საფრანგეთის პრეზიდენტი (1920-1924 წწ) ალექსანდრე მილერანდი(Alexandre Millerand) 1859 წლის 10 თებერვალს პარიზში, ვაჭრის ოჯახში დაიბადა. მან იურიდიული განათლება მიიღო და ადვოკატად მუშაობდა პარიზში. სახელი გაითქვა პოლიტიკური სასამართლო პროცესებით (მაგ.: 1890 წლის რუსი ანარქისტების გახმაურებული საქმის ადვოკატიც იყო). 1884 წლიდან მილერანი გაზეთ "La Justice" - ის ერთ – ერთი რედაქტორია, 1885 წლიდან კი დეპუტატთა პალატის წევრი.
მალე, მილერანდსა და მისი პარტიის ლიდერს კლემანსოს შორის უთანხმოება წარმოიშვა, რადგან მილერანი გაცილებით მეტ მნიშვნელობას ანიჭებდა სოციალურ საკითხებს და მზად იყო შეხვდროდა სოციალისტებს, მათთან ერთად მიეღო მონაწილეობა მშრომელთა კლასის სასარგებლოდ გამართულ ღონისძიებებში, ვიდრე კლემენცო. 1889 წელს მილერანი წავიდა გაზეთიდან "La Justice" და გაზეთ "La Voix"- თან დაიწყო თანამშრომლობა. იყო გენერალ ბულანჟეს აღზევების მოწინააღმდეგე. წერდა მის საწინააღმდეგო სტატიებს. 1892 წელს მილერანმა გობელტთან ერთად მოაწყო "რადიკალი სოციალისტების" საპარლამენტო ჯგუფი, რომლის ორგანოს წარმოადგენდა გაზეთი "Petite République Française". მილერანის საარჩევნო მანიფესტში 1893 წლის არჩევნებზე შრომის მფარველობა და მშრომელი ადამინის დაცვა იყო წამოწეული წინა პლანზე.
1890-იან წლებში მილერანი კიდევ უფრო დაუახლოვდა სოციალისტებს. ის გახდა გაზეთის "Petite République Française"-ის მთავარი რედაქტორი. მილერანი, ფრანგულ-რუსულ ალიანსის წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ რუსეთისადმი გადამეტებულ პატივისცემას არ ემხრობოდა. 1896 წლის მაისში სენ-მანდში გაიმართა ფრანგი სოციალისტების ყრილობა, რომელზეც მილერანდმა განაცხადა, რომ ”დაუყოვნებლივი რეფორმები იყო განსახორციელებელი, რაც შეუმსუბუქებდა მუშათა კლასს ცხოვრებას და მისცემდა მეტი თავისუფლების მოპოვების შესაძლებლობას. წარმოების საშუალებების სოციალიზაციის მომხრე იყო. 1899 წელს კი ის გახდა ბურჟუაზიული მთავრობის წევრი. „მილერანდის კაზუსმა“ დიდი პოლემიკა გამოიწვია მეორე ინტერნაციონალის ფრანგულ და საერთაშორისო სოციალისტურ მოძრაობაში, რამაც შეაფერხა ფრანგი სოციალისტების გაერთიანების პროცესი.
ალექსანდრე მილერანდი პირველი სოციალისტი იყო ევროპაში, რომელიც მთავრობის რიგებში მოხვდა და მინისტრად დაინიშნა. ვაჭრობის მინისტრად ყოფნის 3 წლის განმავლობაში არაერთი სოციალური რეფორმა განახორციელა, შემოიღო 8 საათიანი სამუშაო დღე ფაბრიკების და ქარხნების მუშებისთვის და ამით უკეთესობისაკენ შეცვალა მათი ცხოვრება.
პირველი მსოფლიო ომის დროს ის იყო საფრანგეთის ომის მინისტრი იყო.
1920 წლის თებერვალში საფრანგეთის პრეზიდენტად აირჩიეს პოლ დეშანელი, პრემიერ-მინისტრად დაინიშნა ალექსანდრე მილერანდი. ის ამავდროულად იყო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. იმავე წლის სექტემბერში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაგა პოლ დეშანელი და პრეზიდენტად აირჩიეს ალექსანდრე მილერანდი და ქვეყანას 1924 წლამდე ხელმძღვანელობდა.
ალექსანდრე მილერანდი იყო კარგი ოჯახის მამა. იცხოვრა 84 წელი (1943 წელს გარდაიცვალა ვერსალში). ჰყავდა მეუღლე ჟანნა, ორი ვაჟი (ჟანი და ჟაკი) და ორი ქალიშვილი (ალისა და მარტა). ცოლმაც და შვილებმაც მასავით ხანდაზმულობის ასაკამდე იცხოვრეს.
ცნობები ალექსანდრე მილერანდზე არაქართული წყაროებიდან შეაგროვა და თარგმნა ნანა ჯანაშიამ.
ქართული საზოგადოებისთვის ალექსანდრე მილერანდი ცნობილი გახდა უკვე 1920 წლის 12 ნოემბერს ფრანგული Le Temps -ის სტატიიდან, რომელიც გადმობეჭდა გაზეთმა საქართველოს რესპუბლიკამ და სადაც ნათქვამი იყო, რომ მილერანდმა მიიღო საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი.
Le Temps: ევგენი გეგეჭკორი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 12 ნოემბერი, N257
ევ. პ. გეგეჭკორი მილეირანთან!
საფრანგეთის ოფიციოზი „Temps“-ი შემდეგს იტყობინება ევ. პ. გეგეჭკორის საფრანგეთის პრეზიდენტის მილეირანის მიღების შესახებ:
„საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მიიღო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის ვიცე-თავმჯდომარე და გარეშე საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი, რომელმაც განაცხადა: ქართველი ხალხი ენდობა საფრანგეთის ისტორიულ ტრადიციას და იმედიც აქვს, რომ საფრანგეთში საქართველო ჰპოვებს თავის დამოუკიდებლობის მტკიცე დამცველსო. მრავალ საუკუნის განმავლობაში, საქართველო არსებობდა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და ის იდგა აზიის კარების წინ და თავისუფლად გადაჰქონდა ყოველი მტრის შემოსევა და ამით საქართველო წარმოადგენდა მტკიცე სიმაგრეს დასავლეთ ცივილიზაციისთვის. საქართველოს თავისი თვალი ყოველთვის ევროპისაკენ ეჭირა და მისი სურვილი იყო ევროპის კულტურასთან შეერთება. ამ მიზნით საქართველომ ამ ერთ საუკუნის წინად თავისი ბედ-იღბალი დაუკავშირა რუსეთს.
უკანასკნელად მომხდარმა ამბებმა, საქართველოს საშუალება მისცა ევროპასთან დაახლოების. დაიბრუნა რა თავისი თავისუფლება, ჩვენმა ხალხმა არამც თუ მარტო – დამოუკიდებლობა აღიარა, რომელიც მხოლოდ თავის საკუთარ ძალაზე დაეყრდნო, არამედ ფაქტიურად განახორციელა და შექმნა დემოკრატიული სახელმწიფო სოლიდარულ და კანონიერ უფლებაზე დამყარებული. საქართველოს დამოუკიდებლობის არსებობა არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს იმ მეზობელ ხალხისთვის. რომელთანაც უნდა საუკეთესო განწყობილება შექმნას. ესეთი მიზანი საფრანგეთის ინტერესებისთვის არავითარ წინააღმდეგობას არ წარმოადგენს. თუმც საქართველო ცნობილია de facto-დ, მაგრამ საერთაშორისო ინდივიდუალობის სისრულესთვის მას აკლია de jure ცნობა. ეს გარემოება ჩვენ სახელმწიფო ორგანიზმისთვის საგრძნობელია და ხელს უშლის ევროპასთან ეკონომიურ სოლიდარულ კავშირის დამყარებას.
ჩვენ ხალხს მტკიცეთ სწამს, რომ საფრანგეთი de jure-ს საკითხში საქართველოს დაიცავს. მილეირანმა დაარწმუნა საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენელი, რომ საქართველოს საფრანგეთი დიდი სიმპატიით უყურებს და იგი ყოველგვარად ეცდება საქართველოს გაუწიოს დახმარება. პრეზიდენტმა დაუმატა, რომ საფრანგეთის მთავრობა თვალყურს ადევნებს იმ აღმშენებლობით მუშაობას, რომელიც ამ ჟამად სწარმოებს საქართველოში დემოკრატიულ სახელმწიფოს განსამტკიცებლად. რაც შეეხება საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიულად ცნობას, რესპუბლიკის პრეზიდენტი ამ საკითხს სიმპატიით უყურებს და საქართველოს მისი დადებითი გადაწყვეტის იმედი უნდა ჰქონდესო“.