ნათია ქოჩლაძე: თბილისში გარე ვაჭრობის განვითარების პერსპექტივა – ამერიკული გამოცდილება

ნათია ქოჩლაძე: თბილისში გარე ვაჭრობის განვითარების პერსპექტივა – ამერიკული გამოცდილება

17.05.2014

ავტორი: ნათია ქოჩლაძე, არქიტექტურის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი

ქუჩის ბაზრები პოპულარულია მთელ მსოფ­ლიო­ში. მათ გავლენა მო­ახ­დინეს როგორც ქვეყნების ეკონომიკაზე, ისევე ქალაქის არქი­ტექ­ტუ­რულ სახეზე, ფსიქო­ლოგიურ გარემოზე და სოციალურ-ეკონომიკურ განვითა­რებაზე. თუ 30-40 წლის წინ უმრავლესო­ბის აზრით იგი წარსულის გადმონაშთი იყო და მალე უნდა გამქრალიყო, ეკო­ნომიკის განვითარებამ გვიჩვენა, რომ გარე ვაჭრობა უფრო განვითარდა არა მხოლოდ განვითარებად და ეკონო­მიკურად ჩამორჩენილ ქვეყნებში, არამედ ისეთ განვითარებულ ქვეყნებ­შიც, როგორიცაა აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი.

გარე ვაჭრობა მთელი მსოფლიოს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. საბაზრო ეკო­ნომიკის პირობებში მცირე ბიზნესის აუცილებლობა და ელასტიკურობა გარე ვაჭრობის არაჩვეულებრივი ზრდის უმთავრესი მიზეზია, მაგრამ ამერიკისა და ევროპის ქალა­ქებში არსებული აკრძალვები გარე ვაჭრობის უმრავლესობას არალეგალურს ხდიდა. გამოსავლად „საზოგადოებრივი ბაზრები“ გაჩნდა, რომლებიც დაეხმარა გარე მოვაჭ­რეებს ეკონომიკის მთავარ დინებაში ჩართულიყვნენ, რადგან ბაზარი ლეგიტიმურს ხდის გარე ვაჭრობას, სთავაზობს  მათ ლეგალურ, დაცულ და მხარდამჭერ გარემოს ბიზნესისთვის. ბაზრების – საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ფართოდ გავრცე­ლებული ფორმის, რენესანსის მიზეზები მრავალია: ქალაქებში, სადაც სურთ მდგრა­დი აქტიურობა დაუბრუნონ საზოგადოებრივ სივრცეებს, რეგულარული განრიგის მქონე ბაზრებს იყენებენ, რათა ქუჩები, მოედნები და ავტოსადგომები სიცოცხლითა და კომერ­ციული აქტივობით სავსე ხალხმრავალ ტერიტორიებად აქციონ. საზოგადოებრი­ვი ბაზრები საერთო სივრცეს ქმნის, სადაც ადამიანები კომფორტულად გრძნობენ თავს, ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის და მცირე ბიზნესის განვითარებას, მოსახლე­ო­ბას სოფლის მეურნეობის ახალი პროდუქტით და ნაკეთობებით ამარაგებს, რომელსაც მაღალი ხარისხი და შედარებით დაბალი ფასი აქვს ანუ საზოგადოებრივი ბაზარი საზოგადოებრივ მიზნებს ემსახურება. ეს მიზნები ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს:

  • დასაქმება–თანამშრომლობა;
  • უბნის გამოცოცხლება–აქტიური საზოგადოებრივი სივრცე;
  • ჯანმრთელობა–კვება;
  • კავშირი: ქალაქი–სოფელი;
  • მოსახლეობის მომარაგება.

ტერმინი „საზოგადოებრივი ბაზარი“ მრავლისმომცველია. თავდაპირველად ეს იყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული და მის მიერ მართული შენობა, სადაც მოვაჭრეები სოფლის მეურნეობის ახალ პროდუქტს ღია დახლებიდან ყიდდნენ. თანა მედროვე საზოგადოებრივი ბაზრები მრავალგვარია როგორც ფორმით და პარამეტ­რე­ბით, ასევე შემოთავაზებული პროდუქციით და მას ფლობს და მართავს არა მარტო ქალაქის ხელისუფლება, არამედ სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციაც.

ძველმოდური საზოგადოებრივი ბაზრების შენობებთან ერთად საზოგადოებრივი ბაზრის განსაზღვრა, ფერმერული ბაზრის გარდა, ხელნაკეთი ნივთების ბაზარს და ზოგიერთ ძველმანის (flea market) ბაზარსაც მოიცავს.

როგორც საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული ბაზრების ანალიზმა გვიჩვენა, ფორმის მიხედვით გამოიკვეთა ოთხი ძირითადი ტიპი:

1.                      მარტივი სეზონური ბაზრობები, რომლებიც კვირაში ერთხელ ან ორჯერ იმართება ღია ცის ქვეშ. ბაზრის ტერიტორია შეიძლება იყოს მოედანი, ქუჩა ან ავტოსადგომი. მოვაჭრეებს თავად მოაქვთ საჩრდილობლები და დღის ბო­ლოს­ ისე ალაგებენ, რომ ბაზრობის კვალი არ რჩება. ასეთ ფორმას ბევრი ფერმერული ნაკეთო­ბების და ძველმანე­ბის ბაზარი არჩევს. ამგვარი ღია ბაზრები იაფი და მარტივი მოსაწყობია.

 

2.                      შედარებით მრავალფეროვანია ბაზარი, რომელსაც ერთ­ქანო­ბიანი სახურავის მსგავსი გადახურვა აქვს. ასე ბაზარი ღია რჩება, მაგრამ გამყიდვე­ლები და მომხმა­რებლები ყველა ამინდში დაცულები არიან. ბაზარს პერმანენ­ტული სახე აქვს, რადგანაც არქიტექტურული სტრუქტუ­რა ადგილზე რჩება. ხანდახან ბაზრის გადა­ხურვას იმ დღეებში, როდესაც ბაზარი არ იმართება, ავტომანქანების სადგომად იყენებენ. ზოგ შემთხვევაში, ბაზარი იყენებს არსებულ გადახურვას – ტრასის ესტაკადას ან შენობის პორტიკს.

 

3. საზოგადოებრივი ბაზრის გალერეაში ან დახურულ შენობაში ვაჭრები ძირი­თადად მთელი წლის მანძილზე მუშაობენ, კვირაში 6 დღე. მათ აქვთ ვაჭრობისა­თვის საჭირო ვიტრი­ნე­ბი, მაცივრები და სამზარე­ულო მოწყობილო­ბები. ამგვარ ბაზრებში მუდმივ გამყიდველებთან ერთად მოდიან დროებითი ვაჭრებიც და „დღიურ მაგიდას“ ქირაობენ.

4. ყველაზე განვითარებული საზოგადოებრივი ტიპის ბაზარი არის ერთ­მანეთთან დაკავშირებული სხვადასხვა ბიზნესის რაიონის ცენტრი, დინამიკური ეკო­ნო­მიკური ზონა. რამდენადაც ბაზარში მომსვლელ მომხმარე­ბელთა რაოდენობა რეგულარულია, ახლომახლო ჩნდება დამატებითი ბიზნესე­ბი, როგორიცაა რეს­ტორნები, სხვადასხვა პროდუქტის მაღაზიები. ქალაქის ზოგიერთ უბანს მკაცრად აკონტროლებენ არქიტექტურული სახის შენარჩუ­ნების მიზნით, რათა დაიცვან უბნის დანიშნუ­ლე­ბა და ხასიათი.

2006 წელს დისერტაციის  სახით წარმოდგენილ ნაშრომში „გარე ვაჭრობის საკით­ხები ურბანულ გარემოში და მათი არქიტექტურულ-სივრცითი ორგანიზაცია“ ვამბობდით, რომ გარე ვაჭრობის სრული აკრძალვა არ მიგვაჩნდა  არსებული პრობლე­მის გადაჭრის მართებულ გზად, მით უმეტეს, რომ, როგორც ისტორიულმა გამოცდილე­ბამ გვიჩვენა, აკრძალვების საშუალებით გარე ვაჭრობის მოსპობა შეუძლებელია და ამის მაგალითი მსოფლიოში ბევრია. აკრძალვის ნაცვლად  მართებულად მიგვაჩნ­და გარე ვაჭრობის სწორი ორგანიზება, მხატვრულ-ესთეტიკური სახის გაუმჯობესება და ჩართვა ქალაქში ჰუმანური გარემოს ჩამოსაყალიბებლად. ჩვენს მიერ რეკომენდებუ­ლი იყო გარე ვაჭრობის ტერიტორიები, გარე ვაჭრობის საათები და მცირე არქიტექ­ტუ­რული კონსტრუქციების დიზაინის ელემენტები.

განსაზღვრული გვაქვს გარე ბაზრების სამი ძირითადი ტიპი: 1) პერმანენტული ბაზრები, 2) მომთაბარე, ყოველკვირეული ბაზრობები და 3) ღია დახლები. ცალკე მინდა გამოვყო ყოველკვირეული ბაზრების ერთი ნაირსახეობა, რომელიც აპრობირე­ბუ­ლია აშშ–ში.,  შეიძლება დევისის ფერმერული ბაზრის მაგალითი მოვიყვანოთ: ამ ბაზრის ერთ-ერთი უმთავრესი დადებითი მხარე მისი არაფორმალური და დროებითი დიზაინია. ქალაქის ცენტრის მიმდებარე პატარა საზოგადოებრივი პარკი სწრაფად იცვალება ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. დილით ადრე ფერმერებს სატვირთო მანქანებით მოაქვთ მაგიდები ან პროდუქტების დასალაგებლად იყენებენ სატვირთო მანქანის გადმოსაწევ კარებს. ცარიელი ხის ყუთები და კალათები მანქანასთან ერთმა­ნეთზეა შეწყობილი. მანქანის გარშემო არსებული ზონა გამყიდველის ტერიტორიაა, ტროტუარი კი მომხმარებელს ეკუთვნის, ხოლო სივრცე გადმოსაწევ კარებთან – მყიდველისა და გამ­ყიდველის შეხვედრის ადგილია.

მყიდველების მოსვლასთან ერთად ტროტუარი მთელი კვარტლის სიგრძეზე პრო­მენადად იქცევა. პარკის სათამაშო ზონა სწრაფად ივსება ბავშვებით, რომლებსაც საყიდლებზე მოსული მშობლები ტოვებენ. ბავშვები ყოველთვის რჩებიან მშობელთა თვალთახედვის არეში. საყიდლებზე სიარულისას ხალხი ხვდება ძველ თუ ახალ ნაცნობებს, რაც ტროტუარს გადატვირთულ, მაგრამ ხალისიან ბაზრად აქცევს.

 

დევისის ფერმერების ბაზარი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია სწორად მიგნებულ საზოგადოებრივ დიზაინსა და მენეჯმენტს იაფად, სწრაფად და ხანმოკლე დროით  შეასრულოს ადამიანთა ბევრი მოთხოვნა.

რამდენიმე წლის წინ თბილისში გაჩნდა გარე ვაჭრობის ის სახეობები, რომელსაც  სადისერტაციო ნაშრომში ვთავაზობდით – პერმანენტული ბაზრები. ინფორმაცია ამ ბაზრებზე, თუ რომელ უბანში რამდენი ფუნქციონირებს, მათი მისამართი და იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რისი შეძენაც შეიძლება  ინტერნეტში სპეციალურ ვებგვერდზეც იყო განთავსებული. აგრეთვე გაჩნდა მომთაბარე, ყოველკვირეული ბაზრები. თბილისის მერიამ 2011 წლის 18 დეკემბრიდან ქალაქის მასშტაბით  პროექტი ”იაფი პროდუქტი ჩვენს უბანში” დაიწყო. ამ პროექტის თანახმად, ყველა რაიონში, ყოველ კვირას, 9:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე, მომხმარებლებს  შეეძლო მათთვის სასურველი სასურსათო პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად შეეძინა. სასურსათო ბაზრობები 12 ადგილას ეწყობოდა: ვერის ბაღის წინ, მეტრო "ავლაბრის" მიმდებარე ტერიტორიზე, 31-ე ქარხნის წინ, ვაზისუბანის  I მ/რ N12 კორპუსის წინ, მეტრომშენში – ყვარლის მოედანზე, დიღმის მას. მე-3კვ, მიცკევიჩის N2-ის მიმდებარედ, ნუცუ­ბიძის პლატოს IV-V მ/რ-ს შორის, დიდი დიღომში - პეტრიწის N12-ის წინ, გლდანში –ხიზანიშვილის ქუჩაზე, მუხიანში – დუმბაძის ქუჩაზე, თემქაზე – ჩარგლისა და ანაპისდივიზიის ქუჩების კვეთაზე. ზოგიერთ უბანში, მაგალითად, საბურთალოზე, ჟ. შარტავას ქუჩაზე, ყოფილი ბაზრის ტერიტორიის წინ კვირაობით გლეხებს მანქანით ჩამოჰქონდათ საკუთარი პროდუქტი და პირდაპირ საბარგულიდან ყიდიდნენ. მომხმარებელი კმაყოფილი იყო ახალი და ჯანსაღი პროდუქტის შეძენით და ვაჭრობის დასრულების შემდეგ ქუჩაც სუფთავდებოდა.

 

ურიგო არ იქნებოდა ამ პროექტის განახლება და კიდევ უფრო მეტი მსგავსი ტერიტორიების შექმნა – თავისუფალი ტერიტორიები ვაჭრობისათვის. ამგვარი ზონები შეიძლება მრავალფუნქციურიც იყოს, მაგალითად, როგორიცაა დევისის ფერმერული ბაზარი აშშ-ში.  რადგან ქალაქში ცოტაა გამწვანებული, ორგანი­ზებული ტერიტორიები (პარკები, სკვერები), სასურველი იქნებოდა თბილისში ტრანსფორმირებადი პარკების დაგეგმარება, რომელიც რამდენიმე ფუნქციას შეითავსებდა.  ეს იქნებოდა როგორც დასასვენებელი ადგილი, ასევე თავისუფალი ზონა, სადაც დღის განსაზღვრულ საათებში ფერმერები შეძლებდნენ საკუთარი პროდუქციის რეალიზა­ციას. ამგვარი მობილური ტერიტორიები  ტრანსფორმირდება მოთხოვნების ცვლილე­ბების შესაბამისად: ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობა, გამოფენა, კონცერტი. ტერიტორია უნდა იყოს მრავალფუნქციური, რათა შენარჩუნდეს მისი აქტუალობა ვაჭრობის საათე­ბის გასვლის შემდეგაც. ასეთ საზოგადოებრივ ბაზარს უნდა ჰქონდეს ეფექტური მდე­ბარეობა, მიმზიდველი და ფუნქციური დიზაინი,  მომხმარებელთა კრიტიკული მასა და გარშემო უნდა იყოს წარმატებული ადგილობრივი ბიზნესები. მთელ მესამე მსოფ­ლიოშიც და განვითარებულ სახელმწიფოებშიც ეკონომიკის სახელმწიფოებრივი და არასახელმწიფოებრივი განვითარების სააგენტოები მიუბრუნდნენ მიკრობიზნესის სექტორს, რომელმაც მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს უმუშევრობა. ყველაზე პოპუ­ლარული მექანიზმი ამ სექტორის დახმარებისა  არის ასეთ ბიზნესზე მიკროსესხების გაცემა.

იდეა მდგომარეობს იმაში, რომ შეიქმნას სპეციფიკური დარგობრივი არეები და ისეთი ეკონომიკური სექტორები, სადაც მცირე, პატარა კაპიტალის მქონე ინდივიდუა­ლურ ან საოჯახო ფირმებს უფლება ექნებათ იმოქმედონ თვითრეგულირებადი სისტე­მით და სადაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი როგორც გადასახადები, ასევე სხვა მარეგულირებელი შეზღუდვები.

ასეთი მიდგომის მართებულობის და წარმატების საუკეთესო მაგალითია ქუჩის ბაზრები. ზოგიერთ ქვეყანაში ისინი გადაიქცა ეკონომიკური ზრდის წყაროდ. ეს იმის შედეგია, რომ მათ თავიდან აიცილეს მკაცრი მარეგულირებელი კონტროლი და თავს თვითონ აკონტროლებენ.

მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს ძველმანებისა და ფერმერების ბაზრები აშშ-ში. კანონები აქაც მოქმედებს, მაგრამ ლიმიტირებულია.

როგორც ჯ. კროსი,  გარე ვაჭრობის არაფორმალური სექტორის ამერიკელი მკვლევარი, აღნიშნავს  „არაფორმალური სექტორი ამ ათწლეულებში გაიზარდა, რადგან წარმატე­ბით აიცილა დიდი წარმოების საჭიროებაზე ფოკუსირებული მოდერნისტული სახელმწიფო აპარატის კონტროლი. პოსტმოდერნისტულ რეალობაში, რომელსაც ახა­სიათებს ეკონომიკის მეტი მოქნილობა და მცდელობა, გამოიყენოს არაფორმალური სექტორი იქ, სადაც ფორმალურმა სექტორმა მარცხი განიცადა. არსებობს  საფრთხე, რომ არაფორმალური სექტორის „ფორმალიზების“ მცდელობისას გაქრეს თვით ის ფაქ­ტორები, რომლებმაც იგი წარმატებულად აქცია. ჩვენი აზრით, ფორმალური სექტორის დაყვანას არაფორმალურ დონემდე, როგორც ზოგიერთი ექსპერტი გვირჩევს, ან, პირიქით,  არაფორმალური სექტორის აყვანას ფორმალურ სექტორამდე, სჯობს ეკონომიკური პოლიტიკის შემქმნელებმა დასახონ გზები, სადაც ფორმალური და არაფორმალური სექტორები თანაარსებობას შეძლებენ“ .

ნათია ქოჩლაძე, არქიტექტურის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge