ირაკლი

ირაკლი

16.12.2021

ვიფიქრე, ამ საშინელი ფაქტის გამო გავბრაზდები და დიდხანს ხმას არ ამოვიღებმეთქი! არადა, ქვის პოზიცია ვერ მოვირგე - არ გამომივიდა! ქვა უკეთეს დღეშია დღეს - ვიდრე მთელი ჩვენი სანათესაო! რა ვაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ - არ ვიცით!.. როცა ღმერთი ასეთ სასწაულს გაჩუქებს და სანათესაოს გაგილამაზებს, სულ მადლიერი უნდა იყო მისი. ჩვენ, დედები კი - მხოლოდ საკუთარ შვილებზე ვლოცულობთ დღენიადაგ, იშვიათად - ნათესავებზე! არადა, მათ დასაცავადაც უნდა გავისარჯოთ თურმე! სიტყვას და ლოცვას ხომ უდიდესი ძალა აქვს! საშინელება მოხდა გუშინ, რუსეთში - არნახული გარეგნობის და კაცობის მქონე წარმატებული მზეჭაბუკი ირაკლი წოწორია გამოაცალა ვიღაცამ თუ რაღაცამ ამქვეყნიურ ცხოვრებას! მამიდაჩემის ნაფერები და ნალოლიავები შვილიშვილი... ნეტა არ მცოდნოდა მისი ბავშვობა, ნეტა მაშინაც ისე შორს ყოფილიყო ჩვენგან - როგორც ახლა არის... იქნებ ასე არ მტკენოდა ეს ოხერი გული! ჩემებზე ცოტათი იყო უფროსი ირაკლი და მამიდაჩემი ყოველ ზაფხულს ჩვენთან ტოვებდა - ბავშვებმა ერთმანეთი შეიყვარონო და ამ მიზნით. მოსწონდა ჩემი გაკეთებული ვინეგრეტი და ეს სალათი სულ მქონდა გადანახული მისთვის. შვილებისგან არ მყავდა გამორჩეული, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ღობეზე გადმომდგარი და მარად უკმაყოფილო მჩხავანა მეზობლისგან ოჯახი დაიცვა! მახსოვს, 90-იანი წლები იყო. ზაფხულს, როგორც წესი - მარტვილში ვატარებდით. ბავშვები ეზოს თხილნარში თამაშობდნენ, მეც იქვე ვიყავი და ვდარაჯობდი მათ. ქალმა როგორც კი შეგვნიშნა, ჯერ დაიწყო თავისი კარმიდამოს დაგვა, შემდეგ მოაღო პირი და დედაჩემის სახელის ხსენებას მოუხშირა. დედა მაშინ მთავარი აგრონომი იყო და წინაპართა მიწები ჰქონდა კანონის დაცვით მიკუთვნებული ორ ახალმოსახლეზე. ეს ქალი კი ამ ფაქტს იმიტომ აპროტესტებდა, რომ მისი ნაკვეთის მიმდებარედ იყო ეს ფართობები და არ გაუხარდა იქ სხვისი დასახლება. ამის გამო გადაეკიდა დედაჩემს. ჰოდა, როგორც კი სტუმრად მოსულს ნახავდა ვინმეს ჩვენს ეზოში, პირიდან საშინელებები ამოსდიოდა. მე არასდროს არ ვპასუხობდი ( მაშინ დიდი მითმინების უნარით გამოვირჩეოდი), ამჯერადაც მოვკიდე ბავშვებს ხელი და წასვლა დავაპირე. ირაკლი არ დამემორჩილა. მივიდა ღობესთან და ქალს უმკაცრესად უთხრა: - მარიანა ბებოზე (სერიალის გმირს ადარებდა დედაჩემს და ასე ეძახდა...) ცუდის ლაპარაკი არ გაბედო, ახლავე შეწყვიტეო! ეს იყო სასწაული! ის ქალი სადღაც გაქრა და დიდხანს, თვეების განმავლობაში არ ამოუღია ხმა. მაშინ ირაკლი სკოლაშიც კი არ დადიოდა. ასეთმა პატარამ, ასეთი დიდი კაცობა გამოიჩინა და ჩვენი ოჯახის ღირსება დაიცვა! მაშინ მივხვდი, რომ ის ბევრ რამეს მიაღწევდა ცხოვრებაში. ასეც მოხდა! მიიღო კარგი განათლება, რუსეთში ჰქონდა კარგი ბიზნესი, ულამაზეს იმერელ ასულზე იქორწინა და ორი საოცარი ბიჭის მამა გახდა! აი, ასე იყო გუშინდლამდე... ახლა არ ვიცი რა ვთქვა, რა ვაკეთო, როგორ ვანუგეშო მისი დედ-მამა, მეუღლე, შვილები, მამიდა, ბიძა... ეს ის შემთხვევაა, როცა გინდა დაიძინო და სულ სხვანაირი დილა გათენდეს! (By: N.J.)

Palimfsesti.ge-ის რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს ირაკლი წოწორიას ამქვეყნიდან წასვლის გამო. თანადგომას უცხადებს მეუღლეს და შვილებს;  დედას, ქალბატონ აზა კვარაცხელიას; მამას, ბატონ გია წოწორიას! 

 

ირაკლი წოწორია

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge