იოსებ გობეჩია - ლევილის კიდევ ერთი მკვიდრი

იოსებ გობეჩია - ლევილის კიდევ ერთი მკვიდრი

10.02.2021

იოსებ გობეჩია - ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. ივანე და ვლადიმერ გობეჩიების ძმა.

იოსებ გობეჩია დაიბადა 1879 წელს, ქალაქ ქუთაისში. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, ოდესის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი 1908 წელს, გრენობლის პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

სწავლის პერიოდში, სტუდენტთა 1901 წლის მღელვარების დროს დააპატიმრეს გამოსვლებში მონაწილეობის გამო და ადმინისტრაციული წესით გაასახლეს - დააბრუნეს საქართველოში. ამავე წელს ისევ დააპატიმრეს საქართველოს რუსეთთან შეერთების 100 წლისთავის აღსანიშნავ იუბილეზე საპროტესტო სიტყვის წარმოთქმის გამო და ადმინისტრაციული წესით უკან - ოდესაში გაასახლეს. 1905 წელს ჩამოაყალიბა სოციალისტ-რევოლუციონერთა მებრძოლი რაზმი, რომელმაც განახორციელა ტერორისტული აქტები სადამსჯელო ოპერაციების ხელმძღვანელ გენერალ მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკიზე ქუთაისში, მაზრის უფროს კეღამოვზე - ოზურგეთში და პოლიცმეისტერ მარტინოვზე - ტფილისში. 1906 წლის ბოლოს, როგორც ამიერკავკასიის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის საოლქო კომიტეტის წევრი, ფინეთში (იმატრაში) ესერთა პარტიის საბჭოს ყრილობას დაესწრო და მონაწილეობდა ესერთა პარტიის მეორე ყრილობის მუშაობაში ტამერფორსში (ფინეთში). უკან დაბრუნებისას დაიჭირეს და თბილისში გაასახლეს. 1909-1911 წწ. ცხოვრობდა და მუშაობდა ბაქოში - კითხულობდა ლექციებს სახალხო უნივესიტეტში ასტრონომიაში. ძმასთან ვლადიმირთან ერთად აქვეყნებდა მასალებს ბაქოში ქართულ ენაზე გამომავალ ესერთა პარტიულ გაზეთ „მარცვალში“. რადგან მას ჟანდარმერია მუდმივად დევნიდა იძულებული გახდა, გაქცეულიყო საზღვარგარეთ, კერძოდ კი საფრანგეთში ჩავიდა და იქ დაიწყო სწავლა და მუშაობა. თავიდან ობსერვატორიაში მუშაობდა. შემდეგ გრენობლის (საფრანგეთი) პოლიტექნიკური ინსტიტუტი ელექტროტექნიკის ინჟინრის ხარისხით დაამთავრა და პარიზში ინჟინრად დაიწყო მუშაობა.. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა პეტროგრადში, საიდანაც დროებითი მთავრობის ხელმძღვანელმა, თანაპარტიელმა ალექსანდრე კერენსკიმ კავკასიის ფრონტის კომისრად გაგზავნა. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ბოლშევიკ ოკუპანტთა წინააღმდეგ მებრძოლ ქართველ პატრიოტთა რიგებში ჩადგა. იყო დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრი. დამკომის მიერ გაიგზავნა უცხოეთში ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციასთან სახალხო ამბოხების საკითხებთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად. 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ იძულებული გახდა, ემიგრაციაში დარჩენილიყო. იყო სოციალ-დემოკრატიული ემიგრანტული გაზეთის - „დამოუკიდებელი საქართველოს“ რედაქტორი. შემდგომ წლებში აქტიურად მონაწილეობდა ემიგრაციის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში; აქვეყნებდა სტატიებს ემიგრანტულ გამოცემებში.

გარდაიცვალა 1963 წელს პარიზში ლევილ-სიურ-ორჟში. დაკრძალულია ლევილში, ქართველთა სასაფლაოზე.

ამ მასალის მოსაძიებლად იმუშავა ნანა ჯანაშიამ.


 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge