ნანა ჯანაშია
By Nana Janashia
ინგლისელი ლორდი, კედლსტონის გრაფი, კონსერვატორი პოლიტიკოსი და დიპლომატი ჯორჯ ნათანიელ კერზონი (George Nathaniel Curzon)1859 წელს კედლსტონში დაიბადა. იყო ინდოეთის მეფისნაცვალი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და რაც მთავარია იცნობდა საქართველოს და მფარველობდა ჩვენს ქვეყანას. ის 1880-1890-იან წლებში იმყფებოდა თბილისში. მან ბათუმი-ბაქოს სარკინიგზო ხაზითაც იმოგზაურა და შემდგომში თავის წიგნში აღფრთოვანებულმა დაწერა: არაფერს შეუძლია გადააჭარბოს ბათუმი-თბილისის სარკინიგზო ხაზის გასწვრივ არსებულ სილამაზეს.
1919 წლის ოქტომბერში ლორდი კერზონი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა და ამ თანამდებობაზე 1924 წლამდე დარჩა. დასავლურ სამყაროში ის აღმოსავლეთის საკითხებში ყველაზე კომპეტენტურ პოლიტიკოსად ითვლებოდა. კერზონი ეწინააღმდეგებოდა კავკასიაში რუსეთის შესაძლო დაბრუნების საფრთხეს, ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად საგარეო საქმეთა მინისტრმა ამიერკავკასიაში ბრიტანეთის უმაღლეს კომისრად კავკასიის კარგი მცოდნე და ქართველთა მეგობარი ოლივერ უორდროპი დანიშნა. საერთაშორისო შეხვედრებისას ლორდი კერზონი ხმამაღლა აფიქსირებდა საქართველოსადმი საკუთარ სიმპათიებს. ის იყო რუსეთის იმპერიის სამხრეთით სვლის შეჩერების პოლიტიკის ერთ-ერთი შემოქმედი. 1920 წლის იანვარში მოკავშირეთა უმაღლესმა საბჭომ ლორდ კერზონის ინიციატივით საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა დე ფაქტოდ აღიარა და ამის შესახებ დეპეშით შეატყობინეს თბილისში მყოფ ამიერკავკასიაში ბრიტანეთის უმაღლეს კომისრ ოლივერ უორდროპს. კერზონის მიზანი იყო ბრიტანული ჯარები მანამ ყოფილიყვნენ საქართველოში და კავკასიაში, სანამ კავკასიის რესპუბლიკები გაძლიერდებოდნენ და რუსეთი ვეღარ იქნებოდა მათთვის საფრთხე. მოხდა ისე, რომ, ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ლოიდ ჯორჯმა ინერტულობა გამოიჩინა ამ საკითხის მიმართ და არც ჩერჩილი-უილსონის სამხედრო ფრთამ დაუჭირა ლორდ კერზონს მხარი. ბრიტანეთის მთავრობა გვერდში რომ დადგომოდა ჯორჯ ნათანიელ კერზონს - კავკასია გაწითლებას გადაურჩებოდა და ბევრად უფრო ცივილურად და ბედნიერეად წარიმართებოდა ჩვენი ცხოვრება ვიდრე 1921 წლის მერე წარიმართა.
P.S. როცა პოლიტიკაში მოვალ, აუცილებლად დავარქმევ ძველი თბილისის რომელიმე ქუჩას ლორდ კერზონის სახელს!