Tbilisi Open Air Alter/Vision არის თბილისის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც ტარდება 2009 წლიდან თბილისში ან მის შემოგარენში. თავდაპირველი იდეა იყო მსმენელისათვის ევროვიზიის ალტერნატიული ვერსიის შეთავაზება, ეს კი გამოიწვია ჯგუფის Stephane & 3G 2009 წლის ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობაზე უარმა, რაც, თავის მხრივ, გამოწვეული იყო მოთხოვნებით, შეცვლილიყო სიმღერის „We don't wanna put in“ ტექსტი. ალტერნატიულ ფესტივალზე სპეციალური საორგანიზაციო კომპანიის მიერ მიწვეული იყო რამდენიმე საერთაშორისო მნიშვნელობის მუსიკოსი. მოგვიანებით ითქვა, რომ წარმატების შემთხვევაში დაიგეგმებოდა მსგავსი ფესტივალების ყოველწლიურად ჩატარება. 2009 წლის ფესტივალი ჩატარდა ქ. თბილისში, სამი დღის განმავლობაში - 15, 16 და 17 მაისს. პირველ დღეს კონცერტი შარდენის ქუჩაზე გაიმართა. შემდეგი ორი დღის განმავლობაში კი მასშტაბური ღონისძიებები ჩატარდა თბილისის იპოდრომზე. 2017 წლიდან ფესტივალმა ლისი ვანდერლენდში დაისადგურა. აღნიშნული ფესტივალი გამოირჩევა კარგი გემოვნებით და ხალხმრავლობით. წლებია, ახალგაზრდების დიდი ნაწილის საყვარელი ადგილი გახდა ლისი ვანდერლენდი. საქართველო კი ამ ფესტივალის მეშვეობით - მსოფლიოში გახდა ის ადგილი, სადაც შეგიძლია ზაფხულის 2-3 დღე საინტერესო გარემოში გაატარო, თან მოისმინო კარგი მუსიკა.












