ინტერვიუ გიორგი ნავროზაშვილთან / Giorgi Navrozashvili
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტთან
ინტერვიუს ავტორი:ლუკა ცუცქირიძე / Luka Tsutskirize
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი
- მედია, დღევანდელ საერთაშორისო ურთიერთობებში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფაქტორია. მედიას პირდაპირი და ირიბი კავშირი აქვს საერთაშორისო რეჟიმების უსაფრთხოებასთან. გიორგი, ხომ ვერ გაიხსენებდი, პირველად ვინ შეეცადა აეხსნა საერთაშორისო რეჟიმების კონცეპტი?
- ლუკა, პირველად, 1975 წელს ჯონ რაგს ქონდა მცდელობა აეხსნა საერთაშორისო რეჟიმების კონცეპტი. საერთაშორისო რეჟიმი არის სახელმწიფოებს შორის დადებული შეთანხმება და გაერთიანება საერთო პრობლემის გადაჭრის მიზნით. რეჟიმი იბადება შემაშფოთებელ პრობლემებზე ყურადღების მიპყრობით და საერთაშორისო დღის წესრიგში მისი დაყენებით. რეალისტური აზროვნების სკოლის წარმომადგენელი ორენ იანგი მიიჩნევს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ძლიერ სახელმწიფოს შეუძლია რეჟიმის აუცილებლობაში დაარწმუნოს თავისი თანამოაზრე სახელმწიფოები, თუმცა არის შემთხვევები, როცა რეჟიმები საერთო ინტერესების მქონე აქტორებს შორის მოლაპარაკებების პროდუქტია.
- რეჟიმი იბადება შემაშფოთებელ პრობლემაზე ყურადღების მიპყრობით და საერთაშორისო დღის წესრიგში მისი დაყენებით!
- გეთანხმები, ლუკა. თუმცა, იანგი იმასაც აღიარებს, რომ არსებობს უსაფრთხოების რეჟიმები, რომლებიც სპონტანურად ჩნდებიან.
- რეჟიმის წევრი ქვეყნებისთვის რეჟიმის გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია და ვინ უზრუნველყოფს ამ საკითხს, გიორგი?
- რეჟიმის გამჭვირვალობას საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებები უზრუნველყოფენ, ლუკა. საერთაშორისო რეჟიმის სიცოცხლის ხანგრძლივობა მათ აქტიურობაზეა დამოკიდებული.
- რას იტყვი საერთაშორისო რეჟიმების თეორიებზე?
- საერთაშორისო თეორიების მამად სტივ კრასნერი არის მიჩნეული, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომატი. ის ასევე არის მთავარი ფიგურა ჰეგემონური სტაბილურობის თეორიის შექმნის საქმეში. თავის წიგნში „ საერთაშორისო რეჟიმები“, კრასნერი საუბრობს იმაზე, რომ საერთაშორისო რეჟიმები არ წარმოიქმნება სრული ჰარმონიის პირობებში ან პირიქით, მწვავე კონფლიქტის დროს.
- ვის ნაშრომს გაიხსენებდი, სადაც საუბარია მედიის გავლენის შესახებ, საერთაშორისო უსაფრთხოების რეჟიმებზე?
- მედიის გავლენა საერთაშორისო უსაფრთხოების რეჟიმებზე განხილული აქვს ჩანან ნავეჰს (საპირის კოლეჯის კომუნიკაციის სკოლის პროფესორი) სტატიაში: „მედიის როლი საერთაშორისო უსაფრთხოების რეჟიმების ჩამოყალიბებაში“. ნავეჰი, ანტი-ერაყული სერთაშორისო უსაფრთხოების რეჟიმის ანალიზს აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ ნავეჰის სტატია კონკრეტულად ამ რეჟიმს ეხება, ანტიერაყული რეჟიმი მხოლოდ ნაწილია უფრო ფართო ანტიმოძალადე სახელმწიფოების რეჟიმების, იგივე ანტი “როუგ სთეითსის“ (rogue states-მოძალადე სახელმწიფოები) რეჟიმებისა, რომელთა წინააღმდეგაც გლობალურ ანტიტერორისტული ბრძოლაა გაჩაღებული. ერაყის შემთხვევის ანალიზი ცხადყოფს, რომ თავდაპირველად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ერთხმად უჭერენ მხარს იმ რეჟიმებს, რომლებიც "ბოროტ ძალას" ებრძვიან, მაგრამ, როცა რეჟიმი სადაო ხასიათს ღებულობს და ლეგიტიმაციის (მართვის უფლება) დაკარგვის საფრთხის წინაშე დგება, მედიის მხარდაჭერაც კლებულობს. მედია ამ შემთხვევაში შეიძლება გადაიქცეს ოპოზიციურ ძალად, რომელიც რეჟიმის მოწინააღმდეგეების მხარდაჭერას დაიწყებს.
- რას იტყოდი როუგ სთეითს /Rogue States-ის შესახებ, გიორგი?
- Rogue States - მოძალადე სახელმწიფოები, ან - არაკეთილსინდისიერი სახელმწიფოები... ეს არის ტერმინი, რომელსაც, საერთაშორისო თეორეტიკოსები იყენებენ იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებსაც მშვიდობიანი მსოფლიოსთვის საფრთხის შემცველ ქვეყნებად მიიჩნევენ. ეს სახელმწიფოები „აკმაყოფილებენ“ შემდეგ კრიტერიუმებს: ავტორიტარული მთავრობები, რომლებიც მკაცრად ზღუდავენ ადამიანის უფლებებს, აფინანსებენ ტერორიზმს, ცდილობენ მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებას. ამ ტერმინს, ყველაზე ხშირად იყენებდა აშშ , თუმცა 2000 წელს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად შეწყვიტა ამ ტერმინის გამოყენება. მხოლოდ 2017 წელს გაეროში გამოსვლისას პრეზიდენტმა ტრამპმა კვლავ ახსენა „როუგ სთეითს“. აშშ პოლიტიკოსებმა ეს ტერმინი გამოიყენეს ისეთ ქვეყნებთან მიმართებაში, როგორებიცაა ჩრდილოეთ კორეა, სირია, ირანი, ავღანეთი, კუბა, ვენესუელა
- დღეს როგორია საერთაშორისო მედიაგარემო?
- 1990-იან წლებში საერთაშორისო ასპარეზზე კომუნიკაციების სამყაროში ინოვაციების გაჩენასთან ერთად, გააძლიერა და გაამყარა მედია პროცესები. მოხდა გიგანტური მედია კონგლომერატების შექმნა იმ მცირე მედიასაშუალებებისგან, რომელთაგან ზოგიერთი სპეციალიზირებული იყო საერთაშორისო ამბების გაშუქებაზე, ზოგი გართობაზე, სპორტზე და ა.შ., ეს ყოველივე გაერთიანდა ახალი მედიარუკის შესაქმნელად, რომელიც გახდა ერთ-ერთი იმ რამდენიმე გარემოდან, რომელშიც საერთაშორისო რეჟიმები მოქმედებენ.
გლობალური მედია, არა მხოლოდ ხელს უწყობს საერთაშორისო რეჟიმების ჩამოყალიბების პროცესს, არამედ, წარმოადგენს მნიშვნელოვან ელემენტს მათი მომავალი ფუნქციონირებისთვის.
- უსაფრთხოების რომელი რეჟიმები და პოლიტიკური კოალიციები გახსოვს?
- პირველი რაც გამახსენდა, ლუკა, ესაა ეგვიპტე-ისრაელის უსაფრთხოების რეჟიმი, რომელიც წარმოიშვა 1974 წლის იანვარში და დასრულდა 1979 წელს, ამ ორი ქვეყნის შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერით.
მეორე, ისრაელ-იორდანიის რეჟიმი, რომელიც შეიქმნა 1970 წელს "შავი სექტემბრის" მოვლენების შემდეგ, მისი მიზანი იყო პალესტინური ტერორისტული ორგანიზაციების პრობლემასთან გამკლავება. იგი ჯერ კიდევ მოქმედებდა 1971 წელს და გაგრძელდა 1993–1994 წლების სამშვიდობო პროცესის განმავლობაში, ისრაელსა და იორდანიას შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებამდე.
მესამე, ოსლოს პროცესთან დაკავშირებული უსაფრთხოების რეჟიმი წარმოიშვა 1993 წლის სექტემბერ-ოქტომბერში გაფორმებული შეთანხმებების დროს. 2000 წლის ოქტომბერში რეჟიმი დაიშალა .
მეოთხე, 90-იანებში იუგოსლავიის დაშლის შემდგომ ბალკანეთში, სადაც პოლიტიკური პროცესები და ძალადობრივი დაპირისპირებები ახალი ტიპის უსაფრთხოების რეჟიმების საფუძველი გახდა.
მეხუთე, ერაყის წინააღმდეგ რომ შეიქმნა კოალიცია 2003 წელს.
მეექვსე, 1991 წელს რომ შეიქმნა ანტი-ერაყული კოალიცია, რომელიც ძირითადად იყო ანტი-სადამ ჰუსეინის კოალიცია;
მეშვიდე, კოალიცია ბოსნიისა და კოსოვოს კრიზისების დროს, რომელიც შეიქმნა იუგოსლავიის, სერბეთისა და მისი ლიდერის, სლობოდან მილოშევიჩის შესაკავებლად.
მერვე, სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ მიმართული კოალიცია, რომელიც შექმნეს სამხრეთ აფრიკასთან მოსაზღვრე შავკანიანმა აფრიკულმა ქვეყნებმა. და ა.შ.
- მედიის ძალაზეც ისაუბრე გიორგი და დავასრულოთ...
- მედია გავლენას ახდენს ნებისმიერი საერთაშორისო რეჟიმის სიცოცხლის ციკლზე, მიუხედავად მისი ტიპისა. მედიას აქვს უნარი საზოგადოების მობილიზების, კონკრეტული რეჟიმის მიზნების მხარდასაჭერად. მედია-კომუნიკაცია და გლობალური პროცესების მართვა სახელმწიფოთა დონეზეა ერთმანეთთან დაკავშირებული.
მედიის დღის წესრიგიში დგას (media agenda) ამ რეჟიმების განვითარების ყოველი ეტაპი. მედია, საერთაშორისო რეჟიმების მხარდაჭერის მიზნით, მეტწილად, ღირებულ ახალ ამბად, სიახლედ, წარმოაჩენს (news values) საერთაშორისო რეჟიმების ბრძოლას „ბოროტი ძალების“ წინააღმდეგ. მედია თვითონ იქცევა ოპოზიციურ ძალად, თუ საერთაშორისო რეჟიმები სადაოდ და საეჭვოდ მოიქცევიან. გლობალური საინფორმაციო მედია ერთ-ერთია იმ მრავალ მექანიზმს შორის, რომლებიც აყალიბებენ ან აქრობენ საერთაშორისო რეჟიმებს.
-მედია დიდი ძალაა ნამდვილად და ამ სფეროში ჩატარებული ნებისმიერი კვლევა ყოველთვის მიიქცევს ჩვენს ყურადრებას. მადლობა!
თსუ/სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი/მედია და უსაფრთხოება ©

ფოტოზე: თსუ მაგისტრანტი გიორგი ნავროზაშვილი

ფოტოზე: თსუ მაგისტრანტი ლუკა ცუცქირიძე