცა ვხვდებოდით ერთმანეთს, ვსეირნობდით და ვსაუბრობდით. არასოდეს არ ჰქონია მცდელობა რომ თუნდაც გამომშვიდობებისას ეკოცნა. მასში ამ თავშეკავებულობამ და მაღალმა ზნეობამ მომხიბლა, თუმცა სულ ვგრძნობდი, რომ მოვწონდი, მაგრამ ხშირად ამაშიც არ ვიყავი ბოლომდე დარწმუნებული. 2016 წლიდან უკვე ოჯახმაც იცოდა ჩვენზე და ისე ვხვდებოდით ერთმანეთს. ის დიპლომატია. თანამედროვე და კარგი ოჯახის შვილი. როცა გავიცანი ვაშინგტონში მუშაობდა თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში. ჩვენ გვქონდა ორი ქორწილი - ერთი უკრაინაში, ქალაქ ლვოვში,
მეორე კი თურქეთის დედაქალაქ, ანკარაში. ლვოვი ისტორიული ქალაქია და მე ის ბავშვობიდან მომწონდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ქორწილის იქ გადახდა.
ქორწილისთვის ლვოვის უძველესი ციხესიმაგრე შევარჩიე. მყავდა სტუმრები ამერიკიდან, საქართველოდან , თურქეთიდან და რა თქმა უნდა უკრაინიდან.
ლვოვში ჩატარებული საქორწინო ცერემონიალით ყველა ნასიამოვნები დარჩა.
შემდეგ კი, თურქული ქორწილი გადავიხადეთ ანკარაში.
თურქული ქორწილი ძალიან განსხვავდება ამერიკულისგან, უკრაინულისგან და ქართულისგან. სულ 5-6 საათი გრძელდება. ძალიან ცოტა საჭმელია, ხალხი კი ბევრი. ფაქტიურად ეს ქორწილი არის გაცნობითი ხასიათის, ნათესაობა ეცნობა ახალ წევრს და წყვილს აუცილებლად ჩუქნიან ოქროს მონეტებს, რომლის ღირებულება 50-200$ ფარგლებში მერყეობს. რაღაც საინტერესო დეკორაცია ან პროგრამა თურქულ ქორწილში არ არის. წყვილს აცვია საქორწილო კაბა და კოსტუმი, სტუმრები კი მათთან მიდიან და ჩუქნიან ოქროს მონეტებს. ვიცი რომ საქართველოში უზარმაზარი თანხა იხარჯება ქორწილებში დეკორაციაზე, საჭმელზე. ასევე ხდება უკრაინაშიც, ამერიკაშიც. თურქეთში კი სხვაგვარადაა. რაც შეეხება უცხოელ რძლებს თურქები მათ ძალიან პოზიტიურად ღებულობენ. რაშია საიდუმლო?! ვფიქრობ, ეს ყველაფერი ოსმანეთის დროიდანაა დამკვიდრებული. სულთანებს ხომ სულ უცხოელი გოგოები ჰყავდათ ჰარემში.
- როგორი მეუღლეა, გაამართლა თქვენი მოლოდინი?!
- ძალიან მზრუნველი და ყურადრებიანი. ამზადებს საჭმელს, სახლის საქმეებსაც აკეთებს. თუ კაბა გამერღვევა, გაკერავს. თავის პერანგებს თავად იუთოებს...
ანიას დედა ქალბატონი ნადია ჩაგვერთო ინტერვიუში:
- რაც მთავარია, სიდედრი უყვარს და აფასებს. როდესაც ანკარაში ჩავდივარ, საგანგებო ტურებს ადგენს და შაბათ -კვირას ხან სად ვართ, ხანაც სად.
ანია:
-საერთოდ თურქები კარგი ქმრები არიან. იგივეს ამბობს ჩემი რუმინელი მეგობარი, რომელსაც ჰყავს თურქი ქმარი და ამერიკელიც, რომელმაც წლების წინ შექმნა თურქთან ოჯახი. ჩემს მეუღლეს ამჟამად ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა უკავია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თვეში ერთხელ მაინც მივდივართ თურქეთის რომელიმე ღირსეშანიშნავ ადგილას.
საბას ხშირად ეპატიჟებიან სხვადასხვა ქვეყნების საელჩოები ღონისძიებებზე. მეც სულ თან ვახლავარ.
ელჩები ხუმრობანარევი დელიკატურობით ეუბნებიან, შენ ის თურქი ხარ, რომელსაც ამერიკა უყვარს, რადგან იქ ასეთი ცოლი იპოვეო!
- როგორი ურთიერთობა გაქვს ქმრის ნათესავებთან?
- ქმრის ნათესავებიდან ანკარაში ძმა და მშობლები ცხოვრობენ. სხვები კი თოკაში, შავი ზღვის სანაპიროზე, თურქეთის ჩრდილო აღმოსავლეთში. იქ ძალიან ბევრი ქართული სოფელია. ჩემი ქმარიც იქაა დაბადებული და მერე არიან გადმოსულები ანკარაში. სავარაუდოდ, ჩემი ქმარიც ისტორიულად ქართველია. სწორედ აქედან გამომდინარე მის თურქულ სახელს ქართული ელფერი შევძინე და დაქორწინებისთანავე საბა დავარქვი. მეტიც, ქორწილში მინდოდა ქართული თეთრი ჩოხა ჩაეცვა. მან კი: - უკრაინული რომ ჩავიცვა უფრო სწორი იქნებაო, მიპასუხა. მეუღლის მშობლებს თვეში 2-3-ჯერ ვხვდებით. ძალიან კარგი და კულტურული ხალხია. ისინი არ საუბრობენ ინგლისურად, მაგრამ მშვენივრად ვუგებთ ერთმანეთს.
ჩემს გარემოცვაში მყოფი თურქებზე გათხოვილი უცხოელი გოგონები წუწუნებენ, რომ ქმრის ნათესავებმა წინასწარი გაფრთხილების გარეშე იციანო სტუმრობა. მე მსგავსი შემთხვევა არ მქონია. მეტიც, საბას ნათესავები იმასაც კი არ მეკითხებიან, თუ როდის გავაჩენ ბავშვს. ძალიან დელიკატურები არიან. არადა, თითქმის სამი წელია, რაც მე და საბა ერთად ვართ. საერთოდ, თურქეთში წყვილები თანაცხოვრებიდან 2-3 წლის მერე გეგმავენ შვილის ყოლას. მე მყავდა გათხოვილი სტუდენტი, რომელსაც ინგლისურს ვასწავლიდი და ის რომელიღაც პროვინციიდან იყო ჩამოსული, ჩადრით დადიოდა და მითხრა, რომ უნივერსიტეტის დამთავრებამდე შვილის გაჩენას არ აპირებდა.
- ვიცი, რომ თურქეთი გიყვარს. რას გვეტყოდი ამ ქვეყანაზე?
- გათხოვებამდე ნამყოფი ვარ სტამბოლში, ძალიან მომეწონა და ვფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა, თუ რამოდენიმე წლით გადმოვსახლდებოდი, ვიცხოვრებდი და ვიმუშავებდი ამ ქალაქში. იმდენად ლამაზია, რომ ძნელია მასზე უარის თქმა.
მაგრამ, ახლა უკვე ვიცი, რომ თურქეთში ცხოვრება ჩემნაირი ადამიანისთვის ძნელია. ქვეყანა ნამდვილად ლამაზია, ხალხი თბილი და კარგია, მაგრამ არის ჩემთვის მიუღებელი რამდენიმე რამ:
1. თურქული საჭმელი, უმრავლესობას უყვარს, მე კი ვერ შევეგუე.
2. ბავშვები ჰყავთ ძალიან გათამამებულები. მშობლები არ ასწავლიან რა შეიძლება და რა არ! სავაჭრო ცენტრში შეიძლება ბავშვი ველოსიპეტით დაგეტაკოს, რესტორანში კი ბავშვები ღამითაც დაჰყავთ. ისინი ხმამაღლა ყვირიან და არავინ არ აძლევს მათ შენიშვნას. ამერიკაში ასეთი რამ არ ხდება, 9 საათის მერე ბავშვს რა უნდა რესტორანში? ის სახლში უნდა იყოს! უკრაინაშიც იშვიათობაა ღამე ბავშვი რესტორანში. არც საქართველოში მინახავს მსგავსი რამ.
3. მეჩეთებში ძალიან ადრე და ხმამაღლა იწყება ლოცვა. კარგი იქნებოდა, რომ ასე ხმამაღლა არ ტარდებოდეს მსახურება. თურქების ნაწილი მიჩვეულია ამას, ზოგიერთი კი მეთანხმება და ამბობენ, რომ ლოცვა ნამდვილად ხმამაღალია. ჩემთვის ძნელია ამ ყველაფერთან შეგუება. ანკარაშია ყველა საელჩო განთავსებული და ჩვენც არ ვცხოვრობთ რელიგიური მრევლით დასახლებულ უბანში, მაგრამ მაინც მთელ ქალაქში ისმის მსახურება. თურქეთის დიდი ქალაქებში 50/50-ზეა მორწმუნე და ათეისტური მოსახლეობა.
- თურქული ენა თუ ისწავლე?
- მინიმალური ვიცი - სამგზავრო, სარესტორნო, სამაღაზიო. თურქული ენის კურსებზე ვერ მოვასწარი სიარული, რადგან ანკარის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამა ინგლისურად დავამთავრე წელს და დრო არ მქონდა.
- როგორ მოგეწონათ უილიამ და მერის კოლეჯის მერე ანკარის უნივერსიტეტი?
- ანკარის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც წელს დავამთავრე, თურქეთის საუკეთესო უნივერსიტეტების ტოპსამეულში შედის. ეს ინგლისურენოვანი უნივერსიტეტია და სწავლება ძალიან მიახლოებულია ამერიკულ სტანდარტებთან. თუნდაც უნივერსიტეტის დაგეგმარება რომ ავიღოთ და ის ტერიტორია რაც მას უკავია - ძალიან ჰგავს ამერიკულს.
1950 წელს გაიხსნა ანკარის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ის ამერიკელი არქიტექტორების მიერ არის დაპროექტებული. პროფესორისთვის აუცილებელი მოთხოვნაა თუნდაც ერთი ევროპული ან ამერიკული დიპლომის ქონა. სასურველია ეს დიპლომი იყოს მაგისტრის ან დოქტორის ხარისხის დამადასტურებელი. ჩემი იქ სწავლის პერიოდში ბევრი უცხოელი სწავლობდა ერასმუსის პროგრამით. თავად მაგისტრის დიპლომი ავიღე, ევრაზიის პოლიტიკის სპეციალობით.
სწავლასთან ერთად ვმუშაობდი. კონკრეტულად კი ინგლისურს ვასწავლიდი ანკარელ მოსამართლეებს და სამხედროებს. რაც შეეხება ინგლისურის დონეს, ანკარაში მასამ ინგლისური უფრო ცუდად იცის ვიდრე იგივე თბილისში ან კიევში. პრობლემა იმაშია, რომ სახელმწიფო სკოლებში სერიოზულად არ უყურებენ ამ საგანს. ინგლისური, მხოლოდ საკურორტო ქალაქების მოსახლეობამ იცის, რადგან მათ ეს ენა ტურისტებთან საურთიერთობოდ სჭირდებათ.
- ბავშვობისას როგორ წარმოგედგინა შენი მომავალი?
- ბავშვობისას დავიწყე ფრანგულის შესწავლა და როცა წამოვიზარდე, უკვე გამართულად ვსაუბრობდი. წიგნებში წაკითხულით მიყვარდა საფრანგეთი და ვფიქრობდი, რომ ჩემი ქმარი იქნებოდა ფრანგი შემოქმედი. თავად ბავშვობიდან ვხატავ. მიყვარს მოდა, კრეატიული დიზაინი, მხატვრული ხელოვნება. ჩემს აზრებში სულ იყო საფრანგეთი. გამიმართლა და ერთხელ საუნივერსიტეტო პროგრამით 2 თვით მართლა გამაგზავნეს საფრანგეთში. სტიპენდიაც დამინიშნეს.
ვცხოვრობდი საფრანგეთის სამხრეთში ქალაქ მონპელიეში. ოჯახიში, რომელიც შედგებოდა ასაკოვანი წყვილისგან. მათ ჰქონდათ კარგი სახლი კარგ ადგილას. ყოველდღე დავდიოდი უნივერსიტეტში და ვსწავლობდი ფრანგულს. პროექტიც დავწერე ფრანგულ მოდაზე. მოდის ტენდენციებზე ინტერვიუებს ვართმევდი მონპელიელ ქალებს, შევდიოდი იქაურ ბუტიკებში და იქაც მომხმარებლებისგან ვიღებდი ინტერვიუებს. შედეგი კი ის იყო, რომ ფრანგული დავხვეწე. თუმცა, პრინცი არსად შემხვედრია. ან იქნებ იყო კიდეც სადმე, მაგრამ მე ვერ შევნიშნე.
- როგორ გადაიტანეთ პანდემია?
-მთელი აპრილი და მაისი ვიყავი ანკარაში და სახლში. მეტწილად დედაზე ვნერვიულობდი და ყოველდღე ვესაუბრებოდი ტელეფონით. სამსახური სულ მქონდა, რადგან ინგლისურს დიდი ხანია რაც ონლაინ ვასწავლი ჩინეთში მცხოვრებ ბავშვებს, ჩინურ კომპანიასთან დადებული კონტრაქტის საფუძველზე. თავისუფალ დროს ვხატავდი, ვაცხობდი. გამოვაცხვე აჭარული ხაჭაპურები.
ამერიკული პრესელებიც (pretzel) არაერთხელ გამოვაცხვე..
სააღდგომო პასქაც კარგი გამომივიდა, კვერცხებიც თავად მოვხატე..
მერე ამ ყველაფერს საბას ვაჭმევდი, რადგან, პანდემიის გამო, სხვა არავის შეეძლო ჩვენთან მოსვლა. ქუჩაშიც ნიღბით დავდიოდით, რადგან უნიღბო მოქალაქე 900 ლირით ჯარიმდებოდა (130 დოლარი). არადა, არც მე და არ ჩემი ქმარი არ იცნობს არავის, ვინც ავად გახდა კოვიდით. როგორც კი საჰაერო გზები გაიხსნა - დედა ჩამოფრინდა. ახლაც ჩვენთანაა და ერთად დავდივართ ანკარის ქუჩებში ნიღბებით.
- რას მეტყვი შენს ნათესავებზე, როგორი ურთიერთობა აქვს მეუღლეს მათთან?
- ძალიან კარგი. ლვოვის ქორწილში გაიცნო ყველანი. ძალიან მოეწონა ჩემი ლამაზი ბებო, რომელიც საოცრად განიცდიდა ყირიმის ანექსიას.
ის შარშან დეკემბერში გარდაიცვალა. მისი სახელი მქვია. ხერსონელი იყო და ყირიმთან ახლოს ცხოვრობდა. შემდეგ, ბაბუაჩემზე იქორწინა და კიევში გადმოვიდა საცხოვრებლად. 31 ივლისს 88 წლის გახდებოდა. ბებო რომ არა, შესაძლოა არ დავბადებულიყავი. დედაჩემი ჩემსავით იყო, კარიერაზე ორიენტირებული და შვილის გაჩენას გათხოვებისთანავე არ გეგმავდა. მისი ორსულობის შესახე პირველმა ბებომ შეიტყო და სთხოვა, რომ ბავშვი გაეჩინა. აი, ასე მოვევლინე ქვეყანას. კიევში ცხოვრობენ მამაჩემი და მამიდა, დეიდა და დეიდაშვილი ოჯახთან ერთად კი ამერიკაში არიან. დედაჩემის გარდა ანკარაში არაერთხელ ჩამომაკითხეს დეიდამ, დეიდაშვილმა შვილთან ერთად. საბა მათ დიდი პატივისცემით ღებულობს. როცა მომენატრება ამერიკა, საქართველო ან უკრაინა და თუ დრო მაქვს, მეუღლე ყოველთვის ყველგან უპრობლემოდ მიშვებს.
- ხატავ, თან საკმაოდ საინტერესოდ, გამოფენაზე არ გიფიქრია?
- ბავშვობიდან ვხატავ. თვითნასწავლ ვარ.
თუმცა, უნივერსიტეტში სწავლისას ხატვის კურსიც ავიღე რამოდენიმეჯერ..
ბევრი ნახატი მაქვს, მაგრამ არასოდეს მიცდია გამოფენის მოწყობა. შემოთავაზებები კი ნამდვილად მქონდა.
ვაშინგტონში მცხოვრები გალერისტი ძმები კერესელიძეებიც დაინტერესდნენ ჩემი ნახატებით. არადა, ძალიან დაკავებული ვიყავი იმ დროს და ვერ მოვინდომე.
კარანტინის დროს კი ისევ დავიწყე ხატვა და პირველი რაც დავხატე ეს თბილისი იყო.
- თქვენი ქორწილიც გაქვს დახატული, ანუ ეპიზოდი ლვოვიდან...
- დიახ ეს ნახატი მეუღლეს მივუძღვენი ჩვენი ქორწინების წლისთავზე.
- სად ხედავ შენ თავს მომავალში?
- უახლოეს მომავალში კვლავ ანკარაში. ამ პანდემიამ შემიშალა ხელი - ამ გაზაფხულზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (United Nations ) ანკარის ოფისში დევნილების საკითხებზე უნდა დამეწყო მუშაობა. იმედია, ოქტომბრიდან ყველაფერი დალაგდება და დავიწყებ მუშაობას. შორეულ მომავალში კი ისევ ამერიკაზე ან კანადაზე ვფიქრობ. თუმცა, მომავალთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას მეუღლესთან ვათანხმებ.