ნანა ჯანაშია / Nana Janashia
მარტში დავკარგე დედა (88 წლის) და გუშინ, უფროსი მეგობარი - რეჯებ ჟორდანია (100 წლის)! ვიცოდი, რომ ეს - ოდესმე მოხდებოდა, მაგრამ, ასე ახლოს არ მინდოდა ყოფილიყო ეს ორი თარიღი. რეჯები 90-იანებში გავიცანი თბილისში, ვისაუბრეთ და ეს საუბარი გამოქვეყნდა ჟურნალში სათაურით: "კაცი, რომელსაც ღიმილი საოცრად უხდება." შემდეგ, ამერიკაში ყოფნისას, ბოსტონში, სამერვილში, გლორია და ჯონ დავების სახლში გამართულ გამოფენაზე დაგვპატიჟა. ვიფიქრე ვნახავდი, მაგრამ ვერ მოვიდა. სამაგიეროდ, მანდ პატარა საქართველო დაგვახვედრა, საუკეთესო ქართველებით დაკომპლექტებული - ბატონი გივი ზალდასტანიშვილი და მისი ოჯახი, ქართველი სტუდენტები და დოქტორანტები, პროფესორები, მხატვრები... შემდეგ, ლონგ აილენდზე მიგვიწვია. მეუღლესთან - პეგისთან ერთად დაგვხვდა ოკეანის ნაპირზე და მთელი კუნძული მოგვატარა. როცა იქაურ ბაზარში ვყიდულობდით ლურჯ, ყვითელ, სტაფილოსფერ და ა.შ. პომიდვრებს - მე გაოცებას ვერ ვმალავდი, ის კი ღიმილს! ფეხსაცმლიანად შერბოდა ბავშვებთან ერთად სახლის სიახლოვეს მდებარე ოკეანეში, შემდეგ კი თავად უშრობდა გაზეთებით მათ სველ ბოტასებს. თავადაც დიდი ბავშვი იყო, უსაზღვროდ კეთილი და ლამაზი. ჩემი პატარები ხან რეჯების ჯიპის საბარგულში იმალებოდნენ და ხანაც იმ ნავში, რომელიც წლების წინ მარტომ გააკეთა - ყველაფრის უფლებას აძლევდა მათ. კუნძულის აბრჭვიალებულ Merry go round-ში ჩემებთან ერთად თავადაც კატაობდა. მისი საოცარი მეუღლე პეგი სუფრას როცა აწყობდა, რეჯები ან პურს ზელდა და აცხობდა, ან ნიგვზიან ბადრიჯნებს აკეთებდა ჩვენთვის. ალიკ ბოლდუინის მეზობლად ცხოვრობდნენ. ეგ ვერ, მაგრამ სხვა მეზობლები გაგვაცნო. ბოლდუინის რანჩოზე კი ნამდვილად წაგვიყვანა და ბავშვებს ცხენებთან ფოტოები გადაუღო. ჩვენ მასაჩუსეტსცში ვცხოვრობდით, ისინი - ნიუ იორკში და როდესაც შინ მივემგზავრებოდით თამარ და ისიდორე გვარჯალაძეების მიერ შედგენილი 1150 გვერდიანი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი დამაკავა ხელში - დღეიდან ეს შენია და გამოიყენეო! შემდეგ ნიუ-იორკში შევხვდით ერთმანეთს, ბავშვებს საოცნებო "თოი არ ასის" მაღაზიაში შეუძღვა. შემდეგ, უფროსი ქალიშვილის თერის სახლში შევხვდით ალექსანდრიაში. იქ სხვა ქართველებიც იყვნენ და ძალიან ბედნიერი იყო ამით. მახსოვს, დაურეკა- იმ დროს თბილისში მცხოვრებ უმცროს ქალიშვილ ნიკოლ ჟორდანიას და უთხრა, რომ მას ამერიკაში თავისი საქართველო ჰქონდა. ხშირად ჩამოდიოდა თბილისში. ბოლოს 2018 წელს იყო და დაესწრო დამოუკიდებელი საქართველოს 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს. აწი აღარ ჩამოვა...