მარიამი

მარიამი

07.11.2024

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

1942 წლის სუსხიანი შემოდგომის მიწურული იდგა. ალიონზე სოფლიდან გამოსულმა ურემმა ჯერ თამაკონი გაიარა, მერე ნახურცილაო, მერე ტეხურისპირეთის სხვა სოფლები - ნოქალაქევი, მიკოტახილი და სენაკის ბაზარში შესვლისთანავე პატარა გოგონამ თვალები გაახილა. სენაკელი მოვაჭრეები სიხარულით შეეგებნენ მათ გამოჩენას. უყვარდათ ეს ლამაზი და ყოჩაღი ბავშვი, რომელიც შორიდან, მამასთან ერთად ჩამოდიოდა და ადგილობრივ ვაჭარს აბარებდა თიხის ნაკეთობებს: სურებს, დოქებს, ქოთნებს, ჯამებს, ფიალებს. საღამოს კი - მამა-შვილი კმაყოფილი ბრუნდებოდა შინ.  წითელმიწიანი იყო მათი სოფელი და თიხის ჭურჭლის საწარმოებლად საუკეთესო ადგილად ითვლებოდა. კოლა - თიხის ჭურჭელს ნიშნავს. ანუ, ტოპონიმიკა საქმიანობიდან გამომდინარე მიიღო სოფელმა - ნამიკოლაომ.  სენაკი კი განთქმული იყო თავისი ბაზრით და ყველა ნამიკოლაოელი თავის ნაწარმს ან ზედმეტ სურსათ-სანოვაგეს იქაურ ბაზარში აბარებდა  ან ყიდდა. გოგონას მამას, გიორგის, სენაკში მეგობრები ყავდა და იქ, ომზე და პოლიტიკაზე სასაუბროდ უფრო ჩადიოდა ვიდრე თიხის ჭურჭლის ჩასაბარებლად. პატარა მარიამს კი სენაკის ბაზრის ცხელი პური და მანდვე  ნაყიდი ცოტაოდენი თაფლი ერჩივნა მთელ დანარჩენ სამყაროს.   მამა კაცებთან საუბარში იყო გართული, მარიამს კი ძალიან მოუნდა თაფლიანი ცხელი პური. მამასთან მისვლა და  ფულის თხოვნა რადგან  მოერიდა -   ურმის კუთხეში, შემთხვევით დარჩენილი პატარა დოქი იპოვა და გაყიდა... იმ ფულით კი -  თაფლი და ცხელი პური მოუვიდა. თან ჭამდა და თან ცალი თვალით მამას უყურებდა... ცხოვრებაში ეგეთი გემრიელი არაფერი გაესინჯა. გაყინულ თითებს ცხელი პური უთბობდა, თაფლს კი ზღაპრული გემო ქონდა. ეს მისი ყველაზე დიდი საიდუმლო იყო და შორეული ბაზრიდან დაბრუნებულმა, დედას და და-ძმებსაც კი არ გაუმხილა. დიახ, დებიც ჰყავდა და ძმებიც.  ძალიან  უყვარდა ოთხივე მათგანი. ათასი რამ ჩამოუტანა მათ ბაზრობიდან, მაგრამ,  თაფლი და პური მარტომ და მალულად რომ მიირთვა, ამის გამო,  მათ, დიდხანს, თვალს ვერ უსწორებდა.

ეს პატარა გოგო ლამაზ, მთაგორიან, მდინარიან და ხალისიან სოფელში იზრდებოდა. მისი სახლი ერთი ჩვეულებრივი ოდა იყო ხის ბოძებზე შემდგარი და ხისკიბიანი. ხისავე აივნებით - წინ და უკან, და სამი ოთახით, რომელთაგან ერთი ძალიან დიდი - სასტუმრო იყო. შპალერით გაწებილი, მრგვალი მაგიდით და ექვსი სკამით, კედელზე ნოხით, დივანიც იდგა მანდ მაღალი სარკეებით და ტყავის საზურგით! ხის საწერი მაგიდაც იდგა ერთ კუთხეში. ზედ მრგვალი და მწვანედ შეფერილი  მინის ულამაზესი სამელნე იდო და ჟურნალები ეწყო. გოგონას მამა ჟურნალისტი იყო,  მუშაობდა ქუთაისში და  მაგიდაზე რომ ჟურნალები ელეგა, თითოეულში, მისი სტატია იყო გამოქვეყნებული. ოდას ორი საძინებელი ქონდა, სადაც ოთხი საწოლი იდგა. ოთხივე რკინის. ოჯახს ტანსაცმლის მხოლოდ ერთი კარადა ჰქონდა, რომელიც ადგილობრივი ოსტატის ნახელავი იყო,  სამი უჯრით და ორი კარით. პატარა კარს როცა გამოაღებდი თაროები იწყებოდა, ერთზე დების ტანისამოსი ელაგა, მეორეზე ძმების, მესამეზე დედის, მეოთხეზე მამის და მეხუთეზე ასაკოვანი მამიდის. დიდ კარს როცა გამოაღებდი იქ პალტოები ეკიდა. უჯრებში თეთრეული ეწყო. ოთახის ბოლოში ხის ფეჩი იდგა, რომლითაც ზამთარში სახლი თბებოდა. ოდის გვერდით უზარმაზარი მსხლის ხე იდგა. მსხმოიარე და გემრიელი. არაერთხელ მოუმზადებია დედას შვილებისთვის მსხლის ფაფა. შაქარი ძნელად საშოვარი ფუფუნება იყო, არც პურის ფქვილი იყო სადმე. ჰოდა, ამ მსხალს ჩაფუფქავდნენ, მოხალულ სიმინდის ფქვილს დაამატებდნენ და ბავშვებს სიყვარულით მიართმევდნენ. ხუთშვილიანი ოჯახი მხოლოდ ამ ოდა სახლის იმედზე არ იყო. სახლიდან ხელმარჯვნივ იდგა ისლით გადახურული უფანჯრო ჯარგვალი. ეს იყო ერთმანეთზე დაწყობილი ხის მორები,  სახურავით, რომელზეც ოსტატურად ელაგა ისლი. შუაცეცხლი ჰქონდა ამ სახლს. იატაკი იყო მიწის. იდგა ტაბაკი და დაბალი უზურგო სკამები. კედელთან ხის დიდი ტახტი, რომელზეც ზამთრობით დედა ხუთივე ბავშვს ერთად აწვენდა და ერთ დიდ საბანს ახურავდა ყველას. დღის სხივი სახურავის ღიობებიდან შემოდიოდა. შუაცეცხლიდან ამოსული კვამლი კი ოთახის ცენტრიდან სადღაც მაღლა ჭერში იკარგებოდა. კედელთან პატარა მაგიდაც იდგა ჯამ-ჭურჭლისთვის. ჯარგვალს მხოლოდ ერთი კარი ჰქონდა და აივანი მიწაიატაკით. აივნის ხელმარჯვნივ ქვევრი იყო მიწაში ჩამარხული, რომელსაც თავზე დიდი ბრტყელი ქვა ედო. იქვე ყელიანი მწარე გოგრისგან დამზადებული ჭურიდან ღვინის ამოსაღები ჭურჭელი - ორშიმო (ხრიკა) იყო ჩამოკიდებული, რითაც ამოჰქონდათ სუფრისთვის თეთრი ღვინო. ეზოს ბოლოში ტყე იყო. იმ ტყესთან ბოსელი ჰქონდათ. თიხის საწარმოც ეზოს ბოლოში იყო, ღუმლით, სადაც ხდებოდა თიხის ჭურჭლის გამოწვა. ქუთაისიდან დაბრუნებული გიორგი, შაბათ-კვირას დამხმარეებთან ერთად სხვადასხვა ჭურჭელს ამზადებდა. ჯერ ფორმას აძლევდა, მერე გამოწვავდა. მოკლედ, ეს მათი ოჯახისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იყო.ოჯახს, საყანე ფართობის გადაღმა, გიორგის მამის, მემამულე საბა კვაშილავას მიერ დანატოვარი მკვიდრად ნაგები შენობის (ქვითკირის) სახლიც ქონდა. თავდაპირველად იქ ცხოვრობდნენ ახალშეუღლებული გიორგი და ლიდა, მაგრამ, რადგან სახლი ცენტრალური გზიდან მოშორებით იდგა, ჩათვალეს, რომ ამის გამო ბავშვებს სკოლამდე გზა დაუგრძელდებოდათ, ამიტომ,  სახლის ზედა სართული ანუ ოდა დაშალეს და  გადმოიტანეს გზის სიახლოვეს, საკუთარსავე მიწაზე. მიტოვებული პირველი სართული კი გადახურეს და როგორც დამხმარე სათავსოს ისე იყენებდნენ. გოგონა და მისი პატარა და-ძმები იმ სახლში სათამაშოდ შედიოდნენ.  მარიამი, არა მხოლოდ ვაჭრობაში იყო ყოჩაღი, არამედ მწყემსიც საუკეთესო გამოდგა. რამდენი ბავშვიც იყო ოჯახში, იმდენი ძროხა ჰყავდათ და ბავშვების მოვალეობა იყო ყველას საკუთარი ძროხა კარგად გამოეკვება. სხვებისგან განსხვავებით, გოგონას ძროხას ცურები ასკდებოდა - იმდენი რძე მოჰქონდა ყოველ საღამოს. დედა - ვარგიანს ეძახდა  და სიყოჩაღის გამო სულ აქებდა. უფროსმა ძმამ ძროხის დევნას ბურთის დევნა ამჯობინა სოფლელ ბიჭებთან ერთად, უმცროსი და-ძმები კი ეკალბარდებს ერიდებოდნენ და მხოლოდ მცირებალახიან, ვაკე ადგილებში აძოვებდნენ საქონელს. მარიამი კი - სადაც ძროხა თავს შერგავდა, თავადაც იქ შედიოდა, არ ერიდებოდა ეკა-ბარდს. წიგნით ხელში ძროხასაც დარაჯობდა, დამატებით საკვებსაც აძლევდა აკაციის ფოთლების სახით. მოწყურებული არ იყოსო და  წყაროსთან ჩაყავდა, წყალს დაალევინებდა. ამიტომ იყო, რომ გოგონას ძროხას განსაკუთრებულად კარგი ხარისხის რძე ქონდა და მისგან დამზადებულ ყველს საზამთროდ მიწაში ჩამარხულ ქვევრში (დერგში) აწყობდნენ და ინახავდნენ. მარილწყალს ასხამდნენ და პირთამდე სავსეს სექტემბერში თავს რომ მოუკრავდნენ, თებერვლამდე არ ხსნიდნენ. ამ ოჯახს ეზოში ჭა არ ქონდა. წყარო კი ნახევარი კილომეტრის მოშორებით მოედინებოდა და გოგონა წყალის მოსატანადაც დღეში ერთხელ მაინც მიდიოდა, მამის ნახელავი თიხის კოკით.  სანამ წყარომდე ჩავიდოდა, მამიდა მალანია, ათჯერ მაინც დაუძახებდა. გოგონაც ათივეჯერ პასუხობდა "ამარ ვორეექ" (აქ ვარო). გზა სახლიდან წყარომდე დაუსახლებელი იყო. მხოლოდ წყაროსთავზე ცხოვრობდა ჯოჯუების საიმედო ოჯახი. მელანია მამიდას კი იმ დაუსახლებელი მონაკვეთის ეშინოდა, ვინმე უზნეო კაცი არ გადაეყაროს ბავშვსო და ამიტომ გაჰყვიროდა მის სახელს. გოგონას სკოლა  სახლიდან დაახლოებით  1.5 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდ და იქ ყოველ დილით ფეხით მიდიოდა და ფეხითვე ბრუნდებოდა უკან. მელანია მამიდა  მას სკურჭემიის ფერდობამდე აცილებდა,  სანამ ბავშვი ამ დაუსახლებელ დაღმაღთს არ ჩაივლიდა და სამშვიდობოს არ დაიგულებდა - სულ მის სახელს გაჰყვიროდა. გოგონა, თან მამიდამისს პასუხობდა, თან -  ძალიან არაკომფორტულ  "კანის ჩაფლას" ანუ ხისგან გამოთლილ მძიმე ქოშებს  მიათრევდა და თან ბრიზენტისმაგვარი ქსოვილისგან შეკერილ იმ ქვედა ბოლოს ისწორებდა, რომელიც მოძრაობისას მილისებრ იხვეოდა და მაღლა-მაღლა ადიოდა. გოგონა ჩერდებოდა, კაბას ისწორებდა, მიდიოდა, კვლავ ჩერდებოდა, კვლავ ისწორებდა კაბას, და მხოლოდ სკოლაში შესული და მერხთან დამჯდარი ამოისუნთქავდა ყველასგან და ყველაფრისგან დაღლილი - შვებით!

სახლში დაბრუნებული - მძიმე ქოშებს გაიძრობდა და ფეხშიშველი დარბოდა შინ და გარეთ ზამთარ-ზაფხულ. დედამისიც ასე იყო - ფეხშიშველი თოხნიდა, ფეხშიშველი წველიდა ძროხას, ფეხშიშველი რეცხავდა წვიმის წყალში სარეცხს, ფეხშიშველი აგროვებდა თხილნარში თხილს, ფეხშიშველი კრეფდა დაფნას, ფეხშიშველი შედიოდა ვენახში, ბოსტანში... კალოში კი ჰქონდა, მაგრამ გამოსასვლელად. ომი იყო და კალოშს, რომელსაც ცეცლის ფასი ედო, სახლში ხომ არ გააფუჭებდა?! ერთხელაც, მამამ გოგონასაც მოუტანა ბაზრიდან კალოშები. გაიხარა ბავშვმა. მაგრამ, პატარა დებმა - ნონამ და ცამალამ ტირილი დაიწყეს - ჩვენც გვინდა ეგეთი "ბურწკინია ჩაფლაო" (ანუ პრიალა ფეხსაცმელიო). ამის მოსმენა გოგონასთვის კი იყო ძნელი, მაგრამ, დიდი ბედნიერება იყო სკოლაში ახალი კალოშებით მისვლა. გრძნობდა, რომ ყველა მას უყურებდა...  თავად კი - თავი არ აუწევია, სულ მერხქვეშ და საკუთარ ფეხებს უყურებოდა.  მალე, კაბაც უყიდეს, ნორმალური, მილისებრ რომ არ იხვეოდა ისეთი და ბავშვმა შვებით ამოისუნთქა.

როგორიც საქმეში იყო მარჯვე, ეგეთი იყო გოგონა სწავლაშიც. როცა მეცადინეობას იწყებდა - სოფლის ბოლოში ესმოდათ მისი ხმა. რუსულში და მათემატიკაში მამა ამეცადინებდა, რომელსაც  ქუთაისში რუსული გაიმნაზია ქონდა დამთავრებული. დანარჩენს კი თავად უმკლავდებოდა. მარიამის მამას გიორგი კვაშილავას, ჯერ გიმნაზია, შემდეგ სემინარიაც ქონდა დამთავრებული. თავიდან გაზეთში თარჯიმნად მუშაობდა, შემდეგ  კორესპონდენტად, ბოლოს ჟურნალის რედაქტორად. მამამ, მარიამს - ვასილი ჟუკოვსკის ლექსი Птичка ისე კარგად ასწავლა, რომ მის მოსასმენად სხვადასხვა კლასებიდან შემორბოდნენ მასწავლებლები:

Птичка летает,

Птичка играет,

Птичка поет;

Птичка летала,

Птичка играла,

Птички уж нет!

Где же ты, птичка?

Где ты, певичка?

В дальнем краю

Гнездышко вьешь ты;

Там и поешь ты

Песню свою.

ჩაამთავრებდა ამ ლექსს მარიამი და მთელი სკოლა ტაშს უკარავდა. დირექტორმა ხელიც კი ჩამოართვა მას განსაკუთრებული ორატორული ნიჭის გამო.

გოგონას დედამ ლიდა ხურცილაცამ ქართული არ იცოდა, მხოლოდ მეგრულად საუბრობდა. ბალდის კანიონთან გაზრდილი ობოლი  გოგო იყო, ბიძა-ბიცოლას სახლში გაზრდილი. მშობლები როცა გარდაეცვალა ჩვილი ყოფილა, ძუძუმწოვარი დარჩენილა უდედოდ და ღამღამობით თავის 10 წლის დას, ნატალიას ეხუტებოდა თურმე  და დედის ძუძუს მასთან  ეძებდა. როცა სასკოლო ასაკის გამხდარა, ბიცოლას  სკოლაში კი შეუყვანია, მაგრამ ყოველდღე არ უშვებდა თურმე  გაკვეთილებზე. მათ სახლთან ჩავლისას კლასელები დაუძახებდნენ, - ლიდა წამო სკოლაშიო! ამ დროს ბიცოლამისი  გამოუვარდებოდა მათ და - აბა, ქათმებს და ინდაურებს ვინ მოუვლისო?! შემდეგ,14 წლის ასაკში, მარებელი (მაჭანკალი) მოადგა მათ კარს, ულამაზესი გოგო გყავთ, დიდ-პატარა ლიდაზე ლაპარაკობს, კარგ კაცს უნდა ცოლად და უარი არ თქვათო. ასე გაათხოვა ბიძა-ბიცოლამ ობოლი გოგო. 16 წლისას პირველი შვილი შეეძინა, 18-სას მეორე და ასე ყოველ ორ წელიწადში მშობიარობდა. შემდეგ - შვილებთან ერთად სწავლობდა გაკვეთილებს. ძალიან ნიჭიერი იყო. შვილებისგან მოსმენილი ყველა ლექსი ზეპირად იცოდა, მაგრამ ქართულად მაინც უჭირდა საუბარი. სამაგიეროდ, გასაოცარი დიასახლისი იყო. ყველაფერი იცოდა და გამოსდიოდა. მასავით გემრიელ საჭმელს სამეზობლოში სხვა ვერავინ ამზადებდა. ლიდას მეგრულ სურნელოვან და ოქროსფერ  ხარჩოზე და ღომზე დღემდე ლეგენდებს ყვებიან იმ სოფელში. შვილებს არაფერს არ აკლებდა, ერთ ულუფას კი აუცილებლად, მეზობელ  ნონუ ჯოჯუას ცხლად შეუგზავნიდა. შემდეგ, ტაბაკზე დააგებდა ყველასთვის ღომს, ჩაარჭობდა სულუგუნის  ნაჭრებს, თუ გაზაფხული იყო მოხარშავდა ჭინჭარს, ან კეჟერა ფხალს შეკმაზავდა ნივრით, სუნელებით და ნიგვზით, პიტნით შეაზავებდა ნადუღს და  სამეფო სუფრას შლიდა. ძალიან უყვარდათ ლიდა ქმარსაც და შვილებსაც. მეზობლებსაც მოუხაროდათ მათთან. გარეთ იყო ომი, მაგრამ ამ სოფელში სუფევდა შრომა და მშვიდობა.

ერთი ონავარი ბიჭი სწვლობდა მარიამის სკოლაში. გაკვეთილების მერე სახლისკენ მიმავალ გოგოს ხმამაღლა მიაძახებდახოლმე:

ერთი, ორი, სამი

მარუსია სკვამი.

გირძე კაბა მიკააქუნს -

კუნტა ხეფურჩამი.

(ერთი, ორი, სამი,

ლამაზ მარუსიას,

გრძელი კაბა აცვია-

მოკლემკლავიანი.)

ეს გაიგო მამიდა მელანიამ, დაუდარაჯდა იმ ბიჭს და სკოლაში მიმავალი 3-4-ჯერ უკან გააბრუნა. არაფერი გესაქმება მანდ, სწავლა შენ არ გინდა და გასართობი "ზავიდენია" სკოლა არ არისო!

მელანია მამიდა გაუთხოვარი ქალი იყო და ასაკით ყველაზე უფროსი კვაშილავების ოჯახში. მამისეულ სახლში დარჩა და საკუთარ თავზე ჰქონდა აღებული ძმიშვილებზე ზედამხედველობა. სკოლის, ბაზრის და სამეზობლო-სანათესაოსთან დაკავშირებულ საქმეებს ის აგვარებდა.

- ძმა ქუთაისში მუშაობს, რძალი ახალგაზრდა გოგოა და ამიტომ, მე უნდა გავცე პასუხი მტერსაც და მოყვარესაცო, იტყოდა! ტყვიის გავარდნასავით ეშინოდა მელანიასი დიდსა და პატარას. ტყვია გოფურაფილს (გავარვარებულ ტყვიას) ეძახდნენ მეტსახელად. ერთხელ, რაღაც საერთო საქმე ყოფილა სოფელში მოსაგვარებელი და მელანიასთვის უთხოვიათ მეზობლებს,  შეხვდი, რაიონიდან მთავრობის კაცია საბჭოში ჩამოსულიო! კარგად ჩაუცვამს, ფეხსაცმელი კი ხელში დაუჭერია და ფეხშიშველი წასულა კილომეტრნახევარი (ომის დროს კარგი ფეხსაცმლის შოვნა ძალიან ჭირდა და ვისაც ჰქონდა ასე უფრთხილდებოდა). სოფლის საბჭოში შესულს, დავიწყებია ფეხსაცმლის ჩაცმა და როცა სადაო საკითხზე რაიონიდან ჩამოსულ სტუმართან კამათი მოსვლია, ეს ფეხსაცმელი დაურტყამს თურმე ხელის ნაცვლად მაგიდაზე. აი, მხოლოდ მაშინ მიმხვდარა, რომ ფეხშიშველი იდგა, უმალვე ჩაუცვამს და წარბშეუხრელად გაუგრძელებია საუბარი. როგორც ამბობენ, საქმე მოუგვარებია, სტუმარს კი - იმდენად მოსწონებია ეს საერთო საქმისთვის მებრძოლი და მედგარი ქალი, რომ რაღაც დროის მერე, მარებელი (მაჭანკალი) მიუგზავნია ოჯახში, ქვრივი ვარ და ცოლად გამომყვესო! რაღა დროის ჩემი გათხოვებააო, უთქვამს!  ქვა აუგდია და თავისი არა, მაგრამ - იმ მარებელის თავი კი სულ ძალით - შეუშვერია! ძმის ოჯახს უნდა დავეხმარო, 5 შვილი ჰყავს ფეხზე დასაყენებელიო!  მარიამი კი - ნატრობდა, ნეტა გათხოვდებოდესო! ცოტა არ იყოს - უჭირდა, მელანიას გაძლება. ის ხომ - ლანდივით სულ თან დასდევდა, და თუ არ დასდევდა, მისი სახელის ხმამაღალი ძახილით  აკლული ყავდა არე-მარე! გოგონას მამა, გიორგი,  როგორც ხუთშვილიანი და 40 წელს გადაცილებული - ომში არ გაუწვევიათ. ერთხელ, ცუდად უგრძნია თავი და თამაკონის სამედიცინო პუნქტში ჩასულა მარიამთან ერთად. ეიმედებოდა თავისი გოგონა და ყველგან თან დაჰყავდა თურმე. ექთანმა ნემსი გაუკეთა ვენაში და გოგონამ გაიგონა, თუ როგორ დაიყვირა, ვაიმე ნემსი ჩამიტყდაო. შემდეგ, გოგონას ახსოვს მამამისის გაფითრებული სახე. მერე ის, თუ როგორ აიარა სკურჭემიის აღმართი მამასთან ერთად და სახლში მისული ლომივით კაცი ჩაწვა ლოგინში და გარდაიცვალა! პატარა გოგონა ყველას ეუბნებოდა, რომ მამამისს ნემსი გაუკეთა ექთანმა და იმ ექთანს ვენაში ჩაუტყდა ნემსი. მაგრამ, ბავშვს ვინ მოუსმენდა იმ  დროს, დარბოდნენ და გაჰკიოდნენ, სახეს იხოკავდნენ, იქ მყოფები.  დიდი შოკი იყო წვრილშვილიანი ოჯახის მამის გარდაცვალება. სამეგრელოში განსხვავებული გლოვა იცოდნენ, გაუთავებელი მისვლა-მოსვლებით და დატირებებით. როცა ყველაფერი ჩაწყნარდა, ბავშვი მოუყვა დედას ექთნის და ჩამტყდარი ნემსის შესახებ. წავიდნენ იმ ექთნის მოსაძებნად, მაგრამ, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ - ვერ გაიგეს მისი ასავალ-დასავალი, სადღაც გაქრა ის ქალი. იმ დღიდან მოყოლებული, გოგონას, თეთრხალათიანებისადმი დიდი უნდობლობა გაუჩნდა. როდესაც უმცროსი და-ძმები ავად ხდებოდნენ, დედას თხოვდა მცენარეთა ფოთლებით, ზეთებით, ნამყენებით ემკურნალა მათთვის. კეჟერა ფხალი იზრდებოდა საოჯახო ბოსტანში და მისი ფოთლებით მკურნალობდნენ მაღალ სიცხესაც და თავის ტკივილსაც. დაიფენდნენ შუბლზე, გადაიხვევდნენ ნაჭრით თავს და რამდენიმე საათში ხმელ ფოთოლს მოისროდნენ შორს, სიტყვებით - ამას გაჰყვეს ჩვენი დაავადებაო. იმეორებდნენ ამ პროცედურას, მანამ, სანამ ბოლომდე არ განიკურნებოდნენ. ერთადერთი სამედიცინო საშუალება, რასაც ისინი მიმართავდნენ იყო სიცხის დამწევი აბი, რომლისაც არ ეშინოდათ. როცა რომელიმე ავად გახდებოდა,  ყოველთვის მარიამს  აგზავნიდნენ.  ჩარბოდა სკურჭემიის დაღმართზე და აფთიაქიდან მას ამოქონდა და-ძმებისთვის წამალი. მამის სიკვდილთან ერთად, გაქრა მათი დამატებითი შემოსავალი, რომელიც თიხის ჭურჭლის წარმოებიდან და სენაკის ბაზარში ჩაბარებიდან ოჯახში შემოდიოდა. გოგონა, როგორც სიზმარს ისე იხსენებდა იმ ბოლო მგზავრობას მამასთან ერთად და იმ ცხელ პურს თაფლთან ერთად, რომელსაც მოფარებულში, ჩუმად ჭამდა... მამისგან მიღებული ბოლო დახმარება იყო ჰონორარი, რომელიც ქუთაისიდან რედაქციამ გამოუგზავნა ობლებს მეზობელი კაცის, მამის კოლეგის, გვარად  კაკაშვილის ხელით.  გოგონა დიდხანს უფრთხილდებოდა და  იცავდა მცირეწლოვანი და-ძმებისგან  მამის დანატოვარ ფერად ჟურნალებს. ცდილობდა, არ დაეხიათ ან არ გაესხვისებიათ ბავშვებს. ასე იყო მანამ, სანამ არ აღმოაჩინა, რომ ჟურნალების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო.  გაირკვა, რომ ერთი წლით უფროსმა ძმამ, ბორისმა,  ჟურნალის რამდენიმე ნომერი ბურთში გაუცვალა მეზობლის ბიჭს. შემდეგ, მასაც შესთავაზა მეზობლის გოგონამ თმის ფერად რკალში ფერადი ჟურნალების გაცვლა, მაგრამ, გაუძლომარიამმა ცდუნებას და  უარით გაისტუმრა, მამაჩემისააო!

 სანამ მამა ცოცხალი ჰყავდა, მარიამს,  არასოდეს უფიქრია იმაზე, თუ რატომ დაარქვეს მეტსახელად მარუსია. ერთხელაც, ვიღაცამ უთხრა, რუსი ხომ არ ხარ, ასეთი სახელი რატომ  გქვიაო?!  მეორე დღეს, სკოლაში მისულმა გოგონამ მასწავლებლებს თხოვა, მარიამი დამიძახეთო! ასეც მოხდა, იმ დღიდან, გამონაკლისების გარდა, ყველა მარიამით მიმართავდა. მხოლოდ დედამისი ვერ მიეჩვია ახალ სახელს.  მიუხედავად ამისა, პატარა მარიამი ცხოვრობდა  და შრომობდა დედის მხარდამხარ. თოხნიდა, ჩაის კრეფდა, სიმინდს უვლიდა - ის ხომ უფროსი გოგო იყო ოჯახში და ყველაფერს საკუთარ თავზე იღებდა. უფროსი ძმაც კარგი ბიჭი ყავდა, მაგრამ, მას სამეზეობლო და სამეგობრო საქმეები უფრო აინტერესებდა. უმცროსები კი - თენგო, თამილა (ცამალა) და ნონა - მამა რომ დაეღუპათ პატარები იყვნენ. ალბათ ამიტომ, და-ძმებში ყველაზე მეტად მარიამი დაიტვირთა. ერთხელაც, სკოლიდან მოსული და  დაღლილი გოგონა ძროხას აძოვებდა.  ძროხამ იძალა და საკოლმეურნეო ფართობის ყანაში შევარდა. გაეკიდა მარიამი და შეეცადა იქიდან მის გამყვანას, მაგრამ, ამაოდ.  ამ დროს, შორიდან მოესმა მეველეს ხმა.  გოგონამ შენიშნა, თუ როგორ მოაჭენებდა ჯაგლაგ ცხენს ის კაცი და უმალვე წარმოიდგინა რაც მოხდებოდა - მეველე ამ ძროხას გადაიყვანდა კოლმეურნეობის საჯარიმიმო ტერიტორიაზე და პატრონს მანამ არ დაუბრუნებდა - სანამ ჯარიმას არ გადაახდევინებდა. ანუ, სანამ კოლმეურნეობისთვის მიყენებულ ზარალს არ დაითვლიდნენ და საფასურს არ  გადაიხდიდნენ - ოჯახის მარჩენალ საქონელს საჯარიმო სადგომზე ყოფნა მოუწევდა. ამიტომ იყო, რომ მარიამმა ფრთხილად და უსწრაფესად შეძლო  ძროხის ყანიდან გამოყვანა და იმ  სახლში შეყვანა, რომელიც მათი იყო, მაგრამ, იმჟამად მხოლოდ სათავსოდ იყენებდნენ. გოგონამ კარები გადარაზა და ეზოში დაიწყო თამაში.  მეველემ ბავში შენიშნა და შორიდან დაუძახა, გოგო, ყანაში ძროხა იყო შესული და ხომ არ დაგინახავს საით წავიდაო?! არაო, უთხრა მარიამმა! მეველე ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ეს პატარა გოგო მოახერხებდა  იმ უზარმაზარი ფართობიდან  ძროხის გაყვანას და მერე მის გადამალვას.

მარიამს არ უყვარდა  მეველე, რადგან ერთხელ, უკვე ყავდა საჯარიმოზე წაყვანილი მათი ძროხა. არ გაითვალისწინა მისი ქვრივი დედის თხოვნა და ოჯახს ჯარიმა გადაახდევინა.

სოფელს მღვდელიც ჰყავდა, ისიდორე ერქვა, გვარად გოგია იყო. მარიამს, მამამისის ნათქვამი ახსოვდა - ისიდორემ მოგნათლათ ხუთივე და-ძმაო. ნათლიად კი მაშო მამიდა შეურჩიეს თურმე, გიორგის და, და მარიამის უსაყვარლესი დაქალის, ნორა კილასონიას დედიკო. ძალიან უყვარდა ნათლიასთან სტუმრობა მარიამს. ნორა, მისი ტოლი გოგონა იყო და თუ ვინმესთან თამაშისას და ურთიერთობისას ბედნიერი ყოფილა, ეს ნორასთან იყო. ნორა და მარიამი განსაკუთრებით მას შემდეგ დაახლოვდნენ, რაც ნორას მამა ომში დაიღუპა. დედისერთა გოგომ მარიამი დად მიიღო. ისხდნენ ერთად და იმაზე ყვებოდნენ თუ როგორ უყვარდათ თავიანთი უდროოდ დაღუპული მამები.

მარიამის ოჯახს მფარველები გამოუჩნდნენ ქუთაისიდან, გვარად მამრიკიშვილები. ზეხა კვაშილავა,  მარიამის ბაბუს - საბა კვაშილავას შვილი, მამრიკიშვილების ოჯახის რძალი იყო. სწორედ ზეხას შვილები დაეხმარნენ მარიამის მამას გიორგის ბინით, როდესაც ის ქუთაისში სწავლობდა და შემდეგ იქაურ ჟურნალ-გაზეთებში მუშაობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი არაერთხელ ჩამოვიდნენ სოფელში, გიორგის შვილების დასახმარებლად. ბავშვებს  ტანსაცმელი და საკოლო ნივთები ჩამოუტანეს. კვაშილავების ოჯახი მამრიკიშვილებს ყოველთვის სიხარულით და გაშლილი სუფრით ხვდებოდა.

გასაოცარი ეზო ჰქონდა მარიამის ოჯახს. ჭიშკარს შეაღებდი და ვარდების ბაღის სურნელი შემოგეგებებოდა. მარჯვნივ ვენახი ჰქონდათ, ვენახს  თხილნარი მოსდევდა, თხილნარს - დაფნარი.  ღობის გასწვრივ  სიმინდიდ ყანა იშლებოდა. ვაშლი და მსხალი სულ იყო ეზოში. მდელო კი მწვანე და ხასხასა ქონდათ. ღობე იმ ეკლის იყო, მწვანე ლიმნისმაგვარი ბურთულებით რომ  იმოსება შემოდგომაზე, ულამაზესია, მაგრამ მტერი ჩავარდა მანდ, ამიტომაც, ყველაზე მწვანე, ბუნებრივ და ეზოს დამცავ ღობედ ითვლებოდა იმ დროს და დღესაც აქვთ ზოგიერთებს იმ სოფელში. 

მიუხედავად ომისა და უმამობისა კვაშილავების ხუთშვილიან ოჯახში არ ახსოვთ შიმშილი, თუმცა, პური ნამდვილად ენატრებოდათ. ომის დროს პურის ფქვილი იშვიათი ფუფუნება იყო. პური, მხოლოდ თანამდებობის პირების ოჯახებში ქონდათ. სოფლის პუნქტის გამგე ნათესავი იყო მათი  და ერთხელ, მარიამის სტუმრობისას, პური გამოაცხვეს. ახსოვს, თუ როგორ იდგნენ რიგში ოჯახის წევრები. ეს იყო თხელი, მრგვალ ტაფაზე და ფეჩზე გამომცხვარი ლავაშები. მალე ცხვებოდა და ოჯახის დედა რიგის მიხედვით აძლევდა ამ პურს იქ მყოფებს. მარიამის რიგიც მოვიდა და მასაც დააკავეს ეს - იმდროინდელი დელიკატესი. მადლობა თქვა და შინ გაიქცა, რათა და-ძმებისთვის გაეყო ერთი თხელი პურის ფირფიტა. აი, ასე გამოისყიდა გოგონამ „სენაკის ცოდვა“, ანუ ის, რომ მარტომ და ჩუმად მიირთვა იმ დღეს თაფლიანი ცხელი პური!

მამა ხშირად უმეორებდა მარიამს, მხოლოდ ნასწავლ ადამიანს შეუძლია ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაო! ალბათ ამიტომაც, გოგონა ძალიან კარგად სწავლობდა.  უნდოდა  სოფლის უფროსი გამხდარიყო. ადამიანებს ჰქონოდათ წყალი და არ ევლოთ წყაროზე, ჰქონოდათ კარგი საავადმყოფო და ნემსის გაკეთების გამო არ გარდაცვლილიყვნენ!  უნდოდა ჰყოლოდა კეთილი მეველე, რომელიც ობლებს მარჩენალ ძროხას არ წაართმევდა. პატარებს კი ჰქონოდა პური, წიგნები და სათამაშოები, რათა მამის უკანასკნელი დანატაოვარი (როგორიც მათ ოჯახში იყო  ჟურნალების სახით), ბურთში არ გაეცვალათ.

ასეც მოხდა, ჯერ ასწავლა და-ძმებს, შემდეგ თავადაც - 1964 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს (სოხუმის) სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი... 

subtropikulis foto

ფოტოზე: თანაკურსელებთან ერთად, შუაში დგას, თეთრ კაბაში.

მარიამ სტუდენტი

მეორე კლასიდან, უმამოდ დარჩენილ მარიამს, მელანია მამიდა არიგებდა, კაცის სიახლოვეს არ დაჯდე, თორემ - დაორსულდებიო! ერთხელ, ჭყონის ბაზრიდან მის სახლამდე მომავალ სკამებიან "გრუზავიკში" კაცი დაჯდა თურმე მის გვერდით თავისუფალ ადგილზე და შეშინებულმა პატარა გოგომ - მუცელზე დაიხედა, ხომ არ მეზრდებაო...  შეწუხებულმა სახლში ვერაფერი თქვა. მთელი ღამე მუცელზე იკიდებდა ხელს,  მეორე დილით - მუცელი გაზრდილი რომ არ დახვდა - შვებით ამოისუნთქა! მაგრამ,  სკოლაში მისულმა მაინც გადაამოწმა დაქალთან, მოსალოდნელი  იყო თუ არა საფრთხე. იმანაც, მუცელი მხოლოდ მაში გაგეზრდება, როცა იმ კაცთან ქორწილს გადაგიხდიანო, დაამშვიდა.

დიდი ხნის მერე ქორწილი მართლა ქონდა, მარიამს. როგორც კი დიპლომირებული სპეციალისტი გახდა და თანამდებობა დაიკავა, უმალვე  გაყვა თავის კოლეგას და ძალიან პოპულარულ ახალგაზრდა კაცს - კაკო ჯანაშიას, რომელიც 10 წელი შორიდან ეტრფოდა. ამ ქორწინებიდან მათ შეეძინათ ქალიშვილი, ანუ მე - ამ სიტყვების ავტორი.

დედა მამა

მარიამი მუშაობდა მარტვილში, თავისი ულამაზესი სოფლის ბრიგადირად, აგრონომად, ზონის აგრონომად, უფროს აგრონომად, მთავარ აგრონომად, ბოლოს კი კოლმეურენობის თავჯდომარის მოვალეობაც შეასრულა გარკვეული პერიოდი. ხალხს გაუუმჯობესა ცხოვრება: რაიკომში დააყენებდა საკითხს სხვადასხვა საჭიროებების შესახებ, მიუხედავად ათასგვარი წინააღმდეგობებისა, მაინც მოიპოვებდა ზემდგომებისგან თანხმობას და ასე მისცა ხალხს "ოფიორე" საცალფეხო  ხიდის ნაცვლად რკინის სამანქანო ხიდი მდინარე ტეხურზე, მოუხრეშა ტალახიანი გზები, მიუზომა საკარმიდამო მიწები, დაუკანონა ჩაის პლანტაციები, საყანე ფართობები, ხელი გაუმართა მრავალშვილიანებს, აღკვეთა კრიმინალი და  მრავალი გზააბნეული სწორ გზაზე დააყენა,  უმაღლესში ჩასაბარებლად საჭირო წერილობითი რეკომენდაციები უანგაროდ და დაუმადლებლად გაუწია აბიტურიენტებს. მარადმწვანე  ნარგავებით დაამშვენა გზისპირები, ჭირში და ლხინში ხალხის გვერდით იდგა, ერთი ადამიანი არ იყო ისეთი, ვისაც გაუჭირდა და მარიამი არ დაეხმარა. მოკლედ, კარგად უხელმძღვანელა სოფელს. თუ საპატიო  სტუმარი  ჩამოვიდოდა თბილისიდან, მარტვილის რაიკომის პირველი მდივნები ჩხოლარია, გვარჯალაძე და სხვები მარიამს ახვედრებდნენ, როგორც მოწინავე და ნოვატორ აგრონომს, თან სიტყვა-პასუხი უვარგოდა, საქმე იცოდა, სპეტაკი იყო,  გარეგნობითაც პრეზენტაბელურს - მარტვილის სახედ თვლიდნენ. არაერთხელ იყო წარგზავნილი მოსკოვშიб სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე (ВДНХ) ასევე ბაქოში, მეჩაიე აგრონომებთან შეხვედრაზე. დედამისი კი, შვილის ავი თვალისგან დასაცავად - დღედაღამ ლოცულობდა...

 აი, ასე იყო.

მარიამმა იცხოვრა 88 წლამდე.

მარიამ

მარტომ.

უკვირდა, ქვეყანამ ჩემი შრომა მეტად რად არ დააფასა, რატომ მაქვს მთავარ აგრონომ ქალს იმდენი პენსია, რამდენიც მეჩაიეებსო?! მე ხომ საპასუხისმგებლო პოზიციებზე ვიყავი სულ და პანსიაც მეტი მეკუთვნისო!

ყოველდღიურად, მინიმუმ, სამი ბრიგადის ჩაის პლანტაციის შემოვლა მიწევდა და ასაკში ეს დატვირთვა ასთმის სახით ჩამომიყალიბდაო. ჯანდაცვის სამინისტროს მივმართე, მაგრამ  ჯანმრთელობის  პენსია არ დამინიშნესო. მარტოხელობაზე რომ მივმართე სოციალურ სამსახურს, ასე მითხრეს, მერე რა რომ თბილისში არიან, შვილი და შვილიშვილები  ხომ  გყავსო?

ცეკვა მცხეთაში

გიო და ამერიკ

ერთხელ, ზეთი და შაქარი სულ ძალით შემომიტანეს უცნობმა ქველმოქმედებმა სახლში  და ეგეც ეკლესიას შევწირეო.

მოკლედ, ეღიმებოდა მარიამს თავის სიბერეზე და ამ მოუწყობელი ქვეყნის სამართალზე. ახალგაზრდობაში თეთრ რაშზე ამხედებულ და ყომლისშემძლეს მიწოდებდნენ, ახლა კი - უბრალო საკითხი ვერ მომიგვარებიაო!

თავის მშობლიურ წყარ.

ახლა სიზმრად მოდის, მხოლოდ შვილთან მოდის,  სხვას არავის სტუმრობს, ჩვენი მარიამი.

შვილს დაუბარა: განსაცდელს აგარიდებ! შენს გამცდენს - შორს გავაცილებ! ჩემი  შვილიშვილების შემცდენთ კი - ქვესკნელში ჩავაცილებ!

ამის უნარი ქონდა და  აქვს!

დიდება დედა მარიამს!

იუსტიციაში

სუფრასთან

სახლ

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge