ნანა ჯანაშია / Nana Janashia
(ეფრემ არიზონელის გამონათქვამების თარგმანი შესრულებულია ნ.ჯ.-ს მიერ)
„ვარდზე ეკლები იზრდება , ეკლისგან კი ვარდი. ცისარტყელა ჭექა-ქუხილის შემდეგ ჩნდება. ჯერ ქარიშხალმა უნდა გაიაიაროს, ცაზე ვარსკვლავები რომ გამოჩნდნენ. შედევრი ქანდაკების შესაქმნელად, ჩაქუჩით ხელში ბევრი უნდა იმუშაო. ოქრო და ძვირფასი სამკაულები სანამ ჩვენამდე მოაღწევენ, ცეცხლოვან ღუმელს გადიან“.
"მონანიება არის ტირილი, რომელსაც მოაქვს სიხარული."
„ ჭრილობა შეხორცების შემდეგ ტოვებს კვალს, ნაწიბურს. ცოდვა კი, როცა მას მოინანიებ, გეპატიება და უკვალოდ ქრება.“
„თუ ცოდვა წყლულია, მონანიება -წამალია.“
„მონანიება საოცარ სასწაულს ახდენს: ის ღმერთს ავიწყებს იმ ცოდვას, რომელიც ადამიანმა ჩაიდინა. ღმერთი ყოვლისმცოდნეა, მის მეხსიერებაშია ყველა ადამიანი, ახსოვს ყველა მათგანის საქმიანობა, მაგრამ, მყისიერად ივიწყებს იმ ადამიანების ცოდვებს, რომლებიც გულწრფელად ინანიებენ.“
„რას ნიშნავს დაგმობა? დაგმობა ნიშნავს, რომ ჩვენ თავს უცოდველად მივიჩნევთ“.
„ადამიანმა შესცოდა? ნუ განსჯი მას; უმჯობესია ისე იტირო მისი დაცემის გამო, როგორც საკუთარი დაცემისას იტირებდი!“.
„ვინ აიცილებს ტრავმას? ვინც ფხიზელი და ყურადღებიანია, ვინც აკონტროლებს საკუთარ თავსაც და გზასაც, რომელსაც ადგას. ასეთი ნაკლებად ეცემა. ვინ ზიანდება? უყურადღებო! მარცხის და დაცემა მიზეზი დაუდევრობაა. მოვალეობის შესრულებისას დაუდევრობა საშიში შედეგების გამომწვევია“.
„ცოლებმა ილოცონ თავიანთი ქმრებისთვის და შვილებისთვის, ქმრებმა ცოლებისთვის და შვილებისთვის და შვილებმა მშობლებისთვის. თუ ყოველდრიური ლოცვით დავეხმარებით ერთმანეთს - სულიერად ავმაღლდებით“.
ეფრემ არიზონელის გამონათქვამები თარგმნა ნანა ჯანაშიამ.
ვინ იყო ეფრემ არიზონელი
არქიმანდრიტი ეფრემი, (ერისკაცობაში იოანის მორაიტისი, დ. 24 ივნისი, 1928, თესალია - გ. 7 დეკემბერი, 2019, არიზონა) ბერძენი სასულიერო პირი (არქიმანდრიტი), კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ამერიკის არქიეპარქიის არქიმანდრიტი, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მართლმადიდებელი მისიონერი.
მოღვაწეობა ათონის მთაზე
მ. ეფრემი ახალგაზრდობაში მოღვაწეობდა ათონის მთაზე და იყო სახელგანთქმული ათონელი ბერის წმ. იოსებ ისიხასტის მორჩილი და მოწაფე. არქიმანდრიტ ეფრემის ძალისხმევით აღდგა სამონასტრო ცხოვრება არაერთ ათონურ სკიტში.
1979 წელს არქიმანდრიტ ეფრემს ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. მისმა სულიერმა შვილებმა კანადიდან შესთავაზეს ოპერაციის გაკეთება კანადაში. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არქიმანდრიტი ეფრემი იმყოფებოდა ჩრდილოეთ ამერიკაში, ხვდებოდა ბერძნული დიასპორის წარმომადგენლებს და სულიერად კვებავდა მათ. ამ ხნის განმავლობაში იგი დარწმუნდა, რომ სულიერი ცხოვრება ბერძნულ ემიგრანტულ გარემოში ძლიერ იყო დაკნინებული: ხალხი დიდხანს რჩებოდა აღსარების გარეშე; მძიმე ცოდვებით დამძიმებულნი, სრულიად მოუმზადებელნი მიდიოდნენ ზიარებაზე; მართლმადიდებლური ცხოვრებიდან განცალკევებულნი, მრევლი თანდათან ივიწყებდა ეროვნულ ტრადიციებს და ღირებულებებს.
მოღვაწეობა აშშ და კანადაში
ამერიკელი და კანადელი ბერძნები უზარმაზარ სულიერ დახმარებას გრძნობდნენ ათონელი ბერისგან და ხშირად სწერდნენ წერილებს დაბრუნებულიყო ამერიკაში. მ. ეფრემმაც უფრო და უფრო ხშირად იწყო ამერიკაში მოგზაურობა. ჯერ კანადაში ეწვია მრევლს (ტორონტო, ვანკუვერი, მონრეალი); შემდეგ დაიწყეს მისი მიწვევა აშშ-ში. მსგავსი ვიზიტები შეერთებულ შტატებსა და კანადაში რეგულარული გახდა. ბოლოს, ათონის მთის წმინდა კინოტმა გაფრთხილება მისცა მ. ეფრემს - შემდგომი მოღვაწეობისთვის მას უნდა აერჩია ან ათონის მთა, ან ამერიკა. მ. ეფრემმა გადაწყვიტა გადასულიყო აშშ-ში - სამწყსოს სულიერი საზრდოსთვის და ჩრდილოეთ ამერიკის ბერძნულ თემებში სულიერი ცხოვრების აღორძინებისთვის. თავდაპირველად, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ამერიკის არქიეპარქიის სინოდმა არქიმანდრიტი ეფრემი არ მიიღო და ის იძულებული გახდა დახმარებისთვის მიემართა რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას საზღვარგარეთ (ინგ. ROCOR – Russian Orthodox Church Outside Russia; რუს. РПЦЗ). როგორც თავად მამა ეფრემი იხსენებს: „აქ მიმიღეს დიდი სიყვარულით და გულწრფელი გაგებით“. ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მ. ეფრემი იმყოფებოდა ROCOR-ის წიაღში, სანამ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა უკვე სახელგანთქმული ათონელი ბერი ეფრემი პირად მფარველობაში არ აიყვანა. გადაწყდა მისი იურისდიქციისა და უფლებამოსილების საკითხიც და მას მიენიჭა ექსკლუზიური უფლება გაეხსნა მონასტრები კანადასა და შეერთებულ შტატებში მისი პირადი შეხედულებისამებრ.
ბოლო წლები
წმ ანტონის მონასტერი
მ. ეფრემმა მთელი თავისი შემდგომი ცხოვრება დაუთმო მისიონერულ მოღვაწეობას, რომლის საფუძველს წარმოადგენდა მართლმადიდებლური მამათა და დედათა მონასტრების გახსნა აშშ და კანადაში, რომლებიც მალე იქცნენ სულიერ ცენტრებად. პირველი მონასტერი 1989 წელს დაარსდა (ღვთისმშობლის შობის დედათა მონასტერი პენსილვანიაში , ქალაქ პიტსბურგთან). 1995 წელს არქიმანდრიტმა ეფრემმა არიზონას შტატში, უდაბნოში, დააარსა დღეს უკვე ცნობილი მონასტერი ანტონი დიდის საპატივცემულოდ, სადაც თავად დასახლდა. მთლიანობაში, მი სი მოღვაწეობის შედეგად ამერიკასა და კანადაში 19 მამათა და დედათა მონასტერიდაარსდა.
მ. ეფრემი გარდაიცვალა წმინდა ანტონის მონასტერში, არიზონაში, 2019 წლის 7 დეკემბერს, 91 წლის ასაკში.