27 აგვისტოს, ღრმაღელის ქუჩაზე, გზის სავალ ნაწილზე დაწოლილი ადამიანი შევნიშნე. გამვლელ-გამომვლელები სიბრალულის ჟესტებით აუვლ-ჩაუვლიდნენ. დავრეკე 112-ში. მოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანა. უმალვე მოიყარა ხალხმაც თავი. მედიკოსებმა დახედეს პაციენტს, დაასკვნეს მთვრალიაო და განზე გადგნენ. ერთმა, გინებაში და ბილწსიტყვაობაში გაწაფულმა, მოხალისეობა შეითავსა და ურტყა და ურტყა ასფალტზე ჩაძინებულს.
ამის მერე სურათი ასეთია:
წამოაყენებენ მთვრალს, შეიგინება და წაიქცევა! ისევ წამოაყენებენ, ისევ შეიგინება, წაიქცევა და არიან ასეთ დღეში.
- ოსვენცუმია? წაიყვანეთ სახლში, ან გადაიყვანეთ გამოსაფხიზლებელში, ასე როგორ შეიძლება?! ვამბობ.
- შენ ვინ გეკითხება, და საერთოდ რატომ იღებ კამერით ამ ყველაფერს? მე სერთიფიცირებული ექიმი ვარ და კარგად ვიცი ვინ უნდა გადავიყვანო და ვინ არა!
- მე დიპლომირებული ჟურნალისტი ვარ და კარგად ვიცი ვინ უნდა გადავიღო და ვინ არა. ჩემი მოვალეობა ფაქტების გასაჯაროებაა, თქვენი კი ამ შემთხვევაში ქუჩაში დაგდებული კაცის შველა და შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანა!
ამაზე ექიმის პასუხი იყო:
- პატრონმა უნდა წაიყვანოს!
- არაა აქ მისი პატრონი, ჩვენ კი აქ ვართ, ანუ საზოგადოება და თქვენ, ანუ ექიმი, ამიტომ, რადგან ჩვენ შევასრულეთ ჩვენი მოვალეობა და შეგატყობინეთ, ახლა თქვენ გამოიჩინეთ კაცთმოყვარეობა და რადგან ალკოჰოლიზმი დაავადებაა - გადაიყვანეთ შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ემპათიის უნარი ანუ უნარი თანაუგრძნოს სხვებს - პირველ რიგში ექიმს უნდა გააჩნდეს და მერე ყველა დანარჩენს!!!
ამ ამბის დასასრული ასეთია:
ის კაცი, ადგილობრივების დახმარებით გზის სავალი ნაწილიდან გაიყვანეს და რომელიღაც კერძო მესაკუთრის ღობეს მიაყუდეს, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების მანქანა წავიდა.
საიდანღაც ყურზე საყურემიკრული უზარმაზარი ავჩარკა გამოჩნდა და დაიწყო ამ კაცის ირგვლივ ტრიალი.
მალტეზემ, რომელიც თან მახლდა იმ ავჩარკას დაუწყო ყეფა.
დავტუქსე, ტანით პატარა ხარ და შენზე დიდს ნუ უყეფმეთქი!
- ისეთი პატრონი ყავს თქვენი სახით ქალბატონო, მაგას ათი ავჩარკის აღარ შეეშინდება!
ეს იყო გამვლელის კომენტარი, რომელმაც მიმახვედრა, რომ საზოგადოება ჩემ მხარეს დადგა და არა იმ სერთიფიცირებული ექიმის!
გილოცავთ მარიამობას, კარგო ადამიანებო! გისურვებთ ფხიზელ და ჯანმრთელ ცხოვრებას! ღმერთმა ნუ დაგაჭივოთ ექიმი და წამალი, ისე შეგაბეროთ ბევრის მნახველ და ამტან საქართველოს!