რაულ ჩილაჩავა
უკრაინაში მოღვაწე ქართველი პოეტი, მთარგმნელი, დიპლომატი
უკრაინამ საკმაო ერთსულოვნებით აირჩია ახალი პრეზიდენტი და მისი სახელია პეტრო პოროშენკო. იგი 49 წლისაა, განათლებით საერთაშორისო იურისტია. ჭკვიანია, მოქნილია, შეუძლია მოლაპარაკება, კომპრომისზე წასვლა. მსხვილი ბიზნესმენია, ფლობს დაახლოებით 2 მლრდ. ქონებას. ეძახიან შოკოლადის მეფეს, რადგან საკონდიტრო წარმოების მონოპოლისტია. მისი ბრენდი "როშენ" ცნობილია ევროპაში. მგონი, ჩვენთანაც. თითქმის ორი ათეული წელიწადია, რაც დიდ პოლიტიკაშია. თამაშობდა ყველა პრეზიდენტის (კრავჩუკის გარდა) გუნდში, მაგრამ პირველი როლები არ რგებია. იყო რამდენინე პარტიის ( მათ შორის რეგიონების პარტიის) დამფუძნებელთა შორის, თუმცა ფეხი მყარად ვერსად მოიკიდა. მიუხედავად იმისა, რომ „ნარინჯოვანი რევოლუციის“ ერთ-ერთი სპონსორი და აქტიური მხარდამჭერიც გახლდათ, პრემიერის სასურველ სკამს ვერ შესწვდა - იგი მისმა ნათლიმამა იუშენკომ გაზის ყოფილ პრინცესა ტიმოშენკოს უფეშქაშა. მისი, როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, კონფლიქტი ტიმოშენკოსთან გახდა პირველი კრიზისის მიზეზი იუშენკოს მთავრობაში, რასაც ორივე ერთდროულად შეეწირა. ხელისუფლებაში დაბრუნდა 2009 წელს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე, რომელიც იანუკოვიჩის მოსვლისთანავე დაკარგა. ცოტა ხანში ამ უკანასკნელმა იგი ეკონომიკური განვითარების მინისტრად მიიწვია, მაგრამ როგორც კი მიხვდა, რომ ქვეყნის მთელი ეკონომიკა „ოჯახის“ საიმედო ხელშია და მას მხოლოდ მეხამრიდის როლი ეკისრება, თანამდებობა დატოვა და ოპოზიციაში გადაინაცვლა. ცნობილ ოპოზიციურ სამეულს არ სურდა მისი დაახლოება, მაგრამ მოულოდნელად ვიტალი კლიჩკომ საკუთარი ადგილი დაუთმო და პარტია „უდარის“ სახელით პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა. წინასაარჩევნო კამპანია ჩაატარა გონივრულად, ექსცესების გარეშე, თავი აარიდა ტიმოშენკოსთან დებატებს და ისედაც მწვაე პოლიტიკური სიტუაციის უფრო გამწვავებას და პირველსავე ტურში დამაჯერებელ გამარჯვებასაც მიაღწია. მოხდა სასწაული: იულიამ მაშინვე აღიარა დამარცხება, თანაც ისტერიკის გარეშე და თანადგომა აღუქვა. ახლა შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უკრაინამ სამი თვის მანძილზე საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა: ჯერ თავგანწირულად იბრძოლა კლანურ-ოლიგარქული რეჟიმის წინააღმდეგ და დაამხო იგი. გუშინ კი ასეთივე თავგანწირვითა და ერთგულებით აირჩია პრეზიდენტად... ახალი ოლიგარქი პეტრო პოროშენკო. იმ პასიანშში, რომელიც საარჩევნო სიის სახით გამოიკვეთა, იგი მაინც ყველაზე მისაღები კანდიდატი იყო: არის ერუდირებული, უცხო ენების მცოდნე, წარმატებული ბიზნესმენი, კარგი ეკონომისტი, პატრიოტი, გამოკვეთილად პროევროპული ორიენტაციის. (აქვე უნდა შევნიშნო, რომ არჩევნების ფავორიტთა ხმების ჯამი სწორედ ევროკურსის სასარგებლოს მეტყველებს). მან უკვე ჩამოაყალიბა თავისი სამი პრიორიტეტი: ომის დამთავრება, კორუფციასთან ბრძოლა, ევროინტეგრაცია. დიდ პოლიტიკაში იგი მოდის შეკვეცილი საპრეზიდენტო უფლებებით, ამიტომ მოუწევს ხელისუფლების შტოებთან საჭირო ბალანსის შესანარჩუნებლად საკუთარი დიპლომატიური ნიჭის მთელი სისავსით გამოვლენა. მისი ყველა გეგმის წარმატება კი დამოკიდებული იქნება უპირველესად იმაზე თუ რამდენად მოახერხებს ვლადიმერ პუტინთან საერთო ენის გამონახვას, მით უმეტეს რომ უკვე თქვა - ყირიმი და ევროპული კურსი ვაჭრობის საგანი არ იქნებაო. ასეა თუ ისე, მეხუთე პრეზიდენტი სულ მალე ბანკის ქუჩაზე თავის ადგილს დაიკავებს. იშლება უკრაინის ისტორიის ახალი ფურცელი და რა ჩაიწერება იქ - გამარჯვება თუ დამარცხება, უახლესი მომავალი გვიჩვენებს. ოპტიმისტს სჯერა სამყაროს ბედნიერი დასასრული, მე კი მჯერა, რომ ბედნიერად დასრულდება უკრაინის ყველა უბედურება. მინდა მჯეროდეს.