TI-მ 150-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა აღრიცხა

TI-მ 150-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა აღრიცხა

31.10.2021

საერთაშორისო გამჭვირვალობა (ინგლ. Transparency International) — საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ებრძვის კორუფციას და მსოფლიოს ქვეყნებში იკვლევს კორუფციის დონეს. საერთაშორისო გამჭვირვალობა 1993 წელს ჩამოაყალიბა მსოფლიო ბანკის ყოფილმა რეგიონალურმა დირექტორმა პიტერ აიგენმა, ბერლინში. ამ დროისთვის ორგანიზაციას გააჩნია ფილიალები მსოფლიო 70-მდე ქვეყანაში.

ორგანიზციის ძირითადი მიზნებია მოსახლეობის სამართლებლივი თვითშეგნების განვითარება, ანკორუფციული მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, რომლებიც ხელს შეუშლიან კორუფციულ გარიგებებს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ (TI) თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე დაკვირვების შედეგების შეჯამება გამოაქვეყნა. TI-მ 150-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა აღრიცხა, დამკვირვებლებმა საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში მთლიანობაში 23 საჩივარი დაწერეს.

ვინაიდან ბევრ საარჩევნო ოლქში კანდიდატების მიერ მიღებულ ხმებს შორის მცირე სხვაობა დაფიქსირდა, წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებსა და პრობლემურ ტენდენციებს მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოეხდინა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენასა და არჩევნების საბოლოო შედეგებზე. ამის გამო, შესაძლოა, საზოგადოებაში საფუძვლიანი კითხვები არსებობდეს არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით. - ვკითხულობთ ანაგარიშში.

ორგანიზაციის თანახმად, არჩევნების დღის პირველი ნახევარი ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით ბევრ საარჩევნო ოლქში მდგომარეობა დაიძაბა და გახშირდა ფფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები.

ხშირი იყო ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის და საარჩევნო უბნებზე მოსული ამომრჩევლის არალეგიტიმური ხერხებით აღნუსხვის ფაქტები. მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ 100 მეტრის მანძილზე შეინიშნებოდა პარტიული კოორდინატორების თავშეყრა, რაც საარჩევნო კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით, სამართალდარღვევას წარმოადგენს. პრობლემური იყო მიკერძოებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლების მიერ ჩადენილი არაერთი დარღვევა, რასაც ხშირ შემთხვევაში საარჩევნო კომისიებიც უწყობდნენ ხელს. კენჭისყრის შედეგების დათვლისა და შეჯამების ეტაპზე ტენდენციის სახე ჰქონდა საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შემაჯამებელი ოქმების დედნების შედგენის პროცესის ხელოვნურად დაყოვნებისა და საოლქო საარჩევნო კომისიებთან ოქმების პროექტების წინასწარ შეთანხმების პრაქტიკას. გარდა ამისა, არაერთ უბანზე დაფიქსირდა კომისიების მიერ ბათილი და ნამდვილი ბიულეტენების არასწორედ განაწილების ფაქტები. ცესკომ არჩევნების შედეგების წინასწარი შედეგების გამოქვეყნება შესული ოქმების გასაჯაროების პარალელურად დაიწყო, რაც პირველი ტურის დროს არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებაა. - ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაცია შემდეგ დარღვევებს გამოყოფს:

  • ფიზიკური დაპირისპირება საარჩევნო უბნებს გარეთ

დღის მეორე ნახევარში  იმატა საარჩევნო უბნებსა და უბნებს გარეთ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებმა, რაზეც ინფორმაციას გვაწვდიდნენ როგორც ჩვენი დამკვირვებლები, ისე აქტიურად შუქდებოდა  მედიის მიერ. პოლიტიკური პარტიების წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებს თბილისში #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #84 უბანზე, #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #40 უბანზე და #6 სამგორის სარჩევნო ოლქის #62 უბანზე, ასევე #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #15 უბნის გარეთ  ჰქონდა ადგილი.

  • ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა და ფიზიკური ანგარიშსწორება

ჩვენი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაფიქსირდა ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის შემთხვევები. ამ საკითხთან დაკავშირებით „კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვისაც” გაავრცელა განცხადება.

მაგალითად: #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #5 და #81 უბნების მიმდებარედ, ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტს, დავით მანიას, „ქართული ოცნების” კოორდინატორები ხელს უშლიდნენ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში; პოლიცია ადგილზე იყო, თუმცა ჟურნალისტის უფლებების დარღვევაზე სათანადოდ არ რეაგირებდა.

#33 ქარელის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე ძალადობის შემთხვევის შესახებ ვიდეომასალა გაავრცელა „ტვ მონიტორინგმა“, სადაც ჩანს, რომ სავარაუდოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ფიზიკურად უსწორდება ამ მედიასაშუალების ჟურნალისტს.

#64 სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიის #1 უბნიდან „გურია ნიუსის” ჟურნალისტი უკანონოდ გამოაძევეს იმ მიზეზით, რომ ის საკუთარი ტელეფონით ვიდეო გადაღებას აწარმოებდა.

  • დამკვირვებლების საქმიანობისთვის ხელის შეშლა

კენჭისყრის დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა დამკვირვებლების საქმიანობისთვის ხელშეშლის ფაქტებს, რიგ შემთხვევებში კომისიის წევრები მათდამი აგრესიითაც გამოირჩეოდნენ. მაგალითად:  #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #7 უბანზე ჩვენს დამკვირვებელს არ აძლევდნენ პროცესებზე დაკვირვების შესაძლებლობას და გამოაძევეს უბნიდან. ამ უბნის კომისიის თავმჯდომარე, ზაველი ღაღანიძე ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა ჩვენს დამკვირვებელს, ასევე, აგრესიულობით გამოირჩეოდა ამავე უბანზე მყოფი ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ნათია ჩიკვაიძე.   

#64 სენაკის საარჩევნო ოლქის #7 უბანზე შედეგების შეჯამებისას ჩვენს დამკვირვებელს გარკვეული დროის განმავლობაში არ უშვებდნენ კენჭისყრის შენობაში. სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიის ჩარევის შემდეგ პრობლემა აღმოიფხვრა.

#70 ფოთის საარჩევნო ოლქის #22 უბანზე ჩვენს დამკვირვებელს სავარაუდოდ არასწორად გაბათილებული ბიულეტენის ფოტოგადაღების საშუალება არ მისცეს.

  • საარჩევნო უბანზე მოსული ამომრჩევლის აღნუსხვა

მთელი ქვეყნის მასშტაბით ტენდენციის სახე  ჰქონდა სამოქალაქო ორგანიზაციების დამკვირვებლებისა და კომისიის წევრების მიერ საარჩევნო უბანზე მოსული ამომრჩევლების არალეგიტიმური ხერხებით აღნუსხვას.

კერძოდ, დამკვირვებლები ნაკადის მომწესრიგებლის ან რეგისტრატორის გვერდით იდგნენ, ყველა ამომრჩევლის ვინაობით ინტერესდებოდნენ და ინფორმაციას დისტანციურად გადასცემდნენ. ასეთ შემთხვევებს ადგილი ჰქონდა #19 თიანეთის და #79 ბათუმის საარჩევნო ოლქებში.

გარდა ამისა, #79 ბათუმის, #17 თელავის და  #20 რუსთავის საარჩევნო ოლქების ბევრ უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი მოსული ამომრჩევლის ვინაობას ხმამაღლა აცხადებდა, რასაც უბანზე მყოფი სხვადასხვა უფლებამოსილი პირი ინიშნავდა და აგზავნიდა.

მოსული ამომრჩევლის უბნის შიგნით აღრიცხვა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა, ვინაიდან ასეთი ქმედება ამომრჩევლის ნების კონტროლად არის აღქმული და უარყოფითად იყო შეფასებული ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ.

  • სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლების მიერ ჩადენილი დარღვევები

ისევე როგორც პირველი ტურის დროს, ტენდენციას წარმოადგენდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლების მიერ კანონდარღვევებში მონაწილეობა. მაგალითად:  #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის უბნებზე ტენდენციის სახე ჰქონდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების „კავშირი მწვანე დედამიწის” (მეორე ტურზე რეგისტრირებული ჰყავდა 2066 დამკვირვებელი) და „საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველოს“ (მეორე ტურზე რეგისტრირებული ჰყავდა 1590 დამკვირვებელი) რამდენიმე დამკვირვებლის ერთსა და იმავე უბანზე ერთდროულად ყოფნას, რაც კანონით არ არის დაშვებული. ჩვენი დამკვირვებლების მითითების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე ზედმეტ დამკვირვებელს უბნიდან უშვებდა.

ზუგდიდის საარჩევნო ოლქში #15 უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების თქმით, „კავშირი მწვანე დედამიწის" დამკვირვებელი თინათინ კაკაჩია აპირებდა უბანზე ფულის დარიგებას. ამ ნიადაგზე მოხდა კონფლიქტი უბნის შიგნით და გარეთ. ფიგურანტები პოლიციაში გადაიყვანეს გამოსაკითხად.

#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #2 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ (მეორე ტურზე რეგისტრირებული ჰყავდა 467 დამკვირვებელი) დამკვირვებელი დიდი ხნის განმავლობაში ნაკადის მომწესრიგებლის გვერდით იდგა, ყველა ამომრჩეველს ეკითხებოდა სახელს და გვარს და ინიშნავდა მათ ვინაობას. #58 და # 104 უბნებზე „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“ და „კავშირის მწვანე დედამიწას" დამკვირვებლები იდგნენ რეგისტრატორთან და აფიქსირებდნენ მოსულ ამომრჩეველთა ვინაობას, რომელსაც ტელეფონით გადასცემდნენ გაურკვეველ პირს.

  • შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენის პროცესის დაყოვნება

ფოთის, გლდანის, საბურთალოს, რუსთავის, ზუგდიდისა და ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქების უბნებზე კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცესი გაიწელა. კომისიამ მხოლოდ ოქმის ასლი შეავსო, საოლქო საარჩევნო კომისიას გაუგზავნა და ორიგინალის შევსებისგან თავს იკავებდა. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული, რომ შემაჯამებელი ოქმების შევსებამდე, მონაცემები საოლქო კომისიებისთვის ეჩვენებინათ. მსგავს პრაქტიკას არ ითვალისწინებს საარჩევნო კოდექსი და საუბნო კომისიების კომპეტენციაში არაგონივრულ ჩარევად შეიძლება მივიჩნიოთ.

  • ბათილი და ნამდვილი ბიულეტენების დახარისხების დროს არსებული პრობლემები

მთელი ქვეყნის მასშტაბით ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ხშირად იყო დავა ბიულეტენის გაბათილება/არგაბათილების საკითხზე. ხშირ შემთხვევაში კამათი მიმდინარეობდა ისეთი ბიულეტენების გაბათილებაზე, სადაც აშკარად იყო გამოხატული ამომრჩევლის ნება. მაგალითად, #66 ხობის საარჩევნო ოლქის #20 უბანზე და #5 ისნის საარჩევნო ოლქის #20 უბანზე რამდენიმე ბათილი და ნამდვილი ბიულეტენი არასწორად მიაკუთვნეს შესაბამისი კატეგორიის ბიულეტენებს. 

  • საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის მარკირების გარეშე შეშვება

კენჭისყრის დღეს ადგილი ჰქონდა მარკირების შემოწმების გარეშე ხმის მიცემის შემთხვევას. კერძოდ:  #69 ჩხოროწყუს ოლქის #15 უბანზე, 10-ზე მეტი ამომრჩეველი მარკირების შემოწმების გარეშე დაუშვეს უბანზე.

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო. ერთადერთი თვითმმართველი თემი, რომელშიც ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა, წალენჯიხაა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბებულია.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge