„მე რეპორტიორის“ ჟურნალისტი, ამალია ამბარცუმიანი : „ 7 ივნისს, როდესაც ადგილობრივი პროტესტანტული ეკლესიის ტერიტორიაზე გადაღებას მოვრჩი, გამოვედი გარეთ, სადაც გიორგი გაბედავა მართავდა აქციას, რომელიც უნდა გადამეღო. აქცია უკვე დასასრულს უახლოვდებოდა. მე დავიწყე ფოტოების გადაღება. ამ დროს გაბედავამ შემომხედა და მის თანამოაზრეს, რომელიც პლაკატს კეცავდა და მისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით იდგა ხმამაღლა გაასძახა “აუ, ბიჭო ამას ყველაფერი გახვრეტილი აქვს” , მიანიშნა რა ჩემს ფიზიკურ მხარეზე, კონკრეტულად კი პირსინგზე. მისმა, თანამოაზრემ , რომელიც როგორც უკვე დავწერე მოშორებით იდგა, ასევე ხმამაღლა და ყველა იქ მყოფის გასაგონად უპაუსხა გაბედავას – “ბიჭო ეს უკნიდანაც გახვრეტილი იქნება”. რასაც მოყვა გიორგი გაბედავას მხრიდან ხმამაღალი დაცინვა.
მე, თავი ვეღარ შევიკავე და გაბრაზებულმა მათ ვკითხე – როგორ ფიქრობდნენ იყო თუ არა ეს ის ქრისტიანული საქციელი რაზეც თავად თავს დებდნენ. პასუხად კი გიორგი გაბედავამ მომიგო “დიახ, შე სექტანტო, შედი შიგნით და ოლეგი ძია გადაიღე” . ბატონი ოლეგი დიდუბეში პროტესტანტული ეკლესიის პასტორია.
ამის შემდეგ, მე მათ თავხედები და უზრდელები ვუწოდე, რაზეც გიორგი გაბედავამ და მისმა თანამოაზრეებმა პროვოკატორი მიწოდეს და თან დააყოლეს – “ისე ეს უკნიდან შესამოწმებელი იქნება”. ამ ყოველივეს ხედავდნენ პატრულის თანამშრომლებიც. ერთ-ერთი მათგანი მომიახლოვდა და მითხრა “შვილო, ამას თავი დაანებე კაი კაცი, რომ ყოფილიყო ციხეში კი არ იჯდებოდა”. ამ დროს ჩემთან მოვიდა „იმედის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი და მთხოვა, რომ დავმშვიდებულიყავი და შევსულიყავი ეკლესიის ტერიტორიაზე. “