გასეირნება წარსულში

გასეირნება წარსულში

19.11.2020

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

გუშინ მკერავს ვეძებდი და ვხედავ,  ზინგერის მანქანას უზის კაცი. გაოცება ვერ დავმალე და:

- არ მეგონა, კიდევ თუ იყენებდნენ ზინგერსმეთქი.

- მე ვიყენებო!

მერე ჩემში ბიზნესმენმა გაიღვიძა და ვეუბნები:

-5000-ად გაყიდით?

- არა, 10 000 $ მინდაო.

დიდი ხნის წინ გაგონილის მიხედვით, ამ მანქანაზე ანტიკვარები ნადირობდნენ და 30000$ იძლეოდნენ. ამბობდნენ, რომ პირველი თაობა, ანუ ნამდვილი ზინგერი ოქროს და პოლადიუმის (თეთრი ოქრო) დეტალებისგან იყო აწყობილი. ასევე გამიგია, რომ საბჭოეთიდან წასულმა ემიგრანტებმა თითო ზინგერი სწორედ ამიტომ გაიყოლიეს თან. მათ, ოქროს დეტალები გადაადნეს და ემიგრაციის პირველი წლები უპრობლემოდ იცხოვრეს.

ცოტა რამ კაცზე, რომელმაც ზინგერი გამოიგონა

ისააკ ზინგერი ამერიკელი ბიჭი იყო. 1811 წელს დაიბადა და 10 წლიდან მუშაობდა. თინეიჯერობის ასაკში ოჯახიდან მამის გამო წავიდა, დედამისის მიტოვება და მეორე ცოლის მოიყვანა ვერ აპატია. ისააკს მექანიკა და თეატრი ერთ დონეზე აინტერესებდა. მექანიკოსთან სტაჟიორად მუშაობდა, თან სპექტაკლებში მონაწილეობდა. მექანიკოსთან მუშაობა გამოადგა, დიდი გამომგონებელი გახდა, სცენას კი ჩამოშორდა, რადგან იქ ნიჭით სხვებმა აჯობეს. ბევრი გამოგონებების მერე 1951წელს საკერავი მანქანა გამოიგონა, რომელიც გამოფენაზე გატანისთანავე 100 დოლარად გაიყიდა. ეს დიდი თანხა იყო მაშინ და დასაბამი მისცა ზინგერის წარმოებას. ამბობენ, რომ ისააკ ზინგერის გამდიდრება ევროპა-ამერიკის უმუშევარი დიასახლისების დამსახურებაა. სწორედ მათ შეიძინეს პირველი საკერავი მანქანები და საკუთარ სახლებში დასაქმდნენ. ზინგერმა ოფისები რუსეთის იმპერიის ქალაქებშიც გახსნა.1896 წელს დაიბადა სააქციო საზოგადოება "მანუფაქტურული წარმოება ზინგერი". 1900 წელს კი გადაწყდა, რომ რუსეთში, ქ.პოდოლსკში ზინგერის ქარხანა აეშენებიათ. ვალტერ ფრანკ დიქსონი გახდა ქარხნის პირველი დირექტორი. პეტერბურგში, მოსკოვში, თბილისსა და ბაქოში ჰქონდა ზინგერს მაღაზიები. თბილისის ოფისი მდებარეობდა იქ, სადაც დღეს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმია, ანუ რუსთაველის 9 ნომერში და იქ 400-მდე ადამიანი მუშაობდა. ზინგერი 80 მანეთამდე ღირდა და სამხრეთ კავკასიაში დიდი მოთხოვნით სარგებლობდა.პირველმა მსოფლიო ომმა კიდევ უფრო გაზარდა მასზე მოთხოვნა. ჯარისკაცებისთვის სამხედრო უნიფორმები არ ჰყოფნიდათ და დიდ-პატარა ზინგერს მიუჯდა. 1917 წლის რევოლუციამ ზინგერის ქარხანა გააჩერა. ბოლშევიკებმა ზინგერის ქარხნის მუშაობა 1923 წელს განაახლეს, მაგრამ სხვა დასახელებით -ანუ ზინგერს დაარქვეს პოდოლსკი. მოკლედ, ზინგერს წარმოება წაართვეს. რევოლუციამდელი ზინგერის დეტალების 75% იმპორტული იყო. 1928 წლიდან კი საბჭოურმა ჩაანაცვლა. პოდოლსკის ქარხანაში საკერავი მანქანების გვერდით 1935 წლიდან დაიწყეს მოტოციკლეტების გამოშვებაც. მეორე მსოფლიო ომის დროს ქარხანა ამზადებდა ფუგასურ (გამანადგურებელ) ბომბებს, ჭურვებს, ნაღმებს. მხოლოდ 1946 წლიდან დაუბრუნდნენ საკერავი მანქანების წარმოებას, 100 ცალით დაიწყეს და 1957 წლის გეგმით 3 მილიონი უნდა გამოეშვათ. შემდგომში მანქანებზე მოთხოვნა შემცირდა უხარისხობის გამო. კონსტრუქცია და ტექნოლოგია გახდა შესაცვლელი და წლების მერე პოდოლსკის გატეხილი სახელი ჩაანაცვლა ჩაიკამ.პოდოლსკის ქარხნნის დიდი რეკონსტრუქცია მოხდა 80-იან წლებში. ისევ გადაარქვეს სახელი და გახდა "პოდოლსკშვეიმაშინ". ქარხანა ერთნახევარ მილიონ საყოფაცხოვრებო და 50 ათას საწარმო საკერავ მანქანას უშვებდა. 1991 წლიდან ჩინურმა და გერმანულმა საკერავმა მანქანებმა გამოაგდეს პოდოლსკი ბაზრიდან. ასეთი ბედი ერგო წართმეულ ბიზნესს!

არ ვიცი, რა ბედი ელის ზინგერს, რომელიც მე აღმოვაჩინე... იმედია, დაინტრერესდება ვინმე - რარიტეტების მოყვარული - მისით!



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge