მედია და ნაციონალური უსაფრთხოება

მედია და ნაციონალური უსაფრთხოება

30.10.2024

   ნინო შავლაძე / Nino Shavladze

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მედია და ნაციონალური უსაფრთხოება დღევანდელი რეალობის განუყოფელი კომპონენტებია. ისინი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ საზოგადოებისა და სოციალური ინსტიტუტების ინფორმირება-დაცვისა და განვითარების პროცესში. ამდენად, ჩნდება კითხვა, თუ რა ტიპის კავშირი არსებობს ამ ორ უკანასკნელს შორის? შეიძლება ვთქვათ, რომ ეროვნული უსაფრთხოებისა და მედიის კავშირი მდგომარეობს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობას შორის ბალანსში. აღსანიშნავია, რომ მედია მნიშვნელოვან როლს ასრულებს დემოკრატიულ საზოგადოებაში, წარმოგვიდგება, როგორც “მეოთხე ხელისუფლება”, აკონტროლებს მთავრობის ქმედებებს (“watch dog”) და აძლიერებს გამჭვირვალეობას. თუმცა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხების, როგორებიცაა სამხედრო ოპერაციები ან დაზვერვითი საქმიანობა, გაშუქება შესაძლოა რისკს წარმოადგენდეს, რადგან ამ ინფორმაციის გამჟღავნებამ შეიძლება ქვეყნის უსაფრთხოება დააზიანოს. ამ ტიპის კომპლექსურ ურთიერთდამოკიდებულებას  შორის მუდამ მნიშვნელოვანი ხდება ის ასპექტი, თუ როგორ შევინარჩუნოთ ინფორმირებული საზოგადოება, დავიცვათ ეროვნული უსაფრთხოება და ამავე დროს სახელმწიფო ინტერესები.

როგორც ჩანს, საკითხი საკმაოდ მრავლისმომცველია, ამიტომ აღნიშნულ თემაზე მსჯელობს არაერთი მოაზროვნე და ნაციონალური უსაფრთხოება შეფასებულია მრავალი თეორიული ჩარჩოს ჭრილში.

მაგალითად, გავიხსენოთ რობერტ სედლერის თვალსაზრისი. მის ერთ-ერთ ნაშრომში სახელად “მედია და ნაციონალური უსაფრთხოება” ვკითხულობთ, რომ მედიამ უნდა შეძლოს ინფორმაციის გავრცელება, მიუხედავად ეროვნული უსაფრთხოების რისკებისა. გარდა ამისა, ავტორი ეხება ისეთ შემთხვევებს, როცა თავად მასმედიის საშუალება ირჩევს ინფორმაციის არგავრცელებას უსაფრთხოების რისკების გამო. სედლერი ხაზს უსვამს მედიასა და მთავრობას შორის ურთიერთობის სირთულეს, როდესაც საქმე ეხება ეროვნული ინტერესების დაცვას და საზოგადოებისთვის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფას.

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიის პირდაპირი ვალდებულებაა სოციუმის ინფორმირება, ვხვდებით ისეთ შემთხვევებს, როცა აღნიშნული ვერ ხერხდება.

მსჯელობისას აუცილებელია ვთქვათ, რომ, ნიშანდობლივია ის, თუ, ერთი მხრივ, თეორია რას გვეუბნება, ხოლო მეორეა, თუ რას ცხადყოფს რეალური გამოცდილება და პრაქტიკა. სწორედ ამ კუთხით, შეგვიძლია გავიხსენოთ, ისტორიიდან ერთ-ერთი საკმაოდ ცნობილი შემთხვევა - ქეისი, რომელიც “პენტაგონის დოკუმენტების” სახელითაა ცნობილი და წარმოადგენს შესანიშნავ მაგალითს იმისა, თუ რა ტიპის კავშირი შეიძლება გამოიკვეთოს ნაციონალურ უსაფრთხოებასა და მედიას შორის.

კერძოდ, “პენტაგონის დოკუმენტები” იყო აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო კვლევა, რომელიც 1945-1967 წლებში აშშ-ის ვიეტნამთან პოლიტიკურ და სამხედრო ჩართულობას მოიცავდა. 1971 წელს დოკუმენტები დანიელ ელსბერგმა გამოაქვეყნა და მათ აჩვენეს, რომ რამდენიმე ადმინისტრაციამ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა ვიეტნამში აშშ-ის მოქმედებების მასშტაბსა და ბუნებაზე. ეს გამოქვეყნება მნიშვნელოვანად იქცა მედიის თავისუფლების დაცვის კუთხით და აჩვენა მედიისა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაპირისპირება.

უფრო კონკრეტულად “პენტაგონის დოკუმენტებმა” გამოკვეთეს ეროვნული უსაფრთხოების და მედიის თავისუფლების ბალანსის მნიშვნელობა, რადგან მათ აჩვენეს, როგორ უმალავდა აშშ-ის მთავრობა საზოგადოებას ვიეტნამის ომის კრიტიკულ დეტალებს. მაგ., საიდუმლო დაბომბვებს მეზობელ ქვეყნებში (ლაოსი და კამბოჯა), ომის პროგრესის პესიმისტურ შეფასებებს და აღიარებას, რომ ომი ისე წარმატებით არ მიმდინარეობდა, როგორც ამას საჯაროდ აცხადებდნენ. ეს ფაქტები წარმოაჩენდა მთავრობის ფარგლებში არსებულ ინფორმაციასა და საჯაროდ გაკეთებული განცხადებებს შორის მნიშვნელოვან განსხვავებას, რაც სახელმწიფოს შეცდომებსა და მენეჯმენტის ნაკლოვანებებს უსვამდა ხაზს. სწორედ ამ ფაქტების გამოაშკარავებამ მედიის როლი გაამყარა, როგორც მთავრობის კონტროლის ინსტრუმენტის, განსაკუთრებით კი ისეთ საკითხებში, რომლებიც ქვეყნის კეთილდღეობას ეხება.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას,რომ ეროვნული უსაფრთხოებისა და მედიის “ურთიერთობა” ემყარება გამჭვირვალობისა და დაცვის ბალანსს. მედიას მნიშვნელოვანი როლი აკისრია საზოგადოების ინფორმირებას საკითხში  და მთავრობის კონტროლში, თუმცა, ზოგჯერ ის ავრცელებს მგრძნობიარე, სენსიტიურ ინფორმაციას, რაც შეიძლება ქვეყნის უსაფრთხოებას დაემუქროს. ისტორიული შემთხვევები, მაგალითად ისეთი,  როგორიცაა “პენტაგონის დოკუმენტები”, აჩვენებს, რომ მედიის თავისუფლებამ შეიძლება გამოავლინოს მთავრობის ნაკლოვანებები და გაზარდოს საზოგადოების ნდობა, თუმცა, ეს გამოწვევებს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას. საბოლოოდ, მარტივად რომ ვთქვათ, ბალანსის შენარჩუნება ამ ორ უკანასკნელს შორის -  უზრუნველყოფს ინფორმირებულ და დემოკრატიულ საზოგადოებას.

ნინო

ფოტოზე: ნინო შავლაძე

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge