აკაკი ჩხენკელის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია
ნანა ჯანაშია / Nana Janashia
2024 წლის 18 ივლისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკაკი ჩხენკელის (1874-1959) 150 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
აკაკი ჩხენკელი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, საქართველოს ელჩი საფრანგეთში და რაც ჩემთვის მთავარია, ის იყო სოხუმელი ჟურნალისტი, რომელიც 1902-1904 წლებში იბეჭდებოდა შემდეგი ფსევდონიმებით - ანჩინი, ანჩიკი, წინწყალი, ა. ოქუმელი და სხვ. ის სოხუმის ოკრუგის სოფელ ოქუმში დაიბადა. 1905-1910 სწავლობდა ბერლინში, ვენაში, ლაიფციგში, ჟენევაში, პარიზში, ლონდონში. პარალელურად საზღვარგარეთიდან აგზავნიდა და აქვეყნებდა სტატიებს ქართულ სოციალ-დემოკრატიულ პრესაში. 1910 წ. იჯდა მეტეხის ციხეში. რასაც მოჰყვა როსტოვის ოლქში გადასახლება, საიდანაც გაიქცა ბათუმში. 1912 წელს გახდა რუსეთის იმპერიის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ბათუმის და ყარსის ოლქების და სოხუმის ოკრუგიდან. იმავე 1912 წელს მან გააპროტესტა ქართველების უფლებების შელახვა და მოითხოვა ეროვნულ-კულტურული ავტონომია. ასევე გამოვიდა ტირიფონის ვაკეზე სამხედრო პოლიგონის მოწყობის წინააღმდეგ. სოც.-დემოკრატიული ფრაქციის სახელით მხარი არ დაუჭირა სამხედრო ბიუჯეტს, რითაც მეფის ხელისუფლება გააბრაზა. 1916 წელს სათათბიროს ტრიბუნიდან იცავდა ე. წ. მოღალატე აჭარლების უფლებებს. დისერტაციაზე მუშაობის დროს არაერთი სტატია შემხვდა უდანაშაულო აჭარლების გასამართლების თაობაზე...მათი "დანაშაული" ხომ ის იყო, რომ ფრონტისპირა ზოლში ცხოვრობდნენ. მათი აყრა და გადასახლება იმიტომ გადაწყვიტა რუს. იმპერიამ, რომ სანდოდ არ მიაჩნდა ქართველებით დასახლებული საზღვარი პირველი მსოფლიო ომის დროს. ჩხენკელმა ნაწილობრივ შეაჩერა ეს პროცესი, თუმცა, ბევრი სოფელი გაიყიდა აუქციონზე და გადაეცა რუსულენოვან და სომხურენოვან მოსახლეობას. ჩხენკელი იყო თსუ დამფუძნებელი საზოგადოების წევრი და 1918 წ. 8 თებერვალს ხელმძღვანელობდა თსუ -ის გახსნას. 1918 წ. 26 მაისიდან ის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრია. 1919 წ. გაიგზავნა ევროპაში რესპუბლიკის წარმომადგენლად. მან, საქართველოს იურიდიული აღიარების მიზნით დიდი სამუშაო გასწია...
გარდაიცვალა პარიზში, 84 წლის ასაკში.