ხარბინი ქართულ პრესაში 1914 წელს

ხარბინი ქართულ პრესაში 1914 წელს

15.02.2022

ნანა ჯანაშიას მიერ მოპოვებული და მომზადებული ინფორმაცია

By Nana Janashia

რა ვიცით ხარბინზე?  რადგან ამ ქალაქით ქართული გაზეთი (ტალღა) დაინტერესდა, ეტყობა,ინფორმირებული იყო იმის შესახებ, რომ იქ ქართველები ცხოვრობდნენ. ხარბინი ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში, მანჯურიაში მდებარეობს და იქ რუსეთის იმპერიიდან გაქცეული და გადასახლებული სხვადასხვა ეროვნების ადამიანები, მათ შორის ქართველებიც, ცხოვრობდნენ. ხარბინში ცხოვრობდა და იქვეა დასაფლავებული ცნობილი მეცენატი, წარმოშობით ლეხაინდრაოელი (მარტვილი) ივლიანე ხაინდრავა, რომელიც ქუთაისის გიმნაზიაში სწავლისას 1890-1893 წწ ანარქისტებს მიემხრო. გიმნაზისტებს დამპყრობლების წინააღმდეგ საბრძოლველად იატაკქვეშა ჯგუფი ჰქონდათ ჩამოყალიბებული, რომელშიც ივლიანე ხაინდრავაც გაწევრიანდა. აქ დაგეგმილი ერთ-ერთი აქციის დროს, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი ააფეთქეს. ტერორისტულ აქტში მონაწილეობისათვის ივლიანე ხაინდრავას ოცდახუთწლიანი კატორღა მიესაჯა. ახალგახრდა კაცმა სახალინზე 14 წელი გაატარა კატორღაში. რადგან რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე ცხოვრების უფლება არ ჰქონდა, ჩინეთში გადავიდა. წინასწარ გაიგო, რომ ჩრდილო ჩინეთში, მანჯურიის ქალაქ ხარბინში იმპერიიდან გაქცეული სხვა გადასახლებულებიც ცხოვრობდნენ. 1908 წელს ივლიანე ხაინდრავას უშუალო მონაწილეობით ხარბინში დაარსდა ქართული სათვისტომო, რომლის თავმჯდომარე გარდაცვალებამდე თავად იყო. მისი ინიციატივითა დაარსდა კლუბი, ქართულენოვანი ბიბლიოთეკა, ქართული სკოლა, ურთიერთდამხმარე სალარო, რომელიც იმპერიიდან ახალჩასულებს მოწყობასა და სამსახურის შოვნაში ეხმარებოდა. მანჯურიაში მცხოვრები ქართველებიდან ყველაზე გავლენიანი იყო ბიზნესმენი ივლიანე ხაინდრავა. მან სამშობლოშინ 1916 წელს მოახერხა დაბრუნება სხვა სახელით და გვარით. მაგრამ მალევე უკან დაბრუნდა და თან წაიყვანა ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან. 1926 წელს ივლიანე ხაინდრავამ იაპონიის იმპერატორ ხიროხიტოს უმაღლესი ჯილდო – "მზის ორდენი" მიიღო.

ივლიანე ხაინდრავა 30 წელი ხელმძღვანელობდა ხარბინის ქართულ კოლონიას. ამ ხნის განმავლობაში მისი ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით ხარბინში არაერთი საზოგადოებრივი და კულტურული დაწესებულება დაარსდა. ხაინდრავა ხარბინში წარმატებული მრეწველი,საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი და მეცენატი იყო.

"ტალღა"

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge