ნანა ჯანაშია / Nana Janashia
დაიჯესტ-მასალა
ლუკა ასათიანი - ბათუმის პირველი მერი
1895 წლის 25 იანვარს, ქალაქ ბათუმის გამგეობის თანამდებობის პირების არჩევნები მოეწყო და ქალაქის თავად ლუკა ასათიანი აირჩიეს. დღეს, ბათუმში არსებობს ლუკა ასათიანის ქუჩა, რომელზეც მერიის შენობა არის განთავსებული. მოპირდაპირე მხარეს, სკვერში დგას ლუკა ასათიანის ბიუსტი. წატმატებულ სტუდენტებს კი ენიშნებათ ლუკა ასათიანის სტიპენდია.
დღეიდან, 25 იანვარი დაწესდა ლუკა ასათიანის ქალაქის თავად არჩევის დღედ. თავდაპირველად, ილია ჭავჭავაძემ გაუწია ლუკა ასათიანს რეკომენდაცია, და ქუთაისიდან (ქალაქის თავი იყო იქაც) ბათუმში ჩამოიყვანა. არჩევნები ჩატრდა დემოკრატიული წესით და ლუკა ასათიანი ლეგიტიმურად აირჩიეს ბათუმის პირველ მერად (ქალაქის თავად). ის იმდენად კარგად მართავდა ქალაქს, რომ ბათუმელებმა მეორე ვადითაც მას მისცეს ხმა.
დღეს, 2023 წლის 25 იანვარს, თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო მხატვარმა ელგუჯა ხაზარაძემ ბათუმის საკრებულოს უსასყიდლოდ გადასცა ლუკა ასათიანის პორტრეტი. აი, ასე დაუბრუნდა ქალაქ ბათუმის საკრებულოს დარბაზს ლუკა ასათიანი - თავის ლეგიტიმურ, კანონიერ ადგილს.
ლუკა ასათიანი იყო ბათუმის პირველი არჩეული ქალაქის თავი (მერი). მის სახელს უკავშირდება არაერთი საუკუნის პროექტად წოდებული საქმე. მისი მეთაურობით მოხდა ქალაქის დაჭაობებული ადგილების ამოშრობა და ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარება. ჭაობის ამოშრობითმა სამუშაოებმა მძვინვარე მალარია ნაწილობრივ დაამარცხა და ამით მოხდა არაერთი ბათუმელის სიცოცხლის რისკის პრევენცია. ლუკა ასათიანის მმართველობის დროს გაკეთდა პირველი სანიაღვრე არხები. ლუკა ასათიანმა უზრუნველყო განათლების ხელმისაწვდომობა ბათუმში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ბავშვებისათვის მშობლიურ ენაზე შექმნილი სასწავლო სახელმძღვანელოებით. ასათიანის გარდაცვალების შემდეგ, (1901 წელს სამსახურში მიმავალი, გზად გარდაიცვალა) ბათუმის საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებით დაწესდა სტიპენდია ვაჟთა და ქალთა გიმნაზიების და საქალაქო სასწავლებლების მოსწავლეებისათვის. სტიპენდია დღემდე მოქმედია და არაერთი წარმატებული სტუდენტი არის ლუკა ასათიანის სტიპენდიანტი.