უსაფრთხოების განმარტება და ტიპოლოგია

უსაფრთხოების განმარტება და ტიპოლოგია

07.11.2024

ნანა ჩადუნელი / Nana Chaduneli

დღევანდელ სწრაფად განვითარებად სამყაროში უსაფრთხოება  კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.  უსაფრთხოების ისტორია ასახავს კაცობრიობის მუდმივ ძალისხმევას ხალხის, ქონებისა და ინფორმაციის დასაცავად, დროთა განმავლობაში ადაპტირდება ახალი საფრთხეების დასაძლევად. ადრეული უსაფრთხოება ფოკუსირებული იყო ფიზიკურ თავდაცვაზე,  როგორც საზოგადოებები ვითარდებოდა, ასევე  ვითარდებოდა უსაფრთხოების ზომებიც.

რამდენი სახის საფრთხეც არსებობს, იმდენი სახისაა უსაფრთხოებაც .

უსაფრთხოების  შინაარსი მოიცავს ერის, როგორც კულტურულ-პოლიტიკური ერთობის ყველა იმ სასიცოცხლო პირობას, რომელიც უზრუნველყოფს მის მდგრად არსებობასა და განვითარებას.

 მარტივად რომ ვთქვათ, უსაფრთხოება არის ადამიანთა არსებობისა და კეთილდღეობის დაცვა სხვადასხვა  საფრთხეებისაგან.

 პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობიდან და კორპორატიული კიბერუსაფრთხოებიდან დაწყებული ეროვნული თავდაცვისა და ფინანსური სტაბილურობით დამთავრებული, უსაფრთხოების კონცეფცია მოიცავს სფეროების ფართო სპექტრს, რომელთაგან თითოეული ეძღვნება ყველაზე მნიშვნელოვანს  - ჩვენი ინფორმაციის, აქტივებისა და სიცოცხლის დაცვას.

უსაფრთხოება იყოფა ორ ძირითად ტიპად:  სამოქალაქო და სამხედრო უსაფრთხოებად.

ტრადიციულად, ეროვნული უსაფრთხოება გულისხმობდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და მისი შინაგანი პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფას. იმ ისტორიული რეალობის კონტექსტში, რა დროსაც ჩამოყალიბდა ეროვნული უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური ლექსიკონის ტერმინი,  მისი დამკვიდრებული გაგება მოიცავდა მსოფლიოს ერების წინაშე იმ პერიოდში არსებული უსაფრთხოების პრობლემის ძირითად შინაარსს.

 ისტორიულად ქვეყნის უსაფრთხოება გულისხმობდა მისი მოსახლეობისა და საარსებო სივრცის დაცვას. მიიჩნეოდა, რომ ქვეყანა არის უსაფრთხოდ, თუ გარეშე მოძალადეთა შემოტევის საფრთხე აცილებულია, ხოლო შინაგანი წესრიგის დამრღვევი დათრგუნვილი. თანამედროვე პირობებში ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება განიხილება არა მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ სისტემასთან მჭიდრო კავშირში.

ტრადიციული უსაფრთხოების კონცეფცია ეფუძნება ნაციონალურ სახელმწიფოს და მის სამხედრო ძალას, სადაც უმნიშვნელო როლი ენიჭება სამოქალაქო ორგანიზაციებს, ბიზნესს, ადგილობრივ ხელისუფლებას, კულტურას და ეს არის როგორც კონცეპტუალური, ისე ემპირიული საკითხი. მე–20 საუკუნის ბოლოს და 21-ე საუკუნის დასაწყისში საბჭოთა კავშირის დაშლამ და მზარდმა გლობალიზაციამ მოიტანა ისეთი ახალი, არატრადიციული საფრთხეები, როგორიცაა: ბირთვული იარაღის გავრცელება, გლობალური ტერორიზმი, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული, კორუფცია, ფულის გათეთრება,  ასევე,  „ჰიბრიდული“ ომები და ადგილობრივი შეიარაღებული კონფლიქტები.

„უსაფრთხოების თანამედროვე კვლევების“ ავტორის, ალან კოლინსის აზრით  სუსტი სახელმწიფოების საფრთხეები განპირობებულია არა მხოლოდ გარე ფაქტორებით, არამედ  შიდა ფაქტორებითაც, როგორებიცაა:  ძალაუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდების სურვილით, სეპარატიზმით, ამბოხებებით, ეთნიკური წმენდით, ბანდფორმირებების არსებობით, ანუ ვოლორდიზმით, რაც  იწვევს ანარქიას, სახელმწიფოს დაშლას ან შესუსტებას.

უსაფრთხოების ნეორეალიზმის კონცეფცია გულისხმობს, საერთაშორისო დონეზე შეიარაღებული კონფლიქტების თავიდან აცილების მიზნით, სახელმწიფოები თანხმდებიან და ქმნიან საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორიცაა:  ნატო, გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო, ევროკავშირი, დსთ და ამით, ნაწილობრივ მაინც, არბილებენ სახელმწიფოთაშორის ინტერესთა კონფლიქტს, შესაძლო ომის თავიდან ასაცილებლად. 

პოლიტიკური მიმართულების  რეალიზმის მიმდევრების მიხედვით, ეროვნული უსაფრთხოება პირდაპირ არის დაკავშირებული საერთაშორისო ურთიერთობების სისტემასთან და ემყარება ძალთა ბალანსს. ამერიკელი მკვლევრის, ჩარლს გლასერის მიხედვით, რეალიზმი არის „საერთაშორისო ურთიერთობების თეორია იმის შესახებ, თუ როგორ იცავს უსაფრთხოებას სახელმწიფო“. და უსაფრთხოების რომელ სტრატეგიას ირჩევს იგი.

საბჭოთა კავშირის დაშლისა და გლობალიზაციის პროცესების დაჩქარების შედეგად, უსაფრთხოების თეორიაც ახალ ეტაპზე გადავიდა. ჩამოყალიბდა ახალი მიმართულება – კრიტიკული კვლევები უსაფრთხოების დარგში (Critical Security Studies). ტერმინი კრიტიკული კვლევები  ნიშნავს ახალ მიმართულებას უსაფრთხოების სფეროში, რომელიც განსხვავდება ტრადიციული რეალისტური მიდგომისაგან, როცა ცენტრალურ როლს თამაშობს სახელმწიფო, როგორც უსაფრთხოების პროვაიდერი. უსაფრთხოებისადმი არატრადიციული მიდგომის ფუნდამენტური განსხვავება ის არის, რომ სამხედრო ასპექტების გარდა, ის ყურადღებას ამახვილებს უსაფრთხოების ეკონომიკურ, გარემოსდაცვით, ადამიანურ, სოციალურ და სხვა მსგავსი ტიპის მუქარებზე.

უსაფრთხოების კრიტიკული კვლევების  სამი მთავარი ანალიტიკური არსებობს, ესენია: – უელსის, კოპენჰაგენისა და პარიზის სკოლები. თითოეულ სკოლას გააჩნია  უსაფრთხოების საკუთარი კონცეფცია.

უელსის სკოლამ ჩამოაყალიბა ეგრეთ წოდებული ემანსიპაციის თეორია (Emancipatory Theory), რომლის ავტორია  კენ ბუტი.  ემანსიპაციონისტები აკრიტიკებენ რეალისტურ მიდგომას, სადაც ბატონობს სამხედრო ძალაზე დამყარებული წესრიგი და ამტკიცებენ, რომ არსებობს უსაფრთხოების უნივერსალური სისტემა და მასში ცენტრალური ფიგურა არის ინდივიდუუმი (ინდივიდი) და არა სახელმწიფო და მისი სამხედრო მანქანა.

კოპენჰაგენის სკოლამ ჩამოაყალიბა  სექიურითიზაციის თეორია (Securitization Theory). მისი ავტორები არიან ბ. ბუზანი, ო. ვეივერი და დ. ვილდე.  სექიურითიზაციის თეორია ეფუძნება იდეას, რომ ობიექტი თავისთავად კი არ წარმოადგენს საგანგებო პოლიტიკისათვის საფრთხეს, არამედ  გავლენიანი აქტორები (მაგალითად, პოლიტიკოსები ან სახელმწიფო მოღვაწეები) აცხადებენ, რომ ის  სერიოზული საფრთხეა!  სექიურითიზაციას ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც პოლიტიკოსების მიერ საფრთხეების შესახებ საჯარო განცხადებებს იღებს და აღიარებს საზოგადოება.

ფრანგული კრიტიკული სოციალური თეორიიდან გამომდინარე, პარიზის სკოლა ყურადღებას ამახვილებს ყოველდღიურ პრაქტიკებსა და ტექნოლოგიებზე, რომლებიც აყალიბებენ უსაფრთხოებას, განსაკუთრებით ‘’სახელმწიფოებრიობის’’ (governmentality) კონცეფციის მეშვეობით, რომელიც შემუშავებულია მიშელ ფუკოს მიერ. პარიზის სკოლა შეისწავლის, თუ როგორ ყალიბდება უსაფრთხოების პრაქტიკა, მეთვალყურეობა, საზღვრის კონტროლი და რისკის მენეჯმენტი. იგი ხაზს უსვამს ბიუროკრატიის, სამართლებრივი სტრუქტურებისა და ნორმების როლს „უსაფრთხოების საზოგადოების“ შექმნაში, სადაც სახელმწიფო და კერძო აქტორები მართავენ მოსახლეობას და  მათ ქცევებს, რისკების შესამცირებლად.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ უსაფრთხოება არის უმნიშვნელოვანესი  ფაქტორი როგორც ინდივიდების, ისე სახელმწიფოებისთვის.  სამყაროს შექმნასთან ერთად გაჩნა საფრთხეები, რომლებიც დროთა განმავლობაში იცვლებოდა და შესაბამისად იცვლებოდა მათთან ბრძოლის გზები.   მარტივად რომ ვთქვათ, რამდენი სახის საფრთხეც არსებობს, იმდენი სახისაა უსაფრთხოებაც.   წყარო: სილაბუსში მითითებული ლიტერატურა.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge