ქიშმიში მდიდარია მინერალური მარილებით, ორგანული მჟავებითა, ვიტამინებით, ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით. ის გამოიყენება სამკურნალოდ. მაღალი ტემპერატურის დროს კარგია ქიშმიშის უშაქრო ნახარში. ის ავსებს სითხისა და მიკროელემენტების მარაგს, რომელსაც ოფლთან ერთად კარგავს სიცხიანი ორგანიზმი. გაციების,
სურდოსა და ყელის ტკივილის დროს მოამზადეთ ქიშმიშის ნაყენი:
100 გ ქიშმიშს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი, გააჩერეთ 10 წუთი, გადაწურეთ, გააგრილეთ და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ხახვის გამონაწური. მიეცით პატარას 50 მლ დღეში 3-ჯერ.
ძლიერი ხველისა და ბრონქიტის დროს:
• 30 გ ქიშმიში დაფარეთ ცივი, ანად¬უღარი წყლით, გააჩერეთ 45 წუთი, შემდეგ გადაწურეთ და მიეცით პატარას ძილის წინ ცხელ რძესთან ერთად.
• 100 გ ქიშმიში 10 წუთი ადუღეთ 1 ჩაის ჭიქა წყალში, გააგრილეთ და მიეცით პატარას 3 სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ.
გლუკოზისა და ფრუქტოზის შემცველობა მასში 8-ჯერ მეტია, ვიდრე ყურძენში. ქიშმიში ორნაირია - თეთრი და შავი. შავს უფრო სასარგებლოდ მიიჩნევენ. გარდა ამისა, თეთრ ქიშმიშს ფერის შესანარჩუნებლად გოგირდის ანჰიდრიდით ამუშავებენ, ამიტომ ჭამამდე ის საგულდაგულოდ უნდა გარეცხოთ: ჯერ ცივ წყალში გაავლოთ, მერე მდუღარე გადაავლოთ, ბოლოს კი - ისევ ცივი წყალი.
ქიშმიში აძლიერებს იმუნიტეტს. მასში უხვად არის ანტიოქსიდანტები, რომლებიც უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს. ქიშმიში სასარგებლოა ბავშვებისთვის, რომლებსაც ცუდად სძინავთ და ხშირად ჭირვეულობენ. B ჯგუფის ვიტამინები - B1, B2 და B6, ასევე - მიკროელემენტები K, რომლებიც ქიშმიშში ბევრია, აწესრიგებს ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობას, ბავშვი წყნარდება, ღრმად და მშვიდად სძინავს. ქიშმიში რკინის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა. რკინა ჰემოგლობინის შემადგენლობაში შედის, ჰემოგლობინი კი სისხლის წითელი უჯრედების მთავარი კომპონენტია. ქიშმიში შეიცავს იშვიათ მიკროელემენტს - ბორს, ურომლისოდაც შეუძლებელია კალციუმის - ძვლების ძირითადი საშენი მასალის - ნორმალური ათვისება. გაითვალისწინეთ: ქიშმიში რეკომენდებული არ არის სიმსუქნისკენ მიდრეკილი და შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის!