კაზიმირ პულასკი /Casimir Pulaski

კაზიმირ პულასკი /Casimir Pulaski

13.03.2024

                                                        პოლონეთის და ამერიკის  ეროვნული გმირი - კაზიმირ პულასკი 

ვიქტორ (ვიკი) კუხიანიძე

Victor (Vic) Kukhianidze

პოლონეთის ეროვნული გმირი კაზიმირ პულასკი (1745-1779 წწ) იყო პოლონეთის კონფედერაციის მომხრე და პოლონეთზე  რუსეთის გავლენის წინაააღმდეგი. 1769 წელს, სუვოროვთან  ბრძოლისას,  მისთვის ნასროლ ტყვიას - მისი ძმა - სახელად ფრანციშეკი  გადაუდგა წინ და თავი გასწირა. პოლონეთის სამხრეთის  სასულიერო ცენტრის, ჩენსტოხოვის ღვთისმშობლის ხატის საბრძანებელ ქალაქ ჩენსტოხოვის დაცვისას, 1770-1771წლებში, კაზიმირმა  სუვოროვთან განცდილი დამარცხება გამარჯვებებით დააგვირგვინა. პულასკიმ თავი გამოიჩინა როგორც  ნიჭიერმა მეთაურმა და მისი სახელი ცნობილი გახდა მთელ ევროპაში. 1771 წლის ნოემბერში ის იყო მეფე სტანისლავ ავგუსტის გატაცების მცდელობის ორგანიზატორი. 1772 წელს, პოლონელი კონფედერატების დამარცხების შემდეგ, პულასკი იძულებული გახდა გაქცეულიყო ჯერ თურქეთში, შემდეგ კი საფრანგეთში.

1775 წლის ბოლოს, პულასკი პარიზში შეხვდა ბენჟამინ ფრანკლინს და სილას დინს, რომლებმაც დაარწმუნეს, რომ ამერიკელებს დახმარებოდა დიდ ბრიტანეთთან დამოუკიდებლობისთვის გამართულ ომში. ფრანკლინმა პულასკის სარეკომენდაციო წერილიც გაატანა, სადაც მას მოიხსენიებს როგორც გამბედავ და გამჭრიახ  სამხედრო პირს, ქვეყნის თავისუფლების დამცველს და ევროპაში სახელგანთქმულს. ამ წერილით და  დინის ფინანსური დახმარებით, პულასკი ამერიკაში 1777 წლის ივლისში ჩავიდა. თავიდან ის, ჯორჯ ვაშინგტონის ჯარებს, როგორც მოხალისე ისე შეუერთდა. იმ პერიოდში, ამერიკის კონტინენტურ არმიას პრაქტიკულად არ ჰყავდა კავალერია. მხოლოდ ოფიცრები და კურიერები იყვნენ ცხენებზე ამხედრებულები, დანარჩენებს კი არ გააჩნდათ ცხენებთან  მოპყრობის არანაირი გამოცდილება.  ოფიცრებმა გააცნობიერეს კავალერიის საჭიროება და შექმნეს დრაგუნთა ოთხი ბრიგადა. პულასკი, რომლის საცხენოსნო გამოცდილებამ კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ვაშინგტონზე, დაინიშნა ბრიგადების გენერლად და კავალერიის მეთაურად. მისი მეთაურობით კავალერია, რომელიც მალევე გახდა ცნობილი როგორც პულასკის ლეგიონი, მონაწილეობდა 1777 წლის ოქტომბერში გამართულ გერმანთაუნის და სხვა ბრძოლებში.

პულასკის ჯარებმა ასევე აწარმოეს აქტიური პარტიზანული ბრძოლები ბრიტანელების წინააღმდეგ პენსილვანიასა და ნიუ ჯერსიში. პულასკის მეთაურობით ბრძოლა ოფიცერთათვის არ იყო ადვილი, რადგან  მან ინგლისური ძალიან ცუდად იცოდა. გარდა ამისა, პულასკი იყო ამპარტავანი და  ვაშინგტონის და კონგრესის გარდა, სხვებისთვის პასუხის გაცემას  არ კადრულობდა.  ის მუდმივად არ ეთანხმებოდა სხვა გენერლებს ტაქტიკისა და დისციპლინის საკითხებში. შედეგად, 1778 წლის მაისში, პულასკი პროტესტის ნიშნად, სარდლობიდან  გადადგა. კონგრესმა პულასკი უყურადღებოდ არ დატოვა და მას  უფრო დიდი სამეთაურო პოსტი უბოძა. 1778 წლის ოქტომბერში ის,ნიუ ჯერსიში Little Egg Harbor-ის დაცვის  მეთაურად დაინიშნა. შემდეგ კი, კონგრესმა პულასკი  მდინარე დელავერის ხეობაში ინდიელებისგან მოსალოდნელი საფრთხის აღსაკვეთად გაგზავნა. პოლონელმა კაზიმირ პულასკიმ დელავერის ხეობაში დათვების გარდა სხვა რომ  ვერავინ ნახა,  26 ნოემბერს, კონგრესს წერილი  მიწერა  და უკმაყოფილება  გამოთქვა.

დათვებთან საომრად გაშვებით  იმედგაცრუებული პულასკი ევროპაში დაბრუნებას გეგმავდა, მაგრამ, წასვლამდე, გადაწყვიტა რომ  სამხრეთის არმიას დახმარებოდა. 1779 წლის მაისში, ჩარლსტონის დაცვის დროს, ლეგიონმა სერიოზული დანაკარგები განიცადა და იძულებული გახდა დაეტოვებინა ქალაქი. კონგრესისადმი მიწერილ ახალ წერილში პულასკი ჩიოდა სხვა ოფიცრების ცუდი მოპყრობის გამო, მაგრამ,  ასევე აღნიშნავდა, რომ იგი რჩება დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის საქმის ერთგული. 1779 წლის 9 ოქტომბერს პულავსკი სათავეში ჩაუდგა  ლეგიონს ჯორჯიის ქალაქ  სავანასთან შეტევის დროს.   ერთ-ერთი თავდასხმისას პულასკი ზურგის არეში დაიჭრა. დაჭრილი გემზე გადაიყვანეს, სადაც,  გონზე მოუსვლელად  ორ დღეში  გარდაიცვალა. მეორე ვერსიით კი ის გემიდან გადაყვანილ იქნა ქალაქ სავანასთან ახლოს მდებარე ქალაქ ტრანდერბოლტის გრინვიჩის პლანტაციაში, სადაც გარდაიცვალა და იქ იქნა დასაფლავებული.  მისმა გმირულმა სიკვდილმა, აღაფრთოვანა ამერიკელი პატრიოტები და  გააძლიერა პოლონელი გენერლის  რეპუტაცია შეერთებულ შტატებში.

კაზიმირ პულასკი  მიჩნეულია ამერიკული კავალერიის მამად.  2009 წელს ამერიკის კონგრესმა მას აშშ-ის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა.

P.S.  პულასკის ქალიშვილი, რომელიც ამერიკაში დაიბადა, ქუთაისის გუბერნატორის  ნ.პ. კოლუბაკინის დედა იყო.

ნ. კოლუბაკინი ანუ პულასკის შვილიშვილი, 1857 წელს სამეგრელოს მმართველად დანიშნეს. 1862 წელს კი ის გახდა ქუთაისის გუბერნატორი. მას ეს თანამდებობა მალევე დაატოვებინეს და გადაიყვანეს მოსკოვში სენატორად. ქუთაისის გუბერნატორის პოსტიკოლუბაკინა იმიტომ დაკარგა, რომ მან, რუსეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლის - გაგარინის მკვლელობის გამო სამხედრო სასამართლოს მიერ დასჯილი კონსტანტინე დადეშქელიანის დაკრძალვის უფლება მისცა ქუთაისლებს.

 კოლუბაკინს საქართველოსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა და ეს იმითაც მტკიცდება, რომ მან  კახეთში, დედოფლისწყაროში დაიწერა ჯვარი თავის რჩეულ ალექსანდრა კრიჟანოვსკაიაზე. ქალი იყო მწერალი და იბეჭდებოდა ჟურნალ  „ისტორიჩესკიი ვესტნიკში“(1880-1917).  ეს ქორწინება იყო გასაიდუმლოებული, რადგან კოლუბაკინს  არ უყვარდა ხალხმრავლობა. ჯვრისწერის შემდეგ, მან, თავისი მეუღლე ზაქათალაში წაიყვანა. იმ წლებში კოლუბაკინი ზაქათალას მმართველი იყო.

ასეთია, მოკლედ აღწერილი, მაგრამ, ოდესღაც დიდად ცნობილი ოჯახის ისტორია.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge