მამუკა კვაშილავა - ღიმილის ბიჭი აფხაზეთში რუსეთ-საქართველოს ომიდან

მამუკა კვაშილავა - ღიმილის ბიჭი აფხაზეთში რუსეთ-საქართველოს ომიდან

04.03.2022

ნანა ჯანაშია

By Nana Janashia

ეს, სასწაულად კარგი ბიჭი - მამუკა კვაშილავა, 1993 წლის 4 მარტს, 22 წლის ასაკში დაიღუპა სოხუმში. ჯარისკაცი იყო, საქართველოს იცავდა! ინჟინრის პროფესიას ეუფლებოდა უნივერსიტეტში, პოპულარული იყო გოგონებში - ქერა, ცისფერთვალება კოლხი! არც ფული აკლდა, არც შნო და მარიფათი, მაგრამ ყველაფერზე უარი თქვა - ჩემი აფხაზეთი სისხლისგან იცლება და მე წიგნებთან რა დამსვამსო! დები არ უშვებდნენ ომშიერთადერთ ძმას. - შენ ხარ გვარის გამგრძელებელი, ცოლი მოიყვანე, შვილი დაგვიტოვე და მერე წადიო, უთქვამს დედას - ნაზი ჩაჩხიანს! მაგდენ ხანს ვერ მოვიცდიო და გაიპარა! ომში გაიპარა! მამუკა, ჩემი უმცროსი ბიძაშვილი იყო. დედაჩემის ძმის - ბორის კვაშილავას ერთადერთი ვაჟკაცი. ძალიან მაგარი ბიჭი, ჭკვიანი, კეთილშობილი და ლამაზი!

ძალიან გაუჭირდა ბიძაჩემს მისი დაკარგვა, ბიცოლასაც და დებსაც - ნონას და ნინოს! მაგრამ, იმდენი ქნეს, რომ იმ გაგანია ომის დროს, შეუძლებელი შეძლეს და თბილისში ჩემოასვენეს! მას შემდეგ მუხათგვრდი გახდა ჩვენი სანათესაოს შეხვედრების ადგილი, ანუ - მამუკასთან! აი, ასე ვიცხოვრეთ!!! ასეთი კვალი დატოვა რუსულმა აგრესიამ ჩვენს ოჯახში!

დედაჩემმა, მარიამ კვაშილავამ, მარტვილში, ბაბუამისის - საბა კვაშილავას მიწების ნაწილი დაიბრუნა და ერთ-ერთს მამუკას სახელი დაარქვა. ახლა უკვე, სკვერის გახსნას და პატარა სახლ-მუზეუმის მოწყობას აპირებენ მანდ მამუკას დები - ნონა და ნინო - ომში დაღუპული, წარმოშობით მარტვილელი ბიჭის - მამუკა კვაშილავას სახელობის სკვერის!

 წლები გავიდა. ბიძაჩემი დარდს მოერია და ვაჟკაცურად შეხვდა სიბერეს. ბიცოლაჩემიც. ინგლისელი ჟურნალისტი იყო ჩემს მეუღლესთან სტუმრად და რადგან აფხაზეთიდან ჩამოსული ხალხის ბედი აინტერესებდა - ბიძაჩემთან  მივიყვანეთ ოჯახში. 80 წლის იყო მაშინ ბორისი და როცა ბატონმა ალისონმა ჰკითხა, მას შემდეგ რაც თავს გადაგხდათ, ისურვებდით აფხაზეთში კვლავ დაბრუნებასო, უკომპრომისო პასუხი შეაგება: ერთი დღის სიცოცხლე რომ მქონდეს დარჩენილი და ეს ვიცოდე, სასწრაფოდ გავემგზავრებოდი, რომ ბოლოჯერ მაინც შემევლო თვალი აფხაზეთისთვისო!

სამთო ინჟინერი იყო ბიძაჩემი, წარჩინებული, წარმატებული, დაფასებული. ბევრგან, მათ შორის უკრაინაშიც იყო ნამუშევარი და იქაურებს და იქაურობას დიდი სიყვარულით იხსენებდა. ერთხელ ვუთხარი - უკრაინელი ჟურნალისტები არიან ჩვენთან სტუმრადმეთქი და გაიხარა, ეგეთი გულიანი ხალხი მსოფლიოს არ ყავსო! იმეგობრეო, მირჩია! მართლა გულიანები და ძარღვიანები გამოდგნენ უკრაინელები და ეს - ამ ომმაც დაამტკიცა!

მშვიდობა და გამარჯვება ყველა მართალ ქვეყანას და ადამიანს!



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge