სულიერების დაიჯესტი

სულიერების დაიჯესტი

30.07.2024

მამა ჰაბიბოს ჰკითხეს, კარგია მოყვასის ქება? მან კი მიუგო, რომ  უკეთესია დუმილი.

მამა არმენს ჰკითხეს, როდესაც ვიხილავთ რაიმე საქმეს, მაშინვე გამოვთქვათ აზრი მასზე თუ არაო. მამა არმენმა უპასუხა: წერილ არს - თუკი შეგეკითხებიან, თქვი და თუ არა, მაშინ დადუმდიო. როდესაც  ეკითხებოდნენ, როგორ დავიცვათ სული, იგი პასუხობდა:  როგორ დავიცვათ ჩვენი სულები, თუკი ენის კარი არ შეგვიკრძალავსო!

ბერმა ჰკითხა მამა არმენს: რა სჯობს,  სიტყვა თუ დუმილი? მან მიუგო: ვინც რაიმე სიტყვას იტყვის ღვთის სადიდებლად, კარგია და  ვინც დუმს ღვთის სადიდებლად, ასევე კარგიაო.

ანტონ დიდი თავის მოწაფეებს შეაგონებდა: როცა ძმათა შორის დაჯდები, მრავალს ნუ ისიტყვებ, და თუ რამე გინდა  ჰკითხო მათ, მოკლედ და თავმდაბლად ჰკითხე. მოიძულე ამაო სიტყვა,  და ნურაფერს ნურც იტყვი და ნურც მოისმენ ყოველივე იმის შესახებ,  რაც ამქვეყნიურ ამაოებას შეადგენსო.

ეგოისტურად ნუ აიძულებთ თავს, თქვენს ძალებზე მეტად იღვაწოთ და დაიმძიმოთ სული. ქრისტე მოყვარული მამა და არა ტირანი.  ქრისტეს ახარებს ჩვენი მოშურნეობა ღვაწლისათვის. წმინდა ბერი პაისი ათონელი.

როგორ მოვიქცეთ, როცა გვაქებენ?

წმინდა ამბროსი ოპტელი ბრძანებს: „დაე, გაქონ. გახსოვდეს, მაქებართ კი არ უპასუხო, საკუთარ გულში ჩაიხედე: ხარ ქების ღირსი? თუ იუარებ, მაქებართ ეს ფარისევლობა ეგონებათ და მართალნიც იქნებიან - მცირე კმაყოფილება ხომ  მაინც მოგგვარა ქებამ. ამიტომ, როცა შეგაქებენ, არაფერი თქვა, მხოლოდ თვალები დახარე და დადუმდი.“

ჩვენს დროში, როდესაც გონება ასე დახეტიალობს, ჩვენ წმინდა მამათა წიგნები მივატოვეთ და ხელში ავიღეთ ჟურნალები, რომლებსაც გონებაში კიდევ მეტი არეულობა შემოაქვთ! წმინდა ბერი პაისი ათონელი

მამა ვიტალი გაფუჭებული პროდუქტების გადაყრის ნებას  არ აძლევდა გარშემომყოფებს. მან თავის სულიერ ქალიშვილს აჩვენა, თუ ვის ვახარებთ ამ უმადურებით:  მას სამი თითით ეპყრა ვიღაცის გადაგდებული სანახევროდ შეჭმული პურის ნაჭერი, შეუბერა,  ჯვარი გადასახა და შეჭამა. იმას, რასაც მიწა აძლევს ადამიანს, მამა ვიტალი უფლის ძღვენს ეძახდა. ამიტომ იყო, რომ ყველაფერს უფრთხილდებოდა, ქაღალდის ნაგლეჯსაც კი.  ამბობდა, დადგება დრო და პასუხს მოგვთხოვს უფალი გადაყრილი პროდუქტების გამო, მოშვებულად დატოვებული  ონკანიდან უაზროდ დაღვრილი წყლის გამო...

წმინდანები



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge