ნანა ჯანაშია
By Nana Janashia
(წყაროებზე დაყრდნობით მომზადებული მასალა)
Kaukasische Post
გერმანელმა მეწარმემ, კურტ ფონ კუჩენბახმა 1906 წელს თბილისში დააარსა ყოველკვირეული გერმანული, ჟურნალის ფორმატის მრავალგვერდიანი გაზეთი კაუკაზიშე პოსტი (გერმ. Kaukasische Post), რომელიც გათვლილი იყო გერმანულენოვანი მკითხველისათვის. ეს იყო პირველი გერმანულენოვანი ორგანო, რომელიც საქართველოში გამოვიდა.
კუჩენბახი დასაწყისში თავად იყო რედაქტორი-გამომცემელი, მაგრამ შემდეგ, საქმე პროფესიონალს გადააბარა და გერმანელი მწერალი და ჟურნალისტი არტურ ლაისტი გახდა გაზეთის რედაქტორი. ლაისტი სამი წელი რედაქტორობდა გამოცემას,1906 წლიდან 1909 წლის 21 ივნისამდე. არტურ ლაისტის შემდეგ, გაზეთის რედაქტორები ხშირად იცვლებოდნენ.
გაზეთი იბეჭდებოდა გოთური შრიფტით. გაზეთის მიზანი იყო კავკასიაში მცხოვრები გერმანელების ყოფა-ცხოვრების ასახვა, მათთვის რჩევების მიცემა, გერმანული კულტურის გაცნობა, მათი განათლების დონის ამაღლება და მშობლიურ გერმანულ ენაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება.
გაზეთმა დიდი წვლილი შეიტანა ქართული ყოფისა და ლიტერატურის გერმანელი მკითხველისთვის გაცნობის საქმეში. ქართული ყოფის გარდა გაზეთი მთლიანად კავკასიის ცხოვრებასაც ასახავდა. გაზეთის პირველსავე ნომერში დაიბეჭდა წერილი „გერმანული კოლონიები ამიერკავკასიაში“ (Die deutschen Kolonien in Transkaukasien), საიდანაც ვიგებთ თუ რა ცუდ მდგომარეობაში იყო საქართველო XIX საუკუნის დასაწყისში, როცა აქ გერმანელები ჩამოსახლდნენ. 1912 წელს ამავე თემაზე, გამოქვეყნდა წერილი სათაურით „გერმანელების გამომგზავრება ამიერკავკასიისკენ“ (Einwanderung der Deutschen nach Transkaukasien).
არტურ ლაისტის რედაქტორობის წლებში გაზეთში დაიბეჭდა მისი ქართულ თემატიკაზე შექმნილი ორი მოთხრობა: „კატასტროფა“ (1906, №1-3) და „ვარო“ (1908, №41-52).
1907 წლის მე-13 ნომერში კი ლაისტმა გამოაქვეყნა ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოსათხოვარი წერილი, სადაც ისაუბრა ილიას როლზე ქართველი ხალხის სულიერი ცხოვრების ამაღლების საქმეში. ასევე გამოაქვეყნა ილიას სამი ნაწარმოების (ლექსი „გაზაფხული“, „კაკო ყაჩაღის“ შესავალი და ნაწყვეტი პოემიდან „აჩრდილი“) მისეული თარგმანი.
გაზეთ „კაუკაზიშე პოსტის“ 1908 წლის 25-ე ნომერში, არტურ ლაისტმა გამოაქვეყნა აკაკის სამი ლექსის გერმანული თარგმანი: „ჩემი სურვილი“, „სალამური“ და „ხალხური“
(ხალხური
ფავორიტებში დამატება
მინდვრად ეგდო თეთრი ქვა,
დავკარ ხელი, თან ამყვა...
ქალო, შენი სიყვარული,
სადაც წაველ, თან წამყვა.
ქვა უბეში ჩავიდევი,
დამამძიმა, დამძალა!..
ქალო, შენი სიყვარული
გამწარდა, ვით სამსალა.
ქვა ავიღე, გადავაგდე,
მივუმატე ძველ ყორეს...
ქალო, შენი სიყვარულიც
გადვულოცე მეორეს!
იმ ქვას წვიმა დაასველებს, -
ცრემლები - შენს სიყვარულს...
მაგრამ წვიმა ქვას ვერ ალბობს
და ცრემლები კაცის გულს.
აკაკი წერეთელი
1892 წ.)
ლაისტმა ასევე თარგმნა და 1906 წლის მე-11 ნომერში გამოაქვეყნა ანდრია დეკანოზიშვილის ფსიქოლოგიური ნოველა „პეპელა“. 1909 წლის 43-ე ნომერში დაიბეჭდა არტურ ლაისტის მიერ თარგმნილი საიათნოვას ორი ლექსი. 1906 წელს გაზეთის მე-8 ნომერში გამოქვეყნდა წერილი „ოსური გაზეთი“, ვლადიკავკაზში გამოსულ პირველ ოსურ გაზეთზე. 1908 წლის 37-ე ნომერში არტურ ლაისტი გამოეხმაურა თბილისში გამოსულ აზერბაიჯანულ სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს „მოლა ნასრედინს“. „კაუკაზიშე პოსტი“ გერმანულენოვან მკითხველს საქართველოს ისტორის და კულტურასაც აცნობდა. „კაუკაზიშე პოსტში“ ადგილობრივი და უცხოური ანეკდოტებიც იბეჭდებოდა. 1914 წლის 3 აგვისტოს, 31-ე ნომერში გაზეთის რედაქცია მკითხველს ატყობინებს, რომ საომარი მდგომარეობით გამოწვეული საწარმოო შეფერხებების გამო „კაუკაზუშე პოსტის“ გამოცემა დროებით შეწყვეტილია. იმ პერიოდის რედაქტორი იყო ვალტერ ფონ ზასი, გამომცემელი კი იოანეს შლოინინგი. გაზეთის აღდგენა 1918–1922 წლებში მოხერხდა. ამჯერად ის იყო ორგვერდიანი და კვირაში ორჯერ გამოდიოდა. გაზეთის რედაქტორი ამჯერად ლ. როთეკერი გახლდათ.
ყველაზე ნათელი კვალი გაზეთის ისტორიაში დატოვა არტურ ლაისტმა.
ლაისტი გახლდათ გერმანიის ბრესლაუს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მან 1881 წელს გაიცნო ფრიდრიხ ფონ ბოდენშტედტი და მისი რჩევით დაინტერესდა საქართველოთი. ლაისტი ქართული ენის შესწავლის მიზნით დაუკავშირდა ქართველ მოღვაწეებს: ნ. ნიკოლაძეს, დ. ერისთავს, ი. ჭავჭავაძეს, ა. წერეთელს, იონა მეუნარგიას და სხვებს. 1884 წელს ლაისტი ი. ჭავჭავაძის მოწვევით ერთი თვით ჩამოვიდა საქართველოში. გერმანიაში დაბრუნებულმა კი პოლონურ ენაზე გამოსცა წიგნი „საქართველო, ბუნება, ადათ-წესები და მოსახლეობა“ (1885),. 1885 წელს ლაისტი ისევ ესტუმრა საქართველოს და ი.ჭავჭავაძისა და ი. მაჩაბლის დახმარებით შეუდგა ვეფხისტყაოსნის თარგმნას (გამოქვეყნდა დრეზდენსა და ლაიფციგში, 1890). 1887წელს მან გამოსცა ქართული პოეზიის ანთოლოგია გერმანულ ენაზე.1892 წლიდან ლაისტი საქართველოში დასახლდა. ის აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1904 გამოაქვეყნა ნაშრომი „ქართველი ხალხი“, რომელიც მრავალ ევროპულ ენაზე ითარგმნა. 1906 თბილისში დაარსდა გერმანულენოვანი გაზეთი „Kaukasische Post“, რომელსაც ლაისტი რედაქტორობდა. ლაისტს ეკუთვნის ქართულ თემაზე შექმნილი მოთხრობები „ქეთევან“, „ვარო“, „ვარიპანიძიაანთ ნინო“, ავტობიოგრაფიული თხზულება „რუდოლფ ბოლტის სამოგზაურო ცხოვრება“ (1897), „მოგზაურობის დღიური“ (1909) და სხვა. 1918 წლიდან ლაისტი ახალდაარსებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გერმანული ენის ლექტორი გახდა. 1922 წელს, ქართულმა საზოგადოებამ მას საქართველოში მოღვაწეობის 40 წლის იუბილე გადაუხადა. 1923 და 1927 წლებში გამოიცა ლაისტის თხზულებათა კრებული „საქართველოს გული“ ორ წიგნად.
გარდაიცვალა 1927 წელს, 74 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
თბილისის ერთ-ერთ ქუჩას არტურ ლაისტის სახელი ჰქვია.
გამოყენებული ლიტერატურა
შამილიშვილი მ., „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 217, თბ., 2018 წელი.