რაჟდენ გვერტაძის რომანი „თეო“, დიდი პოპულარობით სარგებლობდა 30-იანი და 40-იანი წლების ახალგაზრდებში. თეოს და რაიბულის სიყვარულის ისტორია მოეწონა ბევრს. იმ პერიოდში არაერთმა ახალგაზრდა დედამ დაარქვა რაიბული თავის ვაჟს, ჩუბინიძეების ოჯახში დაბადებულ ვაჟსაც დედამ სახელად რაიბული დაარქვა.
დღეს, ჩვენი რუბრიკის "ქართველები უცხოეტში" სტუმარია ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები რაიბულ ჩუბინიძე, სპორტის ოსტატი მძლეოსნობაში, შვიდგზის ჩემპიონი.
-ბატონო რაიბულ, სად დაიწყო თქვენი გზა?
- ზესტაფონის თეატრთან. ბებია დამსვამდა ფანჯრის რაფაზე და ყოველდღე ვუყურებდი როგორ მოყავდა ტყვეები არმანას თეატრის მშენებლობაზე. ტყვეები გერმანელები იყვნენ, არმანა კი კაცი, რომელსაც ისინი ებარა... მოყავდა და მიყავდა ისინი სამუშაოზე. გერმანელი ტყვეების აშენებულია ზესტაფონის თეატრი.ადრე, ამ ადგილას, ბაბუაჩემის მიერ აშენებული ეკლესია იდგა. ბაბუა მარგანეცის მეწარმე იყო და ქალაქს ეკლესია აუშენა, რომელიც კომუნისტებმა დაანგრიეს. ერთხელ, გამოპარულმა ტყვემ კარზე მოგვიკაკუნა, დაბადების დღე მაქვს და რამე მაჭამეთო. მიუხედავად იმისა, რომ ბებიას შვილი ყავდა ომში დაღუპული, რაც ქონდა გამოუტანა...

-ოი, როგორი რთულია...
- ბებიაჩემი თამარი კეთილი და განათლებული ქალი იყო, გვარად ლაფაური. როცა თელავის ქალთა პანსიონში სწავლობდა, მისი პედაგოგი ვასილ ბარნოვი იყო. შემდეგ, ოჯახი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად და თამარმაც თბილისის ქალთა პანსიონში განაგრძო სწავლა რომელიც წარმატებით დაამთავრა. სულ 73 წელი იცხოვრა (1890-1963). კერავდა, ქარგავდა, საოცარ ნამცხვრებს აცხობდა ბურჟუიკაზე (ქურა, რომელიც მუშაობს შეშაზე და ნახშირზე), კერასინკაზე (ქურა, რომელიც მუშაობს ნავთზე). ქარხნის დირექტორის ივანე კეკელიძის ცოლი საგანგებოდ მოდიოდა ჩვენთან და ბებიაჩემისგან სწავლობდა ნამცხვრების ცხობას.

- ალბათ, მოგენატრათ ძველი სამეზობლო...
- ზესტაფონში ისეთი მეზობლები მყავდა, რომ წიგნიც კი გამოსცეს მათზე. სტალინური პრემიის ლაურიატები იყვნენ. მათ, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში (ეს ქარხანა დღემდე მოქმედებს და დაარსდა 1933 წლის 30 ოქტომბერს) ახალი შენადნობი გამოიგონეს. ივანე კეკელიძე იყო იმ დროს ქარხნის დირექტორი და ისიც ჩვენს სადარბაზოში ცხოვრობდა. ჩენი მეზობლები იყვნენ გიორგი სიორიძე -ქარხნის მთავარი ინჟნერი და მისი ცოლი თამარ ახობაძე - ქარხნის ლაბორატორიის გამგე, ნოე ღვაბერიძე - დირექტორის მოადგილე მშენებლობის დარგში, დადიანი გიორგი (გოგი) - ქარხნის მთავარი ბუღალტერი. ყველაზე კარგად დადიანების ოჯახი მახსოვს. 3 შვილი ყავდათ. ერთ-ერთი მათგანი ანტონ დადიანი შემდგომში ცნობილი მოქანდაკე გახდა და ბიჭვინთაში იდგა მისი არაერთი ნამუშევარი.

- რას იტყოდით სკოლაზე?
- ზესტაფონი #16 რკინიგზის საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, სკოლის დირექტორი ჯერ პროკოფი კვინიკაძე იყო, შემდეგ კი შალვა ცაგარეიშვილი დანიშნეს. ერთი ფეხსაცმელი მქონდა და იმით მხოლოდ სკოლაში დავდიოდი. დანარჩენ დროს ფეხშიშველი დავრბოდი. თინეიჯერობის ასაკში ბებიას შეეშინდა, რაიბული ცუდმა ბიჭებმა არ ჩაითრიონ საქმეებშიო და ბიძაჩემი დაიბარა თბილისიდან (დედა რვა წლის ასაკში გარდამეცვალა და ბებია მზრდიდა!).

აი, ასე აღმოვჩნდი თბილისში. დედაჩემის ძმამ ჯერ საშუალო სკოლაში შემიყვანა. იქ, სწავლის პერიოდში სპორტული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების ასარჩევად გვესტუმრა ბორის ვიქტორის ძე ტახტაროვი. დაგვესწრო ფიზკულტურის გაკვეთილზე. უნდა გამეკეთებინა ნახტომი, მაქსიმუმ 3 მეტრი, მე კი - სამს გადავცდი და იქვე მოწყობილ ორმოსაც გადავახტი. გაოცება ვერ დამალეს და უმალვე სპორტულ სკოლაში გადამიყვანეს.
ფოტო FB გვერდიდან:ძველი თბილისის ფოტოები

იმ დროს სპორტული სკოლა-ინტერნატის დირექტორი მოკრივე ლევან ღუდუშაური იყო, ყაზბეგელი კაცი, სოფელ სნოდან. მთელი საქართველოდან სწავლობდნენ ჩემთან ერთად სპორტული ნიჭით დაჯილოდოებული მოსწავლეები. მახსოვს, სოფელ ბანძიდან იყვნენ დები: აზა და მზია გაბუნიები, მარტვილიდან - მურმან პატარაია, ზუგდიდიდან - მზია მაქცარია, მზიური სართანია; რუხიდან - ჯემალ სხულუხია და მისი და ვინარი სხულუხია... აი, ასეთ კარგ ახალგაზრდებთან ერთად ვსწავლობდი სპორტულ ინტერნატში. ბევრი დიდი სპორტსმენიაღზარდა ამ სკოლამ. სხვათა შორის ომარ ფხაკაძეც ჩემი სკოლელი იყო (შემდგომში მსოფლიოს ჩემპიონი ველოსპორტში), და მსოფლიო ჩემპიონი ვიქტორ სანეევი ( ავსტრალიაშია დასაფლევებული.ნათელი მის სულს! ოჯახებით ვიცნობდით ერთმანეთს, სოხუმელი ცოლი ყავდა, ტატიანა ხვანნწკია.)
- სად იყო ტერიტორიულად ეს სკოლა?
- თბილისში, მაშინდელი ორჯონიკიძის და კონსტიტუციის ქუჩების კვეთაზე იყო ესსკოლა. 9 თვე ვისწავლე მანდ და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გავხდი მოსწავლეთა შორის მინსკში გამართულ ჩემპიონატში 1960 წელს. ამის შესახებ პირველი მასალა ჩემზე თანდართული ფოტოთი „ზნამია იუნოსტიში“ დაიბეჭდა.
- საზღვარგარეთ გამართულ ჩემპიონატებშიც მონაწილეობდით?
- დიახ.ჩემი პირველი საზღვარგარეთული ქვეყანა იყო ფინეთი და გამარჯვება იქ, ქ. ჰელსინკი 1962 წელს მოვიპოვე; შემდეგი ქვეყანა იყო პოლონეთი 1964 წელს, ბელგიაში 1966 წელს გავიმარჯვე. შემდეგ წლებში გამარჯვებები მქონდა ავსტრიაში და უნგრეთში, ქალაქებში - ბუდაპეშტი და შოფრონი. შოფრონი ავსტრიის საზღვარზე მდებარე პოპულარუი საკურორტო და დასასვენებელი ქალაქია. ავსტრიელი კომპოზიტორი შტრაუსი ხშირად სტუმრობდა ამ ქალაქს და იქ კონცერტებსაც მართავდა. მან, თავის პირველ ცოლთან, ჰენრიეტა ტრეფცთან ერთად თაფლობის თვეც შოფრონში გაატარა. ვიცოდი ეს და ჩემთვის,როგორც მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ნათელა ჩუბინიძის შვილისთვის ორმაგად სასიხარულო გამოდგა შოფრონში ასპარეზობა და გამარჯვება. ბალტიისპირეთში თვენახევარი ვიყავი შეკრებაზე და სალაპარაკო ენა უმალვე ვისწავლე; დღემდე მახსოვს რომ ლატვიურად „ბიჭი“ არის puika (პუიკა), „გოგო“ არის meitene (მეიტენე). მერე იყო კეიევი, ლვოვი, დონეცკი, ნალჩიკი, კრასნოდარი. აქტიურ სპოორტში 1959-1968 წლამდე ვიყავი.

- და მიუხედავად იმ შრომისა, რომელსაც დიდ სპორტი მოითხოვს მაინც ჩააბარეთ თსუ -ში.
- ეს იყო უდიდესი სიხარული, როდესაც1963 წელს თსუ გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი. შემდეგ, ისტორიის ფაკულტეტზე გადავედი. ჩემ დროს თსუ-ს რექტორი იყო ილია ვეკუა (1966-1972 წწ), პრორექტორები იყვნენ სერგო ჯორბენაძე და ნოდარ ლომოური, ისტორიის ფაკულტეტის დეკანი იყო პროფესორი კარლო მეშველიანი. ჩემი სპორტული ცხოვრებიდან გამომდინარე, ლექციები ხშირად მიცდებოდა, მაგრამ, როცა ჩამოვდიოდი, ჩემი პროფესორები ინდივიდუალურად მაძლევდნენ დავალებებს და მათ ყველაფერი გააკეთეს რომ ცოდნით აღჭურვილს, დამსახურებულად ამეღო ისტორიკოსის დიპლომი. და ეს ბედნიერი დღე 1973 წელს დადგა.
ფოტო FB გვერდიდან:ძველი თბილისის ფოტოები

- საბჭოთა ჯარში ალბათ, არ გაუწვევიხართ, როგორც სპორტსმენი და როგორც სტუდენტი.
-ისტორიიდან გემახსოვრებათ, რომ 1962 წლის 14 ოქტომბერს, ამერიკულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა U-2-მა დააფიქსირა საბჭოთა ბირთვული რაკეტების განთავსება კუბაზე, რომელიც, სულ რაღაც, რამდენიმე ასეულ კილომეტრზე მდებარეობს აშშ-დან. კარიბის კრიზისი 13 დღე გაგრძელდა, ანუ 28 ოქტომბრამდე. ხრუშოვი დათანხმდა რაკეტების კუბიდან გატანაზე, კენედი კი შეპირდა, რომ ამერიკულ რაკეტებს გაიტანდა თურქეთიდან. მიუხედავად იმისა, რომ მე, კარიბის კრიზისის მომდევნო წელს ჩავირიცხე თსუ-ში (1963-ში) კარიბის კრიზისის ფაქტორმა მოგვიხსნა ჯავშანი და ახალგაზრდებს ჯარისგან არც სპორტი გვიცავდა და არც სტუდბილეთი. 3 წელი ვიყავი ჯარში. თავიდან ახალციხეში, მერე - თბილისში გადმოიყვანეს, ამიერკავკასიის სპორტულ როტაში. მერე წაიყვანეს მოსკოვში და მითხრეს: „რიადავოი ჩუნბინიძე პოკაჟი კაკოი ტი სპორტსმენ“. როცა ნახეს როგორი სპორტსმენიც ვიყავი, ნაკრების შეკრებაზე გამიშვეს. მოსკოვში ვიყავი ცეესკაში (ЦСКА — аббревиатура, расшифровывающаяся как Центральный спортивный клуб Армии./ არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი), გამოვდიოდი შეჯიბრებებზე. აი, ასეთი გამოდგა ჩემთვის ჯარი.
- და შემდეგ, საქართველოში დაბრუნდით.
- დიახ, დავამთავრე უნივერსიტეტი, ავიღე ისტორიკოსის დიპლომი.
ფოტო FB გვერდიდან:ძველი თბილისის ფოტოები

იმხანად, კრასნიოდარში ტარდებოდა სსრკ მედიცინის მუშაკთა პირველობა მძლეოსნებაში. რადგან საქართველოს მედიცინის მუშაკებს ამ სფეროში გუნდი არ ყავდათ, მონაწილეობა კი აუცილებელი იყო, აგვაგროვეს სხვადასხვა სფეროებიდან. ანუ მე, ისტორიკოსმა წარმოვადგინე საქართველოს მედიკოსები კრასნოდარში და გავხდი სსრკ ჩემპიონი. როცა დავბრუნდი, დამიბარა ვახტანგ კალისტრატეს ძე გოგოძემ საქართველოს პროფკავშირებში, რესპუბლიკურ კომიტეტში და დამნიშნა პროფკავშირის ინსტრუქტორად სამედიცინო ხაზით!

კარგი ქართველი იყო ვახტანგ გოგოძე, გულიანი კაცი, ომის მონაწილე. ლვოვის ქუჩაზე ცხოვრობდა ოჯახთან ერთად . 2 ბიჭიდან ერთ-ერთი, ავთანდილი, ლეო ბოკერიას კლინიკაში მუშაობდა, მოსკოვში. კრემლთან ცხოვრობდა, მოლოტოვი და კაგანოვიჩი რომ ცხოვრობდნენ იმ სახლში (მოლოტოვი იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, სტალინის დროს , კაგანოვიჩი ჯერ უკრაინის ცკ პირველი მდივანი, შემდგომ კი, სსრკ-ში მაღალი პარტიული თანამდებობები ეკავა).
- საქართველოს პროფკავშირის რესპუბლიკურ კომიტეტში როგორც ინსტრუქტორს რა გევალებოდათ?
- როდესაც პროფკავშირების რესპუბლიკურ კომიტეტში ვმუშაობდი ჩვენთან მოდიოდნენ ავლიპ ზურაბიშვილი, სიმონ ხიჩინაშვილი, ეგნატე ფიფია. ხელის ჩამორთმევით მხვდებოდნენ, ძალიან მაფასებდნენ. ჩვენს ბუმბერაზ ექიმებს ნურავის ეწყინება, მაგრამ მსოფლიოს ვერცერთი ქვეყნის ექიმებს ვერ შევადრი. ამერიკაში და ევროპაში მენეჯმენტი, დისციპლინა და სამედიცინო ტექნიკა აქვთ ჩვენზე კარგი. იმ დროს პროფკავშირის კომიტეტში საქართველოს სამედიცინო სფეროს ნაღები ხალხი იყრიდა თავს. მწვავე კამათიც იმართებოდა კრებებზე. ერთხელ, მახსოვს, პეტრე გელბახიანმა კრებაზე ამხილა ექიმი რომელმაც ბიულეტინის გაცემაზე ქრთამი აიღო. ხდებოდა ასეთებიც. უცნაური საჩივრებიც შემოსულა.

ერთხელ, საჩივარი შემოვიდა საქართველოს პროფსაბჭოს რესპუბლიკურ კომიტეტში, რუსეთში მცხოვრები ცოლ-ქმარი ჩიოდა, რომ მათმა ნათესავმა, ექიმმა მანცივკევიჩმა, რომელიც გაგრაში მუშაობდა, ვინმე ლიდია ხასიას დაუტოვა მთელი თავისი ქონება. გაგრაში გამაგზავნეს ამ საქმეში გასარკვევად. თურმე, ექთან ლიდია ხასიას ასაკოვანი და ავადმყოფი ექიმისთვის უსასყიდლოდ მოუვლია, და ექიმსაც, მისთვის დაუტიოვებია ყველაფერი რაც გაგრაში გააჩნდა. აფხაზეთში შემოწმებაზე ხშირად ჩავდიოდი და სადგურზე, ყოველთვის აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი საშა ხუნწარია მხვდებოდა და გეთია (სახელი არ მახსოვს) აფხაზეთის მედიცინის პროფკავშირების თაბვჯდომარის მოადგოილე. თავჯდომარე იყო ვლადიმერ სმირი. ამბობდნენ, რომ ქართველები არ უყვარდა და ამიტომ იყო, რომ ყოველ ჯერზე მოადგილეს აგზავნიდა დასახვედრად. როცა შევიდოდი მის კაბინეტში - ამრეზით მიყურურებდა. სხვა არავინ მახსოვს იქ ისეთი ვინც არამეგობრული დამოკიდებულება მაგრძნობინა.

აგუძერის დასასვენებელი სახლის დირექტორი იყო კაცი, რომელიც ჯერ ციხის უფროსი იყო, მერე სანატორიუმის და როცა დამსვენებელი ჩამოდიოდა, ამ ნომერში გაუშვის ნაცვლლად, ამ კამერაში შეუშვითო, ამბობდა. ამ კაცზე ანეგდოტები დადიოდა საოხუმში.

არაერთი მეგობარი შევიძინე მივლინებების დროს სოხუმში. მათ შორის იყო იური ცხონდია, სასწაული კაცი. რაიონებში და ქალაქებში რომ ჩავდიოდი, ვინც იქ მხვდებოდა, მათი სახელები დღემდე მახსოვს. წალკაში იყო ბერძნეი ქალი, წალკის პროფკავშირების თავჯდომე, სასწაული დახვედრა იცოდა. ბევრი კარგ ადამიანს შემახვედრა ჩემმა სამსახურმა.
სადაც კი სანატორიუმი და პანსიონატი იყო საქართველოში - ყველას მე ვამოწმებდი. თანამშრომლების კულტურულ-აღმზრდელობითი კუთხით ჩატარებული სამუშაოების ოქმების შესწავლა მევალებოდა.(კულტურნო-ვოსპიტატელნაია რაბოტა სრედი სატრუდნიკოვ.) რა ჩატარდა, რომელი კონფერენცია გაიმართა და ა.შ. ანუ, იდეოლოგიურ ნაწილს ვხელმზღვანელობდი. ლესელიძეში ყოველ წელს ჩავდიოდი როგორ ც სპორტსმენი და ვვარჯიშობდი. ადლერშიც არაერთხელ ჩავსულვარ. იქაც იყო სპორტილი პანსიონატები.
ახალი ათონი გამორჩეული იყო. როცა იქ ჩავდიოდი, ყოველთვის პანსიონატ "ჩანჩქერში" ვჩერდებოდი. ძალიან ლამაზი პეიზაჟი ქონდა.

ბიჭვინთაში ყველა პანსიონატში ვარ ნამყოფი, გაგრაში და სოხუმშიც.

ზაფხულობით, ვახტანგ გოგოძე რესპუბლიკის მუშაკთა პიონერთა ბანაკის დირექტორად მიშვებდა მანგლისში. ამით, საკუთარ ოჯახსაც დავეხმარე, შვილები პატარები მყავდა იმ დროს და მანგლისის სუფთა ჰარზე ატარებდნენ ზაფხულს.
1975 წლიდან სამედიცინო დელეგაციების ხელმძღვანელად დამნიშნეს და სოცქვეყნებში გაგზავნილი ქართველი ექიმების ჯგუფებს ვახლდი.
- რას გვეტყვით ოჯახზე?
ჩემი მეუღლე საბურთალოელი ბელა ბუში (ნათელი მის სულს!) და აშშ პრეზიდენტი ბუში საერთო წარმომავლობის არიან. 2005 წელს, როცა ჯორჯ ბუში სტუმრობდა საქართველოს, ბელას, მასთან შეხვედრა მოუწყვეს. ბელას ბაბუა, მე-19 საუკუნეში, როგორც რკინიგზის ინჟინერი ისე ჩამოვიდა საქართველოში. ასე დამკვიდრდა ბუშების გვარი თბილისში. ჩვენს უფროს ქალიშვილს დედაჩემის საპატივცემლოდ ნათელა დავარქვით. ათწლეულებია შტატებში ცხოვრობს. წარმატებული დედა და პროფესიონალია. უმცროსი ქალიშვილი ტატა, ბელას დედის სეხნიაა და დედაჩემივით მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული გამოვიდა. წარმატებული მუსიკალური კარიერა ქონდა ბავშვობისას. მღეროდა „მზიურში“, გამოდიოდა საკავშირო კონცერტებზე, იყო ანსამბლ „ბერიკონის“ სოლისტი, რამდენიმე წელი მღეროდა ნიუ-იორკში. ამჟამად თბილისშია, ყავს შვილები და მეუღლე. მეორე ქორწინებიდან შემეძინა თამუნა, წლებია რაც ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს.
-32 წელია რაც ამერიკაში ცხოვრობთ, რა იყო საქართველოდან წასვლის მიზეზი?
- 90-იანებში ძალიან გაჭირდა ცხოვრება და ამიტომ წამოვედი. 1994 წელს 52 წლის ასაკში მოვიგე გრინკარდა. ჩავედი ალექსანდერიაში, ვირჯინიის შტატში, სადაც ჩემი უფროსი ქალიშვილი ნათელა ცხოვრობდა თავის ქმარ-შვილთან ერთად. 8 თვე ვიყავი მათ ჭერქვეშ, პატივს მცემდნენ, მაგრამ, გულმა მაინც ნიუ-იორკისკენ გამიწია, რადგან ვიცოდი, რომ იქ,მეტწილად, პოსტსაბჭოთა სივრციდან გამოსულები ცხოვრობდნენ. თან, ჩემი მეორე ქალიშვილი ტატაც ჩამოვიდა იმ პერიოდში მეუღლესთან ერთად ნიუ- იორკში.
მართალი აღმოვჩნდი. არაერთ კარგ ადამიანს შევხვდი. დღემდე მყავს უზბეკი მეგობარი, რომელსაც სიცოცხლეც შეუძლია მაჩუქოს, მყავს სომეხი მეგობარი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობი. მყავს მთიანი აზერბაიჯანის ებრაელი მეგობარი, რომელმაც არაერთი ქართველი მომიწყო სამსახურში. თუმცა, შემხვდნენ ისეთებიც, რომლებმაც გადამაგდეს.
- როგორები არიან ამერიკელი მეზობლები?
- 4 წელია ვცხოვრობ ახალ ბინაში. მეზობელი რომ შემხვდება ლიფტთან, გამარჯობა- გაგიმარჯოს და მორჩა. არ უყვართ არც შენი, არც თავის შეწუხება. ზოგიერთს შაქარი რომ თხოვო, მარილს მოგცემს! უსულგულოები არ არიან, მაგრამ, ბოლომდე ვერ გრძნობენ ადამიანს რა ჭირდება, რა უნდა. პოსტსაბჭოელებში ანუ ჩვენებშიც არიან ისეთები, რომლებიც საკუთარი მუცლის იქით ვერაფერს ამჩნევენ. ზოგი ჩვენიანი 360 გრადუსით შეიცვალა, თუ სამშობლოში ცუდი წარსული ქონდა, ამერიკაში ცდილობს კარგი გახდეს.
- როცა ამერიკაში ჩახვედით, სამსახური ადვილად იშოვეთ?
-სანამ რესტორანში დავიწყებდი მუშაობას, არასტაბილური შემოსავალი მქონდა. შინ დაღლილი მოვდიოდი. ერთხელაც, ჩემმა მეუღლემ თინა ცაბაშვილმა, თავის მეგობარს ბელა სამხარაძეს შესჩივლა, რეზო სტაბილურ სამსახურს ეძებს და სადმე, რამე ხომ არ გეგულებაო? ბელას ყავდა სომეხი დაქალი ოფელია, რომელიც მოშაობდა სამშენებლო ფირმის მეპატრონის ოჯახში და თურმე, სწორედ იმ დროს იწყებდნენ იმ რესტორნის მშენებლობას, რომელშიც შემდეგ 17 წლი გავატარე. სამშენებლო პერიმეტრზე უკვე შეტანილი ქონდათ ძვირადღირებული სამშენებლო ტექნიკა და მასალები. ჭირდებოდათ კაცი, რომელიც საიმედო იქნებოდა და დაცვის სამსახურს აუწყობდა მათ. ამ მშენებლობის მიმდინარეობისას არ დაკლებიათ ერთი ლურსმანიც კი და ძალიან იყვნენ ჩემით კმაყოფილები. იმ დროს გავიცანი რესტორნის უშუალო მეპატრონეები. ერთი აზერბაიჯანიდან იყო ჩამოსული, მეორე - უკრაინიდან. 17 წელი ვიმუშავე და ვიმეგობრე მათთან.
რესტორანი როცა გაიხსნა, უსაფრთხოების ღამის სამსახურის უფროსად დამნიშნეს. ჩემი სამუშაო იწყებოდა მაშინ, როცა იკეტებოდა რესტორანი. მიტოვებდნენ გარკვეული რაოდენობის თანამშრომლებს, რომლებიც აწესრიგებდნენ დარბაზებს, სამზარეულოს, მოკლედ, რესტორანს მეორე დღისთვის ამზადებდნენ. პასუხისმგებელი ვიყავი როგორც შიდა, ისე, გარე პერიმეტრზე. ხალხი, რომელთა მუშაობის კონტროლი (მეტწილად მონიტორიდან ვუყურებდი) მევალებოდა,ძირითადად ლათინური ამერიკიდან იყვნენ. მაცივარი სავსე იყო ლუდის ბოთლებით და ვხედავდი, რომ ცალი თავლი იქითკენ გაურბოდათ. მოწყურებული კაცის ცოდვას ვერ დავიდებდი და ყოველთვის ვაძლევდი მათ ლუდის აღების უფლებას (ზომიერების ფარგლებში). ამის გამო ძალიან მაფასებდნენ. რესტორანში, ხელფასის გარდა, ყოველდღიურად მქონდა სუფრა. 15 მზარეული ამზადებდა კერძებს და მიუხედავად გადავსებული დარბაზებისა, მაინც იმდენი რჩებოდა, რომ თანამშრომლებზე ნაწილდებოდა დღის ბოლოს ყველაფერი. ქორწილებს როცა იხდიდნენ - შემწვარი გოჭები და ინდაურები არ ვიცოდით სად წაგვეღო. ამ სიუხვიდან გამომდინარე 8-10 კაცი იჯდა სუფრასთან ყოველდღე - ჩვენთან სახლში.
- როგორია ასაკში შესული ადამიანის თვალით დანახული ამერიკა?
-სპორტმა იმოქმედა და ასაკთან ერთად ფეხები ამტკივდა. ახალგაზრდობაში, ქარზე უსწრაფესად დავრბოდი, ახლა კი - ნელა გადავადგილდები, მაგრამ მთავარია, რომ, მაინც თავად დავდივარ საყიდლებზე, მიყვარს ხალხთან ურთიერთობა. ოთხი წელია მეუღლესთან ერთად ვცხოვრობ ახალაშენებულ კორპუსში. გადასახადებიდან მხოლოდ 485 დოლარს ვიხდი გაზში და შუქში. ორი მომვლელი გვყავს, მე კაცი, მეუღლეს- ქალი. ისინი, ყოველ დილით მოდიან, გვილაგებენ ბინას და მიდიან. როგორც კი მოვლენ, ჩემი ტელეფონიდან კოდი უნდა გააგზავნონ ოფისში, იმის დასტურად, რომ ჩვენთან არიან. სხვა შემთხვევაში, ის დღე სამუშაოს გაცდენად ჩაეთვლებათ და ხელფასიდან დაექვითებათ. მომვლელები სახელმწიფომ დაგვინიშნა. ესაჭიროება თუ არა ასაკოვან ადამიანს მომვლელი, ამას - კომისია ადგენს. მოდიან, ამოწმებენ ჯანმრთელობის მდგომალეობას და ამის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას.
-ვიცი, რომ საქართველოში არაეთი მეგობრის ოჯახს დღემდე ეხმარებით. სპონსორობა გაუწიეთ არაერთი ახლობლის პროექტს. ამერიკაში ჩამოსული ნათესავები და შვილების მეგობრები შეიფარეთ და დაასაქმეთ. ძალიან დიდი გულის და ნაცნობობის მქონე ადამიანი ბრძანდებით.
-ჩვენი სულიერი საზრდო ჩვენი სამშობლოა! ამერიკამ ხელი გაგვიმართა, ზურგი გაგვიმაგრა, მაგრამ, ის ვერ შეგვივსებს იმას, რაც საქართველოში გვქონდა. მოკლებული ვართ იქაურ მეგობრებს, მეზობლებს. როცა მათ ვეხმარები, მიმაჩნია, რომ ქართულ საქმეს ვაკეთებ და ეს სიცოცხლის ძალას მმატებს!
-თქვენ გაგიმარჯოთ, ბატონო რაიბულ! დიდი მადლობა!
