მუჰაჯირობის ამსახველი ცნობილი ნახატი „მთიელები სოფელს ტოვებენ“ ეკუთვნის პეტრე გრუზინსკის. ის იყო ეროვნებით ქართველი რუსეთში მოღვაწე ფერმწერი, ბატალისტი და ჟანრისტი. ცნობილი გახდა ნახატების სერიით „კავკასიის ომების სცენები“. პეტრე ნიკოლოზის ძე გრუზინსკი (ბაგრატიონი, რუს. Пётр Николаевич Грузинский; დ. 1837 ― გ. 1892) ბაგრატიონთა დინასტიის მუხრან-გრუზინსკის შტოს ის შთამომავალია, რომელიც XVIII საუკუნეში რუსეთში გადასახლდა. 1851 წელს შევიდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. 1860 წელს სურათისათვის „ბოშათა ბანაკი“ დაიმსახურა მცირე ოქროს მედალი, ხოლო 1862 წელს სურათისათვის „ღუნიბის აღება“ — დიდი ოქროს მედალი. საზღვარგარეთ გაემგზავრა როგორც აკად. პენსიონერი. პარიზში დახატა სურათები „ზუავების პიკეტი საფრანგეთში მანევრებზე“ და „ბაზარი ფონტენბლოში“. 1864 წელს დაბრუნდა რუსეთში, რათა პარიზის მსოფლიო გამოფენისათვის შეკვეთილი სურათის („რუსის ჯარის მოახლოებისას მთიელები ტოვებენ აულს“) ესკიზები შეესრულებინა. 1872 წელს სამუდამოდ დაბრუნდა რუსეთში და იმავე წელს აღნიშნული სურათისათვის აკადემიკოსობა მიიღო. გრუზინსკის გვიანდელი (1891-მდე) ნამუშევრებია: „სცენა სოფლის ცხოვრებიდან“, „გასეირნება ქალაქგარეთ“ და სხვა.
მუჰაჯირობა
1864 წლის (კავკასიის საბოლოოდ დამორჩილების) შემდეგ რუსეთი უკვე პირდაპირ იწყებს მთიელ კავკასიელთა განდევნას სამშობლოდან. ამ პერიოდში ოსმალეთში გადასახლდა 700 ათასამდე ჩერქეზი, უბიხი, აფხაზი, ჩეჩენი, დაღესტნელი. განდევნილ მთიელ კავკასიელებს „მუჰაჯირებს“ უწოდებდნენ, რაც არაბულ ენაზე გადასახლებულს ნიშნავს[11]. 1864 წელს გადასახლებულ აფხაზ მუჰაჯირთა რაოდენობა 20 000-ზე მეტია; დაახლოებით ამდენივე აფხაზი გადასახლდა ოსმალეთში 1866 წლის აჯანყების ჩახშობის შემდეგ; 1877 წლის უკანასკნელი აჯანყების დამარცხების შემდეგ კი აფხაზეთიდან 30-40 ათასი მუჰაჯირი წავიდა სამშობლოდან. საერთო ჯამში, აფხაზ და აბაზ მუჰაჯირთა საერთო რაოდენობა 135 000 ადამიანს შეადგენდა.
1877 წლის აფხაზური აჯანყების ჩახშობის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ „დასაჯა“ სამშობლოში დარჩენილი აფხაზური მოსახლეობა. ფაქტობრივად მთელი აფხაზი ხალხი, მცირე გამონაკლისის გარდა, ოფიციალურად გამოცხადდა „დამნაშავე მოსახლეობად“, რაც მათ უფლებებს მნიშვნელოვნად ზღუდავდა. აფხაზებს აეკრძალათ აფხაზეთის ტერიტორიის დიდ ნაწილზე ცხოვრება, კერძოდ ზღვისპირეთში, მაღალმთიან ზონასა და სოხუმის მიდამოებში — ქალაქიდან 25 კილომეტრის სიახლოვეს. „დამნაშავე ხალხის“ სტატუსი აფხაზებს მხოლოდ 1907 წელს მოეხსნათ[11].
აღსანიშნავია, რომ რუსეთის იმპერიის ხელისუფლება დაბრკოლებებს უქმნიდა მუჰაჯირთა იმ ნაწილს, რომელიც შემდგომში სამშობლოში დაბრუნების სურვილს გამოთქვამდა. აფხაზთა იძულებით გადასახლების შედეგად აფხაზეთში გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე რუსეთი ხელს უწყობდა სომხების, რუსებისა და სხვაეროვანი მოსახლეობის დამკვიდრებას. ამ ტერიტორიაზე დასახლების უფლება ქართველებს არ ეძლეოდათ. როგორც ამ პერიოდის ქართული პრესიდან ჩანს, ქართველი ინტელიგენცია ჭავჭავაძის თაოსნობით ყველანაირად ცდილობდა, შეეჩერებინა მუჰაჯირობის პროცესი. მუჰაჯირობის ისტორიას სათანადო ნაშრომი მიუძღვნა აფხაზმა ისტორიკოსმა გიორგი ძიძარიამ. 1920 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ მუჰაჯირობის საკითხი განსახილველად შეიტანა ანტანტის საბჭოს სხდომაზე