ნინი შავლაძე / Nini Shavladze
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
კიბერუსაფრთხოება და სოციალური მედია / Cybersecurity and Social Media
კიბერუსაფრთხოება და მისი მნიშვნელობა
კიბერუსაფრთხოება თანამედროვე ციფრულ ეპოქაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ტექნოლოგიაზე, ინტერნეტსა და ურთიერთდაკავშირებულ სისტემებზე დამოკიდებულება თითქმის ყველა სფეროში იზრდება - პირადი კომუნიკაციებიდან დაწყებული, მთავრობის ოპერაციებით დასრულებული. არსებობს რამდენიმე მკაფიო მიზეზი იმისა, თუ რატომ არის კიბერუსაფრთხოება მნიშვნელოვანი.
პირველყოვლისა, სენსიტიური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად, მზარდი კიბერსაფრთხეების შემცირების მიზნით, ეკონომიკურ სფეროში პრობლემების თავიდან ასაცილებლად და, მაგალითად, ეროვნული უსაფრთხოების ჭრილში სტაბილურობისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად.
სოციალური მედია & კიბერუსაფრთხოება
მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები გაჩენის დღიდან წარმართავენ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. განსაკუთრებით მას მერე, რაც განვითარდა ტექნოლოგიები და, შესაბასამისად, წინა პლანზე წამოიწია სოციალურმა მედიამ.
სოციალური მედია და კიბერუსაფრთხოება მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულები, რადგან, სოციალური პლატფორმები ხშირად წარმოადგენენ კიბერსაფრთხეებს, მონაცემთა გაჟონვისა და კონფიდენციალურობის პრობლემების გამო. განვიხილოთ პრობლემური ქეისები, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას.
შევეხოთ მონაცემთა კონფიდენციალურობის რისკებს. სოციალური მედიის პლატფორმები აგროვებენ უზარმაზარი რაოდენობით მომხმარებელთა მონაცემებს, რომელიც მოიცავს პირად ინფორმაციას, პრეფერენციებს, მდებარეობას და დათვალიერების ჩვევებს. ამ მონაცემების გამოყენება შეუძლიათ კიბერდამნაშავეებს მონაცემთა გაჟონვის შემთხვევაში, როცა სენსიტიური ინფორმაცია ხდება ხელმისაწვდომი ან იყიდება ბნელ ვებზე.
გარდა ამისა, ნიშანდობლივია სოციალური ინჟინერია და ფიშინგი: სოციალური მედია დამნაშავეებს აძლევს ფასეულ ინფორმაციას ადამიანების ცხოვრების შესახებ, რაც მათ საშუალებას აძლევს, შექმნან მიზნობრივი ფიშინგისა და სოციალური ინჟინერიის შეტევები. მაგალითად, დამნაშავეებმა შესაძლოა გაითამაშონ მომხმარებლის მეგობარი ან კოლეგა და გაუგზავნონ შეტყობინებები მავნე ბმულებით, რაც მონაცემთა მოპარვას ან ანგარიშის გატეხას იწვევს.
დამატებით განვიხილოთ მავნე პროგრამების გავრცელების საფრთხეებიც. კერძოდ, კიბერდამნაშავეებს შეუძლიათ მავნე პროგრამების ჩაშენება თითქოსდა უწყინარ ბმულებში, პოსტებში ან რეკლამებში სოციალურ მედიაში. ამ ბმულებზე დაწკაპუნებისას მომხმარებელს შეუძლია შემთხვევით ჩამოტვირთოს მავნე პროგრამები, რაც მონაცემების დაკარგვის რისკს ან ჰაკერების არალეგალურ წვდომას იწვევს.
ამდენად, როგორც იკვეთება, საკითხი საკმაოდ კომპლექსური, მწვავე და აქტუალურია დღევანდელი პერიპეტიების გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ აღნიშნულ თემაზე მუდამ მიდის მსჯელობა და მუშაობენ არაერთი მიმართულებით.მაგ., 2021 კვლევა (Social media privacy concerns, security concerns, trust, and awareness: Empirical validation of an instrument), რომელიც ეხება სოციალური მედიის მომხმარებლების კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების რისკებს, ნდობასა და ინფორმირებულობას შორის კავშირს, ცხადყოფს მიღებული შედეგებით, რომ კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პრობლემები მნიშვნელოვნად ზემოქმედებს მომხმარებლის ნდობასა და ინფორმირებულობაზე, რაც, თავის მხრივ, განსაზღვრავს მათ ქცევასა და ინფორმაციის გაზიარების სურვილს სოციალურ ქსელებში. ეს კვლევა მნიშვნელოვანია სოციალური მედიის კონფიდენციალურობის გაუმჯობესების რეკომენდაციების შესამუშავებლად.
საკითხის უფრო სიღრმისეული წვდომის მიზნით, რათა რეალურად გავიაზროთ, თუ როგორ აისახება კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულება კიბერუსაფრთხოებასა და სოციალურ მედიას შორის საზოგადოებაზე, შევეხოთ სხვა მაგალითებსაც. კერძოდ, 2023 წელს ავსტრალიაში პოლიტიკურმა რეპორტიორმა გამოაქვეყნა მასალა სახელად “Report on foreign interference through social media handed down, TikTok and WeChat put on notice”. ავსტრალიის ეს უახლესი ანგარიში სოციალური მედიის მეშვეობით უცხოური ჩარევის შესახებ მნიშვნელოვან დაკვირვება-მიგნებებს გვთავაზობს იმაზე, თუ როგორ იყენებენ პლატფორმებს დეზინფორმაციისთვის, ეროვნული ზემოქმედების კამპანიებისთვის და შესაძლო უსაფრთხოების რისკებისთვის. ამ მხრივ, შეგვიძლია რამდენიმე საგულისხმო ასპექტის გამოყოფა.
ანგარიშში ფოკუსი გაკეთებულია კონკრეტული პლატფორმების გამოწვევებზე. იგი ხაზს უსვამს კონკრეტულ რისკებს TikTok-სა და WeChat-ზე, რადგან ისინი დაკავშირებულია ჩინეთთან. ასევე გამახვილებულია ყურადღება აშშ-ს პლატფორმებზე, როგორიცაა Facebook, YouTube და X (ყოფილი Twitter). TikTok-სა და WeChat-ზე განსაკუთრებული მასშტაბის პრობლემა უკავშირდება მომხმარებელთა მონაცემების მოპოვების და ინფორმაციის ცენზურის შესაძლებლობას, რაც შესაძლოა საშუალებას აძლევს უცხო ქვეყნის მთავრობებს გავლენა მოახდინონ მომხმარებლებზე.
ნიშანდობლივია ასევე ეროვნული უსაფრთხოების რისკები. უცხოური ჩარევა ხშირად დეზინფორმაციის სახეს იღებს, რაც საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების რისკს ქმნის. ეს აზიანებს არა მხოლოდ დემოკრატიულ პროცესებს, არამედ სოციალურ სტაბილურობასაც, განსაკუთრებით არჩევნების ან პოლიტიკურად მგრძნობიარე პერიოდის დროს.
გარდა პრობლემების იდენტიფიცირებისა, ანგარიშში დასახელებულია გამოწვევის კონტროლისა და დარეგულირების ღონისძიებები.
კერძოდ, ანგარიში სთავაზობს სოციალურ მედიას გამჭვირვალობის მკაცრ მოთხოვნებს, როგორიცაა ავსტრალიაში ფიზიკური ოფისების შექმნა. ეს საშუალებას მისცემს მთავრობას მეტი კონტროლი ჰქონდეს მონაცემთა დამუშავების პროცესებზე, რათა, უცხოურმა სახელმწიფოებმა, პლატფორმები არ გამოიყენონ ავსტრალიელი მომხმარებლების მეშვეობით ქვეყანაში ირიბი “ჩარევის” განსახორციელებლად.
ამდენად, ის კომპანიები, რომლებიც ვერ დაიცავენ აღნიშნულ სტანდარტებს, შესაძლოა დაჯარიმდნენ ან სრულად აიკრძალონ ავსტრალიაში. ეს გლობალურ ტენდენციას ეხმიანება, სადაც სახელმწიფოები უცხოური აპლიკაციებისთვის უფრო მკაცრ შეზღუდვებს აწესებენ.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავსტრალიის მიერ შემოთავაზებული რეგულაციები აძლიერებს სოციალურ მედიაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების აუცილებლობას. ეს ნაბიჯები მიმართულია იმ რისკების შესამცირებლად, რომლებიც უკავშირდება უცხო ქვეყნის მიერ ჩარევას, მაგრამ ასევე ხაზს უსვამს მთავრობის როლს ციფრული სივრცის რეგულირებასა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვაში.
დასკვნის სახით, კიბერუსაფრთხოებისა და სოციალური მედიის გადაკვეთა წარმოადგენს მნიშვნელოვან და განვითარებად პრობლემას. სოციალური მედი-პლატფორმები, მიუხედავად იმისა, რომ ღირებულია კომუნიკაციისთვის და კავშირის შესანარჩუნებლად, ზრდის როგორც კიბერუსაფრთხოების რისკებს და უცხოური ჩარევის წერტილებს, ასევე აყენებს კონფიდენციალურობის დაცვას საფრთხის ქვეშ. ისეთი ქვეყნები, როგორიცაა მაგალითად ავსტრალია, აქტიურად განიხილავენ რეგულაციის ზომებს, რათა უზრუნველყონ მომხმარებელთა და ეროვნული უსაფრთხოების დაცვა, რაც გულისხმობს ისეთი პლატფორმებისთვის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მოთხოვნების დაწესებას, როგორიცაა TikTok და WeChat.
საბოლოოდ, ეს ზომები მიზნად ისახავს დეზინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას და მონაცემთა ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებას, რაც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს მომხმარებლის კონფიდენციალურობას და გავლენას ახდენდეს საზოგადოებრივ აზრზე.