ამ ლექსის ავტორი გახლავთ დიდებული ქართველი პოეტი მორის ფოცხიშვილი. მან 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ჟურნალისტიკის განყოფილება. 1959–1965 წლებში მუშაობდა გამომცემლობა „ლიტერატურა და ხელოვნებაში“. 1979-1982 წლებში იყო ჟურნალ „ცისკრი“ რედაქტორი, 1983-1987 წლებში — გამომცემლობა „ნაკადულის“ დორექტორი. 1987 წლიდან მუშაობდა წიგნის პალატის დირექტორად. პირველი ლექსები 1950 წელს გამოაქვეყნა. პირველი პოეტური კრებული „ალუბლები წვიმაში“ — 1957 წელს. ამას მოჰყვა მისი შემოქმედებისათვის მნიშვნელოვანი კრებულები: „ხმა“ (1966) „რწმენა“ (1970), „შენითა“ (1983) „შენ სიყვარულო, შენ“ (1991), „სანთელ-საკმევლისა“ (1998) და მრავალი სხვა კრებული თუ ერთტომეული. იგი ლაურეატია ნ.ოსტროვსკის, გ. ტაბიძის, ა. წერეთლის, ზვიო ზდოსლავის, ო. თუმანიანის სახელობისა და სახელმწიფო პრემიებისა. მიღებული აქვს ალბერტ შვაიცერის მშვიდობის მედალი (1983).
მორის ფოცხიშვილი ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობასაც. მან თარგმნა სერგეი ესენინის, ნიკოლოზ ტიხონოვის, ბორის პასტერნაკის, ანდრეი ვოზნესენსკის, ევგენი ევტუშენკოსა და სხვათა ნაწარმოებები, უკრაინელ, ბელორუს და მოლდაველ პოეტთა ლექსები.
მორის ფოცხშვილის ლექსები თარგმნილია რუსულ, სომხურ, ინგლისურ, გერმანულ და სხვა ენებზე.
გარდაიცვალა 1997 წელს. დაკრძალულია ანდერძისამებრ მცხეთაში, დედათა მონასტრის ეზოში.
ეთერ ჭელიძე - კომპოზიტორი და მომღერალი, დაიბადა 1938 წლის 21 მარტს, ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი(საფორტეპიანო), ხოლო 1962 წელს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (საფორტეპიანო).
1962-1987 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი. არის 200-მდე სიმღერის ავტორი, თანადამფუძნებელი კონცერტების „მღერიან ექიმები“, „მღერიან ჟურნალისტები“; თხზულებები: საბავშვო მიუზიკლი „დღეს“. გარდაიცვალა 47 წლის ასაკში, 1987 წლის 13 ნოემბერს.
მორის ფოცხიშვილის ლექსზე"მე მაინც მოვალ", ეთერ ჭელიძემ დაწერა მუსიკა და ბრწყინვალედ შეასრულა. წლების შემდეგ კი ანრი ჯოხაძემ შექმნა ამ ლექსისა და მუსიკის ცეცხლოვანი ერთობლიობა.
ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი