ბესიკ ხარანაული
ყოველნო ქართველნო!
"რა გავბედო,
როცა ყველა,
ქალნი სადედოფლონი ხართ და კაცნი სამეფონი.
დაძინებამდე დრო მუდამ მიჭირდა.
თქვენზე ფიქრი ცოდვაში მაგდებს,
თორემ, ისე, ჩემს ცოდვებს თავს იდებდა საყდრის ბერიც კი.
ტაშში უფრო კარგი არის, ვიდრე ყეფაში,
ტაში – კაცისა, ყეფა – ძაღლისა.
მსაჯული ყოველთვის ცდება – ვინმეს სასარგებლოდ.
ყოველნო ქართველნო!
პირველ სიტყვას ვერ ვიხსენებ,
როგორ მოგმართოთ?!
არ არის თქვენს შორის უმნიშვნელო,
ნათლულიც რომ არ იყოს ვინმესი,
თქვენი გვარები მდინარესავით მოედინებიან
პატრიარქებიდან,
არა ხართ თქვენ გაზრდილნი
გაბიძგულ ღომზე და ხმელა პურზე,
სარზე აგებული მწვადი ტრიალებს თქვენს წინ
და შეექცევით დამშეული ბალღების წრეში,
შემოსეულ ძაღლების ცქერაში –
ღამე მაძღრები დაეყრებით, იღვიძებთ მშივრები –
დილის საუზმე სიზმრით გეუწყებათ.
მე კი მჭადით გამოზრდილი ვარ,
მინდა ჩემი წიგნი იმ ხალხმა ნახოს,
სადაც განსაზღვრებას ხმარობენ სახელის ნაცვლად
და “ყველაფრისადმი მოკრძალებულს” იტყვიან ჩემზე –
და არა სახელს.
ქალ-პატიოსნებო და ვაჟ-მამაცებო!
“მოთქმით გალობა” და “სიმღერით ტირილი” სინონიმებია,
რომელიმე ყელში რომ წამიჭერს,
ნება დამრთეთ სახე აგარიდოთ –
არ იფიქროთ, რომ სუნმა მომჭყანა.
ყოველნო ქართველნო!..
ცას არ ექნება უმეტესი ჟღერა ქუხილში,
ვიდრე ამ ორ სიტყვაში ფარული აზრია…
ყოველნო ქართველნო!
წეღანაც ვთქვი:
კაცნი სამეფონი ხართ და ქალნი სადედოფლონი!
ამიტომაცაა,
რომ ნემსის ყუნწზე შერჩენილი ძაფიც ვერ გაგიყვიათ,
რადგან ყოველი მეორე წინაზე მეტი ხართ,
როგორც ბორბლის ჭალებმა იდავონ უპირატესობა
გაჭედილ ტალახში –
რომელს ამჯობინებ,
ყველა დასვრილია,
ურემი კი მაინც მიღოღავს!
ყოველნო ქართველნო!
ბუნებაში ყველა ნაკლით განსხვავდება,
თქვენ მხოლოდ ღირსებით – რაც ერთ საგანს
მეორესთან გასაყოფად არ ენიჭება.
ყოველნო ქართველნო!..
თქვენ ბუნების საოცრება ხართ –
მახსენდება წიწილებმა ჭიაყელა რომ ვერ გაიყვეს,
თქვენ ხომ ნაკლი უფრომც გშვენით,
ვიდრე სხვებს – ღირსება…
ყოველნო ქართველნო, რო არ გაქოთ,
რა ვაკეთო მე უბედურმა,
სარცხვენელნი ვით დავიფარო…
სხვა ვინ შეძლებს, რომ ქვეყანა ფეხებზე ეკიდოს
და თავს გრძნობდეს, როგორც შვილებზე მზრუნველი მშობელი.
რომ დაგელოცეთ, გავიქცეოდი,
მაგრამ ახლა დაწყევლილი ვარ და არსად წავალ.
ნათქვამია, ყველა ნაგავი გემოთი რომ გასინჯოს კაცმა,
მთელი სიცოცხლე ამ საქმეში ფუჭად წაუვა…
ეეჰ, ენას ვერ ვაჩერებ…
იქნებ გამოუშვათ ხარები ურმიდან და გზაში დამტოვოთ…
ყოველნო ქართველნო,
მილიონი წელია, რაც ბალახი მწვანეა და სისხლით გააწითლეს,
მილიონი წელია მიწა დამრგვალდა და მაშინვე გაითხარა მასში დარანი – თქვენ სცოდეთ და მე დაგმალავთო!
ჩვენ რომ წარსულს მალე ვივიწყებთ,
რა არის ეს,
სიბრძნეა თუ დანაშაული?
ზოგი ხალხი წარსულის გლოვით ქონებას აგროვებს –
მაგრამ ღმერთს არ უყვარს გლოვა და ვაგლახი,
მით უფრო, ოქროთი გადალესილი ჭრილობით კეკლუცი.
ყოველნო ქართველნო და უფრო კი, ქალ-დედროვანნო,
რადგან თქვენშია უმეტესი გაგების ძალა.
ცხოვრება ქართულ ზმნას შევალიე,
ვერ მოვდრიკე, ვერ მოვხარე,
მთელი ახალგაზრდობა გონივრულ ტანჯვაში გავლიე
და პატივად, ამ სიბერეში ზმნასღა ვხმარობ:
კარგია, მაინც მქნელია და არა ქმნული.
ქალ-დედროვანნო!
რადგან თქვენშია ახლის მიღების ძალა.
ერთხელ მაინც, ცხრა-ათ საუკუნეში
ახალს შობთ ხოლმე.
და შობილი ამოგყავთ გულის საყელოდან,
რომ ნაყოფს არაფერი წაეცხოს მიწისა –
ასე ამოვანათე მეც, ოდესღაც დედის უბიდან –
ცაში ფეტვი არ მითესია.
ყოველნო ქართველნო!
ამ არჩევნებში რა პირისკალაპოტიანი ხალხიც ჩვენ ვიხილეთ,
გურამიშვილის დანა თუ დაყვერდა,
მე კი, უბირს და უმნიშვნელოს,
ფრჩხილის წასაკვეთი მახვილიც არა მაქვს –
ერთუბრალო სადგისის გარდა,
თუმც, ჰაერით გავსილ ბუშტებს ამითაც წავჩხვლეტ –
ჰუუ… გამოუვა ჰაერი და დაიფუშება.
ყოველნო ქართველნო!
ყოველდღე რომ ახალი მოგეცეთ,
ვერვინ წაგტაცებთ.
მოძულეების მეგობრობა რა სანდო არის,
საფიხვნოზე გატანილი საჩოხე
სანიფხვედ აქციეს!
თქვენ – წაკიდებულ მამლებივით ქვემოთ ძიძგილაობთ
სერზე კი მელასავით დაყურსული დამპყრობელია.
ყოველნო ქართველნო!
ეს ის დროა,
როცა ვეფხვის ტყავივით ქართულ რუკას
ურუმებმა კალთა წაკბიჩეს.”
25.10. 2021წ.