დიახ, გაშანტაჟებთ!

დიახ, გაშანტაჟებთ!

19.06.2014

დეპუტატმა გია მასალკინმა, რომელიც აქამდე შავრაზმულ განცხადებებში შემჩნეული არ ყოფილა, გაზეთ "ბათუმელებს" მედეა ვასაძის საგმირო საქმეების კომენტირებისას უთხრა: "ჟურნალისტებმა შექმენით კასტა მიუკარებლობის, ჩვენი კრიტიკა არ შეიძლებაო".

დიახ, ჟურნალისტები ვართ კასტა, რომლის კრიტიკა ხელისუფლების საქმე არ არის. ამისთვის საკმარისი მკითხველი, მსმენელი თუ მაყურებელი გვყავს.

დიახაც, კრიჭაში უნდა ჩაგიდგეთ, რომ საკუთარი ცდუნებებიდან დაგიცვათ. ეჭვის თვალით უნდა წავიკითხოთ თქვენი ყველა განცხადება და გადაწყვეტილება. უნდა დაგისვათ თქვენთვის ნაკლებად კომფორტული შეკითხვები. ყოველთვის, როცა სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებთ, უნდა გრძნობდეთ, რომ ყველა თქვენს ნაბიჯს ვაკვირდებით, ყველა თქვენს სიტყვას ვწონით და ქმედებას ვაანალიზებთ.

ჟურნალისტმა ჯაბა ანანიძემ თქვენი კოლეგა პოლიტიკოსის რისხვაც სწორედ იმით დაიმსახურა, რომ საკუთარ საქმეს აკეთებდა ზედმიწევნით კარგად.

რასაც ახლა დავწერ, შეგიძლიათ შანტაჟადაც ჩათვალოთ:

სანამ მედეა ვასაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე იქნება, მის ყველა სიტყვას და თქვენგან მასთან დაკავშირებით გამოთქმულ ყველა მოსაზრებას განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ. თქვენს ამომრჩევლებს მოვუყვებით, რამდენი საათი გაატარეთ სამსახურში; რამდენი კილომეტრი გაიარეთ და სად დადიოდით თქვენი სამსახურებრივი ავტომანქანით; ვინ და რამდენი ხნით დაგიჭირათ ქოლგა; თქვენს მოსაცდელებში მომლოდინე რამდენ ადამიანს არ შეხვდით; რამდენ ფულს ხარჯავთ სამსახურებრივი ტელეფონიდან მეუღლესთან საუბარში; რომელ რესტორანში ვახშმობთ და რითი...

ამას ხომ ისედაც ვაკეთებთ ხოლმე, მაგრამ ახლა განსაკუთრებით მოვინდომებთ.

სანამ მედეა ვასაძე აჭარის პარლამენტში ადამიანის უფლებების დამცველის პოსტს იკავებს, ჩვენ შემთხვევას არ გავუშვებთ, რომ მწარედ არ დაგცინოთ; ანეკდოტების პერსონაჟებად გაქცევთ, რომ თქვენსავე თანამშრომლებმა თქვენი დანახვისას სიცილი ვერ შეიკავონ.

დიახ, თქვენ უნდა გეშინოდეთ ჩვენი, თორემ სხვანაირად ვერ მოვხვდებით ისეთ ქვეყანაში, როგორში ცხოვრება თქვენც გინდათ და ჩვენც.

ირაკლი აბსანძე

"ლიბერალი"



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge