ცენზურა Censorship

ცენზურა Censorship

17.07.2023

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

კავკასიური პრესა, კერძოდ კი ქართული - 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე  ცენზურის ძლიერი  მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. განსაკუთრებით რთული იყო ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების გამოცემებისთვის გამოხატვის თავისუფლებაზე შეზღუდვის პირობებში მუშაობა და კავკასიის ერთიანობის საკითხებზე შეფარვით წერა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდგომ,  ცენზურა გაუქმდა და პრესამ დაიბრუნა გამოხატვის თავისუფლების მაღალი ხარისხი. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ჰქონდა ერთი სახელმწიფო გაზეთი - „საქართველოს რესპუბლიკა,“ ყველა დანარჩენი კერძო მესაკუთრეების და პარტიების ინტერესებს გამოხატავდა. ჯერ კიდევ  მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან კერძო პირებს მიეცათ უფლება დაეწყოთ საგამომცემლო საქმე. ბევრი,  ჟურნალ-გაზეთებს უყურებდა როგორც ბიზნესს, რომელსაც სარეკლამო განცხადებების განთავსების მარტივი გზით კარგი მოგების მოტანა შეეძლო. თუმცა, რუსეთის იმპერიის განაპირა გუბერნიების პოლიგრაფიული ხარისხის დაბალმა დონემ,  უხარისხო  ქაღალდმა, გაუმართავმა სტამბამ არაერთი ნომრის ჩავარდნა გამოიწვია და პრესამ დაკარგა ბიზნესის ფუნქცია და მისი  სადავეები ხელთ იპყრეს ევროპაში განათლებამიღებულმა  და ეროვნულ-განმანთავისუფლებელი იდეებით აღჭურვილებმა ახალგაზრდებმა. სწორედ ამან გამოიწვია გამოცემების შინაარსობრივი მრავალფეროვნება და მკითხველისთვის მეტად საინტერესო გახადა. ცარიზმმაც უმალვე აამოქმედა მკაცრი ცენზურა. დახურა არაერთი გაზეთი და ციხეში ჩასვა ბევრი რედაქტორ-გამომცემელი. სწორედ ამის  გამო,  მაშინდელ პერიოდულ პრესაში სტატიები მეტწილად ხელმოუწერელი იყო ან ფსევდონიმებით იბეჭდებოდა. მაგალითად, გერმანიის ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის დოქტორი მიხაკო წერეთელი სამშობლოში დაბრუნების მერე გახმაურებული ანარქისტული ხასიათის პუბლიკაციებს აქვეყნებდა შემდეგი ფსევდონიმებით: ალაროდიელი, სანგალა, BATON (ფრანგ. ჯოხი). გაზეთ  „მწყემსის“ რედაქტორის დეკანოზ დავით ღამბაშიძის ფსევდონიმი იყო „სოფლის ხუცესი“.“ნობათის“ რედაქტორის  მწერალ დომინიკა ერისთავი-მდივნისას ფსევდონიმი იყო „განდეგილი“.,,ხმა კახეთისას“ ფურცლებზე ფსევდონიმით ,,შ“ იბეჭდებოდა ილო მოსაშვილი. გაზეთში „საქართველო“, ფსევდონიმით ა. - ლი იბეჭდებოდა ნოე ჟორდანია.

N.J.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge