ვენა, ავსტრია, შონბრუნის (გერმ. Schloss Schönbrunn) 1441 ოთახიანი სასახლე, ავსტრიული ბაროკოს სტილში ნაგები საზაფხულო საიმპერატორო რეზიდენცია, ჰაბსბურგთა გამოვნებიანი მონარქების დანატოვარი, ამჟამად - ავსტრიის უმთავრესი კულტურული მონუმენტი და მთავარი ტურისტულ ღირსშესანიშნაობაა. სასახლეს გარს აკრავს 160 ჰექტარზე გადაჭიმული საუცხოო პარკი, შადრევნებით, ბაღებით და ძალიან ცნობილი კაფე გლორიეტეთი (Cafe Gloriette), სადაც ყოველთვის აქვთ გემრიელი ყავა და საუცხოო შტრუდელი. ამ სასახლის ისტორია პირველი ვერსიით1569 წელს იწყება. ეს ადგილი, მდინარე ვენის გასწვრივ მდებარე ბორცვის ძირს გაშლილი, ადრე, კლასტერნოიბურგის მონასტერს ეკუთვნოდა და ეწოდებოდა კატერბურგი. ერთხელაც, რომის იმპერატორი მაქსიმილიანე II სანადიროდ ყოფილა ამ ადგილებში, ძალიან მოსწონებია იქაურობა და სანადირო სივრცის მოწყობის მიზნით მონასტრისგან შეუსიყიდია. მან, ტერიტორია შემოღობა, ფრინველები მოამრავლა და სანადირო სახლი ჩადგა. სულ ეს შეძლო. ათწლეულების შემდეგ კი, ამ ადგილმა რეკრეაციული (L. Recreatio აღდგენა), დასასვენებელი ადგილის ფუნქცია შეიძინა. მეორე ვერსიით, იმპერატორმა მატიასმა ნადირობისას ლამაზწყაროებიანი (სიტყვასიტყვით ასე ითარგმნება Schone Brunnen) ადგილი იპოვა, მოიწონა, შეიძინა და თავდაპირველად მანაც, სანადირო ქოხი ჩადგა.
დედოფალ ელეონორა გონძაგას, რომელსაც ნადირობა ძლიერ უყვარდა და შონბრუნის მიწებზე დიდ დროს ატარებდა, იმპერატორმა ფერდინად II-მ საჩუქარი გაუკეთა და ეს მამული უანდერძა. ელეონორამ ნაჩუქარ მიწაზე დიდიებული სასახლე ააშენა, რომელსაც შონბრუნი უწოდა. სასახლის მშენებლობა 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 1643 წელს დასრულდა. 1683 წელს, როდესაც ვენა თურქების ალყაში მოექცა, ის სერიოზულად დაზიანდა. დაზიანებების აღდგენას 1743 წლამდე დრო დასჭირდა და ის სახე მიიღო - რა სახითაც დღეს არის წარმოდგენილი. 1752 წელს სასახლის სიახლოვეს გაიხსნა შონბურნის ზოოპარკი, რომელიც დღემდე მუშაობს და ითვლება მსოფლიოში ყველაზე ძველ ზოოპარკად. 1828 წელს სასახლე გამოისყიდა მეფე კარლ მეექვსემ და აჩუქა თავის ქალიშვილს, მარია ტერეზას. ამ დედოფლის ხელში სასახლე გახდა შემოქმედებითი ცენტრი და პოლიტიკური შეხვედრების ადგილი. სასახლის სარკეებიან დარბაზში უკრავდა მოცარტი, ინტერიერის არქიტექტორის იოსეფ როზას დარბაზში შეკრებილი დიდგვაროვნები კი ტკბებოდნენ შვეიცარიის და იტალიის პეიზაჟებით, აზიური ლარნაკებითდ და სხვა ძვირფასეულობების ხილვით. სასახლის დიდ გალერეაში ღებულობდნენ ელჩებს, პატარაში მართავდნენ კონცერტებს. ავეჯი წაბლის მასალისგან იყო დამზადებული და შემდეგ მოოქროვილი. ზოოპარკში ყავდათ დიდი პანდები. ორანჟერეაში თავს იწონებდნენ პალმები.
1918 წელს, ავსტრია-უნგრეთის მონარქია როცა დაემხო (1867-1918წწ., ავსტრია-უნგრეთის მონარქია, დედაქალაქები - ვენა და ბუდაპეშტი. ენები - გერმანული, უნგრული, პოლონური, ჩეხური, სერბული, რუთენული. ფულის ერთეული, გულდენი, კრონა, დინასტია - ჰაბსბურგები) შონბრუნის სასახლის მფლობელი ახლადშექმნილი ავსტრიის რესპუბლიკა გახდა. სასახლე მუზეუმად გადაკეთდა. მეორე მსოფლი ომის დროს, კონკრეტულად კი 1945 წლის დაბომბვებისას - შონბრუნი საგრძნობლად დაზიანდა. ომის დასრულების შემდეგ კი შონბრუნის სასახლეში განთავსდა ბრიტანეთის სამხედრო მაღალჩინოსნების შტაბი. უფრო ადრე, შონბრუნის სასახლეში ნაპოლეონის შტაბიც იყო, როცა საფრანგეთმა მოახდინა ვენის ოკუპაცია (1805-1809 წწ). 1961 წელს კი შონბრუნის სასახლეში ჯონ კენედის და ნიკიტა ხრუშჩოვის შეხვედრაც გაიმართა.
1996 წლიდან იუნესკომ შონბრუნის სასახლე და მისი ბაღები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
შონბრუნის სასახლის სტუმრების ყურადღების ცენტრშია სასახლის ბაღის ბუჩქებიანი ლაბირინთი, ნეპტუნის ფანტანი, პალმების სახლი - ორანჟერეა, ბორცვზე აღმართული 20 მეტრიანი პავილიონი-კოლონადა გლორიეტა, რომელიც აშენდა პრუსიაზე გამარჯვების აღსანიშნავად; ასევე, ხელოვნურად შექმნილი რომის ნანგრევები, რომელიც მე-18 საუკუნის არქიტექტორმა იოჰან ჰეცენდორფმა შექმნა თავდაპირველი სახელწოდებით - კართაგენის დაცემა. ასევე - ფანტანი ობელისკი, მტრედების სახლი, ეტლების მუზეუმი, საბავშვო მუზეუმი, სადაც შესაძლებელია ბავშვები გამოეწყონ იმპერატორების ეპოქის შესატყვის ტანსაცმელში. შონბრუნის სასახლე მუშაობს ყოველდღე დილის 8- დან საღამოს 6 საათამდე. ივლის-აგვისტოში - დილის 8 საათიდან საღამოს შვიდის ნახევრამდე. სასახლის ბაღის დათვალიერება კი დილის შვიდის ნახევრიდანაა შესაძლებელი. ექსკურსია სასახლეში უფროსებისთვის 22 ევრო ჯდება, 6-18 წწ მოსწავლე-ახალგაზრდების - 15 ევრო, 6 წლამდე ბავშვებისთვის კი სასახლის დათვალიერება უფასოა. სასახლის მისამართია: Schonbrunner Schlosstrasse, 47. ყველაზე სწრაფი და ბიუჯეტური ტრანპორტი შონბრუნის სასახლეში მისასვლელად არის მეტროს ხაზი U4. ასევე, ტრამვაი #10 ან #58 და ავტობუსი #10A.