ანამარია ხეთაგური /Anamaria Khetaguri
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჰანს მორგანთაუ წიგნში „პოლიტიკა ერთა შორის“ / Politics among Nations (1948) წერს, რომ ბევრი მკვლევარი ეროვნულ უსაფრთხოებას განმარტავს, როგორც იმ პირობების შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ერის პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ ერთიანობას და უზრუნველყოფს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე დაიცავს გამოხატვის თავისუფლებას.
უშუალოდ სამხედრო უსაფრთხოება განისაზღვრება, როგორც საშინაო და საერთაშორისო ვითარება, რომელიც გამორიცხავს პიროვნების, საზოგადოების, სახელმწიფოს, მსოფლიო გაერთიანების წინააღმდეგ შეიარაღებული ძალადობის გამოყენებას. ის არის ნაწილი და ერთ-ერთი საფუძველი ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების.
თემაზე: მედია და სამხედრო უსაფრთხოება, მსოფლიოს არაერთი მკვლევარი მუშაობს. მათ შორისაა რ. აბრაჰამი, წიგნით: „მედია და ეროვნული უსაფრთხოება / Media and National Security. ის აღნიშნავს, რომ მედია, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კონფლიქტების მოგვარების საქმეში, არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ რეგიონში, არამედ - მსოფლიო მასშტაბით. მედია არის სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ იმ გავლენების გამო, რომელსაც ის ახდენს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე და ხელს უწყობს ეროვნული მიზნების განხორციელებას.
ამის გათვალისწინებით, სამხედრო მოქმედებების დროს, განსაკუთრებით იზრდება მედიის ვალდებულება, რადგან ინფორმაცია ხდება ის სტრატეგიული ინსტრუმენტი, რომლის სწორად და მიზნობრივად გავრცელება ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობის ხდება სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობისა და სამხედრო საკითხების მოგვარების კუთხით.
საგულისხმოა ავტორის მინიშნება იმ ფაქტზე, რომ მედია გაშუქებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ხალხში უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მორალურად მოამზადოს ისინი მოსალოდნელი საფრთხის წინაშე. კონფლიქტური სიტუაციის დროს კი მედიას შეუძლია იქცეს დამაკავშირებელ ხიდად მთავრობასა და ხალხს შორის.
ვიეტნამის ომის დროს, მედიისა და სამხედრო სფეროს ურთიერთობის როგორც სუსტი, ისე ძლიერი მხარეები გამოიკვეთა. ძლიერ მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ცენზურის ნაკლებობის პირობებში, ჟურნალისტებს შეუზღუდავი წვდომა ჰქონდათ ინფორმაციაზე. უარყოფით მხარედ კი ის უნდა ჩაითვალოს, რომ სამხედროები პრესას ადანაშაულებდნენ მოვლენების ნეგატიურად გაშუქებაში და ომში წაგებაშიც.
ავტორები ჯ. კორნერი და კ. პერი, ნაშრომში „მედია და სამხედროები“, მედიის დანიშნულებასა და როლზე ამახვილებენ ყურადღებას სამხედრო ოპერაციებს გაშუქების დროს. ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ ვიზუალური მედიის ძალას სამხედრო მოვლენების ირგვლივ ნარატივების აგებისას. ავტორები გვახსენებენ, რომ სამხედროები ცდილობენ გააკონტროლონ ოპერატიული ინფორმაცია უსაფრთხოებისა და მათთვის ხელსაყრელი საზოგადოებრივი აზრის შესანარჩუნებლად, მედია კი - მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას, მხარს უჭერს გამჭვირვალეობას. აქედან გამომდინარე, მედიასა და სამხედროებს შორის ადგილი აქვს კონფლიქტს განსხვავებული მიზნების გამო - სამხედროები პრიორიტეტს ანიჭებენ სამხედრო საიდუმლოების შენახვას, ჟურნალისტები კი მიზნად ისახავენ საზოგადოებამდე სიმართლის მიტანას.
ამერიკელი პროფესორი რობერტ სედლერი სტატიაში „მედია და ეროვნული უსაფრთხოება“, ხაზს უსვამს მედიის დიდ პასუხისმგებლობას სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კუთხით. სტატიაში საუბარია მთავრობის იმ წარმომადგენლებზე, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ რეპორტიორებმა და რედაქტორებმა არ უნდა გამოაქვეყნონ ის ინფორმაცია - რომელიც ზიანს მიაყენებს ეროვნულ უსაფრთხოებას. პროფესორ სედლერის აზრით, პრესას შეუძლია გამოაქვეყნოს სამხედრო საიდუმლოება, რადგან, გამოხატვის თავისუფლება უპირატესია, ვიდრე, ეროვნული და სამხედრო უსაფრთხოება. მიუხედავად უსაფრთხოების სამსახურის რჩევისა ან თხოვნისა, საბოლოოდ, მაინც რედაქტორი წყვეტს გამოაქვეყნოს თუ არა საიდუმლო ინფორმაცია.
ავტორები ჯ. კორნერი და კ. პერი იკვლევენ, თუ როგორ მოქმედებს ვიზუალური მედია, კერძოდ კი - ტელევიზია და ფოტოგრაფია, ომის საზოგადოებრივ აღქმაზე. საკულტო სურათებმა ან ვიდეო კლიპებმა საზოგადოებაში შეიძლება გამოიწვიოს აღშფოთება, სიმპათია, პატრიოტიზმი... სამხედრო მოქმედებების ვიზუალიზაციამ შეიძლება გავლენა მოახდინოს აუდიტორიაზე და გამოიწვიოს საზოგადოების ფართო მხარდაჭერა ან წინააღმდეგობა. ცნობილია, რომ მედიასაშუალებებიდან მხოლოდ ტელევიზიას შეუძლია ახალი ამბების რეალურ დროში გადმოცემა, რითაც ოპერატიულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ქმნის. ექსტრემალურ სიტუაციაში, პირდაპირი ჩართვისას რთულია ყველა დეტალი გათვალოს ჟურნალისტმა და უნებურად, სამხედრო საიდუმლოება არ გათქვას.
დემოკრატიულ საზოგადოებებში პრესის მოვალეობაა კრიტიკულად გააშუქოს სამხედრო მოქმედებები. მეცნიერები - ჯ. კორნერი და კ. პერი ამტკიცებენ, რომ როცა მედიის აზრი არის სამთავრობო ნარატივების საპირისპირო, საზოგადოებას ეს სიმართლის ამოცნობაში ეხმარება.
მკვლევართა უმეტესობას მიაჩნია, რომ დამოუკიდებელი მედიის როლი დემოკრატიული პროცესების ზედამხედველობაში მდგომარეობს. ქვეყნის უსაფრთხოებას ზიანი რომ არ მიადგეს - მედიასა და სამხედროებს შორის დაბალანსებული და კეთილგანწყობილი ურთიერთობა უნდა შენარჩუნდეს.
ფოტოზე: ანამარია ხეთაგური