აზრები

აზრები

17.06.2014

1. კახა ლომაია: ისრაელის ლეგენდარულ პრემიერ-მინისტრ გოლდა მეირს ერთხელ კითხეს, ებრაელებსა და არაბებს შორის მშვიდობა როდის დამყარდებაო? როდესაც არაბებს თავიანთი შვილები უფრო ეყვარებათ, ვიდრე ჩვენ ვძულვართო, უპასუხა მეირმა.

ნაციონალური მოძრაობის მიმართ "ქოცების" ზოგიერთი ლიდერის დამოკიდებულებას როცა ვხედავ, სულ ეს პასუხი მახსენდება.

2. თბილისში მოძრავ ყვითელ ავტობუსებს ერთადერთი ქალი მძღოლი, მადონა ნაროუშვილი ჰყავს. ის ამბობს, რომ მგზავრებს ქალი მძღოლი ძაიან უკვირთ. მხოლოდ მოხუცები ლოცავენ მას, დანარჩენები კი კრიტიკულად უყურებენ. მადონას მიაჩნია, რომ ადამიანებმა ერთმანეთის დაფასების უნარი დავკარგეთ.

3. რომან გოცირიძე: ჯერ ეკონომიკის მინისტრმა თქვა სტატისტიკის არ მჯერაო, მერე ენერგეტიკის სამინისტროს არ მოეწონა რაღაც, ახლა ფინანსთა მინისტრი ამბობს, მოვიკითხავ რა ხდება, როგორ თუ საშუალო ხელფასი 13,3 პროცენტით შემცირდაო. სტატისტიკის სამსახურზე ზეწოლის დაუშვებლობაზე რამდენიმე დღის წინათ ვწერდი. ამაზე ახლა არ შევჩერდები. რა ხდება ამ შემთხვევაში:

საშუალო ხელფასი იანგარიშება ასე: ქვეყანაში გაცემული ხელფასების ჯამი გაყოფილი მომუშავეთა რიცხვზე. ანუ თუ ზოგადად ხელფასმა არც მოიკლო და არც მოიმატა საშუალო ხელფასის სიდიდე დამოკიდებულია მომუშავეთა რაოდენობის ცვლილებაზე. ბევრია დასაქმებული? ნაკლებია საშუალო ხელფასი. ნაკლებია დასაქმებული ( ანუ უმუშევრობამ მოიმატა)?, მაშინ მეტია საშუალო ხელფასი. ორ კურდღელს სტატისტიკა ვერ დაიჭერს. ამიტომ ან უმუშევრობის ზრდის გამო მოგხვდება, ან ხელფასის კლების გამო. რომ არ მოგხვდეს რეალური ცვლილებები უნდა მოხდეს. სტატისტიკის მახიდან სხვანაირად ვერ გამოძვრები.

4. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო:“ „15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 450-მდე დამკვირვებლით დააკვირდა. აქედან ჩვენი 373 მოხალისე კენჭისყრის დღეს შერჩევის ზომის პროპორციული ალბათობის მეთოდით შერჩეულ უბნებზე დააკვირდა დედაქალაქში. ამ 373 უბნიდან მოპოვებული თბილისის საკრებულოს პროპორციული და მერის არჩევნების შემაჯამებელი ოქმები ჩვენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) შედეგების ვებგვერდზე http://results.gov.ge/ შეტანილ ინფორმაციას, საიდანაც საერთო სტატისტიკა დგება, შევადარეთ და რამდენიმე უზუსტობა აღმოვაჩინეთ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატისათვის, ნიკა მელიასთვის სამ უბანზე 100-100 ხმის დაკლების შემთხვევები: სამგორის #12 უბანი: ოქმის მიხედვით 111 ხმა აქვს მიღებული, მაგრამ ვებგვერდზე დაფიქსირებულია 11 ხმა; სამგორის #20 უბანი: ვებგვერდის მიხედვით, კანდიდატს 18 ხმა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ შემაჯამებელ ოქმზე თანდართული შესწორების თანახმად, მას 118 ხმა უნდა ჰქონდეს; საბურთალოს #78 უბანი: სავარაუდოდ, ნიკა მელიამ 131 ხმა მიიღო ამ უბანზე, თუმცა ოქმში რიცხვის პირველი ციფრი გადახაზულია და ცესკოს ვებგვერდზეც 31 ხმა არის დაფიქსირებული. აღსანიშნავია, რომ სუბიექტების მიღებული ხმებისა და არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთოდ რაოდენობის დასაბალანსებლად სწორედ ეს 100 ხმა არის საჭირო“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

5. ნიკა რურუა: იუნესკომ წელსაც არ ამოიღო ბაგრატი მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან, როგორც ამას სიხარულით აანონსებდა კულტურის მინისტრის მაშინდელი მოადგილე ქ-ნი მიზანდარი. ტყუილს მართლაც მოკლე ფეხი აქვს:)

6. ალექსანდრე კახა ლომაია: ყველა ჩემპიონატს, როგორც კლასიკურ ოპერას, უნდა ყავდეს თავისი მასხარა, კონკია, ბოროტი და მეფე. ამ ჩემპიონატზე როლები შემდეგნაირად ნაწილდება:

მასხარა - ესპანეთი (შეთავსებით, ყოფილი მეფე)
კონკია - კოსტა რიკა 
ბოროტი - ვაკანტურია (როლზე პორტუგალია ისინჯება)
მეფე - ვაკანტურია (როლზე რამდენიმე სტაჟიანი მსახიობი ისინჯება) (24.06.14)

7. "ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება იქიდამ დაიწყება, როცა იგი თავისს ისტორიას ივიწყებს, როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა, თავისის ყოფილის ცხოვრებისა, დავიწყება ისტორიისა, თავისის წარსულისა და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისაგან - მომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წარწყმედისა. წარსული - მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლისა. ეს სამი სხვადასხვა ჟამი ერის ცხოვრებისა ისეა ერთმანეთზედ გადაბმული, რომ ერთი უმეოროდ წარმოუდგენელი, გაუგებარი და გამოუცნობია. ამიტომაც არის ნათქვამი ერთი ბრძნისაგან, რომ აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მერმისისაო. ეს სამთა ჟამთა ერთმანეთზედ დამოკიდებულება კანონია ისეთივე შეურყეველი და გარდუვალი, როგორც ყოველივე ბუნებური კანონი."

ილია ჭავჭავაძე.

8. "-უფულო ერი ერთა შორის და უფულო კაცი ადამიანთა შორის, ყმაა ფულიანისა."-ილია ჭავჭავაძე



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge