ელიობა

ელიობა

02.08.2024

                                                                                 ელიობა

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, საქართველოშიც  უძველესი დროიდან არსებობდა აგრარულ კულტურასთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენები. როგორც  მიწათმოქმედი ხალხისთვის, მნიშვნელოვანი იყო მოსავლის ხარისხი და სიუხვე. ადამიანები სხვადასხვა ღვთაებას შესთხოვდნენ დოვლათს და  რიტუალებს ატარებდენ ბარაქის მისაღებად. საქართველოში, კერძოდ კი სამეგრელოში, ასევე გურიასა და იმერეთში, ელიაობის რიტუალი ჭირნახულის ბოროტი თვალისაგან დასაცავად იმართებოდა.

მცენარე სახელწოდებით იელი (მეგრ. ელი) ჩვენი წინაპრების მიერ  ელიობის  რიტუალის  მთავარ სიმბოლოდ იქნა მიჩნეული. ეს მცენარე არის  მათრობელა,  ის ცხვარს და თხას  აბრუებს, ჭარბი რაოდენობით მისმა მიღებამ შესაძლოა პირუტყვი მოკლას. იელის მჭამელ თხაზე ანდაზაც არსებობს: თხამ ჭამა იელი, შინ მივიდა მშიერი.. ელიობას სამეგრელოში ყოველ ორ აგვისტოს აღნიშნავენ. ესაა ჭირნახულის ბოროტი თვალისაგან და ავი ძალებისაგან დასაცავად მოწყობილი რიტუალი და მეტწილად  ელის ტოტებისგან  გაკეთებულ ჯვარს ყანაში, ვენახში და ბოსტანში ასობენ. ხალხის რწმენით, ამ მასალით გაკეთებული ჯვარი  უმძლავრესი საშუალებაა ოჯახის და კარმიდამოს დასაცავად.  ელიობა ოდითგანვე ითვლებოდა უწმინდური სულების სოფლად გამოსვლის და არემარეში მათი თარეშის  დღედ. მიაჩნდათ, რომ სწორედ 2 აგვისტოს,  ბოროტი სულები დაძრწოდნენ სოფელ-სოფელ მელიის, ვაცის, ბუს სახით, მძინარეებს ართმევენ გულს, ფილტვს, ღვიძლს და მიაქვთ როკაპთან, რომელიც ტაბაკონაზე ცხოვრობს. ამის თავიდან ასაცილებლად ხალხი ათევდა ღამეს. უკრავენ ბუკს, საყვირს, ისროდნენ თოფებს და თავს ირთობენ ცეკვა-სიმღერით.ზუსტად ღამის თორმეტზე ანთებენ უხარმაზარ კოცონს ავსულთა დასაშინებლად. სამეგრელოში დიასახლისები ელიობის ღამეს  აცხობენ  დიდ ხაჭაპურს, რომელსაც მიაკრავენ ანთებულ სანთელს.  ქვეშ სამჯერ გამოუტარებენ ნამგალს და წმინდა ელიას შესთხოვენ, ოჯახის  გადარჩენას,  ხანძრისგან და სიავეებისგან ახლობლების დაცვას.  ხარებს რქებზე უნთებენ სანთლებს, ძროხებს ყურის ძირში აწებებენ ფრჩხილისტოლა  თაფლის სანთელს. მძინარე პატარებს  ფრთხილად უმაგრებენ თმებში თაფლის სანთლის პატარა ბურთულებს. ოჯახის კაცები  ელის ტოტებისგან  დამზადებულ  დიდ ჯვარს დგამენ სახლის წინ, თვალსაჩინო ადგილზე.  ყანებში და ბოსტნებში კი უფრო მომცრო ზომის ჯვრებს ამაგრებენ.

ეკლესიურად ელიობა, ანუ 2 აგვისტო  ელია წინასწარმეტყველის (თეზბიტელის) ხსენების დღეა. ნეტარი ეპიფანე (IV საუკუნე) კვიპრელის ცნობით, როდესაც ელია წინასწარმეტყველი  დაიბადა, მამამისმა  იხილა, რომ ჭაბუკები ცეცხლის ალში ახვევდნენ ახალშობილს და ცეცხლითვე  კვებავდნენ მას. ხოლო როცა მოხდა მისი ზეცად აღვლენა  წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით იქნა ატაცებული ზეცად. ესაა წმინდანი რომლის დაბადებაც და ზეცად  აღვლენაც  უკავშირდება ცეცხლს.

საეკლესიო გადმოცემით, ელია წინასწარმეტყველის (თეზბიტელის) ხალენი ანუ  მოსასხამი  საქართველოში,  სვეტიცხოვლის ტაძარში , უფლის კვართის სიახლოვეს არის დაფლული.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge